საქმე №ას-1257-1177-2017 03 ნოემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ- კ--ე (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ჩ--ა“ (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ჩ--ა“ (შემდეგში: მოპასუხე ან საწარმო) რეგისტრირებულია 1996 წლის 30 აგვისტოს საჩხერის რაიონული სასამართლოს დადგენილებით. საწარმოს ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო, რომლის თავმჯდომარეა ი- ჭ-ე, მოადგილე ლ- კ--ე (შემდეგში: მოსარჩელე) და წევრი გ- ჭ--ე.
2. საწარმოს დირექტორის 2010 წლის 04 იანვრის ბრძანებით მოსარჩელე, რომელსაც 2010 წლის 1 იანვარს დაუმთავრდა შრომითი ხელშეკრულება იმავე რიცხვიდან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, საჭიროების შემთხვევაში, გამოძახების პირობით.
3. საწარმოს დირექტორის 2010 წლის 01 ივლისის ბრძანებით მოსარჩელე კადრების ინსპექტორი-მოლარე გამოიძახეს მოვალეობის შემსრულებლად და ხელფასი განესაზღვრა თვეში 200 ლარი.
4. უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე სამსახურიდან განთავისუფლდა საკუთარი განცხადების საფუძველზე 2016 წლის 30 ივნისიდან.
5. დადგენილია, რომ მოსარჩელის ყოველ თვიური ხელფასი იყო 200 ლარი, ხელზე ასაღები კი - 160 ლარი.
6. 2011 წლის ივლისიდან 2012 წლის პირველ ივლისამდე და 2012 წლის წლის ივლისიდან 2013 წლის ივლისამდე ხელფასი - ხელზე ასაღები 160 ლარის ოდენობით მიღებული აქვს მოსარჩელეს (უწყისები).
7. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მიუღებელი ხელფასის 34500 ლარის, ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის 28900 ლარის (ფიქსირებული) და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის 0,07% (განგრძობადი) გადახდა.
8. მოპასუხემ წარმოადგინა, როგორც მოთხოვნის გამომრიცხველი, ისე განხორციელების შემაფერხებელი (ხანდაზმულობა) შესაგებელი.
9. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 8017 ლარი და 76 თეთრი, საიდანაც შრომის ანაზღაურებას შეადგენს 576.0 ლარი, ხოლო 2237.76 ლარი კი - დაყოვნებული თანხის 0,07%-ს.
10. გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილ მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების პპ:1-6-ით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
12. დავის სამართლებრივი მოწესრიგებისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძრვანელა საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ის) 31-ე მუხლით, რომლის შესაბამისად შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.
13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 128-ე მუხლის შესაბამისად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. 129-ე მუხლის შესაბამისად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. 130-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
14. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა, დაუკმაყოფილებელ ნაწილში, ხანდაზმული იყო.
15. იმავდროულად, სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა აპელანტს, რომ მისი ხელფასი არა 200 ლარი, არამედ 500 ლარი იყო, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. საწარმოს დირექტორის 2010 წლის პირველი ივლისის ბრძანებით დგინდებოდა, რომ მოსარჩელის ხელფასი თვეში 200 ლარით განისაზღვრა. ეს გარემოება აგრეთვე, დადასტურდა მოპასუხე საწარმოს სახელფასო უწყისებით და აპელანტის მიერ ხელმოწერილი საბუთებით. აპელანტის მიერ ხელმოწერილი უწყისების თანახმად 2010 წლის სექტემბერ-ნოემბერში იგი ხელფასის სახით, სწორედ, 200 ლარს იღებდა. ამის შემდეგ, 2011 წლის ივლისამდე აპელანტს ხელფასი აღარ მიუღია, ხოლო 2011 წლის ივლისში, ერთიანად, 2500 ლარი მიიღო. აპელანტის თქმით, მისი ხელფასი 375 ლარამდე გაიზარდა 2011 წლის 1 იანვრიდან, ხოლო 500 ლარამდე - 2011 წლის მაისის შემდგომ. ამასთან, მას ხელფასი 2011 წლის ივლისიდან აღარ მიუღია. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის პოზიციის გაზიარების შემთხვევაში, 2011 წლის იანვრიდან იმავე წლის ივლისის ჩათვლით მას მისაღები ექნებოდა 375X4+500X3=3000 ლარი; ხოლო თუ იგი 2011 წლის მაისამდე ხელფასს ჯეროვნად იღებდა, 2011 წლის მაისადან იმავე წლის ივლისის ჩათვლით მისაღები ექნებოდა - 500X4=2000 ლარი. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის განმარტება იმის თაობაზე, რომ აპელანტი მთელი წლის ხელფასს ერთიანად იღებდა, რადგან თუ აპელანტის ხელფასი 200 ლარი იყო, 2011 წელს მას მისაღები ექნებოდა - 200X12=2400 ლარი, რაც მის მიერ 2011 წლის ივლისში მიღებულ ანაზღაურებასთან მეტად შესაბამისია.
16. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურების 500 ლარის ოდენობით განსაზღვრის შესახებ მტკიცებულებათა წარმოუდგნელობის გამო [სსსკ-ის 102-ე მუხლი].
17. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ/აპელანტმა, რომელმაც მოითხოვა მისი ნაწილობრივი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება 25.683 ლარის ხელზე ასაღები თანხის დაკისრების ნაწილში, საიდანაც 17.100 ლარი არის შრომის ანაზღაურება ხოლო 8583 ლარი დაყოვნებული შრომის ანაზღაურებისათვის პირგასამტეხლო (2013 წლის დეკემბრიდან 2017 წლის 15 აპრილამდე).
18. იმავდროულად, კასატორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება, რომლითაც აპელანტს უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
19. 2011 წლის პერიოდში მოსარჩელეს დაქვითული გადასახადის შემდეგ მიღებული აქვს 5700 ლარი, რაც თვეში შეადგენს 475 ლარს. ახლადმიღებული მტკიცებულება კასატორმა წარადგინა სააპელაციო სასამართლოში და იშუამდგომლა ამ მტკიცებულების დასაშვებად ცნობისა და შეფასების თაობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს რომ ჩაეტარებინა მოსამზადებელი სხდომა და არა პირდაპირ მთავარი სხდომა, მოსარჩელეს ექნებოდა საკმარისი დრო მთავარ სხდომამდე მოეპოვებინა იგივე მტკიცებულება,
20. კასატორმა იშუამდგომლა მოსარჩელის მიერ 2011 წლის მთლიან პერიოდში მიღებული ხელფასის თაობაზე შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 02 მარტის ინფორმაციის მტკიცებულებად დაშვებაზე.
21. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სშკ-ის 31–ე მუხლის ნორმატიულ დანაწესში იგულისხმება, დაყოვნების დღიდან ამ თანხის (დაყოვნებული) 0.07 პროცენტი მის სრულ გადახდამდე და არა მხოლოდ პირველი თვის გადაუხდელი თანხის 0,07 პროცენტი 36 (სამი წელი) თვის განმავლობაში. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო არა 36 თვის მანძილზე გადაუხდელი შრომის ანაზღაურებისთვის არამედ, იმ დღემდე, სანამ დამსაქმებელს სრულად არ აუნაზღაურებს მოსარჩელეს სახელფასო დავალიანებას.
22. პირველი ინსტანციის სასამართლომ, მოპასუხე მხარეს არ დაავალა წარმოედგინა მოსარჩელისათვის გაცემული ხელფასის უწყისები 2011–2013 წლების მდგომარეობით. თუმცა განმარტა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის ანაზღაურებული აქვს ხელფასი 2013 წლამდე პერიოდში. მოპასუხემ სასამართლოს წარმოუდგინა მხოლოდ რამდენიმე უწყისი, რომლის მიხედვით დასტურდება, მხოლოდ 2010 წლამდე პერიოდის ხელფასის ოდენობა. ხოლო 2011 და 2012 წლების უწყისები მოპასუხემ სასამართლოს არ წარმოუდგინა. როგორც პირველი ინსტანციის, აგრეთვე სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე შეგნებულად უმალავს, როგორც მოსარჩელეს, ასევე, სასამართლოს 2011 და 2012 წლების ბრძანებებს მოსარჩელისათვის ხელფასის ზრდის თაობაზე. 2011 წელს დამსაქმებელმა მას დაუნიშნა 500 ლარი, რასაც არ დაეთანხმა დამსაქმებელი. შესაბამისად, მტკიცების ტვირთი გადავიდა მოპასუხეზე, ვინაიდან საწარმოს მიერ გამოცემული ბრძანებები და ხელფასის გაცემის უწყისები დაცულია და ინახება დამსაქმებელთან და არა დასაქმებულთან. უფრო მეტიც, შესაგებელში მოპასუხე განმარტავს, რომ 2011–2012 წლებში და მას შემდგომ პერიოდშიც მოსარჩელის ხელფასი არ შეცვლილა და ის ღებულობდა 200 ლარს.
23. 2011 წლის მთლიან პერიოდში მიღებული ხელფასის თაობაზე შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 02 მარტის ინფორმაციის მტკიცებულებად დაშვების შესახებ კასატორის შუამდგომლობა დასაბუთებულია იმ გარემოებით, რომ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 02 მარტის ცნობის მიხედვით, 2011 წლის პერიოდში დაქვითული გადასახადის შემდეგ, მოსარჩელეს მოპასუხე საწარმოსაგან მიღებული აქვს 5700 ლარი, რაც თვეში შეადგენს 475 ლარს.
სამოტივაციო ნაწილი:
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
25. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ წარმოდგენილია სააპელაციო საჩივრის იდენტური საფუძვლები. სახელდობრ სადავოა, მოსარჩელის სახელფასო ანაზღაურების 500 ლარით განსაზღვრის შესახებ გარემოება. იმავდროულად, კასატორი მიიჩნევს, რომ მას შრომის ანაზღაურების დაყოვნებისათვის ეკუთვნოდა პირგასამტეხლო სარჩელით მოთხოვნილ მთლიან პერიოდზე.
27. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასაციის საფუძვლებს და აღნიშნავს, რომ ხელფასის 500 ლარით განსაზღვრის შესახებ გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება [სსსკ-ის 102-ე მუხლი]. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია რომ მოსარჩელის ყოველ თვიური ხელფასი იყო 200 ლარი, ხელზე ასაღები კი - 160 ლარი.
28. რაც შეეხება პირგასამტეხლოს დაკისრების პერიოდს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი. შესაბამისად, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 8017 ლარი და 76 თეთრი, საიდანაც შრომის ანაზღაურებას შეადგენს 576.0 ლარი, ხოლო 2237.76 ლარი კი - დაყოვნებული თანხის 0,07%-ს. სარჩელის მოთხოვნა შრომის ანაზღაურების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ ხანდაზმულადაა მიჩნეული [სსკ-ის 129-ე და 130-ე მუხლი მუხლი] და ამ ნაწილში, სწორადაა შეფასებული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
29. კასატორი მოითხოვს იმ განჩინების გაუქმებასაც, რომლითაც მას უარი ეთქვა საქმეზე მტკიცებულების დართვაზე. აღსანიშნავია, რომ საკასაციო მოთხოვნის ამ ნაწილში არ არის მითითებული კონკრეტულად რომელი განჩინების გაუქმებას მოითხოვს კასატორი, ხოლო მოთხოვნის აბსტრაქტული ფორმულირებით დაყენება სასამართლოში დაუშვებელია [სსსკ-ის მე-3 მუხლი]. თუმცა ვინაიდან კასატორის ამ მოთხოვნის შინაარსი იდენტურია საკასაციო საჩივარში დაყენებული შუამდგომლობისა, რომლითაც მოთხოვნილია სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობის მტკიცებულების სახით საქმისათვის დართვა, საკასაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს:
30. სსსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
31. სსსკ-ის 219-ე მუხლის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული. სსსკ-ის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოხმობილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილი იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ საპატიო მიზეზით არ წარადგინა.ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგოს თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ამასთან, ეს მტკიცებულებები საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით უნდა იქნეს სასამართლოსათვის წარდგენილი. სასამართლო არ გაითვალისწინებს ახალ გარემოებებს, არ მიიღებს არავითარ მტკიცებულებებს, ანგარიშს არ გაუწევს ახალ მოსაზრებებს, თუ საპატიო მიზეზის გარეშე არ იყო წარდგენილი თავის დროზე, ესე იგი ამ საქმის მომზადების სტადიაზე. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპატიო მიზეზით მხარემ ვერ წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას (იხ., სუსგ №ას-816-767-2015, 19 ნოემბერი, 2015 წელი).
33. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად უთხრა უარი აპალანტს სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობის საქმისათვის დართვაზე, რამდენადაც მოცემული საკითხი სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით. სსსკ-ის 380.2. მუხლის თანახმად, ახალი ფაქტები და ახალი მტკიცებულებები, რომლებიც მხარეს შეეძლო წარმოედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ მიიღოს, როგორც დაგვიანებით წარმოდგენილი, თუ მათი განხილვა ხელს შეუშლის სააპელაციო სასამართლოში საქმის დროულად განხილვას და მხარემ ეს მასალები პირველი ინსტანციის სასამართლოს არასაპატიო მიზეზით არ წარუდგინა. კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორს არ დაუსაბუთებულია, თუ რა ხელშემშლელი გარემოებები არსებობდა, რის გამოც, ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში არ იქნა აღძრული შუამდგომლობა საქმისათვის მტკიცებულების დართვის თაობაზე, ხოლო ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მის წარდგენას ხელი შეეშალა იმით, რომ სასამართლომ არ დანიშნა მოსამზადებელი სხდომა და დანიშნა პირდაპირ მთავარი სხდომა, არ არის გასაზიარებელი, გამომდინარე იქიდან, რომ მოსამზადებლი სხდომის დანიშვნვა სასამართლო უფლებაა და არა მოვალეობა, ხოლო მხარეს საქმის მომზადების ეტაპზე უნდა წარედგინა საშეჯიბრო მასალები {სსსკ-ის მე-3 და მე-4 და 205.1 მუხლები]. ამავე საფუძვლით უნდა ეთქვას უარი კასატორის შუამდგომლობას სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობის მტკიცებულების სახით საქმისათვის დართვის შესახებ საკასაციო საჩივარში დაყენებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
34. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2017 წლის 25 ოქტომბერს განცხადებით მომართა მოწინააღმდეგე მხარის - საწარმოს დირექტორის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა საკასაციო საჩივარზე შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელება იმ მოტივით, რომ გარდაიცვალა საწარმოს დირექტორი, რომელიც წარმოადგენდა საწარმოს ინტერესებს და არ იყო დადგენილი მისი უფლებამონაცვლე.
35. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარეს წარმოადგენდა პირველ ინსტანციაში მოპასუხე და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარე, რომელსაც სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე წარდგენილი ჰქონდა შესაგებელი. იმავდროულად, საკასაციო საჩივარზე შესაგებლის წარმოდგენა არ ატარებს სავალდებულო ხასიათს. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივარზე მოწინააღმდეგე მხარის შესაგებლის წარმოდგენისათვის ვადის გაგრძელების აუცილებლობა, რის გამოც, შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
36. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
37. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. უფლების სასამართლო წესით დაცვის ხანდაზმულობის ვადებსა და შრომის ანაზღაურების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სტაბილური პრაქტიკა.
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
39. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ- კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ლ- კ-ის შუამდგომლობა საქმისათვის სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობის დართვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
3. სს „ჩ-ას“ შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე შესაგებლის წარმოდგენისათვის ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე