საქმე №ას-1261-1181-2017 17 ნოემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ- ბ-ე, ბ- ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს მთავარი პროკურატურა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2017 წლის 11 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართეს ნ- ბ-იძემ (შემდეგში: პირველი განმცხადებელი) და ბ- ბ-იძემ (შემდეგში: მეორე განმცხადებელი) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 08 ოქტომბრის და ამავე სასამართლოს 2005 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
2. იმავდროულად, განმცხადებლებმა იშუამდგომლეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, განსახილველ საქმეზე წარმოების შეჩერება.
3. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
4. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სარჩელი, დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი და სახელმწიფოს გადაეცა ქ. ბ-ში, ფ-ვილის ქ. №14-ში მდებარე პირველი განმცხადებლის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლი, ღირებული 250 000 ლარად და ავტომანქანა „ბმვ” ღირებული 6000 ლარად. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში [საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 18 იანვრის განჩინება].
5. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მეორე განმცხადებელს ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა ავტომანქანა „ნივა” ღირებული 6000 ლარად. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში [საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება].
6. პირველი განმცხადებელი არის მეორე განმცხადებლის მამა.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის გამამართლებელი განაჩენით დადგენილი და დადასტურებულია, რომ მეორე განმცხადებელი და მთელი მისი ოჯახი არის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მომხდარი მაისის რევოლუციის მსხვეპლი. სწორედ აღნიშნული მოვლენები და პროცესუალური დოკუმენტები გახდა მათი ოჯახის უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევის საფუძველი.
8. სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რომლის მიღწევაც დღემდე ვერ შეძლეს.
9. განცხადების დასაშვებობა კი, დასაბუთებულია იმ გარემოებაზე მითითებით, რომ, როცა სახეზეა სასამართლოს აქტი უდანაშაულობის შესახებ, განმცხადებლების მოსაზრებით, განმცხადების დასაშვებობაზე არ უნდა გავრცელდეს რაიმე შეზღუდვები, მათ შორის, სასამართლოს ხელმისაწვდომობა შეუძლებელი არ უნდა გახდეს ვადების დაუცველობის თვალსაზრისით. განმცხადებლები მიუთითებენ, რომ ხუთწლიან ვადაში ობიექტურად შეუძლებელი იყო მათ ესარგებლათ გასაჩივრების უფლებით, რადგან მათზე არ იყო დამოკიდებული უდანაშაულობის მტკიცების საკითხი.
10. განმცხადებლები მიუთითებენ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2013 წლის 05 ნოემბრის №3/1/513 გადაწყვეტილებით (7-ე ნაწილი) მიჩნეულია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 426-ე მუხლის მე-4 ნაწილი მთლიანად ზღუდავს საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას, თუმცა ვინაიდან ამ გადაწყვეტილების მიღებისას სარჩელი ეხებოდა, მხოლოდ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილს, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებდა საქმის განახლების ნაწილზე ახლად აღმოჩენილი გარემოებათა გამო: აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად სახეზეა არაკონსტიტუციური ნორმა და მისი გამოყენება აშკარად დაარღვევს კონსტიტუციის 42-ე მუხლს და სამართლიანი სასამართლოს ძირეულ პრინციპებს.
11. კონკრეტულ შემთხვევაში, ანალოგიის მოშველიებით, სასამართლოს სრული საფუძველი აქვს დაუშვას განცხადება განსახილველად.
12. განმცხადებელთა მითითებით, სსსკ-ის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება უკიდურესად ზღუდავს და განსკუთრებული რისკის ქვეშ აყენებს მათ უფლებას სასამართლოს გზით დაიბრუნონ უკანონოდ ჩამორთმეული ქონება, რომელიც ამჟამად სახელმწიფოს საკუთრებაშია.
13. მათ არ უნდათ სახელმწიფოს ედავონ მიყენებული ზარალის და სხვა სახის კომპენსაციაზე, მხოლოდ ითხოვენ მათი ქონების უკან დაბრუნებას, რითაც სახელმწიფოს რაიმე დამატებითი ხარჯების გაღება არ მოუწევს.
14. ამდენად, განმცხადებელებს მიაჩნიათ, რომ განცხადება არ უნდა დარჩეს განუხილველად. უკიდურეს შემთხვევაში, საქმის განხილვა უნდა შეჩერდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე სსსკ-ის მე-6-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით კანონი, რომელიც ამ საქმისთვის უნდა იქნეს გამოყენებული არ შეესაბამება ან ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სასამართლო შეაჩერებს საქმის განხილვას ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რის შემდეგ საქმის განხილვა განახლდება.
15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 აგვისტოს განჩინებით განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.
16. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართლის და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2005 წლის 18 იანვარს, ხოლო აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართლის და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება - 2006 წლის 15 მარტს. ამის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასული იყო 5 წლიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც შეეძლოთ განმცხადებელებს წარედგინათ წინამდებარე მოთხოვნა.
17. უარყოფილი იქნა განმცხდებელთა შუამდგომლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, სსსკ-ის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, მოცემული საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.
18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით, საქმეზე №1/3/161 ო- ს-ვილისა და ი- ხ-ის კონსტიტუციური სარჩელისა გამო, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ დადგენილი იქნა, რომ სსსკ-ის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლს. დაუშვებელია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მუდმივად ეჭვქვეშ დაყენება. არავინ არ არის დაზღვეული იმისგან, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას კვლავ არ გახდება საეჭვო. მართალია, სსსკ-ის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილი, მასში გათვალისწინებული აღმკვეთი ვადის გასვლის შემდეგ პირს ართმევს შესაძლებლობას იდავოს უფლების თაობაზე, მაგრამ იგი წარმოადგენს მოწესრიგებული სამოქალაქო ბრუნვის გამონაკლის აუცილებლობას და ამ ნორმით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადის გაუქმება ვერ იძლევა უფლების სუბიექტის საბოლოოდ განსაზღვრის გარანტიას. სწორედ ამიტომ არის გამართლებული მისი არსებობა და ამ ვადის გასვლის შემდეგ, აღნიშნულ უფლებასთან დაკავშირებით დავის დაუშველობა.
19. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე იმსჯელა სსსკ-ის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის საკითხზე, განმცხადებელთა მოთხოვნა ამ საკითხის გადაწყვეტამდე მოცემული საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო.
20. აღნიშნულ განჩინებაზე პირველმა და მეორე განმცხადებელმა შეიტანა კერძო საჩივარი შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით განმცხადებელთა მოთხოვნა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ უარყოფილია არარელევანტურ პრაქტიკაზე მითითებით, სახელდობრ, განმცხადებლებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება არსობრივად სხვა ვითარებას ასახავს. თუმცა, 2013 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დაადგინა, რომ სსსკ-ის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილი მთლიანად ზღუდავს საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას.
21. განმცხადებლებს მიაჩნიათ, რომ საქმის წარმოების განახლების 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადა თავდაყირა აყენებს უდანაშაულობის ფუნდამენტურ ღირებულებას და ზღუდავს გამართლებული პირის რეაბილიტაციის შესაძლელობას.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
23. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
24. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 11 აგვისტოს წარდგენილ განცხადებაში პირველი და მეორე განმცხადებელი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 08 ოქტომბრის და ამავე სასამართლოს 2005 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებების გაუქმებას ითხოვდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, რაც გასაჩივრებული განჩინებით დარჩა განუხილველი. განუხილველად დატოვების საპროცესო სამართლებრივ საფუძვლად კი, მითითებულია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილებების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ხუთწლიანი ვადის გასვლა.
25. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ კერძო საჩივარში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 აგვისტოს განჩინების გაუქმების საფუძვლად მითითებულია, რომ განმცხადებელთა მოთხოვნა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ უარყოფილია არარელევანტურ პრაქტიკაზე მითითებით, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2013 წლის 05 ნოემბრის გადაწყვეტილების დასაბუთება სსსკ-ის 426-ე მუხლის მე-4 ნორმატიულ შინაარსთან დაკავშირებით არ არის გათვალისწინებული.
26. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით 2003 წლის 30 აპრილს საქმეზე N1/3/161 იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და მეორე პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 2-ე პუნქტის, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე არ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქეების - ო- ს-ვილისა და ი- ხრაპოვის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სსსკ-ის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
27. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „სსსკ-ის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ხუთწლიანი ვადა წარმოადგენს აღმკვეთ ვადას, რომელიც გვხვდება არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობაში, არამედ როგორც კონტინენტური ევროპის, ისე ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყნების სამართლებრივ სივრცეში, რაც დასტურდება როგორც საქმეში არსებული მასალებით, ასევე სპეციალისტის დასკვნით. საკმარისია გაუქმდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვის 5 წლიანი ვადა, რომ დავა და კონფლიქტი საბოლოოდ ვერასდროს ვერ ჰპოვებს გადაწყვეტას და შედეგად „პროცესის უკვდავებას“ მივიღებთ, როგორც ამას ადგილი ჰქონდა საბჭოთა კავშირის დროს. სასამართლო კოლეგია ვერ დაეთანხმება მოსარჩელეთა პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ პირის კონსტიტუციური უფლება - სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები, დროში არ უნდა იყოს შეზღუდული. სადავო ნორმის გაუქმების შემთხვევაში, უფლება უსასრულოდ იქნება გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არამარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგება. კანონმდებლის მიერ 5 წლიანი იმპერატიული ვადის დადგენით ისპობა ამ უფლებასთან დაკავშირებით ახალი დავის წარმოშობის შესაძლებლობა. სსსკ-ის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაწესი გამართლებულია სამართალში არსებული უფლებრივი წესრიგით. უფლება, როგორც ფასეულობა, არ შეიძლება მუდმივად, განუსაზღვრელად, საეჭვოობის (საცილოობის) ხასიათს ატარებდეს. თუკი კანონმდებლობა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო უსასრულოდ დაუშვებდა უფლების საეჭვოობის შესაძლებლობას, ეს წინააღმდეგობაში მოვიდოდა თვით უფლების იდეასთან და საფუძველს გამოაცლიდა სამართლებრივ წესრიგს. სადავო ნორმით გათვალისწინებული აღმკვეთი ვადა სწორედ უფლების იდეის, მისი ნამდვილობის გარანტიას ემსახურება, სწორედ ამიტომ არის გამართლებული მისი არსებობა და ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნულ უფლებასთან დაკავშირებით დავის დაუშვებლობა. სასამართლო კოლეგია, მოსარჩელეთა იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“, აღნიშნავს, რომ ეს უფლება არ გულისხმობს სასამართლოსადმი მიმართვას საპროცესოსამართლებრივი წესების დაცვის გარეშე. სადავო ნორმა კი არ გამორიცხავს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, არამედ გარკვეულ პროცესუალურ წესრიგში ათავსებს მას. ამდენად, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება ვერ იქნება გაგებული აბსოლუტური სახით, პროცესუალუსსამართლებრივი წესრიგის გარეშე, რაც უფლების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. ამიტომაც, სასამართლო კოლეგია თვლის, რომ სსსკ-ის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილთ გათვალისწინებული ნორმა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს. სადავო ნორმის გაუქმება მიუღებელი უნდა იყოს მოწესრიგებული და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის (ურთიერთობის) ინტერესების თვალსაზრისითაც. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლება წარმოადგენს გამონაკლის შემთხვევას. ამ გამონაკლისის დაშვებით საფრთხე არ უნდა შეექმნას იმ ზოგად წესს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება არის საბოლოო, რომ იგი საბოლოოდ და შეუქცევადად ადგენს მხარეთა შორის ურთიერთობებს. ვინაიდან, უფლების შესახებ დავა ყოველთვის ქმნის ამ უფლების განუსაზღვრელობას, სასამართლო ვალდებულია წერტილი დაუსვას ასეთ მდგომარეობას და გადაწყვიტოს იგი. დაუშვებელია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მუდმივად ეჭვქვეშ დაყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფუძველი გამოეცლებოდა სასამართლოსადმი სანდოობის ვარაუდს“.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობს სსსკ-ის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის საპროცესო სამართლებრივი საფუძვლის გამოყენების საჭიროება.
29. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, საქმის წარმოების განახლების 5- წლიანი ხანდაზმულობის ვადა თავდაყირა აყენებს უდანაშაულობის ფუნდამენტურ ღირებულებას და ზღუდავს გამართლებული პირის რეაბილიტაციის შესაძლელობას.
30. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. მითითებული ნორმის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს, როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დასახელებულ მუხლშია მითითებული, ამავე კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
31. მოცემულ საქმეში დადგენილია, რომ განმცხადებელებმა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართლის და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან (2005 წლის 18 იანვარი) და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართლის და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან (2006 წლის 15 მარტი), 5 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ მიმართეს სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. სსსკ-ის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ ვადად - 5 წელს იმპერატიულად ადგენს. იმპერატიული ნორმის თავისებურება კი, იმაში მდგომარეობს, რომ იგი არ იძლევა ნორმაში მოცემული დანაწესისგან სხვაგვარი განმარტების შესაძლებლობას. მასში მითითებული ქცევის წესი მხარეთათვის შესასრულებლად სავალდებულოა, ამასთან, აღნიშნული ნორმით არ არის გათვალისწინებული მოცემული ვადის არც გაგრძელების, აღდგენისა და არც შეჩერების შესაძლებლობა (იხ., სუსგ საქმე №ას-427-399-ა-2017 , 23 ივნისი, 2017 წელი; №ას-1075-1008-2012, 10 სექტემბერი, 2012 წელი,Nას-730-1100-06, 26 თებერვალი, 2007წ.). საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ სსსკ-ის 426-ე მუხლის მეოთხე ნაწილის იმპერატიული ხასიათი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არის საბოლოო, რომ იგი საბოლოოდ და შეუქცევადად ადგენს მხარეთა შორის ურთიერთობებს. ამასთან, აღნიშნულით დაცულია არა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ინტერესი, არამედ ნებისმიერი პირის კანონიერი, სამართლიანი და საფუძვლიანი ნდობა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიმართ.
32. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 2017 წლის 14 ივლისის განაჩენით მეორე განმცხადებელს განემარტა, რომ სათანადო სამართლებრივი საფუძვლებისა და წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, შეუძლია გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებები.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ- ბ-ისა და ბ- ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე