Facebook Twitter

საქმე №ას-1189-1109-2017 10 ნოემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანება (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - ი- გ-- (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 29 აგვისტოს №73 განკარგულებით 2007 წლის 7 სექტემბერს ი-- გ- (შემდეგში: დასაქმებული ან მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სენაკის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორის №13 ბრძანებით დაინიშნა ა(ა)იპ - სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებო დაწესებულება-სენაკის მუნიციპალიტეტის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში იურისტის თანამდებობაზე.

2. 2009 წლის 28 იანვარს ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანება (ს/ნ239893683) (შემდეგში: დამსაქმებელი ან მოპასუხე ან აპელანტი კასატორი) ჩამოყალიბდა სენაკის სასპორტო სკოლისა და სენაკის სპორტის სასახლის რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად.

3. დამსაქმებლის 2009 წლის 30 იანვრის №65 ბრძანებით დასაქმებული საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის (შემდეგში: სშკ-ი) მე-9 მუხლის შესაბამისად დაინიშნა მოპასუხე ა(ა)იპ-ში სპეციალისტად საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ხოლო 2011 წლის 11 იანვრის №15 ბრძანებით დაინიშნა მოპასუხე ა(ა)იპ-ში (სპორტსკოლის) სპეციალისტად საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.

4. 2015 წლის 9 იანვარს დამსაქმებლის დირექტორსა და დასაქმებულს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც დასაქმებული გამწესდა მოპასუხე ა(ა)იპ-ის სასპორტო სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის თანამდებობაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 9 იანვრამდე, ხოლო ხელფასი განისაზღვრა 380 ლარით.

5. 2015 წლის საშტატო განრიგის მიხედვით მოპასუხე ა(ა)იპ-ში არსებობდა 67.5 შტატი, მათ შორის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის ორი შტატი: საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი სასპორტო სკოლაში (მოსარჩელე) და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი სპორტის სასახლეში (ნ--- მ---). 2016 წლის (იანვარი, თებერვალი, მარტი) საშტატო ნუსხის მიხედვით მოპასუხე (ა)იპ-ში გაიზრდა შტატების რაოდენობა 69 ერთეულამდე. ნ--- მ-- მოპასუხე (ა)იპ-ში მუშაობს 2008 წლის 1 ივლისიდან სპორტული და მასობრივი ღონისძიებების მოწყობის სპეციალისტად, ხოლო 2015 წლის 5 ნოემბრიდან სპეციალისტად საზოგადოებრივი ურთიერთობის საკითხებში.

6. დამსაქმებლისადმი 2016 წლის 18 იანვრის (№01/145) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის - თ. ლ--ს მხრიდან განხორციელებული მიწერილობის მიხედვით სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2016 წლის 15 იანვარს შემოსულია მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის მოხსენებითი ბარათი, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 ნოემბრის №5 დადგენილების შესაბამისად, 2015-2017 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან” დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან 2016 წლის სენაკის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია 3418565 ლარის სამუშაოების შესრულება. მათ შორის, 10380 ლარის სამუშაოებზე არ არის ტექნიკური დოკუმენტაცია, თანადაფინანსების თანხა 5%-ის ფარგლებში, რისთვისაც სენაკის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში ზემოაღნიშნულზე თანხა არ არის გათვალისწინებული. წერილის ავტორი ითხოვდა აღნიშნულის გათვალისწინებას და შეძლებისდაგვარად თანხების მოძიებას 2016 წლის ბიუჯეტში, სპორტის ხელშეწყობის პროგრამა (კოდი: 050101).

7. 2016 წლის 20 იანვარს დამსაქმებლის №7 წერილით ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობას ეცნობა, რომ მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თანხის მოძიების საკითხი მის მიერ გათვალისწინებულ იქნა და 16000 ლარი მოძიებულ იქნა საშტატო ერთეულის შემცირების ხარჯზე.

8. 2016 წლის 27 იანვარს, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დადებულ 2015 წლის 9 იანვრის შრომით ხელშეკრულებაში, რომლის მიხედვით, დასაქმებული გამწესდა სასპორტო სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის თანამდებობაზე, მხარეთა შეთანხმებით, შეტანილ იქნა ცვლილება ხელფასისა და ხელშეკრულების მოქმედების ვადის ნაწილში და ხელფასი განისაზღვრა-400 ლარით, ხოლო შრომითი ხელშეკრულების ვადად დადგინდა - „განუსაზღვრელი ვადით”. შესაბამისად, დასაქმებულის ხელფასი სამუშაოდან გათავისუფლების პერიოდში შეადგენდა - 400 ლარს.

9. დამსაქმებელმა 2016 წლის 26 თებერვალს, იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე (ა)იპ-ში შტატების ოპტიმიზაციის შესაბამისად, ამავე გაერთიანების ბიუჯეტის ხარჯების შემცირების მიზნით აუცილებლობას წარმოადგენდა ორგანიზაციული ცვლილების (შტატების შემცირება) განხორციელება, მიიღო ბრძანება №34 მოპასუხე ა(ა)იპ-ში ორგანიზაციული ცვლილების (შტატების შემცირების) შესახებ. ამავე ბრძანებით დადგინდა ორგანიზაციული ცვლილების დასრულების, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე თანამშრომელთა გაფრთხილებისა და საშტატო ნუსხის წესდებით დადგენილი წესით დამტკიცების ერთთვიანი ვადები. 2016 წლის 26 თებერვალს მოსარჩელე გაფრთხილებულ იქნა გაერთიანებაში ორგანიზაციული ცვლილების გამო დაკავებული პოზიციიდან სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისად შესაძლო გათავისუფლების შესახებ. დამსაქმებლის 2016 წლის 28 მარტის №55 ბრძანებით დამტკიცდა მოპასუხე ა(ა)იპ-ის საშტატო ნუსხა და სახელფასო განაკვეთები დანართი 1-ის შესაბამისად. საშტატო ნუსხის მიხედვით, (ა)იპ-ში შემცირდა 10 საშტატო ერთეული: 1.მთავარი სპეციალისტი ეკონომიკის საკითხებში (ერთი ერთეული); 2. მთავარი სპეციალისტი ინფრასტრუქტურის საკითხებში (ერთი ერთეული); 3. სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში (ერთი ერთეული); 4. სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში (ერთი ერთეული); 5. ტრენაჟორების მეთოდისტი (ერთი ერთეული); 6.სპეციალისტი სპორტული და მასობრივი ღონისძიების მოწყობის საკითხებში (სამი ერთეული); 7.სასპორტო სკოლის კომენდანტის (ერთი ერთეული); მწვრთნელ-მასწავლებლის (ერთი ერთეული).

10. დამსაქმებლის 2016 წლის 30 მარტის №64 ბრძანებით დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შტატების შემცირების გამო. ბრძანების მიხედვით სშკ-ის 34-ე მუხლისა და 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის, ასევე ამავე კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის და დამსაქმებლის 28.03.2016წ. №55 ბრძანების შესაბამისად, მოპასუხე ა(ა)იპ-ში ორგანიზაციული ცვლილებების გამო (შტატების შემცირება) სასპორტო გაერთიანების (სასპორტო სკოლის) საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი - მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2016 წლის 1 აპრილიდან საბოლოო ანგარიშსწორებით, მასვე მიეცა კომპენსაცია 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

11. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა დამსაქმებლის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: მოპასუხე ა(ა)იპ-ის საშტატო ნუსხისა და სახელფასო განაკვეთის №1 დანართის შესაბამისად დამტკიცების შესახებ მოპასუხის 2016 წლის 28 მარტის №55 ბრძანების ბათილად ცნობა; მოპასუხე ა(ა)იპ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხის 2016 წლის 30 მარტის №64 ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენა; მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, იძულებით განაცდურის ანაზღაურების დაკისრება 2016 წლის 30 მარტიდან სამსახურში აღდგენამდე ყოველთვიურად 400 (დარიცხული ხელფასი) ლარის ოდენობით.

12. სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე ა(ა)იპ-ის დირექტორის საშტატო ნუსხისა და სახელფასო განაკვეთის №1 დანართის შესაბამისად დამტკიცების შესახებ 2016 წლის 28 მარტის №55 ბრძანება მოსარჩელის შტატის შემცირების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე ა(ა)იპ-ის დირექტორის 2016 წლის 30 მარტის №64 ბრძანება მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ და მოსარჩელე აღდგენილ იქნა ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების საზოგადოებრივ ურთიერთობათა საკითხებში სპეციალისტის თანამდებობაზე. დაეკისრა ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებას მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2016 წლის 30 მარტიდან სამსახურში აღდგენამდე ყოველთვიურად 400 (დარიცხული) ლარის ოდენობით.

13. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების პპ: 1-11 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

14. იმავდროულად, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების შემოწმებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა დამსაქმებლის მოქმედების მართლზომიერებასა და მასზე ხომ არ ჰქონდა ადგილი დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას.

15. ამ მიმართულებით განხორციელებული კვლევისას პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მოპასუხე ორგანიზაციაში დასაქმებული იყო 2007 წლიდან ჯერ, იურისტის, მოგვიანებით, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით, ხოლო 2016 წლის იანვრიდან მოდავე მხარეები ერთმანეთთან იმყოფებოდნენ უვადო შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობაში. 2016 წლის 30 მარტის №64 ბრძანებით კი, მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა რეორგანიზაციის საფუძვლით [სშკ-ის 34-ე მუხლისა და 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა” ქვეპუნქტი]. აქედან გამომდინარე კი, სადავო იყო მოპასუხე ა(ა)იპ-ში რეორგანიზაციის ჩატარებისა და მოსარჩელის მიმართ რეორგანიზაციის შედეგების მართლზომიერება. სადავო საკაითხების კვლევისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით [დისპოზიცია: სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად] და აღნიშნა, რომ ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების კანონიერებას, რის მიხედვითაც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა საფუძვლიანობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა შესწავლა. ვინაიდან მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძოდ, რეორგანიზაციის (შტატების შემცირების) საფუძველზე,

16. პირველი ინსტანციის სასამართლომ დავის განხილვისას შეამოწმა განხორციელდა თუ არა მოპასუხე ორგანიზაციაში რეორგანიზაცია, დადებით შემთხვევაში, წარმოეშვა თუ არა დამსაქმებელს მოსარჩელის შტატის შემცირების აუცილებლობა, ხომ არ ქონია ადგილი დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას, რაზეც სასამართლოს ჩამოუყალიბდა ერთმნიშვნელოვანი პასუხი, რომ მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა არამართლზომიერად, დამსაქმებლის მიერ უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად.

17. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით (იხ. სუსგ №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-122-114-2015, 23 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-922-884-2014, 16 აპრილი, 2015 წელი), რომელშიც საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა შრომით სამართლებრივ დავაში მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურება, რაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობებითაა განპირობებული.

18. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ტვირთი დააკისრა დამსაქმებელს, რაც მოცემულ დავაში დამსაქმებელმა ვერ განახორციელა.

19. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ დავაში, დამსაქმებლის მიერ მითითებული გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები შინაარსობრივად არ გულისხმობდა რეორგანიზაციას და დამსაქმებელი არ დამდგარა შტატების შემცირებისა და თანამშრომელთა სამუშაოდან გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. შესაბამისად, არ დასტურდებოდა მოსარჩელის საშტატო ერთეულის შემცირებისა და მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების მართლზომიერი საფუძველი. ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა იმ გარემოებების კვლევის შედეგად, რაც მოპასუხემ დაუდო საფუძვლად მის მიერ გამოცემულ სადავო გადაწყვეტილებებს. კერძოდ: ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებაში დირექციის მიერ განხორციელებულ შტატების შემცირებას, წინ უძღოდა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 18 იანვრის წერილი სასპორტო გაერთიანების ადმინისტრაციისადმი (სასპორტო გაერთიანების უფლებამოსილ პირს ჩაბარდა 2016 წლის 20 იანვარს), რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 ნოემბრის №594 დადგენილების შესაბამისად, 2016 წელს სენაკის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი თანხის -10380 ლარის მოძიების მიზნით, (თანადაფინანსების თანხა 5%-ის ფარგლებში), მიეღოთ შესაბამისი ზომები. წერილის ავტორი აღნიშნული თანხის მოძიებას ითხოვდა სპორტის ხელშეწყობის პროგრამის (კოდი-05 01 01) ფარგლებში. ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების დირექტორის მიერ, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას იმავე დღეს, 2016 წლის 20 იანვარს) წერილობით ეცნობა, რომ საჭირო თანხა -16 000 ლარი, მოძიებულ იქნა საშტატო ერთეულის შემცირების ხარჯზე, რის შემდეგაც (ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის გაერთიანების დირექტორის ელგუჯა კვაშილავას 2016 წლის 26 თებერვლის №34 ბრძანების შესაბამისად, (ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებაში შტატების ოპტიმიზაციის საფუძვლით, ამავე გაერთიანების ბიუჯეტის ხარჯების შემცირების მიზნით, განხორციელდა ორგანიზაციული ცვლილება (შტატების შემცირება), ხოლო გაერთიანების დირექტორის 2016 წლის 28 მარტის №55 ბრძანებით დამტკიცებული სასპორტო გაერთიანების საშტატო ნუსხის შესაბამისად, შემცირდა 10,5 საშტატო ერთეული. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საფუძვლით, რეორგანიზაციაზე მითითებით, შტატების შემცირება და მუშაკის სამუშაოდან დათხოვნა არ გამომდინარეობს კანონის ნორმის განმარტებიდან და ეწინააღმდეგება შრომის კანონმდებლობის საყოველთაო პრინციპებს.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ, აღნიშნა, რომ რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერად ჩატარებული, ყოველთვის არ წარმოადგენდა დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისას, დამსაქმებელი არჩევანის გაკეთებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს.

21. მოცემულ შემთხვევაში, არც რეორგანიზაციას და არც ობიექტურ რეალურ საჭიროებას, რაც აუცილებელს გახდიდა და გაამართლებდა მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნას, ადგილი არ ქონია. შრომითი ურთიერთობის სფეროში მტკიცების დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, მოპასუხეს სასამართლოსათვის არ შემოუთავაზებია კონკრეტული დასაბუთება, რომ ის წინაპირობები, რაც უძღოდა შტატების შემცირებას, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, რატომ აძლევდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის მოშლის უფლებამოსილებას. როგორც აღინიშნა, ეკონომიური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რაც აუცილებელს გახდიდა შტატების შემცირებას, სასპორტო გაერთიანებაში არ განხორციელებულა, ხოლო კონკრეტული პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული ოდენობის თანხის მოძიების გამო რეორგანიზაციაზე მითითებით შტატის შემცირება და მუშაკის სამუშაოდან დათხოვნა ეწინააღმდეგება როგორც ეროვნულ კანონმდებლობას, ასევე იმ საერთაშორისო აქტებსაც, რომლებიც იცავენ დასაქმებულს დამსაქმებლის უკანონო ქმედებისაგან და სამუშაოდან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გათავისუფლებისაგან. საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისას, დამსაქმებელი არჩევანის გაკეთებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი იყო საკასაციო სასამართლოს განმარტება, რომ შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის მიერ ცალმხრივად მოშლის უფლება არ არის შეუზღუდავი. „საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლის და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში“ (იხ. სუსგ № ას-941-891-2015, 29.01.2016 წ.);

22. სასამართლომ აღნიშნა ისიც, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რეალურად არსებობს სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის წინაპირობები, მუშაკის სამუშაოდან დათხოვნა კავშირში უნდა იყოს ა) მუშაკის არაკომპეტენტურობასთან ან/და არასათანადო ქცევასთან და ბ) უნდა მომდინარეობდეს საწარმოს, დაწესებულების, თუ მათი სერვისის ოპერატიული საჭიროებიდან; მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის წინაპირობები, კერძოდ, რეორგანიზაცია არ განხორციელებულა და შესაბამისად, არ არსებობდა რაიმე საჭიროება, რაც საწარმოს დააყენებდა შტატების შემცირების აუცილებლობის წინაშე, სასამართლომ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა მოსარჩელის თანამდებობასთან შესაფერისობისა და კომპეტენციის თვალსაზრისითაც და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ამ მხრივაც, არაგონივრული და დაუსაბუთებელი იყო.

23. საქმის მასალებით, დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე მოპასუხე ორგანიზაციაში იურისტის, ხოლო შემდგომ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის თანამდებობაზე დასაქმებულია 2007 წლიდან. ამ ხნის მანძილზე მის მიერ შრომის დისციპლინის დარღვევისა და მის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ფაქტი, საქმის მასალებით, არ დასტურდებოდა. დანიშვნის დღიდან სამუშაოდან გათავისუფლებამდე მოპასუხე მოსარჩელესთან მუდმივად აგრძელებდა შრომითი ხელშეკრულებას. თანამდებობისთვის შეუფერებლობა, არასაკმარისი კვალიფიკაცია, ფუნქციების განახლების ან საწარმოს მოთხოვნილებების გაზრდის ფაქტი, რის გამოც, მოსარჩელე ვერ დააკმაყოფილებდა დაწესებულ მოთხოვნებს (არაკომპეტენტურობა), საქმის მასალებით, ასევე, არ დასტურდებოდა. ამ წინაპირობებისას კი, თუნდაც ყოფილიყო შტატების შემცირების აუცილებლობა, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლება მართლზომიერად ვერ ჩაითვლებოდა, ვინაიდან დამსაქმებელი ვალდებული იყო ინდივიდუალურად შეეფასებინა დასაქმებულის სასარგებლო გარემოებები (ე.წ.„favor prestatoris“ პრინციპი), რომელთა გათვალისწინებითაც უნდა მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებით დაირღვა, არა მხოლოდ კანონისმიერი, არამედ სახელშეკრულებო ვალდებულებაც, კერძოდ: დადგენილი იყო, რომ 2016 წლის 27 იანვარს, მხარეთა შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოსარჩელე გაერთიანების საზოგადოებრივი ურთიერთობის სპეციალისტის თანამდებობაზე გამწესდა უვადოდ. მოპასუხე ვალდებული იყო დაეცვა სახელშეკრულებო ვალდებულება მოსარჩელის საზოგადოებრივი ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით.

24. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ბრძანებით დაირღვა როგორც კანონისმიერი, ისე სახელშეკრულებო ვალდებულებაც, რაც მიუთითებდა გასაჩივრებული ბრძანების მართლსაწინააღმდეგო ხასიათზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, კი მართლსაწინააღმდეგო გარიგება ბათილი იყო. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ სადავო ბრძანება გასაჩივრდა რა მოსარჩელის მიერ, აღნიშნული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.1, 3.1. და 248-ე მუხლების შესაბამისად, წარმოადგენდა მისი ბათილად ცნობის საფუძველს მოსარჩელის ნაწილში. შესაბამისად, შტატების შემცირების შესახებ ბრძანება დასაკმაყოფილებელი იყო მოსარჩელის ნაწილში.

25. გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

26. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ამ განჩინების პპ: 1-11, 14-23-ში მითითებული და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

27. სააპელაციო სასამართლომ დამატებით, აღნიშნა, რომ რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოყვეს შტატების შემცირება, მაგრამ რეორგანიზაცია ჯერ ერთი, არ უნდა იყოს ფორმალური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები საწარმო/ორგანიზაციაში რეალურად უნდა განხორციელდეს და მას უნდა გააჩნდეს შესაბამისი ფაქტობრივი და კანონიერი საფუძველი და მეორე, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას. საწარმოში რეორგანიზაციის რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია ასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა არ მოხდეს შტატების ფორმალურად შემცირება და არ იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. ადმინისტრაციის მიერ ამგვარი ნების გამოვლენას, მიუხედავად იმისა, რა ფორმით არსებობს იგი (აქტი, ბრძანება, გარიგება), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დისპოზიციური შინაარსი (საჯარო წესრიგისა და ზნეობის წინააღმდეგობა) ბათილად მიიჩნევს და მას იურიდიულ შედეგს არ უკავშირებს. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახლველ დავაში, მოპასუხე (ა)იპ-ში რეალურად რეორგანიზაცია არ განხორციელებულა.

28. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ/აპელანტმა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

29. საკასაციო საჩივარი ეფუძნება სსსკ-ის 393.1 მუხლის დარღვევას.

30. კასატორი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ბათილად ცნო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა დამსაქმებლის მიერ გამოცემული N55 და N64 ბრძანებები (შტატების შემცირების და სახელფასო სარგოს დამტკიცების, აგრეთვე, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ). თუმცა დამსაქმებლის მიერ ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელების და შტატების შემცირების შესახებ N34 ბრძანება ძალაშია, არ გასაჩივრებულა, სასამართლოს არ უმსჯელია მასზე.

31. კასატორი მიუთითებს რომ მოპასუხე ა(ა)იპ-ში განხორციელდა რეორგანიზაცია ეკონომიკური გარემოებების ცვლილებების საფუძველზე და დამსაქმებლის გადაწყვეტილება სამუშაო ძალის შემცირების შესახებ მოწონებულია უფლებამოსილი პირის მიერ. ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებაში დირექციის მიერ განხორციელებულ შტატების შემცირებას, წინ უძღოდა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 18 იანვრის წერილი სასპორტო გაერთიანების ადმინისტრაციისადმი (სასპორტო გაერთიანების უფლებამოსილ პირს ჩაბარდა 2016 წლის 20 იანვარს), რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 ნოემბრის №594 დადგენილების შესაბამისად, 2016 წელს სენაკის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი თანხის -10380 ლარის მოძიების მიზნით (თანადაფინანსების თანხა 5%-ის ფარგლებში), მიეღოთ შესაბამისი ზომები. წერილის ავტორი აღნიშნული თანხის მოძიებას ითხოვდა სპორტის ხელშეწყობის პროგრამის (კოდი-05 01 01) ფარგლებში. ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების დირექტორის მიერ, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას იმავე დღეს, 2016 წლის 20 იანვარს) წერილობით ეცნობა, რომ საჭირო თანხა -16 000 ლარი, მოძიებულ იქნა საშტატო ერთეულის შემცირების ხარჯზე, რის შემდეგაც, (ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის გაერთიანების დირექტორის 2016 წლის 26 თებერვლის №34 ბრძანების შესაბამისად, (ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებაში შტატების ოპტიმიზაციის საფუძვლით, ამავე გაერთიანების ბიუჯეტის ხარჯების შემცირების მიზნით, განხორციელდა ორგანიზაციული ცვლილება (შტატების შემცირება), ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ შტატების შემცირების შესახებ ბრძანება გამოიცა ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ხოლო ის გარემოება რომ შტატების შემცირების შესახებ რეკომენდაცია მიეცა დასაქმებულს გაწერილია აუდიტის დასკვნაში, რომელიც მათ მიზანშეწონილად არ მიაჩნდათ წარედგინათ პირველი ინსტანციის სასამართლოში, მაგრამ წარადგინეს სააპელაციო ინსტანციაში.

სამოტივაციო ნაწილი:

32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

33. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

34. კასატორი მოითხოვს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას, თუმცა, რაიმე პროცედურული წესის დარღვევაზე, მითითებას, რაც შეიძლებოდა საფუძვლად დასდებოდა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენასა და მაშასადამე, არასწორი გადაწყვეტილების გამოტანას, კასატორი არ მიუთითებს [სსსკ-ის 393.2 მუხლი].

35. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ წარმოდგენილი პოზიცია მოპასუხე ა(ა)იპ-ში განხორციელებული რეორგანიზაციული ცვლილებების აუცილებლობისა და მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების სშკ-ის 37-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძვლის არსებობის, აგრეთვე, მოსარჩელის სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის შესახებ, სააპელაციო საჩივარში მითითებულ საფუძვლების იგივეობრივია, რაზედაც ამომწურავად აქვს ნამსჯელი სააპელაციო სასამართლოს.

36. მოპასუხე ააიპ-ში განხორციელებული რეორგანიზაციული ცვლილებების აუცილებლობას კასატორი უკავშირებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 18 იანვრის წერილს (იხ., ამ განჩინების პ -32). მისი მითითებით, შტატების შემცირების შესახებ რეკომენდაციას ითვალისწინებს აუდიტის დასკვნაც.

37. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართალწარმოებაში მხარის უფლება დაიცვას საკუთარი ინტერესები უზრუნველყოფილია შეჯიბრებითობის პრინციპით. იმავდროულად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება უკავშირდება საპროცესო ვადების დაცვასაც, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალ გარემოებებზე მითითება და მტკიცებულებების წარდგენა არ დაიშვება საქმის მომზადების დასრულების შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი მიუთითებს სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე წარდგენილ აუდიტის დასკვნაზე, რომელის დართვაზეც მას უარი ეთქვა. სასამართლოს მიაჩნია, რომ აუდიტის დასკვნაზე საკასაციო პალატას მსჯელობა ვერ ექნება [სსსკ-ის 380.2], რადგან ამ უფლებით მოპასუხეს არ უსარგებლია პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მომზადების ეტაპზე.

38. რაც შეეხება რეორგანიზაციის განხორციელების აუცილებლობაზე კასატორის მითითებას, აღნიშნულს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. პირიქით, მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ დამსაქმებლის მიერ მითითებული გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები შინაარსობრივად არ გულისხმობდა რეორგანიზაციას და დამსაქმებელი არ დამდგარა შტატების შემცირებისა და თანამშრომელთა სამუშაოდან გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. შესაბამისად, არ დასტურდებოდა მოსარჩელის საშტატო ერთეულის შემცირებისა და მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების მართლზომიერი საფუძველი (იხ., ამ განჩინების პპ: 20-25). იმავდროულად, დადგენილია, რომ მოსარჩელე მოპასუხე ორგანიზაციაში იურისტის, ხოლო შემდგომ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის თანამდებობაზე დასაქმებულია 2007 წლიდან. ამ ხნის მანძილზე მის მიერ შრომის დისციპლინის დარღვევა არ დასტურდებოდა. დანიშვნის დღიდან სამუშაოდან გათავისუფლებამდე მოპასუხე მოსარჩელესთან მუდმივად აგრძელებდა შრომითი ხელშეკრულებას. თანამდებობისთვის შეუფერებლობა, არასაკმარისი კვალიფიკაცია, ფუნქციების განახლების ან საწარმოს მოთხოვნილებების გაზრდის ფაქტი, რის გამოც, მოსარჩელე ვერ დააკმაყოფილებდა დაწესებულ მოთხოვნებს (არაკომპეტენტურობა), საქმის მასალებით, ასევე, არ დასტურდება. ამ წინაპირობების არსებობისას კი, თუნდაც ყოფილიყო შტატების შემცირების აუცილებლობა, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლება მართლზომიერად ვერ ჩაითვლებოდა, ვინაიდან დამსაქმებელი ვალდებული იყო ინდივიდუალურად შეეფასებინა დასაქმებულის სასარგებლო გარემოებები (ე.წ.„favor prestatoris“ პრინციპი) (საკასაციო პალატის მსჯელობა შეესაბამება დადგენილ პრაქტიკას იხ., სუსგ №ას-665-636-2016, 09 დეკემბერი, 2016 წელი; №ას-679-650-2016, 13 ოქტომბერი, 2016 წელი; სუსგ №ას-922-884-2014, 16 აპრილი, 2015 წელი), რომელთა გათვალისწინებითაც უნდა მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებით დაირღვა, არა მხოლოდ კანონისმიერი, არამედ სახელშეკრულებო ვალდებულებაც: დადგენილია, რომ 2016 წლის 27 იანვარს, მხარეთა შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოსარჩელე გაერთიანების საზოგადოებრივი ურთიერთობის სპეციალისტის თანამდებობაზე გამწესდა უვადოდ. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რეალურად არსებობს სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის წინაპირობები, მუშაკის სამუშაოდან დათხოვნა კავშირში უნდა იყოს ა) მუშაკის არაკომპეტენტურობასთან ან/და არასათანადო ქცევასთან და ბ) უნდა მომდინარეობდეს საწარმოს, დაწესებულების, თუ მათი სერვისის ოპერატიული საჭიროებიდან; მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის წინაპირობები, კერძოდ, რეორგანიზაცია არ განხორციელებულა და შესაბამისად, არ არსებობდა რაიმე საჭიროება, რაც საწარმოს დააყენებდა შტატების შემცირების აუცილებლობის წინაშე, სასამართლომ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა მოსარჩელის თანამდებობასთან შესაფერისობისა და კომპეტენციის თვალსაზრისითაც და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ამ მხრივაც, არაგონივრული და დაუსაბუთებელი იყო.

39. კასატორის მითითება, რომ (ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის გაერთიანების დირექტორის 2016 წლის 26 თებერვლის №34 ბრძანება დღესაც ძალაშია და არ გასაჩივრებულა, მასზე არ უმსჯელია სასამართლოს, რაც სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარისთქმის საფუძველია, ვერ იქნება გაზიარებული (იხ., ამ განჩინების პ - 31). ამასთან, აღნიშნულ საკითხზე ნამსჯელი აქვს ქვედა ინსტანციის სასამართლოს (იხ., ამ განჩინების პ -10).

40. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

41. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. შრომით სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

43. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე