Facebook Twitter

საქმე #ას-1391-1311-2017 21 დეკემბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე თ. შ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ სს „კ-იას“ სარჩელის გამო თ. შ-ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. შ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 3 (სამი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ჩაბარების წესთან მიმართებით პალატა ყურადღებას გაამახვილებას შემდეგ გარემოებებზე: საქმის მასალების თანახმად, კერძო საჩივრის ავტორი (რომელიც ამავდროულად წარმოადგენს მოპასუხე მხარეს) საკუთარ მისამართად უთითებს შემდეგს: ზესტაფონის რაიონი, შორაპანი, ვ-ის ქ.#8, ბინა #15 (იხ. შესაგებელი) და ქ.თბილისი, დ-ის ქ#107 (იხ. კერძო საჩივარი).

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება საკასაციო პალატამ მხარეს პირველად ქ.თბილისში, დ-ის ქ#107-ში გაუგზავნა. სასამართლო კურიერის მიერ შედგენილი აქტის თანახმად, ბინის მეპატრონის თქმით ადრესატი მის ბინაშია ჩაწერილი, მაგრამ არასოდეს უცხოვრია და კონტაქტიც არ აქვს. განმეორებით გზავნილი ადრესატს გაეგზავნა შემდეგ მისამართზე: ზესტაფონის რაიონი, შორაპანი, ვ-ის ქ.#8, ბინა #15, დაბრუნებული შეტყობინების თანახმად „სახლი იყო დაკეტილი და ოჯახი ცხოვრობდა თბილისში“.

საკასაციო პალატა მითითებული გარემოებების შეფასების მიზნით ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 73-ე მუხლის პირველი ნაწილით (თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში; სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე) და მიიჩნევს, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება კურიერის ბოლო ვიზიტის დღეს – 2017 წლის 6 დეკემბერს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 7 დეკემბერს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამოიწურა ორშაბათს _ 11 დეკემბერს (ვადის უკანასკნელი დღე ემთხვეოდა დასვენების დღეს _ შაბათს). ამ ვადის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი საფუძველია.

საკასაციო პალატა ყურადღებას დამატებით იმ გარემოებაზეც გაამახვილებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მინდობილობის თანახმად (იხ. ს.ფ.63) კერძო საჩივრის ავტორის ინტერესებს სასამართლოში იცავს ნ. ქ-ი. მართალია, მინდობილობის მოქმედების ვადა საქმის განხილვის ამ ეტაპზე არ არის ამოწურული და არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე-მე-100-ე მუხლებით განსაზღვრული მისი შეწყვეტის წინაპირობები არ დგინდება, თუმცა, საკასაციო პალატამ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების წარმომადგენლისათვის ჩაბარება არამიზანშეწონილად მიიჩნია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლით დადგენილი შეზღუდვების გამო (საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ვებგვერდის მონაცამების თანახმად, ნ. ქ-ი არ ირიცხება ადვოკატთა ერთიან სიაში იხ. www.gba.ge).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. შ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე