Facebook Twitter

საქმე №ას-791-740-2017 10 ნოემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „თ---ი“ (მოსარჩელე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - მ-- მ-–ი (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „თ--ი“ (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი ან მიმწოდებელი) ქ. თბილისში, ლ-იძის ქუჩა N69, კ-გ რეგისტრირებულ სააბონენტო N2478205 ელექტროენერგიას აწვდის მ-მ-–ს (შემდეგში: მოპასუხე ან აბონენტი).

2. 2013 წლის 11 ივლისს ერთი მხრივ, მიმწოდებელს და მეორე მხრივ, აბონენტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, აბონენტს 96 თვეზე გადაუნაწილდა 4 229.21 ლარის ოდენობის ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანება, თვეში 44.05 ლარის გადახდის პირობით.

3. აბონენტს მოხმარებული ელექტრონერგიის ხარჯის სახით ერიცხება გადაუხდელი დავალიანება 3 110. 91 ლარის ოდენობით.

4. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, დავალიანების - 3 110. 91 ლარის გადახდევინების მოთხოვნით. მოთხოვნის წარმომშობ ფაქტობრივ გარემოებად მიუთითა განჩინების პპ: 1-3. იმავდროულად, აღნიშნა, რომ 2013 წლის 11 ივლისის შეთანხმება წარმოადგენდა ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებას.

5. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის ხელშემშლელი შესაგებელი (ხანდაზმულობა).

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის მოტივით [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 129-ე და 130-ე მუხლები].

7. გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინებით.

8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია განჩინების პპ: 1-3 -ით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

9. იმავდროულად, უარყო აპელანტის პრეტენზია მოთხოვნის ხელშემშლელი გარემოების უარყოფის ნაწილში, ვალის არსებობის აღიარებაზე. ამ თვალსაზრისით, აღნიშნა, რომ 2013 წლის 11 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე N2478205 აბონენტისათვის გადანაწილებული დავალიანება 4229.21 ლარის ოდენობით დაგროვილი იყო ვალის აღიარებამდე უკან სამი წლის, 2010 წლის 11 ივლისამდე პერიოდში. აბონენტის ბრუნვის ისტორიიდან ირკვეოდა, რომ 2010 წლის 09 ივლისიდან 2013 წლის 11 ივლისამდე პერიოდში მოხმარებული ელექტრონერგიის ღირებულება გადახდილი იყო და აღიარებული დავალიანება 4229.21 ლარი მოიცავდა 2010 წლის ივლისამდე მოხმარებულ და გადაუხდელ დავალიანებას.

10. „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ (შემდეგში: სპეციალური წესები) მე-3 მუხლის მიხედვით, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტოენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. სპეციალური წესების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად.

11. სასამართლოში განსახილველ მოთხოვნას წარმოადგენდა მიწოდებული ელექტრონერგიის ღირებულების ანაზღაურება. თავისთავად მოთხოვნა მიწოდებული ელექტრონერგიის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე წარმოადგენდა სახელშეკრულებო მოთხოვნას, რომელზეც ვრცელდებოდა სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა. დადგენილი იყო, რომ 3 110.91 ლარის ოდენობით დავალიანება წარმოადგენდა რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით აღიარებული დავალიანებიდან გადაუხდელ ნაწილს, პალატის მიერ დადგენილი იყო ის გარემოებაც, რომ 2013 წლის 11 ივლისის ხელშეკრულებით აღიარებული დავალიანება დაგროვილი იყო ვალის აღიარებამდე უკან სამი წლის, 2010 წლის 11 ივლისამდე პერიოდში.

12. სააპელაციო პალატამ დავა მოაწესრიგა სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით, 129-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 130-ე მუხლით დადგენილი ნორმატიული რეგულაციით და იმის გათვალისწინებით, რომ 2010 წლის 11 ივლისამდე პერიოდში აბონენტის მიერ თითოეული თვის განმავლობაში მოხმარებული ელ. ენერგიის შესაბამისი საფასური უნდა გადახდილიყო მეორე თვის განმავლობაში, ამასთან, მიმწოდებლის მოთხოვნა აბონენტის მიერ თითოეული თვის განმავლობაში გახარჯული ელ. ენერგიის ანაზღაურების შესახებ ექვემდებარებოდა ხანდაზმულობის სამწლიან ვადას, მიიჩნია რომ მხარეებს შორის ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ. აბონენტის მიერ 2010 წლის 11 ივლისამდე მოხმარებული ელ. ენერგიის საფასური – 3 110.91 ლარის ოდენობით ამ უკანასკნელის მხრიდან მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითების პირობებში ვერ დაექვემდებარებოდა გადახდას, მოთხოვნის განხორციელებისათვის კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გასვლის მოტივით.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

14. კასატორი ახდენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) მე-4-ე, 102-ე, 105-ე მუხლის ციტირებას.

15. საკასაციო საჩივრის საფუძვლად მითითებულია სსკ-ის 393-ე 394-ე მუხლები.

16. კასატორი მიუთითებს ხელშეკრულების დადებისა და კონტრაჰენტის არჩევის თავისუფლების პრინციპზე [სსკ-ის 319-ე და 327-ე მუხლები] და აღნიშნავს, რომ 2013 წლის 11 ივლისს ერთი მხრივ, მიმწოდებელს და მეორე მხრივ, აბონენტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, აბონენტს 96 თვეზე გადაუნაწილდა 4 229.21 ლარის ოდენობის ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანება, თვეში 44.05 ლარის გადახდის პირობით. კასატორის მითითებით, აბონენტი 2014 წლის აპრილამდე ასრულებდა ხელშეკრულებას. 2014 წლის აპრილიდან 2015 წლის თებერვლამდე დავალიანება გადახდის ვადის დარღვევით, მაგრამ გადაიხდებოდა, რის გამოც, 2015 წლის 16 მარტისათვის აბონენტს არ გააჩნდა დავალიანება, გარდა მიმდინარე საფასურისა. ამის შემდეგ კი, 2016 წლის ივლისამდე აბონენტს არ გადაუხდია არც გადანაწილებული და არც მომსახურების ღირებულება. მხოლოდ 2016 წლის ივლისსა და აგვისტოში გადაიხადა გარკვეული თანხა და 2016 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით დავალიანებამ შეადგინა 599.65 ლარი. აქედან 421 ლარი არის 2015 წლის თებერვლიდან 2016 წლის ოქტომბრამდე მოხმარებული ელ.ენერგიის საფასური, ხოლო 178,65 ლარი ვადამოსული პორციების გადაუხდელობით დაგროვილი ვალი. მოვალეს აღნიშნული ხელშეკრულება სადავოდ არ გაუხდია, უბრალოდ, ვალის გადაუხდელობის გარემოებად მისი შეჭირვებული მდგომარეობა დაასახელა. კასატორი აღნიშნავს, რომ ვალის არსებობის აღიარება განხორციელებულია სსკ-ის 341-ე მუხლით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლით. იმავდროულად, გასათვალისწინებელია 144-ე მუხლის დისპოზიცია, რომელიც ხანდაზმული მოთხოვნის აღიარების შემთხვევაში, მისი იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2017 წლის 31 ივლისს საკასაციო საჩივარი დაშვებული იქნა არსებით განხილვაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით.

18. 2017 წლის 29 სექტემბერს საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვის ეტაპზე მხარეთა დასწრებით გაიმართა საქმის ზეპირი მოსმენა.

19. კასატორის მოსაზრებით, აბობენტის ვალდებულება ელექტროენერგიის საფასურის და მისი გადაუხდელობით დაგროვილი დავალიანების გადახდის შესახებ წარმოშობილია, ვადამოსულია და განხორციელებადია.

20. საკასაციო პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა მიუთითებს განსახილველ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებსაც საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა გააჩნიათ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე:

21. მოსარჩელე ქ. თბილისში, ლ--------იძის ქუჩა N69, კ-გ რეგისტრირებულ სააბონენტო N2478205 ელექტროენერგიას აწვდის მოპასუხეს.

22. სარჩელის აღძვრის დროისათვის აბონენტს მოხმარებული ელექტრონერგიის ხარჯის სახით ერიცხება გადაუხდელი დავალიანება 3 110. 91 ლარის ოდენობით.

23. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, დავალიანების - 3110.91 ლარის გადახდევინების მოთხოვნით, რასაც მოპასუხემ დაუპირისპირა მოთხოვნის ხელისშემშლელი შესაგებელი (ხანდაზმულობა).

24. სარჩელის უარყოფის შესახებ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია სახელშეკრულებო მოთხოვნის სამწლიანი ვადის გასვლის საფუძვლით.

25. უფლების დაცვის სასარჩელო ფორმის გამოყენების ვადის განსაზღვრისა და მისი დენის დასაწყისის კვლევისათვის, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით, 129-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 130-ე მუხლით და მიიჩნია, რომ 2010 წლის 11 ივლისამდე პერიოდში აბონენტის მიერ თითოეული თვის განმავლობაში მოხმარებული ელ. ენერგიის შესაბამისი საფასური უნდა გადახდილიყო მეორე თვის განმავლობაში, რაც სარჩელის ხანდაზმულობაზე მიუთითებდა, ხოლო მხარეებს 2013 წლის 11ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების ვალის აღიარების ხელშეკრულებად მიჩნევის არარასებობის პირობებში (სსკ-ის 341-ე მუხლი) აბონენტის მიერ 2010 წლის 11 ივლისამდე მოხმარებული ელ. ენერგიის საფასური – 3 110.91 ლარის ოდენობით ამ უკანასკნელის მხრიდან მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითების პირობებში ვერ დაექვემდებარებოდა გადახდას.

26. საკასაციო შედავება (პრეტენზია) წარმოდგენილია სწორედ სსკ-ის 341-ე მუხლისა და 144-ე მუხლის არასწორი განმარტებისა და გამოყენების თვალსაზრისით. ამ მიმართებით, კასატორი ამტკიცებს, რომ სადავო დავალიანება (3 110.91 ლარი) წარმოადგენდა რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით აღიარებული დავალიანებიდან გადაუხდელ ნაწილს, რაზედაც სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დენა სსკ-ის 144 და 341ე მუხლის ნორმატილი შინაარსით შეწყვეტილი იყო.

27. საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა)საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ)არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.

29. ხანდაზმულობის ვადის განსაზღვარსთან და მისი ათვლის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა სსკ-ის 128-ე, 129-ე მუხლის, 130-ე მუხლების ნორმატიული შინაარსი (იხ., სუსგ №ას-1342-1380-2014): „..სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (იხ. ,სუსგ Nას-702-656-2017,14 ივლისი, 2017 წელი).

30. რამდენადაც, მოცემული დავის გადაწყვეტა დაკავშირებულია დავალიანების მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხის სწორ გადაწყვეტასთან, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უკან უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

31. საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო პალატამ ჯეროვნად უნდა გამოიკვლიოს 2013 წლის 11 ივლისის შეთანხმების იურიდიული შინაარსი, მისი სამართლებრივი შედეგი ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების სსკ-ის 341-ე მუხლის კვალიფიკაციის ვარგის საფუძვლად. აგრეთვე, შეამოწმოს სსკ-ის 144-ე მუხლის წანამძღვრები. ამ მიზნით, გამოსაკვლევია 4 229.21 ლარის ოდენობის ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანების აბონენტისათვის 96 თვეზე გადანაწილება რა სამართლებრივი დატვირთვის მქონეა, რამდენად შეიძლება იგი იქცეეს სახელშეკრულებო თვითბოჭვის ქმედით მექანიზმად იმ პირობებში, როდესაც აბობენტი დამოკიდებულია მიმწოდებელზე სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკური ხასიათის (ელ.ენერგიის მიწოდება) გათვალისწინებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მსჯელობა უნდა იქონიოს, წარმოადგენს თუ არა სადავო შეთანხმება სსკ-ის 341-ე მუხლის სამართლებრივი წანამძღვრებისა და ნორმატიული შინაარსის გათვალისწინებით, ვალის არსებობის აღიარებას.

32. ამ მიზნით, მხედველობაშია მისაღები სსკ-ის 341-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსის განმარტების საკითხზე დადგენილია სტაბილური სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, „ვალის აღიარების ხელშეკრულება თავისი შინაარსითა და გამოხატვის ფორმით შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, კერძოდ, კონსტიტუციური ან დეკლარაციული ხასიათის. კონსტიტუციური ხასიათის ვალის არსებობის აღიარებით ხდება ახალი ხელშეკრულების დადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი დამოუკიდებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ ნამდვილობისა. ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ძალა არ არის დამოკიდებული ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივ ძალასა თუ შინაარსზე. სწორედ აღნიშნული სახის ვალის არსებობის აღიარებას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილი. ვალის არსებობის აღიარება, როგორც ვალდებულების არსებობის დამოუკიდებელი კომპონენეტი ხელწერილის შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ხელწერილით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება (იხ., სუსგ Nას-839-890-2011, 08.11.2011წ.; №ას-226-213-2015, 18 მაისი, 2015წ.; №ას-226-213-2015, 18 მაისი, 2015 წელი).

33. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხიც.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „თ--ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2 გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე