Facebook Twitter

საქმე №ას-1120-1040-2017 03 ნოემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ს--ა“ (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ- ჯ-ე (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ- ჯ-ე (შემდეგში: დასაქმებული ან მოსარჩელე) მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა შპს „ს--აში” (შემდეგში: დამსაქმებელი ან მოპასუხე) 2011 წლის 04 ივლისიდან მოპასუხემ მოსარჩელესთან გააფორმა შრომითი ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით.

2. 2012 წლის 27 ნოემბერს, 2013 წლის 01 თებერვალს და 2013 წლის 01 აპრილს მოპასუხე ადმინისტრაციამ მოსარჩელესთან გააფორმა ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დადგენილია, რომ დასაქმებულთან დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ამ განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის გენერალური დირექტორის 31.01.2014 წლის ბრძანება №15-02/111 დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და დამსაქმებელს დაევალა მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. უვადო სამართალურთიერთობის გარემოება ასევე სადავოდ არ გაუხდია არც მოპასუხეს.

4. დამსაქმებლის გენერალური დირექტორის 2015 წლის 18 სექტემბრის №15-02/1382 ბრძანებით, ამავე წლის 23 სექტემბერიდან, დასაქმებული აღდგენილ იქნა სამუშაოზე, თუმცა, არა განუსაზღვრელი ვადით, არამედ 2015 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით.

5. დამსაქმებელს არაერთხელ მიმართა დასაქმებულმა უვადო შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისა და სამსახურებრივი ინსტრუქციის გაცნობის მოთხოვნით. მან განუმარტა ადმინისტრაციას, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, იგი უვადო სამართალურთიერთობაში იმყოფებოდა დამსაქმებელთან და შესაბამისად, გამოთქვამდა მზადყოფნას შესდგომოდა სამუშაოს, თუმცა, არა იმ არსებითი პირობის ცვლილების ხარჯზე, რომელიც ხელშეკრულების ვადის საკითხს ახლებურად არეგულირებდა (განსაზღვრავდა მის მოქმედებას 22 დეკემბრამდე).

6. მოსარჩელემ თავისი დარღვეული უფლების დასაცავად მიმართა გაერთიანებულ პროფკომიტეტს და საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფესიულ კავშირს, რომლებმაც წერილობით მიმართეს კომპანიის დირექტორს მოსარჩელესთან უვადო შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის მოთხოვნით..

7. დამსაქმებლის გენერალური დირექტორის 2015 წლის 28 ოქტომბრის №15-02/1585 ბრძანებით (შემდეგში: მეორე სადავო ბრძანება) დასაქმებულს დამსაქმებელმა გამოუცხადა დისციპლინური საყვედური, ხოლო დამსაქმებლის გენერალური დირექტორის 2015 წლის 17 ნოემბრის №15-02/1673 ბრძანებით (შემდეგში: პირველი სადავო ბრძანება) დასაქმებული გათავისუფლდა სამუშოდან.

8. პირველი სადავო ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ის) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი.

9. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ და მოითხოვა: პირველი და მეორე სადავო ბრძანებების ბათილად ცნობა; მოსარჩელის აღდგენა საბუღალტრო სამსახურის ბუღალტერის ასისტენტის თანამდებობაზე; დამსაქმებლისთვის უვადო შრომითი ხელშეკრულების დადების დავალებულება დამსაქმებელთან; დამსაქმებლისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება 2015 წლის 23 სექტემბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე ანაზღაურების ყოველთვიური ხელფასის 125 ლარის გაანგარიშებით.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი პირველი და მეორე სადავო ბრძანებები; აღდგენილ იქნა მოსარჩელე მოპასუხე საზოგადოებაში საბუღალტრო სამსახურის ბუღალტერის ასისტენტის თანამდებობაზე; მოპასუხეს დაევალა უვადო შრომითი ხელშეკრულების დადება მოსარჩელესთან. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2015 წლის 23 სექტემბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე (ანაზღაურების ყოველთვიური ხელფასის 125 ლარის გაანგარიშებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით).

11. გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინებით დადგენილია ამ განჩინების პპ: 1-7-ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

13. დავის სამართლებრივი მოწესრიგებისას სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 106-ე მუხლით და აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით, რომლითაც დაუშვებლობის მოტივით დარჩა განუხილველად დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი დასაქმებულის მიმართ, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დასაქმებული აღდგენილ იქნა მოპასუხე საზოგადოების კომერციული დეპარტამენტის საბუღალტრო სამსახურის ბუღალტრის ასისტენტის თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური. ამავე განჩინებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებები რეალურად წარმოადგენდა განუსაზღვრელი ვადით დადებულ ხელშეკრულებებს და მოსარჩელე დამსაქმებელთან 2010 წლის 24 მარტის კოლექტიური შეთანხმების შესაბამისად იმყოფებოდა უვადო შრომით ურთიერთობაში.

14. სსსკ-ის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობები.

15. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ გათავისუფლებამდე მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა წარმოადგენდა დროებით, საწარმოო საჭიროებისათვის, გარკვეული სამუშაოს შესასრულებლად განსაზღვრულ შტატგარეშე სამუშაო ადგილს და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის უვადო შრომით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა დადგენილია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და მითითებული ნორმის საფუძველზე პრეიუდიციული მნიშვნელობისაა, რომელიც ვერ იქნა გაქარწყლებული მოპასუხის მიერ.

16. სსსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

17. სშკ-ის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა; შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ნიშნავს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის დასრულებას დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, რაც შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა მიზეზით და საფუძვლით, როგორიცაა შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა, შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევა, მხარეთა შეთანხმება და ა.შ. აღნიშნული საფუძვლები განმტკიცებულია სშკ-ის 37-ე მუხლში.

18. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომითი ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ, შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევისას შეწყვიტონ შრომითი ხელშეკრულება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დასახელებული ნორმა, უმეტესწილად დამსაქმებლის უფლების გამოყენებაში გამოიხატება, კერძოდ, დამსაქმებლი დასაქმებულთან წყვეტს შრომით ხელშეკრულებას დასაქმებულის მიერ შრომითი პირობების დარღვევის გამო. შესაბამისად, ამ საფუძვლით შრომითი ურთიერთობის მოშლა, რასაც შედეგად უკავშირდება დასაქმებულის შრომითი უფლების შეწყვეტა, მოითხოვს შეწყვეტის საფუძვლის ძალიან დეტალურ და გულმოდგინე შესწავლასა და შეფასებას. ამგვარი შეფასება უკიდურესად მნიშვნელოვანია მხარეთა შორის (დამსაქმებელი-დასაქმებული) სამართლიანი ბალანსის დასაცავად. ერთი მხრივ, დასაქმებულს უსაფუძვლოდ არ უნდა შეუწყდეს შრომითი ხელშეკრულება და ამით არ მოესპოს საარსებო საშუალება, ხოლო მეორე მხრივ, დამსაქმებელს არ უნდა შეეზღუდოს შრომითი მოვალეობების დამრღვევი მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება და მისთვის მიუღებელი მუშაკის სამუშაოზე დატოვებით არ უნდა შეექმნას გარკვეული რისკები.

19. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილადაა მიჩნეული, რომ მოსარჩელე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აღდგენილი იქნა მოპასუხე ორგანიზაციის შესაბამის თანამდებობაზე. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე იმყოფებოდა უვადო სახელშეკრულებო ურთიერთობაში. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო აღედგინა მოსარჩელე თავდაპირველ პოზიციაზე უვადო შრომითი ხელშეკრულების გაფორმებით. აღნიშნული გადაწყვეტილების სრული უგულებელყოფით, მოპასუხემ არ უზრუნველყო გადაწყვეტილების აღსრულება და გამოსცა ბრძანება კონკრეტული ვადით სამუშაოზე აღდგენის შესახებ, რასაც კანონიერად არ დაეთანხმა მოსარჩელე. შესაბამისად, მხარეთა შორის წარმოიშვა კონფლიქტი გადაწყვეტილების აღსრულების საკითხთან დაკავშირებით.

20. დადგენილია, რომ მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება, კერძოდ, უვადო შრომის ხელშეკრულების დადება (2015 წლის 23 სექტემბრის, 2015 წლის 03 ნოემბრის, 2015 წლის 1 ოქტომბრის განცხადებები). დახმარების აღმოსაჩენად, მოსარჩელემ ასევე მიმართა საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფესიულ კავშირს და გაერთიანებულ პროფკომიტეტს.

21. დადგენილია, რომ დაკისრებული მოვალეობების უხეში დარღვევის მოტივით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რასაც არ დაეთანხმა სააპელაციო პალატა და აღნიშნა, დამსაქმებლის მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის თაობაზე უნდა განხორციელდეს იმ წესების მკაცრად დაცვით, რაც განსაზღვრულია კანონმდებლის მიერ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლება განხორციელდეს მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ მოპასუხეს არ სურდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება, რასაც მოწმობს მოპასუხის 2015 წლის 18 სექტემბრის ბრძანების მეორე პუნქტი, სადაც მითითებულია, რომ „დაიდოს მოსარჩელესთან ხელშეკრულება კონკრეტული მოცულობის სამუშაოს შესრულების მიზნით 2015 წლის 23 სექტემბრიდან 2015 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით“ და რომლის საფუძველია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის განჩინება, რომელიც საწინააღმდეგოს მოწმობს. გადაწყვეტილების აღუსრულებლობაზე მიუთითებს მოპასუხის 2015 წლის 16 ნოემბრის წერილი, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელე აღდგენილი იქნა საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე გარკვეული სამუშაოს შესასრულებლად, რომელიც დასრულდება 2015 წლის 03 დეკემბერს.

22. პალატამ განმარტა, რომ შრომითი ხელშეკრულების ვადა ხელშეკრულების არსებითი პირობაა. ხელშეკრულების ვადაზე შეთანხმებისას აუცილებელია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის მკაფიო და არაორაზროვანი შეთანხმება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ უარი განაცხადა მოპასუხის მიერ შეთავაზებულ პირობაზე - კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიზნით სამსახურში აღდგენის შესახებ. მხარეთა შორის არსებული კონფლიქტის დროს, მოპასუხემ იმ მოტივით, რომ მოსარჩელე არ გამოცხადდა სამსახურში, გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობით შექმნა ხელოვნული წინაპირობები, რაც საფუძვლად დაედო ჯერ საყვედურის გამოცხადებას, ხოლო შემდგომში მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას, რისი კანონიერი საფუძველიც არ არსებობდა, რადგან მოსარჩელის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების არაჯეროვანი და არაკეთილსინდისიერი შესრულება არ დასტურდება.

23. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ/აპელანტმა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მითითებით, 2015 წლის 23 სექტემბერს მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის განჩინების საფუძველზე აღდგენილი იყო მოპასუხე საზოგადოების ფინანსური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურში ბუღალტრის ასისტენტის თანამდებობაზე 2015 წლის 23 სექტემბრიდან, რასაც თან ერთვოდა ბრძანება სამუშაოზე აღდგენის შესახებ. შეტყობინებაში მითითებული იყო თხოვნა, სამსახურში დაუყოვნებლივ გამოცხადებასთან და მოვალეობის შესრულების დაწყებასთან დაკავშირებით, თუმცა მოსარჩელე სამსახურში არ გამოცხადდა. სამსახურში გამოუცხადებლობის გამო მოსარჩელეს 29 სექტემბერს კვლავ ეცნობა, რომ გამოცხადებულიყო სამსახურში. 2015 წლის 07 ოქტომბერს მოპასუხემ მოსარჩელეს გაუგზავნა იმავე შინაარსის წერილი, თუმცა ზემოაღნიშნული შეტყობინებები უყურადღებოდ დარჩა მოსარჩელის მხრიდან და მისი სამსახურში აღდგენიდან 12 თვის გასვლის შემდეგაც არ გამოცხადდა სამსახურში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ მის მიერ დაკავებული თანამდებობა, სამსახურიდან გათავისუფლებამდე, წარმოადგენდა დროებით, საწარმოო საჭიროებისათვის, გაკვეული სამუშაოს შესასრულებლად განსაზღვრულ შტატგარეშე სამუშაო ადგილს, შესაბამისად, მას დამსაქმებლისგან გამოეცხადა საყვედური.

24. კასატორს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო ბათილად ცნობს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებას, დადგენილად ითვლება მხარეებს შორის არსებული პირვანდელი მდგომარეობა, რის მიხედვითაც მოსარჩელესთან მიმართებით ძალაში იყო ძველი შრომითი ხელშეკროულება და არა ახალი, რომლითაც შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები იქნა შეცვლილი. აქედან გამომდინარე, შრომის შინაგანაწესი, რის საფუძველზეც მოსარჩელეს დაეკისრა დისციპლინური სახდელი, მოქმედებდა, როგორც მის სამსახურიდან გათავისუფლებამდე, ასევე გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის შემდეგაც.

25. განსახილველ საქმეში ფაქტობრივი გარემოებებიდან ჩანს, რომ მოსარჩელე სამსახურში აღდგენის შემდეგ არ გამოცხადდა სამსახურში და არ განახორციელდა მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები. მოსარჩელისთვის გაგზავნილ არცერთ შეტყობინებას არ მოჰყოლია შედეგი. ვინაიდან დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შემდეგობრივი თვალსაზრისით, გაუგებარია სხვა უფრო მძიმე და უხეში დარღვევა რაში უნდა გამოიხატოს დასაქმებულის მიერ, რომ მისმა ქმედებამ მოგვცეს სშკ-ის 37–ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის ნორმატიული შემადგენლობა და გამართლებული იყოს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულზე დისციპლინური სახდელის გამოყენება.

სამოტივაციო ნაწილი:

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

27. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიებზე ნამსჯელი აქვს სააპელაციო პალატას გასაჩივრებულ განჩინებაში.

29. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ სამსახურიდან მოსარჩელის განმეორებით გათავისუფლების მიზეზად მითითებული გარემოება, სამსახურში გამოუცხადებლობასა და შესაბამისად, შრომითი ვალდებულებების უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით, ვერ იქნება მიჩნეული სშკ-ის 37-ე მუხლის „ზ“ პუნქტის სამართლებრივი საფუძვლით [შრომითი მოვალეობების უხეში დარღვევის საფუძვლით] სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძვლად.

30. პირველ რიგში, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მეორე სადავო ბრძანება დასაქმებულისათვის დისციპლინური პასუხისგებლობის დაკისრების თაობაზე, არ იქნა გამოცემული კანონიერ საფუძველზე, ვინაიდან არ დასტურდება დასაქმებულის მხრიდან შრომითი მოვალეობების დარღვევის ფაქტი, ხოლო ის გარემოება, რომ მოსარჩელე, მიუხედავად მოპასუხის არაერთი გაფრთხილებისა (მითითებისა), არ ცხადდებოდა სამსახურში, განპირობებული იმ გარემოებით, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მოპასუხემ არ აღასრულა იმ სამართლებრივი შინაარსით, რასაც ითვალისწინებდა გადაწყვეტილებით დამდგარი იურიდიული შედეგი. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელესთან უვადო შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობას ითვალისწინებდა. იმავდროულად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომითი ხელშეკრულების ვადა ხელშეკრულების არსებითი პირობაა. ხელშეკრულების ვადაზე შეთანხმებისას აუცილებელია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის მკაფიო და არაორაზროვანი შეთანხმება. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა მოპასუხის მიერ შეთავაზებულ პირობაზე - კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიზნით სამსახურში აღდგენის შესახებ, ხოლო მხარეთა შორის არსებული ამგვარი უთანხმოების პირობებში, მოპასუხემ იმ მოტივით, რომ მოსარჩელე არ გამოცხადდა სამსახურში, გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოპასუხემ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობით შექმნა ხელოვნული წინაპირობები, რაც საფუძვლად დაედო ჯერ საყვედურის გამოცხადებას, ხოლო შემდგომში მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას, რისი კანონიერი საფუძველიც არ არსებობდა, რადგან მოსარჩელის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების არაჯეროვანი და არაკეთილსინდისიერი შესრულება არ დასტურდება.

31. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

32. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ პუნქტის სამართლებრივი საფუძვლისა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ძალისა და იურიდიული შინაარსის განმარტების საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სტაბილური პრაქტიკა (იხ., სუსგ №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ა-761-გან-1-2016 , 28 მარტი, 2016 წელი).

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

34. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს----ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „ს--ას“ უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 06 ოქტომბერს საგადახდო დავალება N343 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე