საქმე №010270517700042567
საქმე №ას-1323-1243-2017 1 ნოემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – ი. კ.-ი (შემდგომში – საჩივრის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. მ.-ი (შემდგომში – მოსარჩელე, განმცხადებელი)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 აგვისტოს განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საცხოვრებელ სადგომის საბაზრო ღირებულების 10%-ის გადახდის სანაცვლოდ, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გიორგი გრიგორიანის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ საცხოვრებელ სადგომის საბაზრო ღირებულების 10%-ის გადახდის სანაცვლოდ, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 1978 წელს მოსარჩელემ შინაურული ხელწერილით 4500 მანეთად იყიდა ორი ოთახი 22 კვ.მ ფართით და ორი სამზარეულოთი. იგი წლების მანძილზე ცხოვრობდა მითითებულ ბინაში და რეგისტრირებული იყო გადასახადების გადამხდელად.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 19 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო უძრავი ნივთის მოპასუხის კუთვნილი 1/6-დან და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში ამავე მისამართზე რეგისტრირებული 1/6-დან 29,04 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ მოპასუხისათვის 6600 აშშ დოლარის 25%-ის – 1650 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის სანაცვლოდ.
5. მოპასუხემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
განმცხადებლის მოთხოვნა:
6. 2017 წლის 2 აგვისტოს სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებასა და 2013 წლის 16 იანვრის სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალის – მოპასუხის უფლებამონაცვლედ სადავო ქონების ახალი მესაკუთრის დადგენა, ასევე, ახალი მესაკუთრისათვის მის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ წილ ქონებაზე უფლების შემდგომი ცვლილება-რეგისტრაციის განხორციელების აკრძალვა.
განმცხადებლის მოთხოვნის საფუძვლები:
7. განმცხადებლის მითითებით, მისი ძირითადი მოთხოვნის (უფლებამონაცვლის დადგენის) აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ მოვალის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნამდე გასხვისდა და ახალი მესაკუთრის მიერ იპოთეკით დაიტვირთა სადავო ნივთი. უფლებამონაცვლედ საცნობი პირი არის თავდაპირველი მოვალის ურთიერთდაკავშირებული პირი (ქალიშვილის მეუღლე) და ერთობლივად ცდილობენ, ხელი შეუშალონ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას. ამასთან, არ არის გამორიცხული, რომ ძირითადი მოთხოვნის განხილვის პროცესში კვლავ მოხდეს სადავო ქონების სხვის სახელზე გასხვისება-გადაფორმება, რის გამოც კვლავ გაჭიანურდება გადაწყვეტილების აღსრულება, რომლის გადაუდებელი მოლოდინიც აქვს განმცხადებელს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 აგვისტოს განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა, უძრავი ნივთის ახალ მესაკუთრეს აეკრძალა მის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ წილ ქონებაზე უფლების შემდგომი ცვლილება-რეგისტრაციის განხორციელება (გარდა იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმებისა), რაზეც ამ უკანასკნელმა შეიტანა საჩივარი.
საჩივრის საფუძვლები:
9. საჩივრის ავტორი არ დაეთანხმა განმცხადებლის მითითებას, რომ იგი მოპასუხის ქალიშვილის მეუღლეა, ვინაიდან დაუქორწინებელია და მოპასუხის ქალიშვილს საერთოდ არ იცნობდა. მან სადავო უძრავი ქონება შეიძინა მაკლერების მეშვეობით. მოპასუხესთან არანაირი ნათესაური კავშირი არ ჰქონია და იგი ნახა მხოლოდ უძრავი ქონების გაფორმების დროს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 აგვისტოს განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 372-ე მუხლით, 1971 მუხლის მეორე ნაწილით, 271-ე, 191-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის აუცილებლობა, ვინაიდან დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შესაბამისად, 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მოპასუხის (მოვალის) მიერ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთიდან კუთვნილი 1/6 ნაწილის გასხვისებამ გაართულა 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულება და ფაქტია, რომ გაცემული სააღსრულებო ფურცელი განმცხადებელს (კრედიტორს) დაუბრუნდა აღუსრულებელი სახით. ასევე ფაქტია, რომ გადაწყვეტილების აღსრულებისათვის აუცილებელი გახდა დამატებითი სამართლებრივი ურთიერთობის – უფლებამონაცვლეობის დადგენა მოვალის მხარეს.
12. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში უზრუნველყოფის ობიექტს წარმოადგენს, არა თავად შუამდგომლობა, რომლითაც განმცხადებელი მოითხოვს მოვალის უფლებამონაცვლის დადგენას, არამედ თავად კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც მოწინააღმდეგე მხარის ქმედების შედეგად გართულდა. პალატის მოსაზრებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები აშკარად მიუთითებს დავის საგნის დაცვის აუცილებლობაზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა.
13. საჩივრის ავტორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ მას არანაირი ნათესაური ურთიერთობა არ აკავშირებს მოპასუხესთან და საერთოდ არ არსებობს უფლებამონაცვლეობის ფაქტობრივი საფუძველი, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ წარმოშობს გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველს, ვინაიდან თავად ის საკითხი, თუ რამდენად საფუძვლიანია შუამდგომლობა და რამდენად არსებობს უფლებამონაცვლეობისათვის აუცილებელი წინაპირობები, უნდა გაირკვეს უფლებამონაცვლეობის შესახებ საკითხის არსებითი განხილვისას.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 3 აგვისტოს განჩინებაზე წარმოდგენილი საჩივარი არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას გასაჩივრებული განჩინების გასაუქმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
15. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
17. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
18. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
19. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.
20. სასამართლო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე.
21. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 19 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო უძრავი ნივთის მოპასუხის კუთვნილი 1/6-დან და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში ამავე მისამართზე რეგისტრირებული 1/6-დან 29,04 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ მოპასუხისათვის 6600 აშშ დოლარის 25%-ის – 1650 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის სანაცვლოდ.
22. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მოპასუხემ (მოვალე) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთიდან კუთვნილი 1/6 ნაწილი გაასხვისა.
23. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოპასუხის მითითებული ქმედების შედეგად 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულებასა დაბრკოლება შეექმნა, კერძოდ, აღსრულება მოპასუხის მიმართ ვერ განხორციელდა. მოსარჩელეს დასჭირდა კვლავ სასამართლოსათვის მიმართვა მოპასუხის უფლებამონაცვლედ სადავო ნივთის ახალი შემძენის ჩართვის თაობაზე. ამდენად, საცხოვრებელი სადგომის გასხვისების საშიშროება რეალურად განხორციელდა და საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასკვნას გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მართლზომიერების შესახებ.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. კ.–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 და 16 აგვისტოს განჩინებები დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე