საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-4936-შ-125-2017 28 დეკემბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შ. პ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ნ-ი (მოსარჩელე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის, მოსკოვის ოლქის, ლობნენსკის სასამართლო რაიონის N101 განყოფილების, 2012 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის ფედერაციის, მოსკოვის ოლქის, ლობნენსკის სასამართლო რაიონის N101 განყოფილების, 2012 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით შეწყდა ე. ნ-ისა (შემდეგში: მოსარჩელე) და შ. პ-ს (შემდეგში: განმცხადებელი, შუამდგომლობის ავტორი ან მოპასუხე) შორის 2009 წლის 25 მარტს #81200930053 სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ. თბილისის #2 ქორწინების სასახლის მიერ რეგისტრირებული ქორწინება.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2017 წლის 28 ნოემბერს, შუამდგომლობით მომართა განმცხადებელმა და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის, მოსკოვის ოლქის, ლობნენსკის სასამართლო რაიონის N101 განყოფილების, 2012 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, განქორწინების თაობაზე.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, სასამართლო ბეჭდით დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით, დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2012 წლის 5 ივნისიდან.
4. რუსეთის ფედერაციის, მოსკოვის ოლქის, ლობნენსკის სასამართლო რაიონის N101 განყოფილების, 2012 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება მიღებულია მხარეთა ერთობლივი თანხმობით, გადაწყვეტილების ტექსტში მითითებულია, რომ მოსარჩელემ სარჩელით მიმართა მომრიგებელ მოსამართლეს და მოპასუხესთან განქორწინება მოითხოვა. სასამართლო სხდომაზე თავად მოსარჩელე არ გამოცხადდა, თუმცა სხდომას მისი გარიგებითი წარმომადგენელი ესწრებოდა. მოპასუხემ უარი განაცხადა სხდომაზე გამოცხადებაზე და წერილობით დაადასტურა, რომ განქორწინებას ეთანხმებოდა. მხარეებს არ ჰყავთ საერთო შვილები და ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით არ დავობენ.
5. შუამდგომლობას თან ერთვის განქორწინების მოწმობა.
6. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 დეკემბრის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, რუსეთის ფედერაციის, მოსკოვის ოლქის, ლობნენსკის სასამართლო რაიონის N101 განყოფილების, 2012 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ სარჩელი აღძრა მოსარჩელემ მეუღლის წინააღმდეგ და მოპასუხე დაეთანხმა განქორწინებას.
8. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდეგში: მინსკის კონვენცია) 28.2-ე მუხლის საფუძველზე, თუ ერთ-ერთი მეუღლე ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა, ხოლო მეორე - მეორე ხელშემკვრელი მხარისა, გამოიყენება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა, რომლის დაწესებულებაც განიხილავს საქმეს ქორიწინების შეწყვეტის შესახებ.
9. ზემოხსენებული კონვენციის პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.
10. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
12. ამ განჩინების მე-10 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-55-ე მუხლებით და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. პ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს რუსეთის ფედერაციის, მოსკოვის ოლქის, ლობნენსკის სასამართლო რაიონის N101 განყოფილების, 2012 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე შეწყდა ე. ნ-ისა და შ. პ-ს შორის 2009 წლის 25 მარტს #81200930053 სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ. თბილისის #2 ქორწინების სასახლის მიერ რეგისტრირებული ქორწინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე