საქმე №190210016001600695
საქმე №ას-1328-1248-2017 24 ნოემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ქ.-ა (შემდგომში – მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. მ.-ე (შემდგომში – განმცხადებელი მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ლ. ქ.-ამ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ., გ., დ., მ. და მ. მ.-ეები (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ დაკმაყოფილდა, ხოლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა, რაზეც მოპასუხეებმა შეიტანეს საჩივარი.
3. ამავე სასამართლოს 2017 წლის 25 აპრილის განჩინებით საჩივარი დარჩა განუხილველად.
4. 2017 წლის 16 მაისს მოსარჩელის განცხადების საფუძველზე რუსთავის საქალაქო სასამართლომ, ამავე სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გასცა სააღსრულებო ფურცელი.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 აპრილის განჩინებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს კერძო საჩივარი.
6. 2017 წლის 5 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს წერილობით მიმართა განმცხადებელმა მოპასუხემ და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 16 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის განცხადება დაკმაყოფილდა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 16 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული სააღსრულებო წარმოება შეჩერდა შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 372-ე მუხლის, 236-ე და 239-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი მოპასუხეების მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქმეზე გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დადგინდა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისთვის გადაცემა. მოსარჩელეს უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.
9. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 აპრილის განჩინებით დარჩა განუხილველად.
10. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 აპრილის განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივარი სააპელაციო პალატის 2017 წლის 8 სექტემბრის განჩინებით მიღებულია წარმოებაში.
11. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა, რომ განჩინება, რომლითაც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი საჩივარი განუხილველად დარჩა, გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში და კერძო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის აღსრულების მიზნითაც 2017 წლის 16 მაისს სააღსრულებო ფურცელი გაიცა, კანონიერ ძალაში შესული არ არის. საგულისხმოა ის გარემოება, რომ 2017 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.
12. სსსკ-ის 267-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს, 2017 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 16 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძველი.
13. სსსკ-ის 2671, 418-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში განცხადებას ერთვოდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ამგვარ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებას არ ითვალისწინებს, შესაბამისად, მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 50 ლარი უნდა დაუბრუნდეს.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე განმცხადებელმა მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
15. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება დაასაბუთა მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ აღსასრულებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული არ არის. გასაჩივრებულ განჩინებაში ნამსჯელი არ არის, თუ რა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით მივიდა სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ დასკვნამდე მაშინ, როდესაც გადაწყვეტილება, რომლის აღსასრულებლადაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი, კანონიერ ძალაში იყო შესული.
16. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 აპრილის განჩინების გასაჩივრების 12-დღიანი ვადა დაარღვიეს, სააპელაციო პალატამ კი არასწორად მიიღო წარმოებაში საპროცესო ვადის დარღვევით შეტანილი კერძო საჩივარი. აღნიშნული განჩინება არ საჩივრდება, თუმცა მითითებული გარემოება ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ტენდენციურ დამოკიდებულებას მოპასუხეების მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
18. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო პალატის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების კანონიერება. აღსრულების შეჩერებას საფუძვლად დაედო დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილი საჩივრის განუხილველად დატოვების განჩინებაზე მოპასუხეების მიერ კერძო საჩივრის შეტანის ფაქტი, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში ვერ შევიდა.
19. კერძო საჩივრის შეტანისას აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 418-ე მუხლი, რომლის თანახმად კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს იმ საპროცესო მოქმედების შესრულებას, რომელიც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით იყო გათვალისწინებული. სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ასეთი საპროცესო მოქმედების შესრულება. გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულების შეჩერება შეუძლია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს.
20. კანონის მითითებული დანაწესის შესაბამისად, ერთ-ერთი მხარის მიერ კერძო საჩივრის შეტანა აღსრულების უპირობოდ შეჩერებას არ გამოიწვევს. კერძო საჩივრის შეტანისას აღსრულების შეჩერების პრეროგატივა გააჩნია მხოლოდ კერძო საჩივრის განმხილველ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩათვლის, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას შესაძლოა იმაზე უფრო მძიმე შედეგი მოჰყვეს, ვიდრე აღსრულების დროებით, კერძო საჩივრის განხილვის პერიოდის განმავლობაში მის აღუსრულებლობას.
21. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი მოპასუხეების მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დადგინდა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოთხოვა და იგი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს. ამ უკანასკნელს უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.
22. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აპრილის განჩინებით ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი საჩივარი დარჩა განუხილველად, რაზეც მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივრი. სააპელაციო პალატის 2017 წლის 8 სექტემბრის განჩინებით იგი მიღებულ იქნა წარმოებაში.
23. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ განჩინება, რომლითაც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი საჩივარი განუხილველად დარჩა, გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში და კერძო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის აღსრულების მიზნითაც 2017 წლის 16 მაისს სააღსრულებო ფურცელი გაიცა, კანონიერ ძალაში შესული არ არის.
24. ამავდროულად, პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ, მოსარჩელის განმარტებით, იგი ცხოვრობდა ნათესავთან, რის გამოც ადგებოდა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური და მორალური ზიანი, თუმცა ვერ დაასაბუთა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობა, მხოლოდ ზემოთ მოყვანილი მითითება კი, არ წარმოადგენს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველს.
25. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოცემული დავის საგანზეც, რომელიც შეეხება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის კანონიერებას. დავის არსის სპეციფიკიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულებას შეუქცევადი პროცესი მოსდევს, რის შემდეგაც მოპასუხეები, მათი კერძო საჩივრის შესაძლო დაკმაყოფილების შემთხვევაში სადავო უძრავ ნივთზე მფლობელობას ვეღარ დაიბრუნებენ.
26. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში განხილვის შედეგად საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების კანონშესაბამისობას.
27. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას ვერც იმ ნაწილში, რომელიც შეეხება მოპასუხეების მიერ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრისა და მისი განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე კერძო საჩივრის წარდგენის საკითხებს, ვინაიდან, როგორც უკვე განიმარტა, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მხოლოდ აღსრულების შეჩერების მართლზომიერება და კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნული არგუმენტები წარმოდგენილი კერძო საჩივრის განხილვის ფარგლებს სცდება.
28. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ქ.-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე