Facebook Twitter

საქმე №ას-1130-1050-2017 10 ნოემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი –სს „კ--ური“ (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ბ- -ია“ (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფლების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად უარყოფა

დავის საგანი – გადასახდელის შემცირება და დაკორექტირება, უსაფუძვლოდ დარიცხული გადასახდელების შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2015 წლის 29 დეკემბერს სს „კ---ურსა“ (შემდეგში: ნავსადგური ან მოპასუხე ან კასატორი) და შპს „ბ--იას" (შემდეგში: დამკვეთი ან მოსარჩელე) შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება N29 (შემდეგში: ხელშეკრულება), რომლითაც განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოდგენილი განცხადების თანახმად ნავსადგურში გემების სააგენტო მომსახურებისა და ტვირთების გადამუშავების, ასევე, სხვა მომსახურების გაწევის პირობები.

2. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა: ა) 2016 წლის 01 ივლისიდან 01 აგვისტომდე პერიოდში გაწეული მომსახურებების ანგარიშების დაკორექტირება, აღნიშნულ პერიოდში კონტეინერების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის მომსახურებებზე ანგარიშების გამოწერა 2016 წლის 01 ივლისამდე არსებული ტარიფებით და მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ზედმეტად გადახდილი თანხის 34838,9 ლარის დაბრუნება, კერძოდ: ინვოისი N15810 შემცირდეს 2948,45 ლარით; ინვოისი N15811 შემცირდეს 3953,08 ლარით; ინვოისი N15878 შემცირდეს 4051,75 ლარით; ინვოისი N15892 შემცირდეს 3944,08 ლარით; ინვოისი N17831 შემცირდეს 1407 ლარით; ინვოისი N17838 შემცირდეს 938,36 ლარით; ინვოისი N17850 შემცირდეს 4303,63 ლარით; ინვოისი N17851 შემცირდეს 1958,33 ლარით; ინვოისი N17985 შემცირდეს 7706,61 ლარით; ინვოისი N17987 შემცირდეს 3627,51 ლარით (პირველი მოთხოვნა); ბ) მიყენებული ზარალის 1600 ლარის ანაზღაურება (მეორე მოთხოვნა); გ) 2016 წლის 01 ივლისიდან გამოწერილი ამწის მოცდენის N040597 და N040632 ანგარიშების გაუქმებისა და მოსარჩელის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის 19016,11 ლარის დაბრუნების დავალდებულება (მესამე მოთხოვნა).

3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი სამივე მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა: მოპასუხეს დაევალა 2016 წლის 01 ივლისიდან 01 აგვისტომდე პერიოდში გაწეული მომსახურებების ანგარიშების დაკორექტირება, აღნიშნულ პერიოდში კონტეინერების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის მომსახურებებზე ანგარიშების გამოწერა 2016 წლის 01 ივლისამდე არსებული ტარიფებით და მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ზედმეტად გადახდილი თანხის 34838,9 ლარის დაბრუნება, კერძოდ: ინვოისი N15810 შემცირდეს 2948,45 ლარით; ინვოისი N15811 შემცირდეს 3953,08 ლარით; ინვოისი N15878 შემცირდეს 4051,75 ლარით; ინვოისი N15892 შემცირდეს 3944,08 ლარით; ინვოისი N17831 შემცირდეს 1407 ლარით; ინვოისი N17838 შემცირდეს 938,36 ლარით; ინვოისი N17850 შემცირდეს 4303,63 ლარით; ინვოისი N17851 შემცირდეს 1958,33 ლარით; ინვოისი N17985 შემცირდეს 7706,61 ლარით; ინვოისი N17987 შემცირდეს 3627,51 ლარით (პირველი მოთხოვნა); მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზარალის 1600 ლარის ანაზღაურება (მეორე მოთხოვნა); მოპასუხეს დაევალა 2016 წლის 01 ივლისიდან გამოწერილი ამწის მოცდენის N040597 და N040632 ანგარიშების გაუქმება და მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ზედმეტად გადახდილი 19016,11 ლარის დაბრუნება (მესამე მოთხოვნა).

4. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

5. 2015 წლის 29 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება N29, რომლის თანახმად განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნავსადგურში გემების სააგენტო მომსახურებისა და ტვირთების გადამუშავების, ასევე, სხვა მომსახურების გაწევის პირობები.

6. ხელშეკრულების თანახმად, ნავსადგური ვალდებული იყო, სულ ცოტა 30 დღით ადრე მიეწოდებინა ინფორმაცია „დამკვეთისათვის“ ნავსადგურში მოქმედი წესების, ტარიფებისა და სანავსადგურო მოსაკრებლების შეცვლის ყველა კონკრეტული შემთხვევის შესახებ; 2016 წლის 26 მაისს ნავსადგურმა დამკვეთს აცნობა 2016 წლის პირველი ივლისიდან ასამოქმედებელი ტარიფების შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ივნისის დროებითი განჩინებით მოპასუხეს აეკრძალა 2016 წლის 01 ივლისიდან ასამოქმედებელი ტარიფებით ხელმძღვანელობა. აღნიშნულის შესახებ 2016 წლის 30 ივნისს ნავსადგურმა მოსარჩელეს აცნობა ელექტრონული ფოსტის საშუალებით და მიაწოდა რედაქტირებული ტარიფები. მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის 2016 წლის 30 ივნისს მიწოდებული ტარიფებით, არსებულთან შედარებით 05 აშშ დოლარით გაიზარდა კონტეინერების გადმოტვირთვა-დატვირთვის სატარიფო განაკვეთი. 2016 წლის 08 ივლისს ნავსადგურმა მიმართა მოსარჩელეს და შესთავაზა ერთ კონტეინერზე 05 აშშ დოლარით ფასდაკლება მომსახურებაზე. ფასდაკლებით სარგებლობა მოსარჩელეს შეეძლო 2016 წლის პირველი ივლისიდან ერთი თვის განმავლობაში, დაინტერესების შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა მიემართა ნავსადგურისათვის; 2016 წლის 01 ივლისიდან 2016 წლის პირველ აგვისტომდე გაწეულ მომსახურებაზე, ნავსადგურის მიერ გამოწერილი იქნა ანგარიშები N15810, N15811, N15878, N15892, N17831, N17838, N17850, N17851, N17985, N17987, 2016 წლის 30 ივნისს მოსარჩელისათვის მიწოდებული ტარიფების შესაბამისად; 2016 წლის 11 ივლისს 10:03 საათიდან 11:09 საათამდე სატვირთო ოპერაციის მიმდინარეობისას მწყობრიდან გამოვიდა მოპასუხის ერთი ამწე, რის გამოც, მოცდა მოსარჩელის კონტრაქტორი კომპანიის შპს „ე-ს“ 16 სატვირთო ავტომანქანა, რომლებიც უზრუნველყოფდა კონტეინერების ტრანსპორტირებას ნავსადგურიდან ტერმინალამდე და პირიქით. ავტომანქანებმა, რომლებმაც ნავსადგურში მიიტანეს კონტეინერები, ამწის გაუმართაობის გამო ვერ შეძლეს დროულად დაცლა და მომდევნო რეისის შესრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ე-–-მ“ მოსარჩელეს წარუდგინა მანქანების მოცდენის ინვოისი 1600 ლარის ოდენობით და მოითხოვა მისი აზღაურება; მოპასუხეს, მას შემდეგ რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ივნისის დროებითი განჩინებით აეკრძალა 2016 წლის 01 ივლისიდან ასამოქმედებელი ტარიფებით ხელმძღვანელობა, არ შეეძლო მოპასუხისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დაცვით შეეთავაზებინა ახალი ტარიფები, ხოლო 2016 წლის 08 ივლისს მოსარჩელისათვის შეთავაზებულ 05 აშშ დოლარით ფასდაკლებით მომსახურების შესახებ, მოსარჩელეს ინტერესი არ გამოუხატავს.

7. დადგენილია, რომ 2016 წლის 11 ივლისს ამწის დაზიანება გამოწვეული იყო ნავსადგურის კონტროლს მიღმა არსებული გარემოებებით, ამწის დაზიანება მოხდა ფორს მაჟორულ ვითარებაში.

8. დადგენილია ისიც, რომ ამწის მოცდენის პირობები რეგულირდება 2015 წლის 29 დეკემბრის გენერალური ხელშეკრულების თანახმად გაცემული „ტერმინალზე დატვირთვა-გადმოტვირთვის“ ანგარიშით.

9. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილებით შეიცვალა ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე სასარჩელო მოთხოვნის - ზიანის 1600 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებისა და სახელმწიფო ბაჟის - 1663,65 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში, სარჩელი უარყოფილი იქნა.

11. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების 5.6. პუნქტის თანახმად, ნავსადგური ვალდებული იყო, სულ ცოტა 30 დღით ადრე მიეწოდებინა ინფორმაცია „დამკვეთისათვის“ ნავსადგურში მოქმედი წესების, ტარიფებისა და სანავსადგურო მოსაკრებლების შეცვლის ყველა კონკრეტული შემთხვევის შესახებ; ამავე ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, დამკვეთი ნავსადგურთან ანგარიშსწორებას აწარმოებდა თანახმად ,,ნავსადგურის'' ტარიფებისა, რომლებიც დამტკიცებული იყო ნავსადგურის მიერ და მოქმედებდა სამუშაოს დაწყების მომენტში, თუ სხვა რამ არ იყო შეთანხმებული მხარეთა შორის, ხოლო 7.3. პუნქტის თანახმად ტარიფებში ცვლილების შესვლის შემთხვევაში, ,,ნავსადგური'' ვალდებული იყო აღნიშნული ცვლილების შესახებ წერილობით ეცნობებინა ,,დამკვეთისათვის (ელექტრონული ფოსტით, ფაქსით და სხვა).

12. ხელშეკრულების 6.4. პუნქტის თანახმად, ნავსადგურს და „დამკვეთს“ სატვირთო ოპერაციების დამთავრებიდან არაუგვიანეს 6 საათისა უნდა უზრუნველეყოთ საბოლოო ჯამური დოკუმენტის გაფორმება.

13. ხელშეკრულების მითითებული პუნქტი მხარეებს ავალდებულებდა ამწის მოცდენის შემთხვევაშიც სატვირთო ოპერაციების დამთავრებიდან არაუგვიანეს 6 (ექვსი) საათისა უზრუნველეყოთ საბოლოო ჯამური დოკუმენტის გაფორმება.

14. ზემოაღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელე უთითებდა „ტერმინალზე დატვირთვა-გადმოტვირთვის“ ანგარიშზე, რომელიც პალატის შეფასებით შევსებულია ნავსადგურის მიერ, არ არის მხარეთა მიერ დადასტურებული შესაბამისი წესით და მასზე არ არის მხარეთა ხელმოწერა.

15. ხელშეკრულების 6.6. პუნქტის თანახმად კი, მხარეები თანაბრად აგებენ პასუხს წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

16. ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში, ბრალეული მხარე უზრუნველყოფს მეორე მხარის მიერ გაწეული დამატებითი ხარჯების და/ან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

17. ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ შეუძლებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, ანუ ისეთი გარემოებებით, რაც მათ კონტროლს არ ექვემდებარება (ფორს-მაჟორი);

18. ამავე ხელშეკრულების 8.2. პუნქტის თანახმად, ფორს-მაჟორი არის ნებისმიერი სტიქიური უბედურება, სახელმწიფოს მტრის აქტი, ომი, საომარი მოქმედებები, ტერორიზმი, სახელმწიფო ორგანოების შეზღუდვები, ამბოხებები, გაფიცვები, ლოკაუტები, აჯანყებები, სამოქალაქო მღელვარება, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, წყალდიდობა, ხანძარი, ასევე კარანტინით და ეპიდემიით გამოწვეული შეზღუდვები, შტორმი და ნებისმიერი სხვა მიზეზი, რომელიც არ ექვემდებარება იმ მხარის გონივრულ კონტროლს, რომელიც აცხადებს ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის შესახებ.

19. 2016 წლის 26 მაისს ნავსადგურმა დამკვეთს აცნობა 2016 წლის 01 ივლისიდან ასამოქმედებელი ტარიფების შესახებ.

20. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ივნისის დროებითი განჩინებით მოპასუხეს აეკრძალა 2016 წლის 01 ივლისიდან ასამოქმედებელი ტარიფებით ხელმძღვანელობა. აღნიშნულის შესახებ 2016 წლის 30 ივნისს ნავსადგურმა დამკვეთს აცნობა ელექტრონული ფოსტის საშუალებით და მიაწოდა რედაქტირებული ტარიფები.

21. მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის 2016 წლის 30 ივნისს მიწოდებული ტარიფებით, არსებულთან შედარებით 05 აშშ დოლარით გაიზარდა კონტეინერების გადმოტვირთვა-დატვირთვის სატარიფო განაკვეთი. 2016 წლის 08 ივლისს ნავსადგურმა მიმართა მოსარჩელეს და შესთავაზა ერთ კონტეინერზე 05 აშშ დოლარით ფასდაკლება მომსახურებაზე. ფასდაკლებით სარგებლობა მოსარჩელეს შეეძლო 2016 წლის პირველი ივლისიდან ერთი თვის განმავლობაში, დაინტერესების შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა მიემართა ნავსადგურისათვის.

22. 2016 წლის 01 ივლისიდან 2016 წლის პირველ აგვისტომდე გაწეულ მომსახურებაზე, ნავსადგურის მიერ გამოწერილი იქნა ანგარიშები N15810, N15811, N15878, N15892, N17831, N17838, N17850, N17851, N17985, N17987, 2016 წლის 30 ივნისს მოსარჩელისათვის მიწოდებული ტარიფების შესაბამისად.2016 წლის 11 ივლისს ამწის დაზიანება გამოწვეული არ იყო ნავსადგურის კონტროლს მიღმა არსებული გარემოებებით, ამწის დაზიანება მომხდარა ფორს-მაჟორულ ვითარებაში. 2016 წლის 11 ივლისს 10:03 საათიდან 11:09 საათამდე სატვირთო ოპერაციის მიმდინარეობისას მწყობრიდან გამოვიდა მოპასუხის ერთი ამწე და აღნიშნულიდან გამომდინარე დამკვეთს უნდა დაემტკიცებინა, ა/მანქანების მოცდენის შედეგად 1600 ლარის ოდენობის ზიანის მიყენების ფაქტი.

23. საქმეში წარმოდგენილი იყო შპს ,,ე- ''-ს მიერ 11.07.2016 წელს გაცემული ცნობა და ინვოისი, რომლითაც დგინდებოდა მხოლოდ ა/მანქანების მოცდენის ოდენობა, ტარიფი, და ჯამური თანხა.

24. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული დოკუმენტით არ ირკვეოდა რა ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე იქნა ის შედგენილი, აგრეთვე, დოკუმენტის შედგენის საფუძველი. წარმოდგენილი დოკუმენტიდან ერთმნიშვნელოვნად არ იკვეთებოდა ფაქტი უკავშირდება თუ არა ის 11.07.2016 წელს მომხდარ ამწის დაზიანებას და მითითებული თანხა ფაქტობრივად დამდგარი ზიანისათვის გადახდილ იქნა მოსარჩელის მიერ. გარდა ამისა მითითებული მტკიცებულებები შედგენილი იყო უშუალოდ მოსარჩელის კონტრაქტორი კომპანიის მიერ და აპელანტი მათ არ ადასტურებდა. ამის გამო, ე.წ. ინფორმაცია მიყენებული ზიანის შესახებ (ტომი 1-ლი, ს.ფ. 47-48) არსებითად, წარმოდგენდა მოსარჩელის განმარტების შემადგენელ ნაწილს და არა დამოუკიდებელ მტკიცებულებას და აღნიშნული საბუთებით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენა, სააპელაციო პალატამ შეუძლებლად მიიჩნია.

25. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ გასაჩივრდა მოპასუხის (აპელანტი) მიერ პირველი და მესამე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში, შემდეგი საფუძვლებით:

26. გადაწყვეტილებით უგულვებელყოფილია ნავსადგურის მიერ 2016 წლის 26 მაისის შეტყობინებით გენერალური ხელშეკრულებით დადგენილი ვადის შესაბამისად სატარიფო განაკვეთში ცვლილების განხორციელება, მაშინ როდესაც: 2016 წლის 26 მაისს ნავსადგურმა, რომელიც მოქმედებდა დამკვეთთან 2015 წლის 29 დეკემბერს გაფორმებულ გენერალურ ხელშეკრულებასთან მკაცრად შესაბამისობაში, შეტყობინებით მიმართა მოსარჩელეს და აცნობა, რომ 2016 წლის 1 ივლისიდან ნავსადგური სერვისის მიწოდებას განახორციელებდა ახალი სტრუქტურით. ნავსადგურში უსაფრთხოების დაცვისა და სერვისების ეფექტურად მიწოდების მიზნით ნავმისადგომის ტერიტორიაზე დაიშვებოდა მხოლოდ ნავსადგურის სპეციალურად აღჭურვილი სატვირთოები, რომლებზეც დაიტვირთებოდა კონტეინერები გემიდან და მათი გადაზიდვა მოხდებოდა საკონტეინერო ეზოში, საიდანაც მოსარჩელეს, მსგავსად სხვა კომპანიებისა მიეცემოდა საშუალება უსაფრთხოდ გადაეზიდა კონტეინერები მისთვის სასურველ ადგილზე. აღნიშნულმა ცვლილებამ გამოიწვია ნავსადგურის სერვისების კომბინირება, კერძოდ, კონტეინერის გემიდან სატვირთოზე გადმოტვირთვის სამუშაო (რომლის ღირებულება ცალკე შეადგენს 155 აშშ დოლარს) გაერთიანდა საკონტეინერო ეზომდე გადაადგილების (15 აშშ დოლარი) და ამ ეზოში დასაწყობების სერვისთან (12 აშშ დოლარმი), რისმა ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 182 აშშ დოლარი. სერვისების გაერთიანებამდე არსებული სქემის თანახმად, ნავმისადგომის ტერიტორიაზე ნებისმიერ სატვირთო ავტომობილს შეეძლო მიახლოება, მასზე დაიშვებოდა კონტეინერის გადმოტვირთვა გემიდან და შემდგომი ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე. აღნიშნული რისკთან იყო დაკავშირებული, ვინაიდან, სატვირთო ავტომობილები ვერ უზრუნველყოფდნენ უწყვეტ მოძრაობას, რაც ხშირ შემთხვევაში, უბედური შემთხვევის რისკებთან ერთად ამწის მოცდენასაც იწვევს. ამასთან, ასეთი სატვირთო ავტომობილების ტექნიკური გამართულობა არ შეესაბამება იმ საოპერაციო სტანდარტებს, რაც მოითხოვება გადატვირთვა–გადმოტვირთვის ოპერაციებში, რაც არამხოლოდ ნავსადურის თაგნამშრომლების, არამედ ასეთი ავტომობილების მძღოლების სიცოცხლესაც აყენებს რისკვის ქვეშ.

27. სერვისების გაერთიანებასთან ერთად, ნავსადგურმა გენერალური ხელშეკრულებით დადგენილი ვადის დაცვით, შეატყობინა მოსარჩელეს ტარიფის 5 აშშ დოლარით გაზრდის ფაქტი, თუ 2016 წლის 26 მაისს გამოცხადებული ტარიფების თანახმად კონტეინერის გადმოტვიროთვის ღირებულება განისაზღვრა 155 აშშ დოლარით, 2016 წლის 26 მაისამდე გამოცხადებული ტარიფის თანახმად, კონტეინერის გემიდან სტვირთოზე გადმოტვირთვის სამუშაოს ღირებულება შეადგენს 150 აშშ დოლარს.

28. კასატორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ნავსადგურის განზრახვისა, გაეუმჯობესებინა მისი სერვისები უსაფრთხოებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით, 2016 წლის 24 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ კონკურენციის სააგენტოში მიმდინარე მოკვლევისა და სააგენტოს მიმართვის საფუძველზე გამოსცა დროებითი განჩინება, რომლის თანახმად ნავსადგურს აეკრძალა კომბინირებული სერვისის სავალდებულო წესით შეთავაზება კონტრაქტორებისათვის და შესაბამისად, კომბინირებულილ ტარიფის უალტერნატივოდ გამოყენება, სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არასწორად ადგენს, თითქოს ნავსადგურს აეკრძალა 2016 წლის 26 მაისს გამოცხადებული ტარიფებით ხელმძღვანელობა.

29. კასატორი მიუთითებს, რომ ნავსადგური დღემდე სარგებლობს 2016 წლის 26 მაისს გამოცხადებული სერვისების მიწოდების სტრუქტურითა და კომბინირებულილ ტარიფით, თუმცა იგი ასრულებს განჩინებით დაკისრებულ ვალდებულებას და მის კონტრაქტორებს საშუალებას აძლევს არჩევანი გააკეთონ კომბინირებულ მომსახურებასა და არაკომბინირებულ მომსახურებას შორის. ნავსადგურმა 2016 წლის 24 ივნისს მიღებული განჩინების თანახმად, შესაბამისი შეტყობინებით მიმართა ყველა კონტრაქტორს, მათ შორის მოსარჩელეს და აცნობა, რომ 2016 წლიდან ასამოქმედებელი სერვისისა დატარიფების გამოყენების შესაძლებლობა ექნებოდათ, როგორც კომბინირებული, აგრეთვე დაშლილი სახითაც, ანუ მათ საშუალება მიეცემოდათ ესარგებლათ ნავსადგურის საკონტეინერო ეზომდე მომსახურებით კომბინირებულად – კონტეინერის გემიდან სატვირთოზე გადმოტვირთვა, საკონტეინერო ეზომდე ტრანსპორტირება და ეზოში დასაწყობება, რისი ჯამური ღირებულებაც შეადგენდა 182 აშშ დოლარს ან ამ სერვისებით ესარგებლად ცალ–ცალკე, რა შემთხვევაშიც, ისინი კონტეინერის სატვირთოზე დატვირთვისთვის გადაიხდიდნენ 155 აშშ დოლარს, ეზომდე ტრანსპორტირებისთვის 15 აშშ დოლარს, ხოლო დასაწყობებისთვის 12 აშშ დოლარს. ნავსადუგრის გენერალური დირექტორის ბრძანებები, დეტალურად განსაზღვრავს ამწის მოცდენის ტარიფს. 2015 წლის 29 დეკემბრის გენერალური ხელშეკრულების 7.1. მუხლის თანახმად, ნავსადგურსა და მოსარჩელეს შორის ანგარიშსწორება წარმოებს ნავსადგურის მიერ დამტკიცებული ტარიფების შესაბამისად. 2016 წლის 26 მაისს ნავსადგურის გენერალური დირექტორის ბძანებით ცვლილება გრანხორციელდა, როგორც სანავსადგურე მომსახურების მიწოდების სტრუქტურაში, აგრეთვე მათთან დაკავშირებულ ტარიფებში. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელეს გენერალური ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში მიეწოდება (რაც მის მიერ სადავოდ არ ყოფილა გამხდარი ფოთის საქალაქო ან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში). აღნიშნული ცვლილებები ითვალისწინებდა ნავსადგურის სერვისების კომბინირებულ მიწოდებას და ამ სერვისების (კერძოდ, გემიდან და კონტეინერის სატვირთოზე გადმოტვირთვა) ტარიფის ზრდას. ამავე ბრძანების თანახმად, ცვლილებები 2016 წლის 1 ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა 2016 წლის 24 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების თანახმად, ნავსადგურს შეეზღუდა კომბინირებული სერვისების და შესაბამისად ტარიფების სავალდებულო წესით გამოყენება კონტრაქტორებთან მიმართ, რის გამოც, სერვისებისა და ტარიფის ჩაშლა განხორციელდა, რასთან დაკავშირებითაც 2016 წლის 30 ივნისს ელ.ფოსტის მეშვეობით ეცნობა მოსარჩელეს.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდიდნარე, ნავადგურმა გენერალური ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში აცნობა მოსარჩელეს სატარიფო განაკვეთის ცვლილების შესახებ, მას არ დაურღვევია სახელშეკრულებო ვალდებულება და სასამართლოს დასკვნა პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია.

31. კასატორი მიუთითებს, რომ მესამე სასარჩელო მოთხოვნა ცალსახა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებას უკავშირდება: მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ნავსადგური ადგენს ტარიფებს; ასეთი ტარიფები დადგენილი და განსაზღვრულია საქმეში არსებული ბრძანებებით, ამწის 1 საათით მოცდენის საფასურია 400 აშშ დოლარი; ამწის მოცდენა გამოიკვლევა გენერალური ხელშეკრულებისა და აღნიშნული ბრძანების საფუძველზე. ამწის მოცდენის ტარიფის გამოთვლა ემყარება საათობრივ კალკულაციას. ამასთან, ნავსადური მხოლოდ იმ მოცდენაზე გამოწერს ჯარიმებს, რომელშიც მეორე მხარეს მიუძღვის ბრალეულობა. თითოეულ ჩატვირთვა – გადმოტვივრთვის შემდეგ დგება ანგარიში, რის საფუძველზეც ნავსადგურის კოლნტრაქტორი კომპანიები, მათ შორის მოსარჩელე, ახორციელებდა ანგარიშსწორებას. ნავსადგურსა და დამკვეთს შორის დავას პრეცედენტული ხასიათი აქვს სანავსადგურე სერვისებთან და მათთან დაკავშირებულ დავებთან მიმართებით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება უდვაო ფაქტობრივ გარემოებად ადგენს 2016 წლის 30 ივნისს მოსარჩელისათვის მიწოდებული შეტყობინების (ტარიფის ჩაშლის შესახებ) თანახმად, არსებული ტარიფის 5 აშშ დოლარით გაზრდის ფაქტს. სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არასწორად ადგენს, თითქოს ნავსადგურს აეკრძალა 2016 წლის 26 მაისს გამოცხადებული ტარიფებით ხელმძღვანელობა

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

33. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას პირველი და მესამე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში, თუმცა, საგულისხმოა, რომ რაიმე პროცედურული წესის დარღვევაზე, რაც შეიძლებოდა საფუძვლად დასდებოდა ამ ნაწილში, ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენასა და მაშასადამე, არასწორი გადაწყვეტილების გამოტანას, კასატორი არ მიუთითებს [სსსკ-ის 393.2 მუხლი].

34 კასატორის პრეტენზია ეფუძნება 2016 წლის 26 მაისის შეტყობინებით გენერალური ხელშეკრულებით დადგენილი ვადის დაცვით, ნავსადგურის მიერ სატარიფო განაკვეთში ცვლილების განხორციელების შესახებ დამკვეთის ინფორმირებულებას, რაც მისი მითითებით, საკმარისი საფუძველი იყო განხორციელებული მომსახურების გაზრდილი ტარიფებით ანაზღაურების ვალდებულების წარმოსაშობად. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული პირველი სასარჩელო მოთხოვნის დამაყოფილება.

35. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, სარჩელი მართებულადაა დაკმაყოფილებული და არ არსებობს საკასაციო საჩივრის გაზიარების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო კასატორის მითითება იმ გარემოებებზე თუ რით იყო განპირობებელი ამგვარი სატარიფო ცვლილება და სერვისების გაუჯობესება, საფუძვლად ვერ დაედება, შეცვლილი პირობებით მომსახურების ანაზღაურების დაკისრებას. საქმე იმაშია, რომ მომსახურების გამწევი ნავსადგური უფლებამოსილია გააუმჯობესოს მომსახურება, უფრო მიმზდველი გახადოს იყო, თუმცა, სამართლის საკითხია, როდიდან შეიძლება მისი ეს განზრახვა სავალდებულო იყოს სახელშეკრულებო ურთიერთობაში უკვე მყოფ მხარესთან. ამისათვის აუცილებელია პროცედურული წესის დაცვა. აქვე კასატორი მიუთითებს ვადის დაცვით განხორციელებულ შეტყობინებაზე შეცვლილი სატარიფო განაკვეთით მომსახურების გაწევაზე, თუმცა, მხოლოდ ეს საკმარისი ვერ იქნება გაზრდილი ტარიფით მომსახურების გაწევის ანაზღაურებისა, რამეთუ, როგორც ეს საქმის მასალებითაა დადგენილი ხელშეკრულების თანახმად, ნავსადგური ვალდებული იყო, სულ ცოტა 30 დღით ადრე მიეწოდებინა ინფორმაცია „დამკვეთისათვის“ ნავსადგურში მოქმედი წესების, ტარიფებისა და სანავსადგურო მოსაკრებლების შეცვლის ყველა კონკრეტული შემთხვევის შესახებ; 2016 წლის 26 მაისს ნავსადგურმა დამკვეთს აცნობა 2016 წლის პირველი ივლისიდან ასამოქმედებელი ტარიფების შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ივნისის დროებითი განჩინებით მოპასუხეს აეკრძალა 2016 წლის 01 ივლისიდან ასამოქმედებელი ტარიფებით ხელმძღვანელობა. აღნიშნულის შესახებ 2016 წლის 30 ივნისს ნავსადგურმა მოსარჩელეს აცნობა ელექტრონული ფოსტის საშუალებით და მიაწოდა რედაქტირებული ტარიფები.

36. რაც შეეხება მესამე სასარჩელო მოთხოვნის მართლზომიერებას, ამ ნაწილში მოთხოვნილი იყო 2016 წლის 01 ივლისიდან გამოწერილი ამწის მოცდენის N040597 და N040632 ანგარიშების გაუქმება და მოსარჩელის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის 19016,11 ლარის დაბრუნება. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის ივლისის თვეში სატვირთო ოპერაციების წარმოებისას, ნავსადგურმა დაიწყო ამწის მოცდენის დაანგარიშება, იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო სატვირთო ავტომანქანების დროულად მიწოდება და გადასახდელად წარუდგინა ამწის მოცდენის ინვოისები N040591 და N040632, საერთო თანხით 19016,11 ლარი. აღსანიშნავია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2015 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულებით, არც ერთი ნორმატიული აქტით ან თავად მოპასუხის მიერ გამოცემული რაიმე შიდა ბრძანებით არ არის განსაზღვრული, თუ რა მიიჩნევა ამწის მოცდენად და რა კრიტერიუმით ხდება მისი დაანგარიშება. მოპასუხის განმარტებით, ამწის მოცდენის პირობები რეგულირდება 2015 წლის 29 დეკემბრის გენერალური ხელშეკრულების თანახმად გაცემული „ტერმინალზე დატვირთვა-გადმოტვირთვის“ ანგარიშით. ტერმინალზე დატვირთვა-გადმოტვირთვის ანგარიში N223-ით გაურკვეველია, თუ რის საფუძველზე არის შედგენილი აღნიშნული ანგარიში, რა მიიჩნევა ამწის მოცდენად და რა კრიტერიუმით ხდება მისი დაანგარიშება. სასამართლო იზიარებს მოპასუხის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე სახის ნორმატიული აქტით, გენერალური ხელშეკრულებით, მოპასუხის მიერ გაცემული ბრძანებით ან ინსტრუქციით ამწის მოცდენის კრიტერიუმები და ტარიფები არ განსაზღვრულა. შესაბამისად, გაურკვეველია თუ რის საფუძველზე და რა კრიტერიუმის გათვალისწინებით მოხდა აღნიშნული ანგარიშის შედგენა. ამასთან, მოპასუხე მხარის მითითება, რომ ტერმინალზე დატვირთვა-გადმოტვირთვის ანგარიში არის საფუძველი ამწის მოცდენის განსაზღვრისა, დაუსაბუთებელია, ვინაიდან აღნიშნული ანგარიში ამწის მოცდენის რეგულაციას და ვალდებულებას არ მოიცავს. სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ წარმოადგინა ამწის მოცდენის გამო მოსარჩელის მიერ 19016,11 ლარის ანაზღაურების ვალდებულების სამართლებრივი საფუძვლები. აღნიშნული ვალდებულება არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მესამე სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანობის თაობაზე.

37. საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

38. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე სატარიფო ცვლილების სამართლებრივ საკითხებზე უკვე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

40.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „კ---ურის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს „კ---ურს“ უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 15 აგვისტოს საგადახადო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (2791 ლარი) 1953.7 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე