საქმე № 020211417700031166
საქმე №ას-1078-998-2017 25 ნოემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ს. ა.--ა (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ.-ი (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 19 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ. კ.-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. ა.--ას (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, საკუთრების უფლებით ეკუთვნის უძრავი ქონება, რომელიც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დაკავებული აქვს მოპასუხეს და საკუთარი ნებით არ ათავისუფლებს მას.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ქონება მისი ერთადერთი საცხოვრებელია, ამასთან, მოსარჩელე ნივთის ერთადერთ მესაკუთრეს არ წარმოადგენს, არამედ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმი ვრცელდება და, საზიარო უფლების გაუქმების გარეშე, სარჩელის დაკმაყოფილება სამართლებრივად შეუძლებელია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, რაზეც მოპასუხემ შეიტანა საჩივარი.
6. ამავე სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 24 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა 2017 წლის 15 მარტს, 14.00 საათისათვის.
8. მხარეებს ეცნობათ სხდომის დღე და ადგილი, თუმცა მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა, მან სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა შუამდგომლობა სხდომის სხვა დროისთვის გადადების შესახებ, ამასთან, წარმოადგინა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
9. სააპელაციო პალატამ სასამართლოს მთავარ სხდომაზე განიხილა და დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა, ავადმყოფობის გამო, სასამართლო სხდომის სხვა დროისთვის გადადების შესახებ. სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2017 წლის 29 მარტს, 17.00 საათზე.
10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეებს ეცნობათ სხდომის დრო და ადგილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად. მიუხედავად ამისა, მოწინააღმდეგე მხარე სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა, მან კვლავ შუამდგომლობით მიმართა პალატას, ავადმყოფობის გამო, სასამართლო სხდომის სხვა დროისთვის გადადების შესახებ. შუამდგომლობის ავტორმა შუამდგომლობას დაურთო სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №IV 100, №11001 ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის მიხედვით დგინდება, რომ 2017 წლის 29 მარტს მოპასუხემ მიმართა პოლიკლინიკას. ექიმთან ვიზიტისას, მკურნალმა ექიმმა გასცა რეკომენდაცია წოლითი რეჟიმისა და კარდიოლოგის მეთვალყურეობის შესახებ.
11. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში არსებული მინდობილობის თანახმად, მოპასუხეს ჰყავდა წარმომადგენელი, რომელიც ასევე არ გამოცხადებულა პროცესზე და არც საკუთარი გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ არ უცნობებია სასამართლოსათვის.
12. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 29 მარტს სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყევტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.
13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 372-ე, 215-ე, 216-ე მუხლებით, და განმარტა, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. ერთგვაროვანი შუამდგომლობები სასამართლოს ერთად წარედგინება. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის წარდგენა ემსახურება პროცესის გაჭიანურებას, იგი ხსნის ამ შუამდგომლობას. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ მხარე, პროცესის გაჭიანურების მიზნით, აყენებს შუამდგომლობებს, იგი მხარეებს ართმევს შუამდგომლობების წარდგენის უფლებას და გადადის საქმის განხილვის შემდეგ სტადიაზე.... ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
14. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლოს სხდომის გადადების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა აღნიშნული სახის შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება მხარემ უნდა განახორციელოს საპატიო მიზეზის არსებობისას, სხვა შემთხვევაში შესაძლოა ვარაუდი იმის შესახებ, რომ შუამდგომლობა ემსახურება საქმის განხილვის გაჭიანურებას.
15. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2017 წლის 29 მაისს მოპასუხემ მიმართა პოლიკლინიკას. ექიმთან ვიზიტისას მკურნალმა ექიმმა გასცა რეკომენდაცია წოლითი რეჟიმისა და კარდიოლოგის მეთვალყურეობის შესახებ, რა დროსაც მას დაესვა დიაგნოზი – გულის ქრონიკული ათეროსკლეროზული დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერტონული კრიზი.
16. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2017 წლის 15 მარტის სასამართლოს მთავარი სხდომის გადადების შუამდგომლობის დროსაც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეიცავდა იმავე შინაარსის დიაგნოზს, კერძოდ, – გულის ქრონიკული ათეროსკლეროზული დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერტონული კრიზი. შესაბამისად, დადგენილია, რომ მოპასუხეს აქვს ქრონიკული დაავადება და პროცესის კვლავ გადადების შემთხვევაშიც მაღალი ალბათობით ის კვლავ ვერ გამოცხადდება სააპელაციო სასამართლოში. ასეთ ვითარებაში კი სხდომის გადადების თაობაზე მის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა შეფასდეს საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობად და საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა გაუქმდეს.
17. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 229-ე მუხლით, 387-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 241-ე მუხლით და მიუთითა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
18. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და განჩინებაზე მისი უცვლელად დატოვების შესახებ მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
19. კასატორმა მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, მისი ავადმყოფობით, რის გამოც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა შეუძლებელი იყო. სააპელაციო პალატამ აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინა და უკანონოდ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
20. მხარის მოსაზრებით, ასევე, საფუძველს მოკლებულია სააპელაციო პალატის მითითება, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს სხდომაზე არ გამოცხადდა არც მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატი. მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შესაგებელშივე მიუთითა, რომ უსახსრობის გამო ვეღარ ახერხებდა ადვოკატის მომსახურებით სარგებლობას, შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციაში მხარეს წარმომადგენელი არ ჰყავდა.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. საკასაციო პალატის 2017 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
22. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
23. სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
24. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტი თავისთავად დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას არ გამოიწვევს, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია, სამართლებრივად შეაფასოს სარჩელში მითითებული, დადასტურებულად ცნობილი გარემოებები და გამოარკვიოს, შეესაბამება თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა კანონით ამ ტიპის ურთიერთობათა მომწესრიგებელი ნორმების დანაწესს. თუ აღმოჩნდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უკანონოა, სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს.
25. ანალოგიური პრინციპით სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნორმით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დადგენილ და გაზიარებულ იქნას სააპელაციო საჩივარში დასახელებული გარემოებანი. თუ ისინი იურიდიულად ამართლებენ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება.
26. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარისათვის საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით შეტყობინება; 2. მისი არასაპატიო გამოუცხადებლობა; 3. სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტების იურიდიული მართებულობა აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით.
27. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2017 წლის 15 მარტს, 14.00 საათისათვის. მხარეებს ეცნობათ სხდომის დღე და ადგილი, თუმცა მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა, მან სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა შუამდგომლობა სხდომის სხვა დროისთვის გადადების შესახებ, ამასთან, წარმოადგინა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
28. სააპელაციო პალატამ სასამართლოს მთავარ სხდომაზე განიხილა და დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა, ავადმყოფობის გამო, სასამართლო სხდომის სხვა დროისთვის გადადების შესახებ. სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2017 წლის 29 მარტს, 17.00 საათზე.
29. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეებს ეცნობათ სხდომის დრო და ადგილი, სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად. მიუხედავად ამისა, მოწინააღმდეგე მხარე სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა, მან კვლავ შუამდგომლობით მიმართა პალატას, ავადმყოფობის გამო, სასამართლო სხდომის სხვა დროისთვის გადადების შესახებ. შუამდგომლობის ავტორმა შუამდგომლობას დაურთო სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №IV 100, №11001 ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის მიხედვით დგინდება, რომ 2017 წლის 29 მარტს მოპასუხემ მიმართა პოლიკლინიკას. ექიმთან ვიზიტისას, მკურნალმა ექიმმა გასცა რეკომენდაცია წოლითი რეჟიმისა და კარდიოლოგის მეთვალყურეობის შესახებ.
30. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის არგუმენტს, რომ, რადგან 2017 წლის 15 მარტის სასამართლოს მთავარი სხდომის გადადების შუამდგომლობის დროსაც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეიცავდა იმავე შინაარსის დიაგნოზს, რაზეც მხარემ 2017 წლის 29 მარტს მიუთითა, შესაბამისად, მოპასუხეს აქვს ქრონიკული დაავადება და პროცესის კვლავ გადადების შემთხვევაშიც მაღალი ალბათობით ის კვლავ ვერ გამოცხადდება სააპელაციო სასამართლოში. ასეთ ვითარებაში კი სხდომის გადადების თაობაზე მის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა შეფასდეს საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობად.
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება გარკვეულწილად წარმოადგენს მხარისათვის სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მექანიზმს, რასაც უკავშირდება ზემოთ განმარტებული, იმ მხარისათვის არასასურველი სამართლებრივი შედეგები, რომლის მიმართაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სწორედ აღნიშნულითაა განპირობებული კანონმდებლის მიერ იმ მკაცრად გაწერილი, სავალდებულო წინაპირობების დაწესება, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღვის. ერთ-ერთ ასეთ წინაპირობას წარმოადგენს იმ ფაქტის დადგენა, რომ მხარის მიერ საპროცესო ვალდებულების შესრულება, ამ შემთხვევაში პროცესზე გამოუცხადებლობა, გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით.
32. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
33. კანონის აღნიშნული დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
34. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის – ავადმყოფობის დასადასტურებლად წარადგინა კანონის ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა დაცვით შედგენილი დოკუმენტი, სადაც პირდაპირ იყო მითითებული ექიმის რეკომენდაცია პაციენტისათვის წოლითი რეჟიმის დანიშვნის თაობაზე და დაისვა ისეთი დიაგნოზი, როგორიცაა ჰიპერტონული კრიზი, რომელიც არ წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებას. ცნობა გაიცა კონკრეტულად სხდომის დღეს და ასახავდა სწორედ სადავო მომენტისათვის მოპასუხის ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობას. თუ შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში მართლაც დადგინდება, რომ მხარეს ქრონიკული დაავადება აქვს, ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, გამოიყენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები.
35. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას მოპასუხის დიაგნოზთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მხარის განმეორებითი შუამდგომლობა მისი ავადმყოფობის მოტივით, რაც ნათლადაა დადასტურებული სათანადო მტკიცებულებით, ვერ ჩაითვლება საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობად.
36. ასევე დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მითითება, რომ სასამართლოს სხდომაზე დანიშნულ დროს არ გამოცხადდა არც მოპასუხის წარმომადგენელი, ვინაიდან სააპელაციო შესაგებელში მოპასუხემ დააფიქსირა, რომ მოცემულ ინსტანციაში მას წარმომადგენელი არ ჰყავდა (ს.ფ. 169).
37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების წინაპირობებს ითვალისწინებს სსსკ-ის 241-ე მუხლი, რომლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
38. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სსსკ-ის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რის გამოც უნდა გაუქმდეს ასევე სააპელაციო პალატის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, საკასაციო საჩივარი კი დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ა.-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 19 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური