Facebook Twitter

საქმე №330210016001343569

საქმე №ას-1338-1258-2017 29 ნოემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. ა.-ი (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ხ.-ე (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ზ. ხ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ა.-ის (შემდგომში – მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვნის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას. შესაბამისად, მოსარჩელეს უზღუდავს კუთვნილი ნივთით სარგებლობის შესაძლებლობას.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში სადავო უძრავი ქონება აღმოჩნდა მოტყუებით. მან დაარწმუნა მოპასუხე, რომ ბინის ინტერესი არ ჰქონდა, შემდეგ კი ვალის სანაცვლოდ გააფორმებინა ნასყიდობის ხელშეკრულება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მესაკუთრეს, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განსახილველი დავა წარმოიშვა ვინდიკაციური სარჩელის საფუძველზე, შესაბამისად, სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1.მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; 2.მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; 3. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

7. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა, სარჩელი საფუძვლიანია.

8. საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია, ვალის სანაცვლოდ (გამოსყიდვის უფლებით), უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება.

9. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი გაბათილებული არ არის (ანუ მის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ითვლება სწორად). ამასთან, მოცემული სარჩელის მოთხოვნის ფარგლებში მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის კანონიერების საკითხი ვერ განიხილება.

10. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ მოპასუხე, რაიმე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფლობს მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ უძრავ ქონებას.

11. სააპელაციო პალატის მითითებით, სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს. მათი შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლებით.

12. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რაც სადავო ნივთის მოპასუხის ფლობის უფლებაზე მიუთითებდა და ასეთის არსებობა ვერც მოპასუხემ დასაბუთა. როგორც შესაგებელი, ისე სააპელაციო საჩივარი, ძირითადად შეიცავდა მსჯელობას უძრავი ქონების მესაკუთრის მიერ განხორციელებულ არამართლზომიერ ქმედებებზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ მოპასუხების ფლობის მართლზომიერებას და აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, ასეთზე აპელანტმა ვერ მიუთითა.

13. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს: საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

14. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 1952 წლის 20 მარტის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად: ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

15. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, 312-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ მართალია, აპელანტი არ დაეთანხმა მოსარჩელის უფლების ნამდვილობას ნივთზე, თუმცა მას არც შეგებებული სარჩელით მიუმართავს სასამართლოსათვის რეესტრში რეგისტრირებული ჩანაწერის უსწორობის თაობაზე და არც სხვა ისეთი მტკიცებულება წარუდგენია, რომელიც დაადასტურებდა ამ ჩანაწერის გაუქმებას ან სხვა გზით შეცვლას.

16. ამდენად, სსსკ-ის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე. მან მოითხოვა ბინის გამოთხოვა მოპასუხის მფლობელობიდან, რომელსაც არ გააჩნდა სადავო უძრავი ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი შემადგენლობა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

18. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მოპასუხის მიერ მითითებული არგუმენტი, რომლის თანახმად მოსარჩელემ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება მიიღო მოტყუებით. მან აღუთქვა მოპასუხეს, რომ სესხის დაბრუნებისთანავე დაუბრუნებდა საკუთრების უფლებას უძრავ ნივთზე. კასატორი მოცემული მომენტისათვისაც მზადაა, დაუბრუნოს ვალი მოსარჩელეს და დაიბრუნოს კუთვნილი ქონება, რომელიც მხარეთა შორის არსებულ სესხზე ბევრად მეტი ღირებულებისაა.

19. კასატორმა აღნიშნა, რომ სადავო უძრავი ნივთი წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას და, მოპასუხის გარდა, ბინაში კიდევ 6 ადამიანი ცხოვრობს, მოსარჩელემ კი მოითხოვა ბინიდან მხოლოდ მოსარჩელის გამოსახლება.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

21. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

22. საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია, ვალის სანაცვლოდ (გამოსყიდვის უფლებით), უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება.

23. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ მოპასუხე, რაიმე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფლობს მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ უძრავ ქონებას.

24. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოპასუხე არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის განჩინებას მისი უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ, რადგან სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მოპასუხის მიერ მითითებული არგუმენტი, რომლის თანახმად მოსარჩელემ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება მიიღო მოტყუებით. ამასთან, სადავო ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებაა, ბინაში ცხოვრობს 6 ადამიანი მოპასუხის გარდა, ხოლო მოსარჩელემ მოითხოვა მხოლოდ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

27. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმადაც მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

29. საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას ვინდიკაციური სარჩელის სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ კანონის არსებითად სწორი განმარტების გზით მართებულად განსაზღვრა ვინდიკაციური სარჩელის აღძვრის სამართლებრივი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს მოსარჩელის კუთვნილი ნივთის მფლობელი და მას არ უნდა გააჩნდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

30. სადავო შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა სამივე აღნიშნული წინაპირობის არსებობა, შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი კანონიერად დაკმაყოფილდა.

31. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ ჩაითვლება მოპასუხის მითითება, რომ მოსარჩელემ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება შეიძინა მოტყუებით.

32. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავი ნივთის აღრიცხვის თაობაზე კანონით დადგენილი წესით არ გაბათილებულა.

33. კასატორს სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების სტანდარტის დაცვით არ დაუდასტურებია მისი მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მოტყუებით დადებულ გარიგებას წარმოადგენდა. მოცემული დავის ფარგლებში აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სცდება სასამართლოს კომპეტენციას.

34. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კასატორის მითითება, რომ სადავო უძრავი ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენდა.

35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის მეუღლეს კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ უკანონოდ განკარგა ქონებიდან მისი კუთვნილი წილი.

36. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების კანონიერებაზე გავლენას ვერ მოახდენს კასატორის მითითება, რომ მოსარჩელემ წარმოდგენილი სარჩელით მოითხოვა მხოლოდ მისი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა მაშინ, როცა სადავო ბინაში, მოპასუხის გარდა, ოჯახის სხვა წევრებიც ცხოვრობენ.

37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია დისპოზიციურობა, რაც გულისხმობს ყოველი პირის შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტოს, ვის მიმართ გააჩნია წარადგინოს პრეტენზია თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის პრეტენზიის ადრესატი მხოლოდ ერთ ფიზიკური პირი – მოპასუხეა. აღნიშნული პირის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნები კი სასამართლომ დასაბუთებულად ჩათვალა და დააკმაყოფილა.

38. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

39. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

40. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

41. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ა.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი