Facebook Twitter

№330210015001031162

საქმე №ას-130-122-2017 24 მარტი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ა-ევა“

მოწინააღმდეგე მხარე – გ-ფ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2013 წლის 01 ნოემბრის იჯარის ხელშეკრულებით (შემდეგში: იჯარის ხელშეკრულება) შპს „ჰ-გ-ს“ (შემდეგში: მოიჯარე, პრინციპალი) გ- ფ-ისათვის (შემდეგში: მეიჯარე ან ბენეფიციარი) უნდა გადაეხადა წლიური საიჯარო ქირა - 25 000 აშშ დოლარი, შემდეგი გრაფიკით: 7500 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით არაუგვიანეს 2014 წლის 31 მარტისა და 17500 აშშ დოლარი - არაუგვიანეს 2014 წლის 31 აგვისტოსი იმავე პირობებით.

2. იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი მოიჯარის ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად მოიჯარესა და სს ,,ა -ევას“ (შემდეგში: დამზღვევი ან გარანტორი) შორის 2014 წლის 5 მარტს დაიდო ხელშეკრულება ფინანსური რისკის დაზღვევის შესახებ, რის საფუძველზეც გაფორმდა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების საბანკო გარანტია [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 879-ე მუხლი].

3. საგარანტიო თანხა განისაზღვრა 25 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო საბანკო გარანტიის ვადა 05.03.2014 წლიდან 30.10.2014 წლის ჩათვლით.

4. 2014 წლის 15 ოქტომბერს, ბენეფიციარმა წერილობით აცნობა გარანტორს პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის შესახებ და მოითხოვა საგარანტიო თანხის ანაზღაურება. ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტორს ჩაბარდა 2014 წლის 17 ოქტომბერს [სსკ-ის 880-ე მუხლი].

5. გარანტორმა ბენეფიციარს ორ ეტაპად ჩაურიცხა საგარანტიო თანხა: 2015 წლის 19 მარტს - 20 000 ლარი; ხოლო 2015 წლის 01 აპრილს - 23 675 ლარი.

6. ბენეფიციარმა სარჩელი აღძრა გარანტორის წინააღმდეგ და მოითხოვა 5318 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

7. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია წინამდებარე განჩინების პპ:1-5; იმავდროულად, მოსარჩელის პრეტენზია ემყარება სარჩელით მოთხოვნილი თანხის საბანკო გარანტიის ფარგლებში გადახდის ვალდებულების არსებობას, რომელ ნაწილშიც, გარანტორს ვალდებულება არ შეუსრულებია.

8. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის შემწყვეტი შედავება, რომელშიც განმარტა, რომ გადახდის ვალდებულების წარმოშობის დროისათვის მოქმედი სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით გარანტორმა მოახდინა ანგარიშსწორება ორ ეტაპად, კერძოდ, 19.03.2015 – 20 000 ლარი, 01.04.2015 წელს - 23 675 ლარი. შესაბამისად, ვალდებულება შესრულების შედეგად უნდა ჩაითვალოს შეწყვეტილად.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილების შედეგად მოსარჩელეს მიეკუთვნა 125 ლარი (71.443 აშშ დოლარი), ხოლო დარჩენილ 5247 აშშ დოლარის დაკისრებაზე ეთქვა უარი.

10. გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომელიც დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5318 აშშ დოლარი.

11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების პპ:1-5 და დაასკვნა, რომ საგარანტიო თანხის ფარგლებში ბენეციფიარს მიღებული აქვს მთლიანობაში 19.682 აშშ დოლარი, რითაც გარანტორის ვალდებულება არ ამოწურულა და გარანტორს დამატებით ეკისრება ბენეფიციარის წინაშე საგარანტიო თანხის ანაზღაურების ვალდებულება.

12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ იჯარის ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით საიჯარო ქირის გადახდა განხორციელდებოდა გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული სავალუტო გაცვილითი კურსის მიხედვით, მითითებული თანხიდან 7500 აშშ დოლარის გადახდა უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს 2014 წლის 31 მარტისა, ხოლო 17500 აშშ დოლარის - არაუგვიანეს 2014 წლის 31 აგვისტოსი.

13. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საბანკო გარანტიის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს შეთანხმება გადასახდელი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით [სსკ-ის 888-ე მუხლი], რომლის თანახმად საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ შემოიფარგლება იმ თანხის გადახდით, რომელზეც გაიცა გარანტია. ასევე, გარანტიის პირობას შეიძლება წარმოადგენდეს, თუ რომელი ვალდებულების შესასრულებლად იქნა გაცემული საბანკო გარანტია. შესაბამისად, სადავო საკითხი უნდა განიმარტოს არა მეიჯარე-მოიჯარის შორის გადანაწილებული უფლება-ვალდებულებების ჭრილში, არამედ საბანკო გარანტიის სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით და საბანკო გარანტიით მხარეთა შორის შეთანხმებული პირობების შესაბამისად. თუმცა, კონკრეტულ შემთხვევაში, საგარანტიო თანხის გადახდის წესი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული არ ყოფილა, რის გამოც, გარანტს ნაკისრი ვალდებულების შესრულება ევალებოდა ვალდებულების წარმოშობის დროს არსებული სავალუტო კურისის შესაბამისად და არა გარანტის მიერ უშუალოდ განხორციელებული ანგარიშწორების თარიღის გათვალისწინებით.

14. 2014 წლის 5 მარტის ფინანსური რისკის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, მზღვეველმა იკისრა ვალდებულება მოსარგებლისათვის გადაეხადა ფულადი თანხა, მაგრამ არაუმეტეს საგარანტიო თანხისა. ამავე ხელშეკრულების ძირითადი ვალდებულების (დაკვეთის) აღწერაში მითითებულია, რომ მოიჯარეს დაევალა მეიჯარისათვის 25 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდა გადახდის დღეს სავალუტო გაცვილითი კურსის მიხედვით, აქედან 7500 აშშ დოლარის უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2014 წლის 31 მარტისა (გადახდის დღეს არსებული კურსის შესაბამისად) ხოლო 17500 აშშ დოლარი არაუგვიანეს 2014 წლის 31 აგვისტოსი (გადახდის დღეს არსებული კურსით) ამავე ხელშეკრულებით საგარანტიო თანხად მითითებულია 25 000 აშშ დოლარი. (ს.ფ.22); საბანკო გარანტიის თანახმად (ს.ფ.23): პრინციპალის მიერ ძირითად ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში და მისი შეუსრულებლობის პროპორციულად გარანტი კისრულობს ვალდებულებას ბენეფიციარის წინაშე ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გასცეს ბენეფიციარზე ანაზღაურება, მაგრამ არაუმეტეს გარანტიის თანხისა, ამავე საბანკო გარანტიით გარანტიის თანხად მითითებულია 25 000 აშშ დოლარი. ამდენად, პალატას მიაჩნია რომ პრინციპალმა დაუკვეთა, ხოლო გარანტმა იკისრა ვალდებულება, მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, ბენეფიციარისათვის გადაეხადა 25 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით, რაც სსკ-ის 383-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებია მხარეთა სურვილისა და შეთანხმების შემთხვევაში. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ როგორც იჯარისა და საბანკო გარანტიის ხელშეკრულებებით მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება გადახდის წესზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გარანტორს ბენეფიციარისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეეძლო შეესრულებია ეროვნულ ვალუტაშიც, ლარში, მაგრამ, გადახდის დღეს (ვალდებულების შესრულების დღეს) არსებული კურსის შესაბამისად. ვალდებულების შესრულების დროს სსკ-ის 389-ე მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს დენომინაციას, ანუ ფულის ერთეულის (კურსის ) გაზრდას ან შემცირებას, ასევე, ვალუტის შეცვლას და ეროვნული ვალუტის ჰიპერინფლაციას [ჰიპერინფლაცია ნიშნავს საქონლის ფასებისა და მიმოქცევაში არსებული ფულის მასის უაღრესად სწრაფ ზრდას, რომელიც იწვევს ფულადი ერთეულის მკვეთრ გაუფასურებას, საგადამხდელო ბალანსის მოშლას და ნორმალური სამეურნეო კავშირების დარღვევას. ამ დროს მიმოქცევის სფეროში სახელმწიფო უშვებს დიდი რაოდენობის ფულს, რომელიც რეალურ საქონელბრუნვის საჭიროებას აღემატება, რასაც მოსდევს ფულის კურსის მკვეთრი გაუარესება, ოქროს საბაზრო ფასების ზრდა. ვინაიდან ქართულ ეროვნულ ვალუტის – ლარის მიმართ].

15. მითითებულ პროცესებს არ ჰქონია ადგილი. სსკ-ის 389-ე მუხლის დაუშვებელია ფულის კურსის ნორმალური გაუარესების დროს, რადგან აღნიშნული პროცესი ყველა ქვეყანაშია მოსალოდნელი. ლარის კურსის დაცემის კრიტერიუმად არ შეიძლება აღებულ იქნეს რომელიმე უცხოურ ვალუტასთან მისი შეფარდება, რადგან როგორც ცნობილია, ლარის კურსი უცხოურ ვალუტასთან შეფარდებაში მერყეობს, ზოგი ქვეყნის ვალუტასთან შეფარდებაში მცირდება, მაგრამ ზოგიერთი ქვეყნის ვალუტასთან მიმართებაში იზრდება.

16. ამდენად, იქიდან გამომდინარე, რომ გარანტორს ვალდებულება უნდა შეესრულებინა გადახდის დროს არსებული დოლარის კურსის გათვალისწინებით, მის მიერ 2015 წლის 19 მარტს გადახდილი 20000 ლარი და 2015 წლის 01 აპრილს გადახდილი 23675 ლარი გადახდის დროისათვის არსებული ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის შესაბამისად მთლიანობაში შეადგენდა 19682 ლარს, რომელიც მოვალეს სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, მას გადასახდელი დარჩა 5318 აშშ დოლარი.

17. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

18. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 389-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი.

19. მისი მითითებით, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი, რომ „2015 წლის 19 მარტს გადახდილი 20 000 ლარი და 2015 წლის 01 აპრილს გადახდილი 23 675 ლარი გადახდის დროისათვის არსებული ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის შესაბამისად მთლიანობაში შეადგენდა 19 682 დოლარს, რომელიც მოვალეს სადავოდ არ გაუხდია“.

20. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა დაუსაბუთებელია, ვინაიდან: ა) სადაზღვევო კომპანიას არც სასამართლო სხდომაზე და არც წარდგენილი მასალებით არ უღიარებია აღნიშნული გარემოება, ბ) პირველი ინსტანციის სასამართლოს არ დაუდგენია აღნიშნული გარემოება; გ) სასამართლო განხილვის არც ერთ ეტაპზე მოსარჩელის მიერ არ მომხდარა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა, რომლითაც დადგინდებოდა ანგარიშსწორების დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსის შესახებ ინფორმაცია; დ) მოსამართლეს არ მოუძიებია ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია; ე) სასამართლო გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული ეროვნული ბანკის ის კურსი, რის საფუძველზეც მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა განსაზღვრა 5 318 აშშ დოლარით. დაუდგენელია რომელი მტკიცებულებით და რის საფუძველზე მოახდინა სასამართლომ აღნიშნული გარემოების დადგენა.სააპელაციო სასამართლოს მიერ არ მოხდა მტკიცებულებათა სრულყოფილი გამოკვლევა და ენდო მხოლოდ მოსარჩელის ზეპირ განმარტებას დავალიანების სისწორესთან დაკავშირებით, რაც დისპოზიციურობის პრიცინციპის დარღვევაა და არ უნდა იქნეს გაზიარებული.

21. კასატორი არ ეთანხმება, იმ გარემოებას, რომ საგარანტიო თანხის გადახდის წესი საბანკო გარანტიით იყო გათვალისწინებული. საბანკო გარანტიის პირობების პირველი ნაწილის შესაბამისად, „პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში და მისი შეუსრულებლობის პროპორციულად გარანტი კისრულობს ვალდებულებას ბენეფიციარის წინაშე, ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, გასცეს ბენეფიციარზე ანაზღაურება, მაგრამ არა უმეტეს გარანტიის თანხისა.“

22. იჯარის ხელშეკრულებით უნდა მომხდარიყო 25 000 აშშ დოლარის ექვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა გადახდის დღეს დაფიქსირებული სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით. აქედან, 7500 აშშ დოლარი (ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) გადახდის დღეს არსებული სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით გადახდილი უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 2014 წლის 31 მარტისა და 17 500 აშშ დოლარი (ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) გადახდის დღეს სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით გადახდილი უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 2014 წლის 31 აგვისტოსი.

23. საიჯარო თანხის გადახდის წესის შესახებ შეთანხმება არსებობდა მოიჯარესა და მეიჯარეს შორის და არ შეიძლება აღნიშნული ვალდებულების მიბმა მოხდეს საბანკო გარანტიის პირობებთან. გარანტიის პირობები არ ითვალისწინებდა თანხის გადახდის წესს, არამედ უზრუნველყოფდა საიჯარო თანხის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გადახდას. იჯარის ხელშეკრულების შესაბამისად, საიჯარო თანხა - 25 000 აშშ დოლარი უნდა გადახდილიყო ორ ეტაპად: 1) 7 500 აშშ დოლარი - 31.03.2014, გადახდის დღეს არსებული კურსით, რაც შეადგენდა 1$=1.7477; 2) 17 500 აშშ დოლარი - 31.08.2014, გადახდის დღეს არსებული კურსით, რაც შეადგენდა 1$=1.7360. შესაბამისად, თუ პრინციპალი დაარღვევდა გადახდის ვადას გარანტის მიერ მოხდებოდა ვადამოსული საიჯარო ქირის გადახდა პრინციპალის ნაცვლად, გადახდის დღეს (31.03.2014; 31.08.2014) არსებული კურსით.

24. სააპელაციო პალატას არ შეუფასებია ის გარემოება, რომ საბანკო გარანტია: (ა) არ ითვალისწინებდა სხვა საჯარო და კერძოსამართლებრივი სანქციების დაკისრებას და არ შეიძლებოდა გარანტისაგან მოთხოვნილი ყოფილიყო იმ ზიანის ანაზღაურება, რაც საიჯარო თანხის ვადაგადაცილებით დაფარვის შედეგად მიადგა მეიჯარეს; (ბ) არ შეიცავდა დათქმას რა ვადაში უნდა მოეხდინა საგარანტიო ანაზღაურების გაცემა; (გ) არ ითვალისწინებდა საგარანტიო თანხის გადახდის წესს; (დ) უზრუნველყოფდა პრინციპალის მიერ საიჯარო თანხის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში გადახდას; (ე) განსაზღვრავდა ვალდებულების წარმოშობის საფუძველსა და დროს.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს N3კ/551-01 გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ „თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი) ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს.“

26. სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული, როგორც ნომინალიზმისა და ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის უძირითადესი პრინციპები. ასევე, სადაზღვევო კომპანიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული რეზერვირების აუცილებლობის ვალდებულება.

27. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სადაზღვევო კომპანიების საქმიანობის სპეციფიკა და ის გარემოებები, რომ სადაზღვევო კომპანიები ახორციელებენ ყველა გაცხადებული ზარალის განცხადებას და დარეზერვებას ეროვნულ ვალუტაში. აღნიშნულის შესახებ მუდმივი ინფორმაცია მიეწოდება დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, სადაზღვევო კომპანიას დაეკისრა იმაზე მეტი თანხა, ვიდრე მის მიერ იქნა დარეზერვებული და ასახული ფინანსური ანგარიშგების ფორმაში, რაც საჯარიმო სანქციის დაკისრების საფუძველი შეიძლება გახდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 06 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

29. მოცემულ შემთხვევაში, დავა წარმოშობილია საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართალურთიერთობის საფუძველზე.

30. ერთი მხრივ, ბენეფიაციარის პოზიცია საგარანტიო თანხის არასრულ გადახდაში მდგომარეობს, რის გამოც, იგი დამატებით შესრულებას მოითხოვს გარანტორისაგან 5318 აშშ დოლარის ფარგლებში, ხოლო მეორე მხრივ, გარანტორი ვალდებულების შესრულებით სახელშეკრულებო მოთხოვნას შეწყვეტილად მიიჩნევს და საკასაციო პოზიციას აფუძნებს სსკ-ის 389-ე მუხლის არასწორ განმარტებაზე.

31. კასატორის პოზიციას საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:

32. საბანკო გარანტიის იურიდიული ბუნება განმარტებულია არაერთ საკასაციო პალატის განჩინებაში (იხ., სუსგ №ას-1038-999-2016, 01 თებერვალი, 2017 წელი; სუსგ Nას-749-709-2015, 25 სექტემბერი, 2015 წელი; იხ., საქმე №ას-1038-999-2016, 01 თებერვალი, 2017 წელი).

33. სახელშეკრულებო სამართალში „საბანკო გარანტია“ დოკუმენტალური ოპერაციის სახითა ცნობილი და მისთვის დამახასიათებელია დამოუკიდებლობა ძირითადი, უზრუნველყოფილი ვალდებულებისაგან (პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის არსებული ვალდებულება), რაც განაპირობებს მის არააქცესორულ ბუნებას. პრინციპალის ძირითადი ვალდებულების გაბათილება, შეწყვეტა ან სამართლებრივი ვითარების სხვაგვარი შეცვლა, თავისთავად არ იწვევს საბანკო გარანტიის მოქმედების შეწყვეტას, ამიტომაც, საბანკო გარანტიაში მკაფიოდ უნდა აისახოს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.

34. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი მოიჯარის ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად მოიჯარესა და დამზღვევს შორის დაიდო ხელშეკრულება ფინანსური რისკის დაზღვევის შესახებ, რის საფუძველზეც გაფორმდა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების საბანკო გარანტია [სსკ-ის 879-ე მუხლი]. საგარანტიო თანხა განისაზღვრა 25 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო საბანკო გარანტიის ვადა 05.03.2014 წლიდან 30.10.2014 წლის ჩათვლით. 2014 წლის 15 ოქტომბერს, ბენეფიციარმა წერილობით აცნობა გარანტორს პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის შესახებ და მოითხოვა საგარანტიო თანხის ანაზღაურება. ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტორს ჩაბარდა 2014 წლის 17 ოქტომბერს [სსკ-ის 880-ე მუხლი]. გარანტორმა ბენეფიციარს ორ ეტაპად ჩაურიცხა საგარანტიო თანხა: 2015 წლის 19 მარტს - 20 000 ლარი; ხოლო 2015 წლის 01 აპრილს - 23 675 ლარი.

35. საგულისხმოა, რომ საგარანტიო თანხა განისაზღვრა უცხოურ ვალუტაში (ამერიკული დოლარი), ხოლო საგარანტიო თანხის დაფარვა განხორციელდა ეროვნულ ვალუტაში.

36. ამ თვალსაზრისით, ბენეფიციარი სადავოდ მიიჩნევს ჩარიცხული ფულის ერთეულის (ლარი) გაცვლითი კურსის შესაბამისობას უცხოურ ვალუტასთან (ამერიკული დოლარი).

37. შესაბამისად, დავის გადაწყვეტის საკვანძო საკითხი იმაში მდგომარეობს შეესაბამებოდა თუ არა ბენეფიციარისათვის ჩარიცხული ფულის ერთეული (ლარი) ჩარიცხვის მომენტისათვის არსებულ გაცვლით კურსს ამერიკულ დოლართან მიმართებით.

38. საკითხის ამგვარი დასმა განპირობებულია არა ვალდებულების შესრულების მარეგულირებელი ერთ-ერთი ნორმის - სსკ-ის 389-ე მუხლის დანაწესით, როგორც ამაზე მიუთითებს კასატორი და დავის არასწორ სამართლებრივ შეფასებას ნორმის არასწორ განმარტებას უკავშირებს (იხ., დაზუსტებული საკასაციო საჩივარი), არამედ, ხელშემკვრელ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების პირობებით, რომელსაც უპირატესი მნიშვნელობა გააჩნია ვალდებულების შესრულების მარეგულირებელ ზოგად ნორმებთან მიმართებით, ვინაიდან ხელშეკრულება მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებას წარმოადგენს და მას ურთიერთობის სამართლებრივ მოწესრიგებაში უპირატესი ძალა გააჩნია [სსკ-ის 316-ე, 317-ე, 427-ე, მუხლები].

39. ხელშეკრულების მიხედვით საგარანტიო თანხა განისაზღვრა ამერიკული დოლარით (წინამდებარე განჩინების პ:3), ხოლო ვალდებულება შესრულდა - თანხა ჩაირიცხა ლარში.

40. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ვალდებულების შეწყვეტილად აღიარებისათვის გასარკვევია ჩარიცხული ლარი იმ მომენტისათვის, შეესაბამებოდა თუ არა გარანტიის ხელშეკრულებაში მითითებული უცხოური ვალუტის (ამერიკული დოლარი) გაცვლით კურსს.

41. ამ მსჯელობიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე სსკ-ის 389-ე მუხლის გამოყენება რელევანტური არ არის, შესაბამისად, არც აღნიშნული ნორმის არასწორი განმარტების საფუძვლითაა დასაშვები საკასაციო საჩივარი.

42. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 389-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი აწესრიგებს ისეთ სამართალურთიერთობას, როდესაც სახეზეა ფულადი ვალდებულება, რა დროსაც, ფულადი ვალდებულების ოდენობა განსაზღვრულია, თუმცა, ვალდებულების წარმოშობის დღიდან ვალდებულების შესრულების დღემდე ვალუტის კურსი ან ფულის ერთეული შეიცვალა. ნორმის მიზანი საბაზრო ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფაა. შესაბამისად, ნორმის განმარტება, როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე ლოგიკური და შინაარსობრივი, სწორედ აღნიშნული მიზნის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ნორმის სწორი ინტერპრეტაციისათვის კი დადგენილ უნდა იქნეს ნორმაში გამოყენებულ ტერმინთა ზუსტი მნიშვნელობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამართლის თეორიისა და სასამართლო პრაქტიკის ურთიერთშეუსაბამობა. „ნომინალიზმის პრინციპის“ მიხედვით, მოვალე ვალდებულია ვალი დააბრუნოს ფულადი ნიშნების იმავე რაოდენობით (ნომინალით), რომელიც ვალდებულების წარმოშობის დროს შეესაბამებოდა. მსოფლიოს ცივილიზებული სამყაროს ქვეყნების კანონმდებლობაში ასახული ეს პრინციპი, ვალის გადახდისას ყურადღებას უთმობს არა გადასახდელი ნომინალის მსყიდველობაუნარიანობას, არამედ თავად ნომინალს და ფულადი ნიშნების რაოდენობას. ნომინალიზმის პრინციპის შესაბამისად, ვალდებულების საგანი ფულადი ერთეულების რაოდენობაა და არა ფულის მსყიდველობაუნარიანობა.

43. ნიშანდობლივია, რომ სასამართლო პრაქტიკაში 389-ე მუხლის შინაარსი განსხვავებული პრეცედენტის წყარო გახდა. სასამართლოს განმარტებით, 389-ე მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს დენომინაციას, ანუ ფულის ერთეულის (კურსის) გაზრდას ან შემცირებას. ასევე, ვალუტის შეცვლას და ეროვნული ვალუტის ჰიპერინფლაციას. ვინაიდან, ქართული ეროვნული ვალუტის – ლარის მიმართ ზემოთმითითებულ პროცესებს არ ჰქონია ადგილი, ფულადი ვალდებულებების შესრულების დროს დაუშვებელია სსკ-ის 389-ე მუხლის გამოყენება. ამ მუხლის გამოყენება დაუშვებელია ასევე, ფულის კურსის ნორმალური გაუარესების დროსაც, რადგანაც აღნიშნული პროცესი ყველა ქვეყანაში აღინიშნება. შესაბამისად, ნორმის ფუნქციური დანიშნულება მდგომარეობს შემდეგში: იგი გამოიყენება მაშინ, როდესაც სახელმწიფო ფულის ნომინალს ცვლის ან კიდევ მაშინ, როდესაც ადგილი აქვს ჰიპერინფლაციას (ძალიან მაღალი ინფლაცია, რომელიც ხშირად განისაზღვრება, როგორც ინფლაცია, რომლის ყოველთვიური დონე, დროის ხანგრძლივი მონაკვეთის განმავლობაში აღემატება 50 პროცენტს. თუ სახელმწიფოს მიერ ნომინალის შეცვლას ან ჰიპერინფლაციას არ ექნება ადგილი, 389-ე მუხლის გამოყენება დაუშვებელია (იხ., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის ელექტრონული ვერსია: http://www.gccc.ge).

44. გადაანგარიშების ვალდებულება კი, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას, თუ ვადამოსული ვალდებულების წარმოშობის დღე და ვალდებულების ფაქტობრივად შესრულების დღე ერთმანეთს არ ემთხვევა, ანუ როდესაც, ადგილი აქვს ვადაგადაცილებას. ასეთ შემთხვევაში, კონტრაგენტს კურსთაშორის სხვაობის სახით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს. კონტრაგენტისათვის მიყენებული ზიანი იმ დანაკლისში გამოიხატება, რაც მან ვალდებულების წარმოშობის დროიდან, ანუ იმდღიდან როდესაც ვალდებულება უნდა შესრულებულიყო, ფაქტობრივ შესრულებამდე, ფულის ერთეულის (კურსის) მისთვის საუარესო ცვლილებით განიცადა. ასეთ შემთხვევაში, კურსთაშორის სხვაობა, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ანაზღაურებას ექვემდებარება [სსკ-ის 408-ე მუხლი], რაც დადგენილი იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით.

45. კასატორის მომდევნო პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლოს არ დაუდგენია თუ როგორი იყო ეროვნული ვალუტის მიმართება ამერიკულ დოლართან. აღნიშნულს საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია გაცვლითი კურსის შედეგები - ლარის მიმართება ამერიკულ დოლართან ვალდებულების შესრულების (საგარანტიო თანხის ჩარიცხვა) დროისათვის, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია [სსსკ-ის 102-ე მუხლი].

46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

47. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან საბანკო გარანტიის სამართლებრივი საკითხები განმარტებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში, რომელიც ასახულია წინამდებარე მსჯელობაში.

48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

49. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ა-ევის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „ა-ევას“ უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 16 იანვარს საგადახადო დავალება N2427 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (723.54 ლარი) – 506.47 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე