Facebook Twitter

საქმე № 050210016001503715

საქმე №ას-1252-1172-2017 3 ნოემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. ბ.-ის კანონიერი წარმომადგენელი ხ. ლ.-ე (შემდგომში – მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ.–ი, ნ. გ.-ე, მ. ი.–ი, ი. ბ.–ი, ლ.-ა (შემდგომში – მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სამკვიდროდან კუთვნილი წილის მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების მიმართ მამისა და ბაბუის სამკვიდროდან – უძრავი ქონებიდან და ავტომანქანიდან კუთვნილი წილის მიღების შესახებ.

მოპასუხის პოზიცია:

2. მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს მიეკუთვნა სადავო სამკვიდროდან წილი უძრავი ქონების ნაწილში, ხოლო ავტომანქანის ნაწილში უარი ეთქვა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

5. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 29 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა სააპელაციო საჩივრის ღირებულების – დავის საგნის ფასის განსაზღვრა. ხარვეზის შესავსებად აპელანტს განესაზღვრა 10 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან და განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

6. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების გზით ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს 2017 წლის 1 ივნისს, 17:37:57 საათზე.

7. 2017 წლის 9 ივნისს, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით, აპელანტმა წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ, თანდართული დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიით, სადაც სააპელაციო საჩივრის ფასი არ იყო მითითებული.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა აპელანტს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღით გაუგრძელდა და დაევალა სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრა. აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

9. ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების გზით კვლავ აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარდა 2017 წლის 28 ივნისს, 19:43:13 საათზე.

10. 2017 წლის 3 ივლისს (ფოსტის მეშვეობით) წარმოდგენილი განცხადებით აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იყო მამისა და ბაბუის დანაშთი ქონებიდან იდეალური წილის მიკუთვნება, რომლის ღირებულების სახელდებით მითითება საჭიროებას არ წარმოადგენდა. სადავო ავტომანქანის ღირებულება მითითებულია სააპელაციო საჩივრზე დართულ აუდიტის დასკვნაში.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 372-ე მუხლისა და მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული საქმის მასალების თანახმად, აპელანტი ითხოვს 1/5 წილის მიკუთვნებას ქონებიდან, რომლის ღირებულება შეადგენს 3444 ლარს. ამ ღირებულების 1/5 წილი შეადგენს 688,8 (3444X1/5) ლარს. ამდენად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება.

12. სსსკ-ის 365-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა, რომ განსახილველი დავის საგანია 688,8 ლარი, შესაბამისად, დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება, სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს მითითებული ნორმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და დაუშვებელია.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

14. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ მოცემული დავის საგანს წარმოადგენს სამკვიდრო ქონებიდან იდეალური წილის მიღება. სამკვიდრო ქონებაში შედიოდა როგორც უძრავი ქონება, ისე ავტომანქანა და მისი არსებობა მოპასუხეებმაც დაადასტურეს. სადავო სამკვიდრო არ შეფასებულა, ასევე, არ გარკვეულა სადავო ავტომანქანის ღირებულება, თუმცა მისი ფასის სახელდებით მითითება საჭიროებას არ წარმოადგენდა. პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის საგანი მხოლოდ ავტომანქანა არ იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

16. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მხრიდან სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების კანონიერება.

17. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

18. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 1000 ლარს სცილდება. 1000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

19. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა). (სუსგ 28.04.2017წ. საქმე №ას-230-218-2017)

20. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასევე ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით.

21. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით მოცემულ საქმეზე სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს მიეკუთვნა სადავო სამკვიდროდან წილი უძრავი ქონების ნაწილში, ხოლო ავტომანქანის ნაწილში ეთქვა უარი, რაზეც ამ უკანასკნელმა შეიტანა სააპელაციო წესით.

22. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოცემული საქმის მასალების თანახმად, აპელანტი ითხოვს ავტომანქანის 1/5 წილის მიკუთვნებას, რომლის ღირებულება შეადგენს 3444 ლარს (მითითებული ოდენობა კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია). ამ ღირებულების 1/5 წილი შეადგენს 688,8 (3444X1/5) ლარს. ამდენად, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება და სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

23. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ბ.-ის კანონიერი წარმომადგენელი ხ. ლ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე