საქმე №ას-1122-1042-2017 24 ნოემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
პირველი კასატორი – შპს დ-ი „ც-ი“ (მოპასუხე, აპელანტი)
მეორე კასატორი – ზ- გ-ა (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება კომპენსაციის განსაზღვრის ნაწილში
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი
განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. ზ- გ-ასა (შემდეგში: დასაქმებული ან მოსარჩელე) და შპს „დ--ც--ს“ (შემდეგში: დამსაქმებელი ან მოპასუხე) შორის 2012 წლის 03 დეკემბერს დაიდო შრომითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, დასაქმებული დაინიშნა ამცრელი ექთნის პოზიციაზე.
2. დამსაქმებლის 2013 წლის 03 იანვრის N01/03 ბრძანებით თანამშრომლებისათვის 2012 წლის 03 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებები გაგრძელდა 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
3. 2014 წლის 03 იანვარს (N..წ. კონტრაქტი) დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის დაიდო შრომის ხელშეკრულება, რომლითაც დასაქმებული ამცრელი ექთნის პოზიციაზე დაინიშნა.
4. დამსაქმებლის 2014 წლის 02 ივლისის N..ბრძანებით საზოგადოებაში 2014 წლის 03 იანვრის შრომითი ხელშეკრულებები ექვსი თვით გაგრძელდა.
5. 2015 წლის 05 იანვრიდან დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება N…წ., რომლითაც მოსარჩელე დაინიშნა ამცრელი ექთნის პოზიციაზე.
6. დამსაქმებლის 2015 წლის 08 ივნისის N… ბრძანებით საზოგადოების თანამშრომლებს 2015 წლის 05 იანვრის შრომითი ხელშეკრულებები 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაუგრძელდათ.
7. დამსაქმებლის 2016 წლის მარტის N.. ბრძანების საფუძველზე, დასაქმებულს დადგენილი დისციპლინური ნორმების, ეთიკისა და დაწესებულების ხელმძღვანელის მიმართ გაკეთებული ცილისწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო საყვედური მიეცა.
8. 2016 წლის 16 ივნისის N… ბრძანებით დასაქმებული გათავისუფლდა სამსახურიდან. გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ის) 37-ე მუხლის „ზ“ და “თ“ პუნქტები.
9. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა: დისციპლინურ პასუხისმგებლობაში მიცემის შესახებ, მოპასუხის 2016 წლის 16 მარტის N ბრძანების ბათილად ცნობა, ამცრელი ექთნის თანამდებობაზე მოსარჩელისათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოპასუხის დირექტორის 2016 წლის 16 ივნისის N02/03 ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელის ამცრელი ექთნის პოზიციაზე სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 54-ე, 409-ე, 411-ე; სშკ-ის 44-ე, 32-ე მუხლები].
10. სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხის 2016 წლის 16 ივნისის №02/03 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი; მოსარჩელე აღდგენილ იქნა ამცრელი ექთნის თანამდებობაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის - თვეში 150 ლარი, (საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით) ანაზღაურება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
11. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტები და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 4000 ლარის ოდენობით. სახელმწიფო ბაჟის სანაცვლო ანაზღაურებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.
13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების პპ: 1-8 დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
14. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შრომის ხელშეკრულების დარღვევის საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერების მტკიცების ტვირთის რეალიზების თვალსაზრისით, წარმოდგენილ უნდა იქნეს არამხოლოდ დასაქმებულის მიმართ დისციპლინური ზომის გამოყენებისა და მისი გათავისუფლების ამსახველი მტკიცებულებები, არამედ თავად დისციპლინური ზომის გამოყენებისა და, შემდეგომ, დასაქმებულის გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძვლები, რამეთუ, დასაქმებულის მიმართ დისციპლინური ზომის გამოყენება და მისი გათავისუფლება შედეგია, რომლის მართლზომიერების შემოწმება იმ პროცესის შეფასებით ხორციელდება, რომლის საფუძველზეც დამსაქმებელი აღნიშნულ შედეგამდე მივიდა.
15. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის (დამსაქმებლის) ახსნა-განმარტებით, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი ის გარემოება გახდა, რომ მოსარჩელე შრომის შინაგანაწესს უხეშად არღვევდა და სამსახურში ქცევის ელემენტარულ წესრიგს არ იცავდა, არაერთხელ შევიდა კონფლიქტში თანამშრომლებთან, როგორც სამსახურში, ისე მის გარეთ. კონფლიქტური სიტუაციების გამო, მოსარჩელე სამსახურის ნორმალურ მუშაობას ხელს უშლიდა და თანამშრომლებს არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებდა. შესაბამისად, იგი სამსახურში არაჯანსაღ სამუშაო გარემოს ქმნიდა.
16. ზემოაღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად, დამსაქმებელმა გ- გ-ას ჩვენებაზე მიუთითა, რომელი ჩვენებაც ასახულია დეტექტივის თანაშემწე/გამომძიებელთან ზეპირი გასაუბრების ოქმში და რომლითაც დასტურდება, რომ დასაქმებულმა გ- გ--ას მის საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა (ტ. 1, ს.ფ. 133). სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ- გ--ა მოპასუხე პოლიკლინიკის ერთ-ერთი თანამშრომლის - ნ- ე--ს მეუღლეა. სააპელაციო პალატის მითითებითთანაშემწე/გამომძიებელთან ზეპირი გასაუბრების ოქმიდან არ ჩანს შელაპარაკების მიზეზი, გამომწვევი ფაქტორები, მაპროვოცირებელი გარემოებები და ა. შ. უფრო მეტიც, დასაქმებულის მხრიდან ხელმძღვანელის მეუღლესთან ქუჩაში შელაპარაკება, დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლად უნდა იქნეს მიჩნეული.
17. სააპელაციო პალატამ აგრეთვე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ოჯახის ექიმის, შ- ა--ს 2013 წლის 18 იანვრის განცხადება, სადაც იგი განმარტავდა, რომ მოსარჩელე მას ხშირად შეურაცხყოფას აყენებდა, რის გამოც, იგი შესაბამისი ზომების მიღებას ითხოვდა (ტ. 1, ს.ფ. 139). საგულისხმოა, რომ აღნიშნული განცხადების საფუძველზე მოსარჩელეს 2013 წლის 22 იანვარს, დისციპლინური ღონისძიების სახით, მკაცრი საყვედური გამოეცხადა (ტ.1, ს.ფ. 140). საქმის მასალებით არ დასტურდება აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით მოკვლევის ჩატარება, გარემოებები, რამაც შ-- ა--სა და მოსარჩელეს შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია. უფრო მეტიც, საქმის მასალებით არ მტკიცდება აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით მოსარჩელის გამოკითხვის ფაქტი. საქმის მასალებით არც მოსარჩელისათვის მითითებული დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე ბრძანების გაცნობა დასტურდება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ 2013 წლის 22 იანვრის ბრძანებაზე დაყრდნობით არ დასტურდებოდა მოსარჩელის მხრიდან შ- ა---სათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. მით უფრო, რომ თავად შ- ა- სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული არ ყოფილა.
18. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა მოწმის ქ- ლ--ს ჩვენების შინაარსიც. (იხ. სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის 2016 წლის 28 სექტემბრის სხდომის ოქმი). მოწმის განმარტებით, მას მოსარჩელესთან კონფლიქტი არ ჰქონია. მოსარჩელემ ბოლო დროს სამსახურზე გული აიყარა. იგი რასაც საჭიროდ თვლიდა, იმას აკეთებდა. პაციენტებს ნაწილობრივ თავად იღებდა, ნაწილობრივ მოსარჩელე. იგი მის მითითებებს არ ასრულებდა, თუმცა, პედიატრიულ კაბინეტში წინააღმდეგობის თავიდან აცილების მიზნით პრობლემებს არ ქმნიდა. მოწმის განმარტებით, მოსარჩელემ თავისი საქმე იცის. მას თანამშრომლებთან კონფლიქტის შესახებ სმენია, თუმცა, დეტალები არ იცის. არც სურვილი აქვს დეტალებზე საუბრის. მისი მხრიდან კი ვალდებულების დარღვევა იმაში მდგომარეობდა, რომ ასაცრელი მასალა მას (ექიმს) თავად მოჰქონდა, რაც ექთნის ვალდებულებას წარმოადგენდა. ჟურნალს მითითებისამებრ არ ავსებდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უშუალო ექიმთან კონფლიქტური ურთიერთობა არ ჰქონდა, თუმცა, იგი, როგორც ექთანი, მასზე დაკისრებულ ყველა მოვალეობას არ ასრულებდა.
19. იმავდროულად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია სადავო არ იყო, თუმცა, მოპასუხე (აპელანტი, დამსაქმებელი) შესაგებელსა და მის მიერ წარმოდგენილ მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ მოსარჩელე მასზე დაკისრებულ რიგ ვალდებულებებს არ ასრულებდა. მის მოვალეობათა შორის ჟურნალის სათანადო და ჯეროვანი წარმოება შედიოდა.
20. დამსაქმებელმა დასაქმებულის ვალდებულების წარმოშობის წყაროდ შინაგანაწესზე მიუთითა, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ როდესაც დამსაქმებელი დასაქმებულს შრომითი ვალდებულებები დარღვევას ედავება, ასეთ ვითარებაში, დამსაქმებელი ვალდებულია, დაადასტუროს შრომითი მოვალეობის დარღვევის ფაქტი. აღნიშნული მიზნით დამსაქმებელმა უნდა დაამტკიცოს დასაქმებულის ვალდებულების არსებობა - შეესრულებინა ესა თუ ის სამუშაო.
21. იმავდროულად, სააპელაციო პალატამ სსკ-ის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე მიუთითა, რომლითაც ვალდებულების წარმომშობ ერთ-ერთ საფუძველს ხელშეკრულება წარმოადგენს და განმარტა, რომ როდესაც დამსაქმებელი დასაქმებულს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევას ედავება, დამსაქმებელმა დასაქმებულის მიერ ხელმოწერილი შრომითი ხელშეკრულება უნდა წარმოადგინოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მხრიდან შინაგანაწესის დარღვევაზე აპელირებს, ასეთ შემთხვევაში, დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, თუ რის საფუძველზეა დასაქმებული შინაგანაწესის შესრულებაზე ვალდებული სუბიექტი. გარდა ამისა, შინაგანაწესის დებულებები საჯარო და ხელმისაწვდომი უნდა იყოს. შინაგანაწესის ტექსტი და მასში შემდგომ განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დასაქმებულისათვის ცნობილი უნდა იყოს. შინაგანაწესის ხელმისაწვდომობას დამსაქმებელი უნდა უზრუნველყოფდეს. დამსაქმებლის მითითებული ვალდებულება გამომდინარეობს დასაქმებულის უფლება-მოვალეობების „განჭვრეტადობის“ პრინციპიდან, სხვაგვარი დაშვების პირობებში, დასაქმებული მის ხელთ არსებულ შინაგანაწესში, თავისი ინიციატივით, ისეთ პირობებს (ცვლილებებს) შეიტანს, რომელიც დასაქმებულისათვის ცნობილი არ იქნება და ყოველთვის შეიქმნება დასაქმებულის მხრიდან აღნიშნული შინაგანაწესის დარღვევის წინაპირობა. უფრო მეტიც, დასაქმებულის უფლება-მოვალეობა შეიძლება ისეთი სპეციფიური ღონისძიებების გატარებასა, თუ უფლებამოსილების განხორციელებას მოითხოვდეს, რაც დასაქმებულის სამუშაო აღწერილობიდან პირდაპირ არ დგინდება. ასეთ შემთხვევაშიც ინფორმაციის მიწოდება დამსაქმებლის ვალდებულებაა და აღნიშნული ვალდებულების განხორციელების დამადასტურებელი მტკიცებულებაც მისი წარმოსადგენია [სშკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი და სსკ-ის 318-ე მუხლი]. ამდენად, დამსაქმებელს უნდა წარმოედგინა მტკიცებულება მასზედ, თუ რა სამუშაო აღწერილობა შედიოდა მოსარჩელის, როგორც ამცრელი ექთნის მოვალეობაში, ასევე უნდა წარმოედგინა მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული მოვალეობების თაობაზე მოსარჩელე ინფორმირებული იყო. მასვე უნდა უზრუნველეყო მტკიცებულებების წარმოდგენა იმის დასამტკიცებლად, რომ მოსარჩელე მასზე დაკისრებულ შრომით მოვალეობას არ ასრულებდა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოებების დადასტურება მხოლოდ მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით შეუძლებელია. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც მოწმე სრულყოფილად ვერ განმარტავს, თუ რა შედიოდა მოსარჩელის ვალდებულებაში, რის საფუძველზე ამტკიცებდა, რომ აღნიშნული სწორედ ამცრელი ექთნის მოვალეობას წარმოადგენდა და ა. შ. მხოლოდ დამკვიდრებული შეხედულება, რომ „ყველა ექთანი ასე იქცევა..“, მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების დარღვევის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ გამოდგებოდა.
22. საბოლოოდ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა ვერ დაადასტურა, რაც მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერი საფუძველი შეიძლება გამხდარიყო, რის გამოც, მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
23. იმავდროულად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, შემდეგ გარემოებათა გამო:
24. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ უვადო ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილად ცნობის სამართლებრივი შედეგი ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან ხელშეკრულების გაგრძელებულად მიჩნევაა, თუმცა, ხელშეკრულების ავტომატურად გაგრძელებულად მიჩნევას სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი გამორიცხავს და ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის პირობებში, უფლებრივი რესტიტუციის სამ მექანიზმს ითვალისწინებს: პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას, ტოლფასს თანამდებობაზე დასაქმებას, ან კომპენსაციას.
25. ზემოაღნიშნული შესაძლებლობები, რიგითობის მიხედვით უნდა იქნეს განხილული, კერძოდ, შრომითი ხელშეკრულების ბათილობის პირობებში, შედეგობრივი თვალსაზრისით მიიჩნევა, რომ დასაქმებულთან დადებული ხელშეკრულება არც შეწყვეტილა. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის უპირველესი და ყველაზე მართებული სამართლებრივი შედეგი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაა.
26. თუმცა, ვინაიდან სშკ-ი დასაქმებულის უფლებებში რესტიტუციის სხვა შესაძლებლობებსაც იძლევა, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ როდესაც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელი ან მიზანშეუწონელია, გამოკვლეულ უნდა იქნეს სშკ-ი 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სხვა შესაძლებლობები, კერძოდ, დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა.
27. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის Nას-588-556-2014 განჩინებაზე და აღნიშნა, რომ დასახელებულ განჩინებაში სასამართლო განმარტავს, რომ: „სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია არსებობდა, თუ არა, ის თანამდებობა, რომელზე აღდგენასაც მოსარჩელე ითხოვს. იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული თანამდებობა გაუქმებულია და, შესაბამისად, პირვანდელ სამუშაო ადგილზე მოსარჩელის აღდგენა შეუძლებელია, სასამართლომ, შესაძლებელია, მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე იმსჯელოს, ხოლო, თუ ასეთი თანამდებობაც არ არსებობს, მაშინ უნდა გაირკვეს, არსებობს, თუ არა, მოსარჩელისათვის კომპენსაციის გადახდის წინაპირობები“.
28. სააპელაციო პალატამ აღნიშნა ისიც, რომ შრომის სამართლის ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილად ცნობა იმ სოციალური სამართლიანობის აღდგენის წინაპირობაა, რომელიც იარსებებდა, რომ არა დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტა. შესაბამისად, როდესაც უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტი ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილად ცნობასა და პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენას ითხოვს, აღნიშნული მოთხოვნა დასაქმებულის უპირატესი უფლებაა, რადგან მისი დათხოვნა, მისივე უკანონო გათავისუფლების თანმდევი შედეგია. შესაბამისად, დათხოვნის უკანონოდ ცნობის პირობებში, უკანონოდ დათხოვნილის მოთხოვნა, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის თაობაზე, დაცვის ღირსი ლეგიტიმური ინტერესის შემცველია. თუმცა, აღნიშნული უფლება აბსოლუტური კატეგორია არ არის და მისი დაკმაყოფილება გარკვეულ წინაპირობებზეა დამოკიდებული. სწორედ ამგვარი მსჯელობის განვითარების შედეგია სშკ-ის 38-ე მუხლით გათვალისწინებული შრომის უფლებებში აღდგენის სამი ალტერნატივა. ამ მიმართებით, პირველ რიგში, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ობიექტური შესაძლებლობა, კერძოდ, იგივე სამუშაო ადგილის არსებობა. მითითებული გარემოების თაობაზე მტკიცების ტვირთი დამსაქმებლის მხარეზეა. მან უნდა ადასტუროს ფაქტი მასზედ, რომ პირვანდელი სამუშაო ადგილი აღარ არსებობს, ან არსებობს, თუმცა, დაკავებულია. მისივე მტკიცების საგანში შედის იმის დადასტურება, რომ მესამე პირი სადავო პოზიციას იკავებს და იგი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია, და რომ სადავო პოზიციის მესამე პირის მხრიდან დაკავება ფორმალურ ხასიათს არ ატარებს და მხოლოდ რეალური საჭიროებიდან გამომდინარეობს. ამავდროულად, დამსაქმებლის პატივსადები ინტერესი გათავისუფლებულ დასაქმებულთან სამსახურებრივი ურთიერთობის გაგრძელების შეუძლებლობაშიც შეიძლება მდგომარეობდეს.
29. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე კლინიკაში ყველა ექთნის პოზიცია დაკავებულია. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხედველობაში იყო მისაღები ის გართულებული ურთიერთობები, რაც დამსაქმებელსა და დასაქმებულ შორის არსებობდა. სააპელაციო პალატის მითითებით აღნიშნულ გარემოებას ადასტურებდა თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მოსარჩელის განმარტება მასზედ, რომ „...ხოლო რაც შეეხება, 04.04.2012 წლის მოხსენებით ბარათს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის სახელზე, მოგახსენებთ, რომ პოლიკლინიკის დირექტორის თანამდებობაზე მისი დანიშვნის წინააღმდეგი იყო მთელი კოლექტივი და და ყველა გამოთქვამდა პროტესტს და არა მხოლოდ მე და ქ-ნი ქ-- ლ-, როგორც მოხსენებით ბარათშია აღნიშნული. ამის დასადასტურებლად გამოდგება ის ფაქტი, რომ 04.04.2012 წ. როცა ქ-ნ ე--ს თანამშრომლები არ უშვებდნენ დაწესებულებაში, თანამშრომელთა დასაწყნარებლად საკმარისი არ აღმოჩნდა დაბა წყნეთში მოქმედი პოლიციის განყოფილების თანამშრომლები და ქ. თბილისიდან გამოძახებული იქნა დამხმარე ძალა, რომლებიც შემდგომში მთელი კვირის განმავლობაში პატრულირებდნენ პოლიკლინიკის შენობას.“
30. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გართულებულ შრომით ურთიერთობაზე მეტყველებდა ასევე ის არაერთი განცხადება, რომლითაც მოსარჩელე ადმინისტრაციულ ორგანოებს მიმართავდა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 79-98, 36-337).
31. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება გამძაფრებული კონფლიქტის ნიადაგზე არასწორად შეწყდა, თუმცა, შეწყვეტის მართებული სამართლებრივი შედეგი მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენა კი არა, მისი გონივრული კომპენსირებაა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა მიზანშეწონილი არ არის, მაშინ, როდესაც გართულებული შრომითი ურთიერთობა სამუშაოს შესრულების შემაფერხებელ გარემოებად განიხილება, რაც, განსახილველ შემთხვევაში, ცხადად სახეზეა. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებდა, რომ დღეის მდგომარეობით ექთნის ვაკანტური პოზიცია არ არსებობდა, მოპასუხე პოლიკლინიკა კი, სახელმწიფოს დაფუძნებული საზოგადოებაა, შესაბამისად, შტატების გაზრდის თაობაზე სახელმწიფოს სათანადო ორგანოს ნებაა საჭირო (ტ. 1, ს.ფ. 142).
32. კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სშკ-ი არ აწესებს კომპენსაციის მინიმალურ, ან მაქსიმალურ ოდენობას. არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. შესაბამისად, სასამართლომ იმ შრომის სამართლებრივი „კარგი პრაქტიკით“ უნდა იხელმძღვანელოს, რასაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს. შრომით-სამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი, საშუალოდ, შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა. შ.
33. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი (2016 წლის 16 ივნისი), ის ანაზღაურება, რასაც ის ყოველთვიურად იღებდა (150 ლარი), ასევე ხელშეკრულების შეწყვეტიდან გასული დროის პერიოდი (12-13 თვე) და მივიდა დასკვნამდე, რომ, მოცემულ შემთხვევაში, 4 000 ლარი (ხელზე ასაღები) უკანონოდ დათხოვნილი თანამშრომლისათვის ჯეროვანი კომპენსაცია იქნებოდა.
34. სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე იმსჯელა მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყობის დაუდასტურებლობაზე და მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 3633 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც, მოპასუხეს იმის მტკიცების ტვირთი ეკისრება, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. იგივე წესს ადგენს არასასამართლო წარმოების დროს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, პირმა საქართველოს სახალხო დამცველს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. ამდენად, კანონი ადგენს, რომ დისკრიმინაციის ფაქტები სასამართლოს მხარემ (დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლმა) უნდა დაუსახელოს, რათა prima facie დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის პრეზუმფცია შეიქმნას. რაც შეეხება აღნიშნული ფაქტების მტკიცებას, მოსარჩელემ მის ხელთ არსებული და მისთვის მოპოვებადი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, ხოლო მოსარჩელის შესაძლებლობის მიღმა მტკიცებულებების წარმოდგენა მოპასუხეს ევალება. უფრო მეტიც, დისკრიმინაციის ფაქტი, სასამართლოს მხრიდან ex officio, საკუთარი ინიციატივით საკვლევი კატეგორია არ არის. დისკრიმინაციული საფუძვლით გათავისუფლების ამსახველი ფაქტების წარდგენაზე ვალდებული სუბიექტი მოსარჩელეა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ არა მხოლოდ უნდა განსაზღვროს შესადარებელ პირთა წრე, არამედ ასევე დაასაბუთოს აღნიშნულ პირებს შორის არსებითად თანასწორობა. კომპარატორის განსაზღვრაც და კომპარატორის სათანადოობის დასაბუთებაც მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა. უფრო მეტიც, სასამართლო მიიჩნევს, რომ შრომით ურთიერთობაში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს განსხვავებულ მოპყრობას, თუმცა, აღნიშნული გამოწვეული იყოს სამუშაოს სპეციფიკით, დასაქმებულის უნარ-ჩვევებით, კვალიფიკაციით, შესრულებული სამუშაოს ხარისხით და ა.შ. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში დასაქმებულმა უნდა მიუთითოს ფაქტები, თუ რაში მდგომარეობდა მის მიმართ (ვისთან შედარებით) არათანაბარი მოპყრობა და რატომ იყო აღნიშნული მოპყრობა მისთვის მისთვის დისკრიმინაციული (დაცული ნიშანი).
35. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
36. პირველმა კასატორმა მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება კომპენსაციის (4000 ლარი) დაკისრების ნაწილში და სადავოდ მიიჩნია კომპენსაციის გონივრულობა. იმავდროულად, აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება კომპენსაციის განსაზღვრის ნაწილში დაუსაბუთებელია.
37. მეორე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში. მეორე კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან დამსაქმებლის 2016 წლის 16 ივნისის N02/03 ბრძანება ცნობილია ბათილად, რაც სააპელაციო ინსტანციაშიც უცვლელად დარჩა, იგი აღდგენილი უნდა იქნას განთავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე, ან უნდა დაკმაყოფილდეს ტოლფასი სამსახურით. მხოლოდ ამ ორი ვარიანტის არ არსებობის შემთხვევაში შეუძლია სასამართლოს მიაკუთვნოს კომპენსაცია. სასამართლოს მსჯელობა მოსარჩელის ექთნის პოზიციაზე აღდგენის შეუძლებლობის თაობაზე, მაშინ როდესაც მას არ ეკავა ეს თანამდებობა და არც ითხოვდა ამ პოზიციაზე აღდგენას, დაუსაბუთებელია. მოსარჩელე ითხოვდა აღდგენას ამცრელი ექთნის პოზიციაზე. მეორე კასატორის განმარტებით, ამცრელი ექთნის პოზიცია არ წარმოადგენს სრულ საშტატო ერთეულს, ვინაიდან აღნიშნული პოზიცია ითვალისწინებს სამსახურეობრივი ვალდებულების შესრულებას შეთავსებით. მოსარჩელე არის დევნილი, ცხოვრობს იმავე ტერიტორიაზე, სადაც დაარსებიდან განლაგებულია ზემოაღნიშნული სამედიცინო დაწესებულება და 23 წლის განმავლობაში მუშაობდა აღნიშნულ ცენტრში. მისი უკანონოდ განთავისუფლების შემდგომ, აღნიშნულ პოზიციაზე შეთავსებით იქნა მოწვეული თანამშრომელი, რომლისთვისაც მოსარჩელისაგან განსხვავებით აღნიშნული სამსახური არ არის ერთადერთი. მოსარჩელეს და მის სამსულიან ოჯახს სამსახურის დაკარგვის შედეგად მიენიჭა სოციალურად დაუცველის სტატუსი და დაენიშნა ყოველთვიური შემწეობა 50.00 ლარის ოდენობით. მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულების, სააპელაციო ინსტანციამ არ გაითვალისწინა მისი სოციალური მდგომარეობა და უგულველყო ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს აღნიშნული დაწესებულების გარდა სხვა სამუშაო არ ჰქონია არც წყნეთის დასახლებაში და არც თბილისში და მისი დასაქმების პერსპექტივაც არ არსებობს. ამასთან, გაუგებარია კომპენსაციის ოდენობაც, რაც სოციალურად დაუცველი დევნილი ოჯახის მატერიალურ მდგომარეობას ვერ შეამსუბუქებს.
38. მეორე კასატორი სადავოდ ხდის აგრეთვე დისკრიმინაციის განხორციელების ფაქტის არარსებობასაც და მიაჩნია, რომ სარჩელში დაწვრილებით ჩამოყალიბებულია დისკრიმინაციის ფაქტები: მოსარჩელის გადაყვანა უბნის ექთნის პოზიციიდან ამცრელი ექთნის პოზიციაზე არ გამომდინარეობდა დაწესებულების საჭიროებიდან. უფრო მეტიც, პოზიციების ასეთი ცვლილებით ირღვეოდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის N../ნ ბრძანება, რომლის თანახმად, პირველადი ჯანმრთელობის მიწოდებას აწარმოერს გუნდ(ებ)ი, რომელიც შედგება ექიმი სპეციალისტისგან და ექთნისაგან (მუხლი 1. პუნქტი 2). დამსაქმებელმა მოსარჩელეს უბნის ექთნის მოვალეობის მხოლოდ ერთი ნაწილი - ბავშვთა მოსახლეობის აცრა დაუტოვა. ექთნის დანარჩენი სამუშაო კი ექიმს დააკისრა, რაც მოწმის სტატუსით მოწვეულმა ექიმმა ქ. ლ--მ დაადასტურა სააპელაციო სასამართლოში, სადაც აღნიშნა, რომ ექთნის მოვალეობას თავად ასრულებდა, რაც მინისტრის ბრძანებასთან წინააღმდეგობაშია. ასევე, ქ.ლ-------ს, ჩვენებით და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს აკისრებდნენ და ის ასრულებდა უბნის ექთნის მოვალეობას სრული მოცულობით 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით. უფრო მეტიც, მას აკისრებდნენ ექიმის მოვალეობასაც - კერძოდ, ვაქცინაციის რეგისტრაციის ფორმების შევსებას. მრავალი წლის განმავლობაში ამცრელი ექთნის პოზიციაზე დასაქმებულს ევალებოდა 2 სამუშაო დღის ნაცვლად ემუშავა 5 სამუშაო დღე ანუ, მევალებოდა სამუშაოს შესრულება სრული საშტატო ერთეულის ექთნის პოზიციის, მაშინ როდესაც გაფორმებული იყო ამცრელი ექთნის პოზიციაზე და იღებდა ხელფასს აღნიშნული პოზიციის გათვალისწინებით. ამასთან, მხოლოდ მოსარჩელე არ იღებდა პრემიას და დანამატს (იხ. სარჩელი სამოქალაქო საქმეზე). აღნიშნულთან დაკავშირებით დირექტორს არცერთ ინსტანციაში არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომელიც გააბათილებდა დასახელებულ ფაქტებს.
39. სააპელაციო სასამართლომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გართულებული შრომით ურთიერთიერთობა ჩათვალა მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მიზანშეწონილობის შემაფერხებელ გარემოებად და არ გაითვალისწინა ის, რომ მოსარჩელე იბრძოდა თავისი უფლებების დასაცავად და ამიტომ ამხელდა დირექტორს უკანონო ქმედებებში და მიმართავდა მაკონტროლებელ ორგანოებს კანონიერი გზით, რაც მისი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებაა. ამ გარემოების სამუშაოს შესრულების შემაფერხებლად მიჩნევა, ზოგადად და ამ კერძო შემთხვევაში, ხელს შეუწყობს დამსაქმებლის უფლებების შეუზღუდაობას და დასაქმებულის უფლებების შელახვას.
40. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ორივე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სამართლებრივი საფუძვლით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
41. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, ასევე, მტკიცებულებების შეჯერებისა და გაანალიზების, საკასაციო საჩივრების იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგი მოტივაციით:
42. მოცემულ შემთხვევაში, განსახილველი ორი საკასაციო საჩივრიდან პირველი საკასაციო შედავება წარმოდგენილია სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის სამართლებრივი საფუძვლით სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი მუშაკისათვის კომპენსაციის სახით მისაცემი თანხის შეუსაბამოდ განსაზღვრის კუთხით, ხოლო მეორე საკასაციო შედავება შეეხება სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის არასწორ სამართლებრივ განმარტებას.
43. მეორე კასატორს მიაჩნია, რომ სამსახურიდან დათხოვნის უკანონოდ ცნობის თანმდევ სამართლებრივ შედეგად უმათებულოდ იქნა მიჩნეული მუშაკის მხოლოდ კომპენსირება თანხის გადახდით, მაშინ როდესაც სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი გათავისუფლებამდე არსებულ თანამდებობასა ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ვალდებულებას ადგენდა. გარდა აღნიშნულისა, მეორე კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრული იურიდიული შედეგის განმაპირობებელ საფუძვლად ექთნის ვაკანტური თანამდებობის არარასებობის შესახებ, მაშინ როდესაც უკანონოდ დათხოვნილი მუშაკი არც ექთნის თანამდებობაზე მუშაობდა, არც ამ თანამდებობიდან გათავისუფლებულა და შესაბამისად, აღარც მასზე აღდგენას ითხოვდა. უკანონოდ დათხოვნილი მუშაკი იკავებდა ამცრელი ექთნის თანამდებობას. შესაბამისად, სწორედ ამ თანამდებობაზე აღდგენა იყო სასარჩელო მოთხოვნა, რაზედაც უკანონოდ ეთქვა უარი.
44. წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიების შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა, რომ მეორე კასატორთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა არამართლზომიერად, არაკანონიერად. შესაბამისად, საკასაციო პალატამ მსჯელობა უნდა იქონიოს მეორე კასატორის პრეტენზიაზე, რომელიც უკანონოდ დათხოვნილი მუშაკის გათავისუფლებულ თანამდებობაზე აღდგენის იურიდიული შედეგის დადგომისკენაა მიმართული სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის საფუძველზე, რომელიც დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელს ავალდებულებს პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს იგი ტოლფასი სამუშაოთი. გამომდინარე იქიდან, რომ თუკი იარსებებს მეორე საკასაციო საჩივრის გაზიარების საფუძველი, შედეგობრივი თვალსაზრით გამოირიცხება შედავების მართებულობის კვლევა კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში.
45. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
46. მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის 2012 წლის 03 დეკემბერს დაიდო შრომითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, დასაქმებული დაინიშნა ამცრელი ექთნის პოზიციაზე.
47. დამსაქმებლის 2013 წლის 03 იანვრის N0..ბრძანებით თანამშრომლებისათვის 2012 წლის 03 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებები გაგრძელდა 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
48. 2014 წლის 03 იანვარს (N…წ. კონტრაქტი) დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის დაიდო შრომის ხელშეკრულება, რომლითაც დასაქმებული ამცრელი ექთნის პოზიციაზე დაინიშნა.
49. დამსაქმებლის 2014 წლის 02 ივლისის N…/25 ბრძანებით საზოგადოებაში 2014 წლის 03 იანვრის შრომითი ხელშეკრულებები ექვსი თვით გაგრძელდა.
50. 2015 წლის 05 იანვრიდან დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება N…15წ., რომლითაც მოსარჩელე დაინიშნა ამცრელი ექთნის პოზიციაზე.
51. დამსაქმებლის 2015 წლის 08 ივნისის N…ბრძანებით საზოგადოების თანამშრომლებს 2015 წლის 05 იანვრის შრომითი ხელშეკრულებები 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაუგრძელდათ.
52. დამსაქმებლის 2016 წლის მარტის N01/12 ბრძანების საფუძველზე, დასაქმებულს დადგენილი დისციპლინური ნორმების, ეთიკისა და დაწესებულების ხელმძღვანელის მიმართ გაკეთებული ცილისწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, მიეცა საყვედური.
53. 2016 წლის 16 ივნისის N…ბრძანებით დასაქმებული გათავისუფლდა სამსახურიდან. გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ის) 37-ე მუხლის „ზ“ და „თ“ პუნქტები [დისპოზიცია: (ზ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა; (თ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა].
54. დასაქმებულის მიერ აღძრული სარჩელის საფუძველზე დისციპლინურ პასუხისმგებლობაში მიცემის შესახებ, მოპასუხის 2017 წლის 16 მარტის N…ბრძანება და ამცრელი ექთნის თანამდებობაზე მოსარჩელისათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოპასუხის დირექტორის 2016 წლის 16 ივნისის N02/03 ბრძანება ბათილადაა ცნობილი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილებით. ამ ნაწილში, გადაწყვეტილება უცვლელადაა დატოვებული
55. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 06 ივლისის გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმგვარად ჩამოაყალიბა რომ მოსარჩელეს მიაკუთვნა კომპენსაცია სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის სამართლებივი საფუძვლით, ხოლო სამსახურში აღდგენის შესახებ მოთხოვნა უარყო.
56. სააპელაციო პალატის დასაბუთება სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში დასაბუთებულია იმ გარემოებებსა და მოსაზრებებზე მითითებით, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებობული გართულებულ შრომით ურთიერთობის ფონზე მართებული იქნებოდა არა მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენა, არამედ მისი გონივრული კომპენსირება. სააპელაციო პალატის ამგვარი დასკვნა გამომდინარეობს მისი იმ მოსაზრებიდან, რომ უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა მიზანშეწონილი არ არის, მაშინ, როდესაც გართულებული შრომითი ურთიერთობა სამუშაოს შესრულების შემაფერხებელ გარემოებად განიხილება. სამსახურში აღგენის შესახებ აღნიშნული მოსაზრების გასამყარებლად სააპელაციო პალატამ აგრეთვე იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ ექთნის ვაკანტური პოზიცია მოპასუხე პოლიკლინიკაში არ არსებობდა.
57. საგულისხმოა, რომ მეორე კასატორის პრეტენზია სწორედ იმ გარემოებას ემყარება, რომ სასამართლოს მსჯელობა მოსარჩელის ექთნის პოზიციაზე აღდგენის შეუძლებლობის თაობაზე გაუმართლებელია, მაშინ როდესაც მოსარჩელეს საერთოდ არ ეკავა ეს თანამდებობა და არც ითხოვდა ამ პოზიციაზე აღდგენას. მოსარჩელე ითხოვდა აღდგენას ამცრელი ექთნის პოზიციაზე.
58. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში, წარმოდგენილია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა)საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ)არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
59. საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო პალატამ პირველ რიგში, ჯეროვნად უნდა გამოიკვლიოს რა თანამდებობა ეკავა მოსარჩელეს გათავისუფლებამდე და ამის შესაბამისად, იმსჯელოს სსკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიზნიდან გამომდინარე, სამსახურში აღდგენის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნაზე.
60. გარდა ამისა, ორივე კასატორის პრეტენზია კომპენსაციის ოდენობას შეეხება.
61. კომპენსაციის ოდენობის 4000 ლარით განსზღვრისას სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სშკ-ი არ აწესებს კომპენსაციის მინიმალურ, ან მაქსიმალურ ოდენობას. არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. შესაბამისად, სასამართლომ იმ შრომის სამართლებრივი „კარგი პრაქტიკით“ უნდა იხელმძღვანელოს, რასაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს (ამ განჩინების პ-32). ამ ნაწილში, კასატორმა წარმოადგინა შემდეგი შინაარსის საკასაციო პრეტენზია: მოსარჩელეს და მის სამსულიან ოჯახს სამსახურის დაკარგვის შედეგად მიენიჭა სოციალურად დაუცველის სტატუსი და დაენიშნა ყოველთვიური შემწეობა 50.00 ლარის ოდენობით. მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულების, სააპელაციო ინსტანციამ არ გაითვალისწინა მისი სოციალური მდგომარეობა და უგულველყო ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს აღნიშნული დაწესებულების გარდა სხვა სამუშაო არ ჰქონია არც წყნეთის დასახლებაში და არც თბილისში და მისი დასაქმების პერსპექტივაც არ არსებობს.
62. ხოლო რაც შეეხება პირველ საკასაციო საჩივარს, აღნიშნულით მოთხოვნილი იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება კომპენსაციის განსაზღვრის ნაწილში.
63. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან და მითითებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სამართლებრივი შედეგით მეორე საკასაციო საჩივარიც ნაწილობრივ დასაკმაყოფილებელია. რადგან კომპენსაციის განსაზღვრის ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული. აღნიშნული კი, კომპენსაციის განსაზღვრის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
64. დავის ხელახლა განხილვისას სააპელაციო პალატამ ჯერ უნდა გამოიარკვიოს მოსარჩელის სამსახურში აღდგენის შესაძლებლობა, ხოლო შემდგომ, საჭიროების მიხედვით, იმსჯელოს კომპენაციის სამართლიან და გონივრულ ოდენობაზე. რა დროსაც, მხედველობაშია მისაღები საქმის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები: ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ობიექტური საფუძველი, სამომავლოდ დასაქმების პერსპექტივა, მუშაკის მატერიალური მდგომარეობა და ა.შ.
65. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხიც.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს დ--ი „ც--ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ზ- გ--ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე