საქმე №ას-1317-1237-2017 17 ნოემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ- ქ-–ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „გ--მა (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ– ქ-–ის (შემდეგში: მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ 16130 ლარის დაკისრების მოთხოვნით [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი].
2. გურჯანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 მაისის გადაწყვეტილებით ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით აღძრული სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 16130 ლარი.
3. გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომელზედაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 სექტემბრის განჩინებით დაუდგინა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 645.20 ლარის გადახდა ხუთი დღის ვადაში [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 368-ე მუხლი, 39-ე მუხლი და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტი]. ამავე განჩინებით უარყოფილი იქნა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების მოთხოვნით დაყენებული აპელანტის შუამდგომლობა სსსკ-ის 47-ე მუხლის განმაპირობებელი წინაპირობების არარსებობის საფუძვლით [სსსკ-ის 102-ე მუხლი].
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით [სსსკ-ის 368-ე და 374-ე მუხლები]. ამავე განჩინებით დადგენილი იქნა აპელანტისათვის ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 სექტემბრის განჩინების 2017 წლის 19 სექტემბერს ჩაბარების ფაქტობრივი გარემოება [სსსკ-ის 70-78-ე მუხლები]. იმავდროულად, დადგენილი იქნა, რომ განჩინების ჩაბარებიდან ამოწურული იყო ხუთდღიანი ვადა, რომლის განმავლობაში სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა აპელანტის მხრიდან რაიმე შუამდგომლობა საპროცესო მოქმედების დადგენილ ვადაში შესრულების დამაბრკოლებელ გარემოებებზე მითითებით [სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი].
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაზე აპელანტმა წარადგინა კერძო საჩივარი [სსსკ-ის 374-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 414-ე მუხლი].
6. კერძო საჩივარი ეფუძნება სსსკ-ის 64-ე მუხლის გამოუყენებლობას [დისპოზიცია: სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით]. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხის მოცულობიდან გამომდინარე (645.20 ლარი), უპრიანი იყო სააპელაციო პალატას თავისი ინიციატივით გაეგრძელებინა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 01 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად [სსსკ-ის 420-ე და 419-ე მუხლის პირველი ნაწილი].
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ნორმატიული შინაარსი [დისპოზიცია: თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება] ავალდებულებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს შეამოწმოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა [კრიტერიუმები: სააპელაციო საჩივრის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის მიხედვით შედგენა, დავის საგნის ღირებულება (ქონებრივ-სამართლებრივ დავებში), სახელმწიფო ბაჟის გადახდა და ა.შ.]. რომელიმე კრიტერიუმის დაუცველობის შემთხვევაში, თუკი აღნიშნული არ უკავშირდება გასაჩივრების ვადის დაუცველობას, [2591 და 369-ე მუხლები] დაუდგინოს აპელანტს ხარვეზი და განუსაზღვროს საპროცესო მოქმედების შესასრულებლად ვადა. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი, სააპელაციო საჩივარი დატოვოს განუხილველად.
10. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 5 დღიანი ვადა უშდეგოდ გავიდა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაცვლად, სააპელაციო სასამართლოს, თავისი ინიციატივით, უნდა გაეგრძელებინა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა, რასაც არ გააჩნია ვარგისი საპროცესო სამართლებრივი საფუძველი.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პროცედურული საკითხები რეგულირებულია სსსკ-ის XLV თავში [სსსკ-ის 364-371 მუხლები]. მასში თავმოყრილი არცერთი ნორმა არ შეიცავს იმგვარ ნორმატიულ დანაწესს, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიანიჭებდა უფლებამოსილებას, თავისი ინიციატივით, თუნდაც სახელმწიფო ბაჟის მოცულობიდან გამომდინარე, გაეგრძელებინა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა. პირიქით, სსსკ-ში 2012 წლის 25 მაისს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად 368-ე მუხლის მე-7 ნაწილი [დისპოზიცია: სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით (N6315 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)] უკრძალავს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს, მხარის შუამდგომლობის გარეშე, გააგრძელოს ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადა.
12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ- ქ-–ი კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე