საქმე №ას-1226- 1146-2017 17 ნოემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე, მეორე აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა-–ი“ (მოსარჩელე, პირველი აპელანტი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება და სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებულად აღიარება, თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2016 წლის 25 აპრილს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობასა (შემდეგში: შემსყიდველი ან მოპასუხე) და შპს „ა-–ს“ (შემდეგში: მიმწოდებელი ან მოსარჩელე) შორის ელექტრონული ტენდერის (N..) ჩატარების შედეგად დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №56. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ადიგენის მუნიციპალიტეტის დიდი - ზანავი - პატარა ზანავი - ჭულეს ადგილობრივი მნიშვნელობის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა ტექნიკური დოკუმენტაციის და თანდართული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად (შემდეგში: ხელშეკრულება).
2. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 520 000 ლარით, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადად 2016 წლის 25 ივლისი. ხელშეკრულების 4.4.3. პუნქტის თანახმად, „მიმწოდებელს“ სამუშაოები უნდა შეესრულებინა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული კალენდარული გრაფიკის შესაბამისად.
3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ხელშეკრულების ღირებულების 0,3%. საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდებოდა მიღება-ჩაბარების, შესრულებული სამუშაოების (ფორმა N2) აქტის, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე 20 კალენდარული დღის განმავლობაში ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით, სსიპ ლევან სამხარაულის სახლობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე (პრეტენდენტი ვალდებული იყო ობიექტზე ექსპერტიზის აღების დროს თან დაესწრო შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი უფლებამოსილი პირი).
4. ხელშეკრულების 13.1 პუნქტით განისაზღვრა შესრულების დამაბრკოლებელი ფორსმაჟორული გარემოების მნიშვნელობაც, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო მხარეებისათვის გადაულახავი და მათ კონტროლისაგან დამოუკიდებელი გარემოებები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული „შემსყიდველისა“ და „მიმწოდებლის“ შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო ომით, სტიქიური მოვლენებით, კარანტინით, საბიუჯეტო ასიგნების მკვეთრი შემცირებით და სხვა. ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში კი, ხელშემკვრელ მხარეს, რომლისთვისაც შეუძლებელი გახდებოდა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნა მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ, თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებდა მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობების მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და შეეცდებოდა გამოენახა შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებოდნენ ფორსმაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებულად აღიარება და პირგასამტეხლოს სახით გადახდილი 24960 ლარის დაბრუნება.
6. სარჩელი აღიარებითი მოთხოვნის ნაწილში დასაბუთებულია პირგსამტეხლოს გადახდის ფაქტობრივი საფუძვლის არარსებობისა და მაშასადამე, გადახდილი თანხის უკან დაბრუნების იურიდიული ინტერესით [საქართველოს სამოქალაქო საროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 178-ე მუხლის „ლ“ პუნქტი და 180-ე მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 361-ე, 417-ე, 418-ე მუხლები და 976-ე მუხლის „ა“ პუნქტი].
7. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველ შედავებაში დაადასტურა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, თუმცა, მიუთითა მისი შესრულების ვადის (დამტკიცებული კალენდარული გრაფიკი) დარღვევაზე, რაც მისი მოსაზრებით, პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერებასა და მაშასადამე, სარჩელის უარყოფაზე მიუთითებდა.
8. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილი იქნა ხელშეკრულების სრულად და ჯეროვნად შესრულებულად აღიარების ნაწილში. პირგასამტეხლოს სახით გადახდილი თანხის დაბრუნების ნაწილში კი, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობივ და მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 1560 ლარის გადახდა.
9. გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმების გზით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხის - სარჩელის სრულად უარყოფა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა 23400 ლარის უკან დაბრუნების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში - სარჩელი უარყოფილი იქნა.
11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების პპ: 1-6-ით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
12. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სამუშაოების დასრულების ვადის დარღვევის გამომწვევ მიზეზებზე და დადგენილად მიიჩნია, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე გზის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 15 დღის დაგვიანებით, 2016 წლის 26 აპრილის ნაცვლად 2016 წლის 10 მაისს. სამუშაოების დაგვიანებით დაწყება გამოიწვია რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა. ამ ნაწილში, მოპასუხის/მეორე აპელანტის შედავების საწინააღმდეგოდ სააპელაციო პალატამ მიუთითა 2016 წლის 11 მაისის მიწერილობაზე, რომლითაც მიმწოდებელმა მიმართა შემსყიდველს და აცნობა შესაბამის პერიოდში არსებული მეტეოროლოგიური მდგომარეობის (უხვი ნალექის) გამო ხელშეკრულების ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგვიანებით დაწყების შესახებ და ითხოვა მისგან დამოუკიდებელი გარემოების გათვალისწინება.
13. დადგენილია, რომ 2016 წლის 15 ივლისს მიმწოდებელმა კვლავ მიმართა შემსყიდველს, რომ უხვი ნალექის გამო, მნიშვნელოვნად შეეშალათ ხელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების დასაწყებად. იმავდროულად, შეახსენა, რომ შემსყიდველის თხოვნით დაემატა 142 მ3 ახალი გაბიონის მოწყობის სამუშაოები და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თხოვა სამუშაოების ჩატარების ვადის ოცი დღით გაგრძელება.
14. 2016 წლის 21 ივლისს შემსყიდველმა №3215/09 წერილით მიმართა მიმწოდებლის დირექტორს, სადაც მიუთითა, რომ ვინაიდან მიმწოდებლის წერილობით მიმართვას არ ერთვოდა გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა ამინდის შესახებ, ინსპექტირების ჯგუფი არ განიხილავდა მის მოთხოვნას ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
15. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2016 წლის 25 ივლისის №12/1-697 წერილით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ადიგენისგან უახლოესი ქ.ახალციხის მეტოროლოგიური სადგურის მონაცემებზე დაყრდნობით, 2016 წლის 01 მაისიდან 15 ივლისის ჩათვლით ნალექი აღინიშნა: 01, 04, 05, 06, 07, 08, 10, 11, 12, 13, 15, 16, 18, 19, 20, 22, 23, 24, 26, 28, 29, 30, 31 მაისს; 01, 04, 05, 07, 08, 09, 10, 11, 16, 17, 20, 21, 24, 25, 28, 30 ივნისს; 01, 03, 04, 06, 07, 08, 10, 11 ივლისს, სულ 47 დღე.
16. ამ განჩინების პპ: 12-15-ით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების შესრულების სამთვიანი პერიოდიდან 47 დღე იყო ნალექიანი, შესაბამისად, ნალექიანი ამინდი გახდა სამშენებლო სამუშაოთა დაგვიანებით დაწყების მიზეზი.
17. იმავდროულად, დადგენილი იქნა, რომ მიმწოდებელმა ადიგენის მუნიციპალიტეტის დიდი - ზანავი - პატარა ზანავი - ჭულეს ადგილობრივი მნიშვნელობის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები და დამატებით, 142 მ3 ახალი გაბიონის მოწყობის სამუშოები დაასრულა ერთი დღის დაგვიანებით, 2016 წლის 26 ივლისს. ამ ნაწილში, მტკიცებულების წარმოუდგენლობის მოტივით უარყოფილი იქნა მოსარჩელის პოზიცია, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შესახებ წერილი შემსწიდველს წარუდგინა 2016 წლის 26 ივლისს, მაგრამ კანცელარიას ვერ ჩააბარა, რადგან დაკეტილი დახვდა, რის გამოც წერილი გამგეობას ჩააბარა 2016 წლის 27 ივლისს.
18. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გზის მშენებლობის სამუშაოების წარმოებისას უმთავრეს ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა ატმოსფერული ნალექები. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2016 წლის 25 ივლისის წერილით დადასტურებულად იქნა მიჩნეული ისიც, რომ 2016 წლის მაისის პირველი ნახევარი იყო უხვნალექიანი - თითქმის ყოველდღე წვიმდა, რაც შესასრულებელი სამუშაოს თავისებურებიდან გამომდინარე წარმოადგენდა ფორს მაჟორულ გარემოებას. მიმწოდებელმა შემსწიდველს გადაუხადა პირგასამტეხლო - 23400 ლარი სამუშაოების 15 დღის დაგვიანებით დაწყებისთვის, ხოლო ერთი დღის დაგვიანებით დამთავრებისთვის 1560 ლარი, მთლიანობაში 24960 ლარი. ხელშეკრულების შესრულების ფორს მაჟორული გარემოებებით შეფერხებისა და ხელშეკრულების 13.1 პუნქტის საფუძველზე, მიჩნეული იქნა, რომ არ წარმოშობილა სამუშაოების დაგვიანებით დაწყების გამო პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
19. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, სარჩელის უარყოფა.
20. საკასაციო პრეტენზია აგებულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შემაფერხებელი გარემოების არარსებობაზე.
21. კასატორის მოსაზრებით, არ არის გამოკვლეული რთული მეტეოროლოგიური პირობების არსებობა ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოების შესრულების ადგილზე - ტერიტორიაზე. აღნიშნული ფაქტი გამოიკვლია ახალციხის რაიონულმა სასამართლომ და დადგენილი იქნა, რომ ამ პერიოდში ფორსმაჟორულ გარემოებას ადგილი არ ჰქონდა.
22. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოების საპირისპიროდ, რომ მიმწოდებელმა 2016 წლის 11 მაისის წერილით შემკვეთს აცნობა შესაბამის პერიოდში უხვი ნალექის გამო, ვერ ხერხდებოდა ხელშეკრულების ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება, კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს არ უმსჯელია იმ ფაქტზე, აღნიშნული წერილი მიმწოდებელმა მხოლოდ შემკვეთის მიერ უფრო ადრე გაგზავნილი წერილის პასუხად გამოაგზავნა თუ არა.
23. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ უარყო კალენდარული გეგმა გრაფიკებით მუშაობის ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტანდარტია და სავალდებულოდ შესასრულებელია. თუ სასამართლო უარყოფს მუნიციპალიტეტების მხრიდან კალენდარული გეგმა-გრაფიკებით მოქმედებას, მაშინ, აზრი ეკარგება გრაფიკის მიხედვით რაიმე სამუშაოს შესრულების მოთხოვნასაც. ამასთანავე, აღნიშნული სამუშაოების შეუსრულებლობა გეგმა გრაფიკით განსაზღვრულ დროში მუნიციპალიტეტში აჩერებს ანგარიშსწორების პროცესს, რაც თავის მხრივ, იწვევს საკასო შეუსრულებლობას, რაც უკვე დარღვევაა.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ წარმოშობლია პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, მით უფრო, რომ პირგასამტეხლო ზიანისაგან სრულიად დამოუკიდებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მაშინაც უნდა ანაზღაურდეს, როდესაც დამდგარი ზიანი ნაკლებია ან საერთოდ არ დამდგარა. პირგასამტეხლოს დაკისრება მიმწოდებლისათვის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ – მხარის/შემკვეთის ინტერესების უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა ვალდებულების დარღვევით.
სამოტივაციო ნაწილი:
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
26. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
27. კასატორის პრეტენზია წარმოდგენილია ფაქტობრივი გარემოებების ნაწილში [სსსსკ-ის 393.2 მუხლი]. კასატორს მიაჩნია, რომ წარმოშობილია ხელშეკრულების დაგვიანებით შესრულებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივი საფუძველი, რაც არ არის შეწყვეტილი ვალდებულების შესრულების ობიექტურად დამაბრკოლებელი გარემოებებით [ფორს მაჟორი, ხელშეკრულების 13.1 პუნქტი].
28. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორის პრეტენზიას არ გააჩნია ვარგისი ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძველი. როგორც ამ განჩინების პ-4-შია დადგენილი ხელშეკრულების შესრულების დამაბრკოლებელ ფორსმაჟორულ გარემოებად ხელშემკვრელმა მხარეებმა მიიჩნიეს მხარეებისათვის გადაულახავი და მათ კონტროლისაგან დამოუკიდებელი გარემოებები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული „შემსყიდველისა“ და „მიმწოდებლის“ შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იყოს ომით, სტიქიური მოვლენებით, კარანტინით, საბიუჯეტო ასიგნების მკვეთრი შემცირებით და სხვა. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ გზის მშენებლობის სამუშაოების დაგვიანებით დაწყების განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენდა ატმოსფერული ნალექები. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2016 წლის 25 ივლისის წერილით დადასტურებულად იქნა მიჩნეული ისიც, რომ 2016 წლის მაისის პირველი ნახევარი იყო უხვნალექიანი - თითქმის ყოველდღე წვიმდა, რაც შესასრულებელი სამუშაოს თავისებურებიდან გამომდინარე წარმოადგენდა ფორს მაჟორულ გარემოებას (ამ განჩინების პ -18). დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, ისინი სავალდებულოა საკასაციო პალატისათვის [სსსკ-ის 407. 2 მუხლი].
29. კასატორი მიუთითებს, რომ ფორსმაჟორი გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშემკვრელ მხარეს, რომლისთვისაც შეუძლებელი გახდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნა მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემობებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ (ხელშკრულების პ-13.1). სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივ გარემოების საპირისპიროდ კი, რომ მიმწოდებელმა 2016 წლის 11 მაისის წერილით შემკვეთს აცნობა, რომ შესაბამის პერიოდში უხვი ნალექის გამო, ვერ ხერხდებოდა ხელშეკრულების ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება, კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს არ უმსჯელია იმ ფაქტზე, აღნიშნული წერილი მიმწოდებელმა მხოლოდ შემკვეთის მიერ უფრო ადრე გაგზავნილი წერილის პასუხად გამოაგზავნა თუ არა.
30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართალწარმოების უმიშვნელოვანესი პრინციპია მხარეთა შეჯიბრებითობა და დისპოზიციურობა. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, რაც პროცესის მონაწილე ყოველ მხარეს აკისრებს მისთვის ხელსაყრელი ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა თუ უარყოფის (გაქარწყლების) პროცესუალურ ვალდებულებას.
31. მოცემულ შემთხვევაში, იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ მიმწოდებელმა წარმოადგინა შეკვეთისადმი მიწერილობა სამუშაოების დაწყების დამაბრკოლებელი გარემოებების მითითებისა და შესაბამისი რეაგირების (მხედველობაში მიღების) შესახებ (იხ., ამ განჩინების პპ: 13, 14), იმ გარემოების გაქარწყლების ვალდებულება, რომ აღნიშნული წარმოადგენდა არა მიწერილობას, არამედ შემკვეთის მოთხოვნაზე წერილობით პასუხს, რაც ხელშეკრულების პ-13.1 დარღვევად შეერაცხებოდა მიმწოდებელს, ეკისრებოდა შემკვეთს. მტკიცების აღნიშნული ვალდებულება შემკვეთმა ვერ შეასრულა, რაც საფუძვლიანად დაედო მიმწოდებელის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცედურების ჯეროვან დაცულობას.
32. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს შეთანხმებული სამუშაოს დროულად შესრულება. ზოგადად, ვალდებულების შესრულების დროდ ითვლება იმ განსაზღვრული მომენტის დადგომა, როდესაც ვალდებულებები შესრულებული უნდა იყოს. ის ჩვეულებრივ განისაზღვრება ხელშეკრულებით (თუმცა შესაძლებელია შესრულების დრო განსაზღვრული იყოს სასამართლო გადაწყვეტილებით, კანონით ან ცალმხრივი გარიგებითაც). ყველაზე მეტად გავრცელებულია ვალდებულების შესრულების გარიგებით (ხელშეკრულებით) განსაზღვრული ვადები. ამ შემთხვევაში შესრულების დროის შეთანხმება შეიძლება აშკარად გამოხატული ან დუმილით ნაგულისხმევი იყოს. ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულების დრო შეიძლება იყოს როგორც აბსოლუტური, ისე რელატიური ბუნების. აბსოლუტურია ვადა, როდესაც ვადის გადაცილების შემდეგ შესრულება კარგავს ყოველგვარ ინტერესს. რელატიური ვადის შემთხვევაში ვადის გადაცილება აზრს არ უკარგავს ვალდებულების შესრულებას, მხოლოდ ართულებს მას ანუ შესრულება გამოსწორებადია.
33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით მხარეებმა შეიძლება განსაზღვრონ არა მხოლოდ სამუშაოთა დასრულების ვადები, არამედ სამუშაოთა დაწყებისა და შუალედური ვადებიც. იმ შემთხვევაში, როდესაც შესრულების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მაშინ ნარდობის ხელშეკრულებით, შესრულების დრო განისაზღვრება, როგორც ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი პირობა -time is of the essence.
34. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ერთ-ერთ გავრცელებულ შემთხვევას წარმადგენს ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება. მენარდის მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან შემკვეთის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. თუ შემკვეთის მოთხოვნის მიუხედავად მენარდე არ ასრულებს სამუშაოს, იგი არღვევს ვალდებულებას სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის მნიშვნელობით.
35. გაფრთხილება ვალდებულების შესრულების უპირობო და არაორაზროვან მოთხოვნას წარმოადგენს. გაფრთხილება იმგვარად უნდა იყოს ფორმულირებული, რომ გამორიცხავდეს ყოველგვარ ეჭვს კრედიტორის ინტერესში მიიღოს დროული შესრულება. კრედიტორი არ არის ვალდებული განუმარტოს მოვალეს, რომ შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი მოთხოვნის დაკმაყოფილების მეორად საშუალებებს მიმართავს. თუ ეს ვალდებულების ხასიათს არ ეწინააღმდეგება, კრედიტორს შეუძლია შესრულების მოთხოვნა და გაფრთხილება ერთდროულად, ერთი აქტის მეშვეობით განახორციელოს. თუმცა ვალდებულების შესრულების ვადის დადგომამდე გაკეთებულ გაფრთხილებას სამართლებრივი ძალა არა აქვს (სსკ-ის 400-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი), მაშინაც კი თუ იგი უპირატესად ვადის დაზუსტებას ისახავს მიზნად. გაფრთხილება არ გულისხმობს გარკვეული ვადის დადგენას. თუმცა კრედიტორს შეუძლია დაადგინოს დამატებითი ვადა (სსკ-ის 394-ე მუხლის II ნაწილი), რომლის ამოწურვამდეც ვადა არ ჩაითვლება გადაცილებულად. ეს ვადა უნდა იყოს გონივრული, რომლის განმავლობაშიც კრედიტორი მეორადი მოთხოვნის დაყენების უფლებაში იზღუდება. კრედიტორს ასევე უფლება აქვს, დამატებითი ვადა ვალდებულების დროულად შესრულების პირობით დააწესოს, რა შემთხვევაშიც, თუ მოვალე ვალდებულებას დამატებითი ვადის განმავლობაში არ შეასრულებს, ვადა გადაცილებულად ჩაითვლება გაფრთხილების მომენტიდან (ex tunc). მენარდის მიერ სსკ-ის 629-I, 394-I-ისა და მე-400 მუხლის პირობათა დარღვევა ვადის გადაცილებას წარმოადგენს და მენარდე ვალდებულია სსკ-ის 404-ე მუხლის საფუძველზე აუნაზღაუროს კრედიტორს ვადის გადაცილებით მიყენებული ზიანი (mora debitoris), ასევე სსკ-ის 417-ე მუხლის საფუძველზე გადაიხადოს შეთანხმებული პირგასამტეხლო.
36. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია რომ დაირღვა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოთა დაწყების ვადა 15 დღით, თუმცა, დადგენილია ისიც, რომ დარღვევა ბრალად არ შეერაცხება მიმწოდებელს, აღნიშნული კი, საბოლოოდ ფაქტობრივ საფუძველს აცლის მიმწოდებლის მხრიდან პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას. ამის შესაბამისად, კი, მიმწოდებლის მიერ პირგასამტეხლოს სახით გადახდილი 23400 ლარი, დაბრუნებას ექვემდებარება სსკ-ის 976-ე მუხლის „ა“ პუნქტის სამართლებრივი საფუძვლით.
37. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
38. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების სამართლებრივ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა.
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
40. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე