Facebook Twitter

№ა-3490-შ-89-2017 21 დეკემბერი, 2017 წელი, ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი,

ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

შუამდგომლობის ავტორი - რ. ბ. ყ. ს-ა

მოწინააღმდეგე მხარე - მ. (მ.) ხ. ო. ს-ი (ო-ი)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე - ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისთაუს ოლქის ქ.აქთაუს #2 სასამართლოს 2009 წლის 15 დეკემბრის სასამართლო ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისთაუს ოლქის ქ.აქთაუს #2 სასამართლოს 2009 წლის 15 დეკემბრის სასამართლო ბრძანებით მ. (მ.) ხ. ო. ს-ს (ო-ს, პირადი ნომერი - ---, მცხოვრებს მისამართზე - ქ.აქთაუ, ---, შემდეგში შუამდგომლობის ავტორს) რ. ბ. ყ. ს-ას (მცხოვრების მისამართზე - ქ.აქთაუ, ---, შემდეგში მოწინააღმდეგე მხარის) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი ბავშვების: ფ. მ.ის ძე ს-ის (დაბადებულის 2--- წლის --- აპრილს) და ს. მ. ო. ს-ის (დაბადებულის 2--- წლის --- ივლისს) სარჩენად, ყველა სახის გამომუშავების, ან სხვა ყოველთვიური შემოსავლის 1/3-ის ოდენობით, დაწყებული 2009 წლის 15 დეკემბრიდან მათ სრულწლოვანებამდე.

2. შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს ზემომითითებულ ნაწილში გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

4. 2017 წლის 4 ოქტომბერს მოწინააღმდეგე მხარემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ იშუამდგომლა. მან განმარტა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით უვადოდ სარგებლობს და პენსიის გარდა, სხვა რაიმე შემოსავალი არ გააჩნია. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოწინააღმდეგე მხარემ გვარი შეიცვალა და გახდა ო-ი, ნაცვლად ს-ისა. ხსენებულ განცხადებაზე თანდართული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების 2.10.2017წ.-ის ცნობით მართლაც დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარის გვარი ამჟამად არის ო-ი და იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

5. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმეზე დანიშნა ზეპირი მოსმენა - 2017 წლის 21 დეკემბერს, რის თაობაზეც ორივე მხარეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა. შუამდგომლობის ავტორმა სატელეფონო შეტყობინების მისთვის ჩაბარებისას, თანხმობა განაცხადა, რომ საქმე მისი დასწრების გარეშე განხილულიყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქმეზე დადგენილია, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისთაუს ოლქის ქ.აქთაუს #2 სასამართლოს 2009 წლის 15 დეკემბრის სასამართლო ბრძანებით მ. (მ.) ხ. ო. ს-ს (ო-ს, პირადი ნომერი - ---, მცხოვრებს მისამართზე - ქ.აქთაუ, ---, შემდეგში შუამდგომლობის ავტორს) რ. ბ. ყ. ს-ას (მცხოვრების მისამართზე - ქ.აქთაუ, ---, შემდეგში მოწინააღმდეგე მხარის) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი ბავშვების: ფ. მ.ის ძე ს-ის (დაბადებულის 2--- წლის --- აპრილს) და ს. მ. ო. ს-ის (დაბადებულის 2--- წლის --- ივლისს) სარჩენად, ყველა სახის გამომუშავების, ან სხვა ყოველთვიური შემოსავლის 1/3-ის ოდენობით, დაწყებული 2009 წლის 15 დეკემბრიდან მათ სრულწლოვანებამდე.

8. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ამასთან, იგი ყაზახეთის ტერიტორიაზე მხოლოდ ნაწილობრივაა აღსრულებული, კერძოდ, აღსრულება აღარ მომხდარა 2014 წლის ივლისიდან. აქედან გამომდინარე, მითითებული გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება იმ ნაწილში, რაც არ აღსრულებულა. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის ინფორმირების საკითხს, ამ უკანასკნელმა საკასაციო სასამართლოში წერილობითი შესაგებელი წარმოადგინა და ამავდროულად, იგი 2017 წლის 21 დეკემბრის სასამართლო სხდომაზეც გამოცხადდა, რა დროსაც სადავოდ არ გაუხდია საქმის სასამართლო განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე მისი ინფორმირების ფაქტი და აღნიშნულ საკითხთან მიმართებით არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. დასახელებული კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო მოხმობილი ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი. ამავე კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა, 70-ე მუხლის საფუძველზე, წარმოდგენილ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, 71-ე მუხლით დადგენილი აღსრულების პროცედურისათვის კი, შემოწმებულია 68-ე მუხლით დადგენილი წინაპირობები.

10. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლს, რომლითაც დადგენილია, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებობს ორმხრივი ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია 1996 წლის 17 სექტემბერს, განსახილველ შემთხვევაში, მას უპირატესობა ენიჭება კონკრეტული სამართლებრივი ნორმების მისადაგებისას, ამიტომ საკასაციო სასამართლო აღარ მიუთითებს „მინსკის“ კონვენციის ანალოგიურ მოწესრიგებაზე, რადგან საქმეზე გამოსაკვლევი რომელიმე საკითხის სამართლებრივი დასაბუთებისათვის არ არსებობს მითითებული კონვენციის კონკრეტული რეგულირების გამოყენების საჭიროება, რაც დასაშვებია ისეთ შემთხვევაში, როდესაც ორმხრივი ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული საკითხი.

11. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების ხელშეკრულების (შემდეგში ორმხრივი ხელშეკრულების) რიგ პუნქტებზე. ამ ხელშეკრულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორც ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის მოქალაქეები“. ორმხრივი ხელშეკრულების მე-3 მუხლი, სამართლებრივი დახმარების სახით, ადგენს სასამართლო გადაწყვეტილებების ცნობასა და აღსრულებას, ხოლო მე-4 მუხლით განსაზღვრულია სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისას ურთიერთობის წესი. ორმხრივი ხელშეკრულების მეორე თავი ეძღვნება სამართლებრივ დახმარებას სამოქალაქო საქმეებზე, მისი მე-18 მუხლით დადგენილია სამართლებრივი დახმარების მოცულობა, მათ შორისაა სასამართლო გადაწყვეტილებათა, ცნობა და აღსრულება. ორმხრივი ხელშეკრულების 22-26-ე მუხლები განსაზღვრავენ ცნობასა და აღსრულებას დაქვემდებარებულ გადაწყვეტილებათა შესახებ შუამდგომლობის წარდგენის წესს. საკასაციო სასამართლო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ყურადღებას იმაზეც გაამახვილებს, რომ ორმხრივი ხელშეკრულების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შუამდგომლობის წარდგენა შესაძლებელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოსადმი, როგორც ცენტრალური ორგანოს მეშვეობით, ასევე, უშუალოდ განმცხადებლის მიმართვით. ამდენად, ამ თვალსაზრისითაც დაცულია ორმხივი ხელშეკრულების დანაწესი წარმოდგენილი შუამდგომლობის პროცედურული ნაწილის შემოწმების თვალსაზრისით. ამავე ხელშეკრულების 24-ე მუხლით, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შემდეგნაირი წესია დადგენილი, ასეთი გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხორციელდება ხელშეკრულების იმ მხარის სასამართლოს მიერ, რომელსაც წარედგინება შუამდგომლობა ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი წესით.

12. საკასაციო სასასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დასახელებულ ნორმებში მითითებული უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამავდროულად, არსებობს წარმოდგენილი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

13. მოწინააღმდეგე მხარის წერილობით მოსაზრებაში მითითებულ, ისევე როგორც, მის მიერ სასამართლო სხდომაზე გაჟღერებულ გარემოებებთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას საქართველოს უზენაესი სასამართლო ხელმძღვანელობს „საერთაშორისო კერძო სამართლის“ შესახებ საქართველოს კანონის დებულებების შესაბამისად, რა დროსაც ამოწმებს დასახელებულ კანონთან და საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან შუამდგომლობის ფორმალურ შესაბამისობას. ამდენად, აღნიშნულ პროცესში საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენცია სწორედ შუამდგომლობის ცნობითა და აღსრულებით შემოიფარგლება და, შესაბამისად, მხარის მიერ მოყვანილი ზემომითითებული გარემოებები ვერ გახდება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი. ყაზახეთის სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საქართველოში აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველი ვერც ის გარემოება გახდება, რომ ალიმენტვალდებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, ვინაიდან ასეთი პირების შემოსავლებზე აღსრულების მიქცევის წესს ადგენს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი და, შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს აღსრულების ეტაპზე.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს - ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისთაუს ოლქის ქ.აქთაუს #2 სასამართლოს 2009 წლის 15 დეკემბრის სასამართლო ბრძანება მოთხოვნილ ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 71-ე მუხლებით, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების ხელშეკრულებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-285-ე, 264.3 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ბ. ყ. ს-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისთაუს ოლქის ქ.აქთაუს #2 სასამართლოს 2009 წლის 15 დეკემბრის სასამართლო ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც მ. (მ.) ხ. ო. ს-ს (ო-ს, პირადი ნომერი - ---, მცხოვრებს მისამართზე - ქ.აქთაუ, ---) რ. ბ. ყ. ს-ას (მცხოვრების მისამართზე - ქ.აქთაუ, ---) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი ბავშვების: ფ. მ.ის ძე ს-ის (დაბადებულის 2--- წლის --- აპრილს) და ს. მ. ო. ს-ის (დაბადებულის 2--- წლის --- ივლისს) სარჩენად, ყველა სახის გამომუშავების, ან სხვა ყოველთვიური შემოსავლის 1/3-ის ოდენობით, დაწყებული 2009 წლის 15 დეკემბრიდან მათ სრულწლოვანებამდე.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მომხსენებელი: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე