Facebook Twitter

საქმე №330210116001493093

საქმე №ას-1276-1196-2017 3 ნოემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ. გ.-ე, თ. ც.–ი (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ქ. ბ.-ი (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მოპასუხეთათვის სოლიდარულად უძრავი ქონებით სარგებლობის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის – 2015 წლის 16 თებერვლიდან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1600 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.

მოპასუხის პოზიცია:

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქმის მასალებში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულ სადავო უძრავ ნივთს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები.

6. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლებით.

7. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება.

8. განსახილველ შემთხვევაში აპელანტები მიუთითებენ, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის მიხედვით თავად მოსარჩელემ მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებამდე დროებით სარგებლობაში გადასცა მათ კუთვნილი ნივთი, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეებს არ წარმოუდგენიათ. მითითებული გარემოება ნივთის მესაკუთრეს უღიარებია. შესაბამისად, აპელანტებმა ვერ უზრუნველყვეს იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ სადავო ქონებას ფლობენ კანონიერად და არ არსებობს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რისი დადასტურებაც ზემოთ მოყვანილი ნორმების თანახმად, ეკისრებოდა მოპასუხეს (აპელანტს).

9. სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 15 აგვისტოს დასკვნის საფუძველზე დაადგინა, რომ სადავო უძრავი ქონების ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრება 1600 აშშ დოლარით.

10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა, სარჩელი საფუძვლიანია.

11. სსკ-ის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

12. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ უძრავი ქონება, რომელიც მოპასუხეთა მფლობელობაშია, წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. ამასთან, აპელანტებს არ გააჩნიათ ამ ნივთის ფლობის კანონიერი საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სსკ-ის 170-ე, 172-ე მუხლებზე მითითებით მართებულად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

13. საკასაციო პალატის არსებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, განიმარტა რომ, ვინაიდან მოსარჩელემ, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობის გამო, დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა, მას უფლება აქვს, ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან. აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება სსკ-ის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. იმის გათვალისწინებით, რომ „შესრულების დაბრუნება“ (მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების უკანონო სარგებლობით მიღებული სიკეთე) შეუძლებელია, ამავე კოდექსის 979-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფლების მქონე პირმა (მოსარჩელემ) შეიძლება გამოიყენოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა, რაც შეიძლება დადგინდეს მსგავსი უძრავი ქონების ქირის ოდენობით.

14. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონების ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრება 1600 აშშ დოლარით. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დააკისრა სოლიდარულად 1600 აშშ დოლარის გადახდა 2015 წლის 16 თებერვლიდან (ქონების მოსარჩელის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრაციიდან) ყოველთვიურად უძრავი ქონების მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემამდე.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:

16. კასატორებმა მიიჩნიეს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელემ ბოროტად გამოიყენა თავისი უფლება სადავო უძრავი ქონების მიმართ, კერძოდ, სახლის თავის სახელზე აღრიცხვის შემდეგ მოინდომა მოპასუხეების მიერ აშენებული და მოწყობილი ფართის მისაკუთრება, ხოლო ოთხშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახის უსახლ-კაროდ დატოვება.

17. კასატორების მითითებით, მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება მესაკუთრის მიერ სადავო ბინის შეძენა-გამართვის სანაცვლოდ, მოპასუხეების მიმართ მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე სახლის აშენების თაობაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 982-ე მუხლის დანაწესი და მხარეთა შორის ქონებრივი წონასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხეებს დააკისრა საიჯარო ქირა.

18. კასატორებმა აღნიშნეს, რომ, შეჭირვებული ქონებრივი მდგომარეობის გამო, მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის წარდგენის ეტაპზე შეძლეს სპეციალისტის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, რომელიც ადასტურებს, რომ საიჯარო ქირის ოდენობა 800 (და არა 1600) აშშ დოლარს შეადგენს. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა მტკიცებულების დაგვიანებით წარდგენის საპატიო მიზეზი და არ მიიღო იგი. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა მოპასუხეების შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოსადმი საქმეზე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

20. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

21. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულ სადავო უძრავ ნივთს, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფლობენ მოპასუხეები.

22. სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 15 აგვისტოს დასკვნის საფუძველზე დაადგინა, რომ სადავო უძრავი ქონების ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრება 1600 აშშ დოლარით.

23. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორებმა მიიჩნიეს, რომ მოსარჩელემ ბოროტად გამოიყენა სადავო უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლება და არ შეასრულა მხარეთა შეთანხმება მოპასუხეების მიერ სადავო ქონების აშენება-გამართვის სანაცვლოდ, მათთვის სახლის აშენების თაობაზე. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ მიიღო სააპელაციო საჩივარზე დართული ახალი მტკიცებულება სადავო საიჯარო ქირის 800 აშშ დოლარად შეფასების შესახებ.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

26. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

27. სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმადაც მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

28. საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას ვინდიკაციური სარჩელის სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ კანონის არსებითად სწორი განმარტების გზით მართებულად განსაზღვრა ვინდიკაციური სარჩელის აღძვრის სამართლებრივი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს მოსარჩელის კუთვნილი ნივთის მფლობელი და მას არ უნდა გააჩნდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

29. სადავო შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა სამივე აღნიშნული წინაპირობის არსებობა, შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი კანონიერად დაკმაყოფილდა.

30. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

31. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

32. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია და კასატორებმა რაიმე სარწმუნო მტკიცებულებით ვერ გააქარწყლა ის გარემოება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას არამართლზომიერად ფლობენ მაშინ, როცა სადავო ფართის მართლზომიერად ფლობის დადასტურება სწორედ მოპასუხეებს ევალებოდათ. მათ ვერ დაასაბუთეს თავისი პოზიცია ვერც მოსარჩელესთან რაიმე სახის შეთანხების არსებობის შესახებ, რადგან აღნიშნულთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი მხარის ზეპირი განმარტება საკმარისი არ არის.

33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ მიიღო სააპელაციო საჩივარზე დართული ახალი მტკიცებულება საიჯარო ქირის 800 აშშ დოლარად შეფასების თაობაზე, რადგან მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, ობიექტურად საპატიო მიზეზის არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სსკ-ის 380-ე მუხლი), თუმცა ასეთი საპატიო მიზეზის არსებობის მტკიცება ახალი მტკიცებულების წარმდგენი მხარის საპროცესო მოვალეობაა.

34. განსახილველ შემთხვევაში კასატორებმა მტკიცებულების კანონით დადგენილ ეტაპზე წარუდგენლობის მიზეზად მიუთითებს მათი ფინანსური მდგომარეობა, რამაც ხელი შეუშალათ დროულად სპეციალისტის დასკვნის მიღებაში.

35. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული გარემოება (სსკ-ის 380-ე მუხლით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად ვერ ჩაითველბა.

36. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

37. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

38. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

39. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. გ.-ისა და თ. ც.–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური