საქმე № 330210015731833
საქმე №ას-1153-1073-2017 3 ნოემბერი, 2017 წელი
№ას-1153-1073-2017 მ-ე ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ვ. მ.-ე, მ. მ.-ე, ლ. მ.-ე (შემდგომში – მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.-ი“ (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის დადებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებისა და მისგან გამომდინარე ხელშეკრულებების შეწყვეტა, მსესხებელი მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 173 568,7 აშშ დოლარის დაკისრება, საიდანაც ძირი თანხაა 134 549,7 აშშ დოლარი, სარგებელი – 37 984,61 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო – 1034,39 აშშ დოლარი, გადაწყვეტილების აღსრულება მოხდეს იპოთეკით დატვირთული ქონებების რეალიზაციის გზით. იმ შემთხვევაში კი, თუ უძრავი ქონებების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს მოპასუხეების სხვა ქონებებზე.
მოპასუხის პოზიცია:
2. მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და განმარტეს, რომ ნაკისრი ვალდებულების შესრულება ვერ შეძლეს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, რაც გამოწვეული იყო 2013 წლის 26 თებერვალს ავეჯის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრით, რა დროსაც მთლიანად დაიწვა მოპასუხეთა ობიექტზე არსებული მატერიალური ფასეულობა. სასამართლო სხდომაზე მათ სარჩელი ძირითადი დავალიანების – 134549.7 აშშ დოლარის ნაწილში ცნეს და მოითხოვეს სარგებლისა და და პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს დაეკისრათ სესხის ძირითადი თანხის – 134 549.7 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებისათვის სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის – 37 984. 61 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 1034.39 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილების აღსრულება დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე იძულების წესით რეალიზაციის გზით, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, დადგინდა, აღსრულება მიექცეს მოპასუხეების სხვა ქონებაზე, მოპასუხეებს უარი ეთქვათ გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მიუხედავად ძირითადი ვალდებულების შესრულების აღიარებისა, აპელანტმა მოითხოვა ვალდებულების შესრულების განაწილვადება 10 წელზე.
6. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (შემდგომში – სსსკ) აწესრიგებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების განწილვადების საკითხს, კერძოდ, 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით განაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
7. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ, დავის საგნიდან გამომდინარე, მხედველობაში მიიღო, რომ ვალდებულების დაკისრება გამომდინარეობს ბანკთან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, სადაც მოპასუხე მხარეს დაეკისრა ძირითადი ვალის – კრედიტის გამსესხებლისთვის დაბრუნება. ამდენად, ბანკის საქმიანობის სპეციფიკისა და კრედიტის არსის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ მოთხოვნას პერსპექტივა არ გააჩნია, მით უფრო, რომ დაკისრებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა სოლიდარული თავდებობით და იპოთეკის საგნის რეალიზაციით არის გადაწყვეტილი.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გადასახდელი თანხის განაწილვადებაზე უარის თქმის ნაწილში მოპასუხეებმა შეიტანეს საკასციო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმებით სადავო თანხის გადახდის განაწილვადება 10 წელზე შემდეგი საფუძვლებით:
9. კერძო საჩივრების ავტორებმა აღნიშნეს, რომ თავიდანვე ითხოვდნენ უზრუნველყოფის საშუალების იძულებითი წესით რეალიზაციისაგან თავის შეკავებას, რადგან მოსარჩელეს შესწავლილი ჰქონდა მათი საქმიანობა, კრედიტის აღების მიზანი, კრედიტის დაფარვის პერსპექტივა და შესაბამისად გაფორმდა ახალი საკრედიტო ხელშეკრულება. აღნიშნულის მიუხედავად, მხარემ და სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინეს მოულოდნელი და ფორსმაჟორული ვითარება, კერძოდ, სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძარი, რომლის დროსაც მოპასუხეების მიერ კრედიტით შეძენილი და სარეალიზაციოდ განთავსებული საქონელი მთლიანად განადგურდა. აღნიშნულმა გამოიწვია საკრედიტო ურთიერთობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელების შეფერხება და შეუძლებელი გახადა ვალდებულების შესრულება. მითითებულ შემთხვევამდე და შემდგომ 2015 წლის 5 იანვრამდეც მოპასუხეები სტაბილურად იხდიდნენ კრედიტს.
10. კერძო საჩივრის ავტორთა მითითებით, იპოთეკით დატვირთული მათი უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მათი შვიდსულიანი ოჯახი, მათ შორის, ღრმად მოხუცი, ავადმყოფი მშობლები დარჩებიან უსახლ-კაროდ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
12. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებაზე უარის თქმის მართლზომიერება.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხეების წარმოდგენილი პრეტენზია მიღებულ იქნა წარმოებაში, როგორც საკასაციო საჩივარი, თუმცა თავისი სამართლებრივი ბუნებით აღნიშნული პრეტენზია არა საკასაციო, არამედ კერძო საჩივარია და განხილულ უნდა იქნეს კერძო საჩივრისათვის კანონით დადგენილი წესით.
14. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურის გახანგრძლივებისა და გარკვეული ვადით გადადების საპროცესო მექანიზმს ითვალისწინებს სსსკ-ის 263-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
15. მითითებული ნორმა სასამართლოს უფლებამოსილებას ანიჭებს, გარკვეული დროით გაახანგრძლივოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვალე მიუთითებს ამგვარი მექანიზმის გამოყენების ობიექტურ საჭიროებაზე და სარწმუნოდ დაასაბუთებს თავის პოზიციას. კანონის ამგვარი დანაწესი განპირობებულია სასამართლოს მხრიდან ორივე მხარის ინტერესთა დაცვისას გონივრული და სამართლიანი ბალანსის არსებობის აუცილებლობით, ვინაიდან გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი, შეძლებისდაგვარად, უნდა მოერგოს მოვალის ობიექტურ ინტერესებსაც, თუ ეს უკანასკნელი დაადასტურებს, რომ აღსრულების დახანება ან განაწილვადება გამოწვეულია საპატიო გარემოებებით, რომელთა კონკრეტული საშეღავათო ვადის გასვლის შემდეგ აღმოფხვრა ხელს შეუწყობს და გააუმჯობესებს მისი მხრიდან გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობას.
16. ზემოთ მითითებული ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას სასამართლო მხედველობაში იღებს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა ვალდებულების ხასიათი, მისი შეუსრულებლობის ვადა, ოდენობა და მიზეზები, რამაც გამოიწვია ნაკისრი მოვალეობების შეუსრულებლობა. ამავდროულად, სასამართლო აფასებს, რა შედეგის მომტანია საშეღავათო მექანიზმების გამოყენება კრედიტორისათვის.
17. განსახილველ შემთხვევაში აღსასრულებელი გადაწყვეტილებით სასამართლომ მოვალეებს დააკისრა კრედიტორის სასარგებლოდ ფინანსური ვალდებულების შესრულება 134 549.7 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის ოდენობით, რაც უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით. კრედიტორს წარმოადგენს საბანკო დაწესებულება.
18. კერძო საჩივრის ავტორების მითითებით, მოვალეების მიერ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო საყოველთაოდ ცნობილ სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად მოპასუხეთა კუთვნილი იმ პროდუქციის განადგურებით, რომლის შესაძენადაც იქნა გამოტანილი კრედიტი და რეალიზაციიდან მიღებული თანხითაც იგი უნდა დაფარულიყო.
19. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნას და მიიჩნევს, რომ მოპასუხეებმა მიუთითეს იმ საპატიო გარემოებაზე, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს მათ მიმართ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების კანონით დადგენილი საშეღავათო პირობების გამოყენებას, კერძოდ, მოვალეები, რომლებიც წლების განმავლობაში სტაბილურად იხდიდნენ საკრედიტო თანხას, ხანძრის შემდეგ აღმოჩნდნენ არახელსაყრელ ფინანსურ მდგომარეობაში. შესაბამისად, მათ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა არ იყო გამოწვეული არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებით კონტრაჰენტი მხარისა და ნაკისრი ვალდებულების მიმართ. ამასთან, სადავო თანხის ამოსაღებად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მხარის მითითებით, ერთადერთი საცხოვრებელი ადგილია მათთვის, შესაბამისად, მოპასუხეები ყველა ღონეს იხმარენ, დაფარონ დავალიანება და არ დაუშვან ბინის იძულებითი რეალიზაცია.
20. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ გადაწყვეტილების აღსრულების გადადების ან განაწილვადების მექანიზმის გამოყენება ბანკის საქმიანობის სპეციფიკისა და კრედიტის არსის გათვალისწინებით გაუმართლებელია. მოსარჩელეს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რომელიც გამორიცხავდა თანხის გადახდის სამ თვემდე გადავადების ან ერთ წლამდე განაწილვადების შესაძლებლობას.
21. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცული უნდა იყოს მოსარჩელის კანონიერი უფლება, აღსრულების გზით მიიღოს ის ქონებრივი სიკეთე, რაც მას სასამართლოს გადაწყვეტილებით მიეკუთვნა. აღნიშნული უფლების უზრუნველყოფას ემსახურება სსსკ-ის 263-ე მუხლით დადგენილი გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების ზღვრული ვადა, რომელიც შეადგენს ერთ წელს. შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილი არ არის, გადაწყვეტილების აღსრულება განაწილვადოს მითითებულ დროის პერიოდზე მეტი ვადით.
22. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმყოფილდეს და მოპასუხეების მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულება უნდა განაწილვადდეს ერთი წლით. ერთწლიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენის მომენტიდან.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოცემულ კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადეგნს 50 ლარს, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორებს უნდა დაუბრუნდეთ ზ. ჯ.-ასა და ლ. მ.-ის მიერ 2017 წლის 9 ოქტომბერს №.. საგადახდო დავალებით ზედმეტად გადახდილი თანხა 4786,53 ლარის სახით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. მ.-ის, მ. მ.-ისა და ლ. მ.-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების მე-9 პუნქტი, რომლითაც მოპასუხეებს უარი ეთქვათ გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებაზე.
3. ვ. მ.-ეს, მ. მ.-ესა და ლ. მ.-ეს გაუნაწილვადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით კრედიტორ – სს „ს.-ის“ სასარგებლოდ დაკისრებული თანხის – 134 549.7 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა ერთ წლამდე ვადით, ყოველთვიურად თანაბარი ოდენობის თანხის გადახდის გზით. ერთწლიანი ვადის ათვლა დაიწყოს კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენის მომენტიდან.
4. ვ. მ.-ეს, მ. მ.-ესა და ლ. მ.-ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ ზ. ჯ.-ასა და ლ. მ.-ის მიერ 2017 წლის 9 ოქტომბერს №.. საგადახდო დავალებით ზედმეტად გადახდილი 4786,53 ლარი.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე