Facebook Twitter

საქმე №010210014571304

საქმე №ას-1312-1232-2017 24 ნოემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (შემდგომში – მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ხ.-ის უფლებამონაცვლე დ. ხ.-ი (შემდგომში – მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (შემდგომში – სამინისტრო, მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ხ.-ის (შემდგომში – მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში გადასახდელად დაეკისროს ქონების არამართლზომიერად სარგებლობის მთელი პერიოდისათვის – 2012 წლის 1 ივნისიდან 2014 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით ქონების არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის – 5 284 192 ლარის, ასევე, ქონების გამოთავისუფლებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 54,72 ლარის ანაზღაურება.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე უკანონოდ მფლობდა და სარგებლობდა 2012 წლის 28 მაისიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართით, კერძოდ, იყენებდა მას სასურსათო მაღაზიისათვის.

3. 2014 წლის 30 აპრილის აუდიტორული დასკვნის შესაბამისად, სადავო 48,8 კვ.მ ფართის წლიური სარგებლობის საფასური 1 კვ.მ-ზე შეადგენს 51,52 ლარს.

4. მოსარჩელის მითითებით, 2014 წლის 27 ივნისის წერილით მოპასუხეს ეთხოვა, გადაეხადა ქონების არამართლზომიერად სარგებლობის საფასური და მიეცა გარკვეული ვადა, თუმცა მოპასუხეს თანხა არ გადაუხდია.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვინაიდან სადავო ფართს ფლობდა და სარგებლობდა მართლზომიერად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინებით მოცემული საქმის წარმოება შეჩერდა, მოპასუხის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე 8 თვის ვადით – 2017 წლის 15 ივნისამდე. აპელანტს დაევალა აღნიშნული დროისათვის ეცნობებინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსათვის, თუ ვინ წარმოადგენს მოპასუხის უფლებამონაცვლეს, მემკვიდრეს, ვინ მიმართა სანოტარო ბიუროს განცხადებით მოპასუხის სამკვიდროს მიღების მოთხოვნით ან ვინ დაეუფლა ამ უკანასკნელის ქონებას ფაქტობრივი ფლობით.

9. 2017 წლის 2 მაისს მოსარჩელემ იშუამდგომლა სააპელაციო სასამართლოს მიმართ საქმის წარმოების განახლების შესახებ. შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის 27 დეკემბრის წერილით, სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატას“ ეთხოვა ინფორმაციის მიწოდება მოპასუხის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით. სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ 2017 წლის 4 იანვრის წერილით სამინისტროს ეცნობა, რომ 2015 წლის 2 სექტემბერს გარდაცვლილი მოპასუხის დანაშთი ქონების თაობაზე სამემკვიდრეო საქმის წარმოება მიმდინარეობდა ნოტარიუსის სანოტარო ბიუროში. 2015 წლის 18 ნოემბერს ნოტარიუსის მიერ დამოწმებულია კანონისმიერი მემკვიდრის, შვილის – დ. ხ.-ის (შემდგომში – მოპასუხის უფლებამონაცვლე) განცხადება სამკვიდროს მიღების /სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ და ამავე დღესვე გაცემულია სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის მოწმობა“. სამინისტროს 2017 წლის 22 მარტის წერილით ნოტარიუსს ეთხოვა, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, რაზედაც ნოტარიუსის 2017 წლის 20 აპრილის წერილით სამინისტროს ეცნობა, რომ სამკვიდრო მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით მემკვიდრეს განცხადებით არ მიუმართავს და აღნიშნულ უმკვიდრო ქონებაზე სხვა სამკვიდრო მოწმობა არ გაცემულა.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის განჩინებით მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი შვილი. საქმის განხილვა, არსებითად განხილვის მიზნით, დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2017 წლის 14 სექტემბერს, 14:00 საათისათვის, რომლის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით. აპელანტს სასამართლოს სხდომის დღის შესახებ უწყება და განჩინება (მოპასუხის უფლებამონაცვლედ მისი შვილის ცნობის შესახებ) ჩაბარდა 2017 წლის 3 ივლისს (ორგანიზაციის კანცელარიის სპეციალისტს).

11. 2017 წლის 14 სექტემბერს სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი და სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე შუამდგომლობა სასამართლოში არ წარადგინა.

12. სააპელაციო სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხის უფლებამონაცვლემ, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

13. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 372-ე, 215-ე და 216-ე მუხლებით და მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტის წარმომადგენელს რაიმე სახის შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს. ამდენად, სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით, შესაბამისად, სსსკ-ის 229-ე და 276-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

15. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის ინტერესებს წარმოადგენდა წარმომადგენელი, რომელიც 2017 წლის 17 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე 2017 წლის 21 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით იმყოფება შვებულებაში. მოსარჩელის მეორე წარმომადგენელი კი, 2017 წლის 14 სექტემბერს, 16:00 საათზე მონაწილეობდა სასამართლო პროცესში სხვა საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში და, გზებზე არსებული საცობების გამო, ვერ მოახერხა 14:00 საათზე პროცესზე დასწრება. ამდენად, მოსარჩელის წარმომადგენლების გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

16. კერძო საჩივარს დაერთო მოსარჩელის წარმომადგენლის შვებულების ბრძანება და სასამართლო უწყება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

18. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის განჩინებით მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი შვილი. საქმის განხილვა, არსებითად განხილვის მიზნით, დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2017 წლის 14 სექტემბერს, 14:00 საათისათვის, რის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით.

19. აპელანტს სასამართლოს სხდომის დღის შესახებ უწყება და განჩინება (მოპასუხის უფლებამონაცვლედ მისი შვილის ცნობის შესახებ) ჩაბარდა 2017 წლის 3 ივლისს ორგანიზაციის კანცელარიის სპეციალისტის მეშვეობით (ს.ფ. 218), რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

20. 2017 წლის 14 სექტემბერს სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი და არც თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე შუამდგომლობა სასამართლოში არ წარადგინა.

21. სააპელაციო სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხის უფლებამონაცვლემ, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

22. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

23. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

24. ამავე კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

25. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე იმ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე განუხილველად დატოვებს სააპელაციო საჩივარს.

26. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მოსარჩელის გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, მოსარჩელის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც მონაწილეობდა მოცემულ დავაში პირველი ინსტანციის სასამართლოშიც იყო შვებულებაში, ხოლო მეორე წარმომადგენელი ესწრებოდა სხვა ადმინისტრაციული წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე დავას.

27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულებას – სამინისტროს, სრულიად გონივრული ვადა (2 თვე) ჰქონდა პროცესისათვის მოსამზადებლად, რაც, უპირველესად, გულისხმობს წარმომადგენლის მეშვეობით საქმის განხილვაში მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფას ან, უკიდურეს შემთხვევაში, დროულად სასამართლოსათვის შეტყობინებას მოსარჩელის გამოუცხადებლობის ობიექტური მიზეზით შეუძლებლობის შესახებ.

28. შესაბამისად, აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება სამინისტროს წარმომადგენლის შვებულებაში გასვლა ისეთ დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილია პროცესის ჩანიშვნის თაობაზე. რაც შეეხება მეორე წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზს, კერძო საჩივარზე დართული სასამართლო უწყებით დასტურდება, რომ სამინისტროს ადმინისტრაციულ საქმეზე სხდომის დანიშვნის შესახებ ეცნობა 2017 წლის 20 ივლისს (ს.ფ. 239). ამდენად, აპელანტს შეეძლო, სააპელაციო პალატისათვის შეეტყობინებინა სხვა საქმეზე იმავე დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ფაქტი და წარედგინა შესაბამისი შუამდგომლობა.

29. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ყველა ელემენტი, კერძოდ: 1. აპელანტი სასამართლო სხდომაზე მიწვეულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით; 2. მხარის გამოუცხადებლობა მიჩნეულ იქნა არასაპატიოდ; 3. მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

30. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე