Facebook Twitter

საქმე #ა-5252-ა-13-2017 5 იანვარი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე საქმის წარმოების განახლების თაობაზე ზ. ი-ის განცხადების გამოხმობის საკითხი და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ვ. (ვ.) ბ-ოს შუამდგომლობა უკრაინის პოლტავის ოლქის ქ.კრემენჩუგის ავტოზავოდსკის რაიონის სასამართლოს 2015 წლის პირველი ივლისის გადაწყვეტილების (დაუსწრებელი) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა, ცნობილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცა აღსასრულებლად უკრაინის პოლტავის ოლქის ქ.კრემენჩუგის ავტოზავოდსკის რაიონის სასამართლოს 2015 წლის პირველი ივლისის გადაწყვეტილება (დაუსწრებელი), რომლითაც ზ. ი-ს ვ. ბ-ოს სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის _ 30 000 აშშ დოლარის (რომელიც გადაწყვეტილების გამოტანის დროს არსებული კურსის შესაბამისად, წარმოადგენდა 630 156 გრივნის ეკვივალენტს), 2015 წლის იანვრიდან მაისამდე სესხის წლიური 3%-ის _ 6 847,03 გრივნისა და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯის _ 3 062,26 გრივნის გადახდა.

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ზ. ი-მა და იმ საფუძვლით, რომ უკრაინის პოლტავის ოლქის ქ.კრემენჩუგის ავტოზავოდსკის რაიონის სასამართლოს 2015 წლის პირველი ივლისის გადაწყვეტილება (დაუსწრებელი) გაუქმდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე (1) მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე მითითებით მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის განჩინების გაუქმება, სააღსრულებო წარმოების შეჩერება და საქმის წარმოების განახლება.

საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის შემოწმებამდე ზ.ი-მა (წარმომადგენელმა მ.ე-მა) განცხადებით მომართა სასამართლოს და გამოხმობის მოტივით მოითხოვა მისი განხულველად დატოვება.

საკასაციო სასამართლო გაეცნო განცხადების საფუძლიანობას და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

„საერთაშორისო კერძი სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვაზე კომპეტენტურს წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საერთო სასამართლოები საქმეს ამ კოდექსით დადგენილი წესებით იხილავენ, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განცხადების განხილვისათვის სწორედ ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი წესები უნდა იქნას გამოყენებული.

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აღიარებს რა დისპოზიციურობის პრინციპს, მე-3 მუხლით დადგენილია, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. დისპოზიციურობის პრონციპის კერძო გამოხატულებაა მოსარჩელის/განმცხადებლის უფლება, გამოიხმოს განცხადება ისე, რომ უარი არ თქვას მასზე (სსსკ-ის 831 (1) მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე).

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ შეამოწმა განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს (სსსკ-ის 98.1 მუხლის ფარგლებში მას მინიჭებული აქვს სარჩელზე/განცხადებაზე უარის თქმის უფლება), ამასთანავე, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის საკითხის შემოწმება ხორციელდება საკასაციო პალატის მოსამართლის მიერ ერთპიროვნულად (სსსკ-ის 396-ე, 425-ე, 427-ე მუხლები), ასევე, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწტვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს, ზემოხსენებული ნორმების საფუძველზე სასამართლო იხილავს რა ერთი ინსტანციის წესით, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების გამოხმობის საკითხს პალატა ამოწმებს ერთპიროვნულად და საჭიროდ არ მიიჩნევს მისი საფუძვლიანობის გადასაწყვეტად მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან პოზიციის წარმოდგენას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ზ. ი-ის წარმომადგენელ მ. ე-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ზ. ი-ს უნდა დაუბრუნდეს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 100 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 831, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ი-ის წარმომადგენელ მ. ე-ის განცხადება დაკმაყოფილდეს.

2. განუხილველად იქნას დატოვებული და დაუბრუნდეს ზ. ი-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინების გაუქმების, მისი აღსრულების შეჩერებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

3. ზ. ი-ს (უკრაინის მოქალაქის პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ს. ჯ-ის მიერ 15.12.2017წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი.

4. საკასაცო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ.ალავიძე