Facebook Twitter

საქმე №ას-300-284-2017 19 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ბ--ი“ (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ--ნ ს-ე (მოსარჩელე, აპელანტი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, სარჩოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რ--ნ ს--ე (შემდეგში: მოსარჩელე) შპს „ბ---ში” (შემდეგში: მოპასუხე კომპანია) მუშაობდა მუშად 2012 წლის მარტიდან. მისი ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურად 795 ლარს.

2. 2013 წლის 23 მაისს, მოსარჩელემ სამშენებლო მოედანზე ყოფნის დროს მიიღო ტრავმა. მას ფეხზე დაეცა რამდენიმე ტონა რკინის მასა. მოსარჩელეს დაესვა დიაგნოზი: მარჯვენა ტერფის მრავლობითი ჭრილობები, მე-5 მეტატარზალური ძვლის ღია ნამსხვროვანი მოტეხილობა.

3. მოსარჩელე მკურნალობის კურსს გადიოდა თავდაპირველად, ქ. ბათუმში, შემდეგ კი, მისივე თხოვნით იგი გადაყვანილი იქნა თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც მოპასუხემ სრულად დაფარა მოსარჩელის მკურნალობის ხარჯები.

4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს 2013 წლის 23 მაისს, მიღებული ტრავმის შედეგად აღენიშნება მარჯვენა მეტატარზალური ძვლის მოტეხილობის შემდგომი მდგომარეობა, ძვალი შეხორცებულია, თუმცა დეფორმირებულია, სტატიკის ზომიერი მოშლა, ტერფის შეშუპება და ქვემო კიდურის სისხლის მიმოქცევის უკმარისობა - რამაც გამოიწვია საერთო შრომის უნარის მყარი 15%-ით დაკარგვა [მტკიცებულება: 2015 წლის 10 მარტის ექსპერტიზის დასკვნა].

5. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ მოსარჩელე გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადაიყვანეს მოპასუხე კომპანიაში შედარებით მსუბუქ სამუშაოზე, რომელიც მან შემდგომში ნებაყოფილობით დატოვა.

6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინაღმდეგ და მოითხოვა: (1) 2015 წლის აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე საგადასახადო ვალდებულებებისაგან თავისუფალი 795 ლარი; (2) აუნაზღაურებელ 65 უქმე დღეებში გაორმაგებული შრომითი ანაზღაურება - 3900 ლარი; (3) 2013 წლის ივნისიდან 2015 წლის აპრილამდე მიუღებელი სარჩოს ერთობლივი გადახდა ამ პერიოდში გადახდილი 2385 ლარის გამოკლებით, რაც შეადგენს 15105 ლარს; (4) მორალური ზიანი - 5000 ლარი; (6) ყოველთვიური სარჩო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისა და აღსრულების შემდეგ სრულ გამოჯანმრთელებამდე სახელმწიფოს მიერ დაწესებული მინიმალური პენსიის ოდენობით 165 ლარი.

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

8. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით: დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ: (ა) 2014 წლის მარტიდან (ანუ ხელფასის მიუღებლობის დღიდან) 2015 წლის აპრილის ჩათვლით (ვიდრე სარჩელის აღძვრამდე) ყოველთვიურად 60 ლარის გადახდა; (ბ) 2015 წლის მაისიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველთვიური სარჩო 60 ლარის ოდენობით; (გ) გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან მის სრულ გამოჯანმრთელებამდე 60 ლარი.

9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია განჩინების პპ:1-6-ით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

10. აგრეთვე, დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელეს აღენიშნებოდა წელის მალების გამოხატული ოსტეოქონდროზი, პოლიდისკოპათია, 1.4 დისკის დორზო - მედიალური პროლაფსი 6.5მმ-ით, რაც არის ტრავმის შედეგად მიღებული ტერფის დაზიანებისგან დამოუკიდებელი თანმხლები დაავადება. 2013 წლის 23 მაისს, მიღებული ტრავმის შედეგად მოსარჩელეს აღენიშნება მარჯვენა მე-5 მეტატარზალური ძვლის მოტეხილობის შემდგომი მდგომარეობა, ძვალი შეხორცებულია, თუმცა, დეფორმირებულია, სტატიკის ზომიერი მოშლა, ტერფის შეშუპება და ქვედა კიდურის სისხლის მიმოქცევის უკმარისობა, რამაც გამოიწვია საერთო შრომის უნარის მყარი 15%-ით დაკარგვა.

11. შესაბამისად, უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ტრავმით მოსარჩელემ დაკარგა შრომის უნარი 15%-ით. აპელანტის მოსაზრება პროფესიული შრომის უნარის 100%-ით დაკარგვასთან დაკავშირებით პალატამ არ გაიზიარა რელევანტური მტკიცებულების წარმოუდგენლობის გამო.

12. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე კომპანიის დირექტორმა, 2012 წლის 1 მარტს, როგორც კომპანიის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, „კომპანიის” შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ოფიცერი ვალდებული იყო ცხრილში მოცემულ თემებზე ტრენინგები ჩაეტარებინა კომპანიის ყველა თანამშრომლისათვის. იმ თემების ჩამონათვალში, რაზედაც კომპანიაში დასაქმებულ მუშებს ჩაუტარდათ ტრენინგები, აგრეთვე მითითებულია ბგ. 28-ზე მუშაობის უსაფრთხოების წესების დაცვა. 2013 წლის 21 აპრილით დათარიღებული იმ მუშა მოსამსახურეთა სიაში (მათივე ხელმოწერით დადასტურებული), რომელთაც უსაფრთხოების ოფიცერმა (უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირმა) ჩაუტარა ინსტრუქტაჟი ბგ28-ზე მუშაობის წესების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, №12-ე ნომრად მითითებულია მოსარჩელე, ხოლო გვარის ირგვლივ მისი ხელმოწერაა. ის გარემოება, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მუშებს ინსტრუქტაჟი უტარდებოდათ დადასტურებულია მხარეთა განმარტებებითა და სხდომაზე დაკითხული უსაფრთხოების ოფიცრის განმარტებითაც.

13. სააპელაციო პალატამ აგრეთვე მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილია ინსტრუქცია ბგ28-ზე (საბურღ მანქანაზე) მუშაობისას უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ.

14. დადგენილია, რომ 2013 წლის 23 მაისს მოსარჩელს ინციდენტი ტრავმის მიღებასთან დაკავშირებით სწორედ ბგ 28-ზე მუშაობისას მოუხდა. ინსტრუქციის თანახმად: „.. 3. ბგ28 ოპერატორი ვალდებულია მუშაობის დროს იცოდეს გარკვევით მუშა პერსონალი სად იმყოფება; . . . . . 6.ბგ 28 ჩამკეტ ნებისმიერ მოძრავ დეტალზე დგომა სასტიკად აკრძალულია მუშის მხრიდან; 7. ბგ 28 მოძრავ დეტალზე შეხება, მიახლოება სასტიკად აკრძალულია (მუშის მხრიდან); 8. ბგ 28 ოპერატორს აუცილებლად სჭირდება მუშაობის მსვლელობისას გამოცდილი დამხმარე მუშა მოსამსახურე; 9. ბგ. 28 მუშაობისას ბალკონზე დადგომა სასტიკად აკრძალულია;...”

15. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბგ28-ის ოპერატორი მუშაობისას ვალდებული იყო გარკვევით სცოდნოდა სად იმყოფებოდა (სად იდგა) მუშა - პერსონალი (მუშა პერსონალიც თავის მხრივ, ვალდებული იყო ემოქმედა უსაფრთხოების ზომების დაცვით, რაც, იმაშიც გამოიხატება, რომ ნებისმიერ ჩამკეტ მოძრავ დეტალზე დგომა სასტიკად აკრძალულია. ასევე, სასტიკად აკრძალულია მოძრავ დეტალზე შეხება და მიახლოება, ბალკონზე დგომა).

16. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მოპასუხე კომპანიის თანამშრომლის, შრომის უსაფრთხოების დაცვისა და უსაფრთხოების ოფიცრის განმარტებით, მოპასუხე კომპანია არის გერმანული ორგანიზაცია. ორგანიზაციაში ინსტრუქტაჟი, გარდა, საქართველოს კანონმდებლობისა, იგზავნება გერმანიიდან და თვეში ერთხელ, უტარდებათ ორგანიზაციის თანამშრომლებს და მუშა-მოსამსახურეებს. თანამშრომლებმა გარკვევით იციან, რომ მოძრავ დეტალზე ხელის ან ფეხის შეხება აკრძალულია. ორგანიზაცია ასრულებს მხოლოდ საძირკველის ჩასხმის სამუშაოებს, იქ არ არის მრავალფეროვანი სამუშაო, მხოლოდ საძირკველის ჩასხმა ხდება და ეს საქმიანობა უცხო არ იყო მოსარჩელისათვის, ის ამ საქმიანობაში მონაწილეობას იღებდა შემთხვევამდე ერთი წლის განმავლობაში.

17. სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის შეკითხვაზე უსაფრთხოების ოფიცერმა განმარტა, რომ ობიექტზე არსებული ხმაურის გამო, მუშა და ოპერატორი სიტყვიერად არ ურთიერთობენ ერთმანეთთან. მუშა არ უნდა იდგეს მოძრავ დეტალზე. მოსამართლის შეკითხვაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ ოპერატორი ხედავდა მის ზურგს, ხოლო სად ედგა ფეხი ამას ის ვერ ხედავდა. მოწმემ განმარტა, რომ ობიექტზე არის ტალახი, და ოპერატორის კაბინა მუდმივად ირეცხება იმისათვის, რომ კარგად დაინახოს ყველაფერი, ასევე დაინახოს ის, თუ სად დგას მუშა. იმ კონკრეტულ შემთხვევაში, ოპერატორმა დაინახა თუ არა სად იდგა მოსარჩელე - არ იცის. მოსარჩელე იდგა ბალკონზე, სადაც დგომა სასტიკად აკრძალულია. უსაფრთხოების ოფიცრის განმარტებით, მოსარჩელისათვის ფეხის დაზიანება მოხდა ჯაჭვის ამოძრავების შემდგომ. მისთვის გაუგებარია თუ რატომ აამოძრავა ოპერატორმა ჯაჭვი, მაშინ, როდესაც იმ საქმის განხორციელებასთან, რასაც მოსარჩელე ასრულებდა, ჯაჭვის ამოძრავება კავშირში არ იყო.

18. საქმეში წარმოდგენილი ე.წ. „ინციდენტის გამოძიებიდან” დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელეს შემთხვევის დროს ფეხი არასწორად ედგა აკრძალულ ადგილას, მოძრავ დეტალზე. ეს გამოძიება მოსარჩელეს სადაოდ არ გაუხდია, მან სადავოდ გახადა ის გარემოება, რომ თავის მხრივ, ბგ ოპერატორმაც დაარღვია ინსტრუქცია, აამუშავა რა ბაგირი მაშინ, როცა მასზე იდგა მუშა.

19. სააპელაციო პალატამ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებით დადგენილად მიიჩნია, რომ [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 105-ე მუხლი] მოსარჩელე სამუშაოს შესრულებისას იდგა აკრძალულ ადგილას, კერძოდ, კაბინის თავზე, თუმცა, ოპერატორს ეკრძალებოდა რაიმე სახის მოქმედების გაგრძელება, ვიდრე, არ დარწმუნდებოდა, რომ მუშა - მოსამსახურე იდგა უსაფრთხო ადგილას.

20. საქმეში წარმოდგენილი ე.წ. საგადასახადო დავალებებით დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხე კომპანიამ მოსარჩელეს 2013 წლის 6 მაისიდან 2014 წლის 24 თებერვლის ჩათვლით გადაუხადა ხელფასი თვეში 795 ლარი, ჯამში 7950 ლარი.

21. თავდაპირველად, მოსარჩელე უარყოფდა მოპასუხისაგან თანხების მიღებას, გარდა 2385 ლარისა და სარჩელით ითხოვდა 2013 წლის მაისიდან (შემთხვევიდან) 2015 წლის აპრილამდე (სარჩელის აღძვრამდე) თანხის მოპასუხისათვის დაკისრებას, თუმცა, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე საგადასახადო ქვითრების გამოკვლევისას მან არ უარყო, რომ მითითებულ პერიოდში 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლის ჩათვლით მოპასუხისაგან მიღებული აქვს 7950 ლარი.

22. მოსარჩელის პოზიცია მოპასუხე კომპანიაში მუშაობის პერიოდში, 65 კვირის განმავლობაში ნამუშევარი ზენორმატიული გრაფიკის უქმე დღეების, რაც შეთანხმების თანახმად, უნდა ანაზღაურებულიყო ყოველ ნამუშევარ ზენორმატიულ დღეში 60 ლარით, რომელიც შეადგენს 3900 ლარს, რელევანტური მტკიცებულების წარმოუდგენლობის მოტივით უარყოფილი იქნა. შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელის მოთხოვნაც უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული.

23. იმავდროულად, სააპელაციო პალატამ მოსარჩელის მიერ მიღებულ საწარმოო ტრავმაში დაადგინა მხარეთა შერეული ბრალეულობა და დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 394-ე და 395-ე მუხლები. ამავე კოდექსის 326-ე მუხლის ბლანკეტური დათქმის შესაბამისად აგრეთვე იხელმძღვანელა სსკ-ის 992-ე მუხლით.

24. მოსარჩელის მიერ განცდილი ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ ნორმად მიჩნეული იქნა სსკ-ის 408-ე და 409-ე მუხლები, რომელთა შესაბამისად, მიყენებული ზიანის ანაზღურების რელევანტურ სახედ ფულადი ანაზღაურება იქნა მიჩნეული, ხოლო მის ოდენობად განისაზღვრა მოსარჩელის შრომის ანაზღაურების 750 ლარის ის პროცენტული ნაწილი, რა მაჩვენებლითაც მოსარჩელემ მიყენებული ტრამვის გამო, დაკარგა შრომისუნარინობა - 15%-ით.

25. მხარეთა ბრალეულობის განსაზღვრისას სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დამგდარ შედეგში ბრალი მიუძღვოდა ორივე მხარეს, სახელდობრ, ბგ28-ზე მუშაობისას უსაფრთხოების წესების თანახმად: ბგ 28 ჩამკეტ ნებისმიერ დეტალზე დგომა სასტიკად აკრძაკლულია (პუნქტი 6). ბგ მუშაობისას დეტალზე შეხება, მიახლოება სასტიკად აკრძალულია (პუნქტი 7). ბგ მუშაობისას ბალკონზე დადგომა სასტიკად აკრძალულია (უნქტი 8). უსაფრთხოების ეს წესები დარღვეულ იქნა მოსარჩელის მიერ.

26. ამავე წესების თანახმად: ბგ ოპერატორი ვალდებულია მუშაობის დროს იცოდეს გარკვევით მუშა პერსონალი სად იმყოფება და მხოლოდ ამის შემდეგ ამოძრაოს ბგ.28 (პუნქტი 3) უსაფრთხოების აღნიშნული წესი დარღვეულია მოპასუხე კომპანიის ოპერატორის მიერ.

27. დადგენილია, რომ 750 ლარის 15% არის 112.5 ლარი, რადგან მიღებულ საწარმოო ტრავმაში ბრალი მიუძღვის მოსარჩელესაც პალატამ გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნია მისი ნახევარი დაკისრებოდა მოპასუხე კომპანიას ზიანის ანაზღაურების სახით (112,5:2=56,25) ყოველთვიურად 60 ლარის გადახდა მოსარჩელის სრულ გამოჯანმრთელებამდე.

28. განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

29. კასატორი მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევაზე [სსსკ-ის 393.3 მუხლი], სახელდობრ, კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ მოპასუხე კომპანიის ოპერატორის ბრალეულობაზე, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე, რამაც აპელანტის მოსაზრებით, განაპირობა მისთვის ტრავმის მიყენება, მიუთითა მხოლოდ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე, ახსნა-განმარტების მოსმენის დროს, 2016 წლის 13 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, ახალი გარემოების დაგვიანებით მითითების საპატიოობის დაუდასტურებლობით [სსსკ-ის 380-ე და 215.3 მუხლები].

30. იმავდროულად, საკასაციო საჩივრით შედავებულია მოპასუხე კომპანიის შერეული ბრალეულობა. კასატორის მოსაზრებით, საპროცესო ნორმების დარღვევთაა დადგენილი მოპასუხე კომპანიის ბარალეულობა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის დადგომაშიც, სახელდობრ, მოპასუხემ სადავოდ გახადა მისი ბრალულობა მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებაში და მიუთითა, რომ ტრავმა გამოწვეული იყო თავად მოსარჩელის ბრალეული მოქმედებით, რაც იმაში გამოიხატა, რომ ვინაიდან მან ფეხი დადგა არასწორად, იმ ჭრილზე უფრო მაღლა, ვიდრე უნდა დაედგა, მას სურდა გაეხსნა ბგ. 28 საბურღი მანქანის დამხმარე ბაგირის სამაგრი, რომელიც მოძრავ დეტალს წარმოადგენს, რა დროსაც, მას ფეხი გაეჭედა და მიიღო ფეხის დაზიანება. ამასთან, მოსარჩელეს მიღებული ჰქონდა განმარტებები საბურღ მანქანასთან მუშაობის სპეციფიკისა და უსაფრთხოების ზომების თაობაზე. მან იცოდა, რომ სასტიკად იკრძალებოდა ნებისმიერ მოძრავ დეტალთან მიახლოება, ნებისმიერ ჩამკეტ დეტალზე დგომა, რაც მან უგულვებელყო. მოპასუხე კომპოანიის აღნიშნული პოზიცია მოსარჩელეს პირველი ინსტანციის სასამართლოში სადავოდ არ გაუხდია (არ გაუხდია სადავოდ ის გარემოება, რომ მას ფეხი ედგა არასწორად, ამას თავად სააპელაციო სასამართლოც ადგენს (სწორად) 31-ე პუნქტის ფარგლებში). მოსარჩელის პოზიცია პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს ემყარებოდა მისი დაზარალებულად ცნობის ფაქტს სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში. სწორედ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით განმარტავდა მოსარჩელე, რომ მოპასუხე საწარმო წარმოადგენდა ბრალეულ მხარეს საქმეში. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გაკეთებული განმარტება ტრავმის მიღების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, არ ყოფილა შედავებული, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საწარმოო ტრავმა გამოწვეული იყო შერეული ბრალით, რაც არასწორია.

31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

32. მოსარჩელის შეგებებული საკასაციო საჩივარი დაჩა განუხილველად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 აპრილის განჩინებით.

სამოტივაციო ნაწილი:

33. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

34. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ორ ძირითად არგუმენტად იყოფა: კასატორის პირველი პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მხრიდან პროცედურული წესების დარღვევას შეეხება. ამ ნაწილში, კასატორი შეზღუდული აპელაციის სტანდარტის დარღვევაზე მიუთითებს (განჩინების პ: 29), ხოლო კასატორის მეორე პრეტენზიით შედავებულია მოპასუხე კომპანიის შერეული ბრალეულობა ზიანის დადგომაში (განჩინების პ: 30).

35. საკასაციო პალატა კასატორის ორივე არგუმენტს დაუსაბუთებელ საკასაციო პრეტენზიად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მოსარჩელე სარჩელშივე მიუთითებდა და მისი ტრავმის (ზიანის დადგომა) მიზეზად მოპასუხე კომპანიაში ობიექტზე შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევაზე მიუთითებდა (იხ., სარჩელის მე-2 ფაქტობრივი გარემოება). შესაბამისად, იმ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების კვლევა თუ რაში გამოიხატა ობიექტზე შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევა სასამართლოს გამოსაკვლევი იყო, რა ნაწილშიც, სააპელაციო სასამართლოს მიერ განხორციელებულ საპროცესო მოქმედებებში რაიმე პროცედურული წესების დარღვევა, არ იკვეთება.

36. კასატორის მეორე არგუმენტით კი, შედავებულია მოპასუხე კომპანიის შერეული ბრალეულობა მოსარჩელისათვის ზიანის (ტრავმა) მიყენებაში და ამ ნაწილში, კასატორის პრეტენზია ზიანის დადგომაში მოსარჩელის მხრიდან უსაფრთხოების წესების დარღვევასა და ინსტრუქციის დაუცველობას შეეხება. აღნიშნულს საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით მოსარჩელე სამუშაოს შესრულებისას იდგა აკრძალულ ადგილას, კერძოდ, კაბინის თავზე, თუმცა, თავის მხრივ, ოპერატორსაც ეკრძალებოდა რაიმე სახის მოქმედების გაგრძელება, ვიდრე, არ დარწმუნდებოდა, რომ მუშა - მოსამსახურე იდგა უსაფრთხო ადგილას (განჩინების პ: 19). მაშასადამე, კასატორის პრეტენზიას შრეული ბრალეულობის გამომრიცხველ პრეტენზიასთან მიმართბით, ვარგისი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

37. რაც შეეხება დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სწორად გამოიყენა სსკ-ის 394-ე, 395-ე, 992, 408-ე, 409-ე და 415-ე მუხლები.

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

39. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან დელიქტური ვალდებულების, მათ შორის, მხარეთა შერეული ბრალეულობის სამართლებრივ საკითხებზე დადგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

41. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ბ---ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. შპს „ბ----ს“ უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 09 მარტს საგადახადო დავალება N14… გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე