Facebook Twitter

საქმე №ას-819-767-2017 20 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – გ-- ხ–ვილი, ე- ც-ე, მ- ხ--–ვილი, ს-ვ- ხ–ვილი (მოპასუხეები, მოწინააღმდეგე მხარე)

მოწინააღმდეგე მხარე - ზ- ქ-ვილი (მოსარჩელე, აპელანტი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოპასუხისათვის 293 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2012 წლის 04 სექტემბერს, ზ- ქ–ვილსა (შემდეგში: მოსარჩელე) და გ- ხ–ვილს (შემდეგში: მოპასუხე) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება (შემდეგში: სესხის ხელშეკრულება). სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 2012 წლის 31 დეკემბერს. სესხის ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა ნოტარიუსმა.

2. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის, ე-- ც-ის, მ- ხ-ვილის (შემდეგში: პირველი დასაჩუქრებული), ს-ვ- ხ–ვილის (შემდეგში: მეორე დასაჩუქრებული), ბ- კ-ის, ქ- ქ-–ვილის, ლ–- ლ–ვილის, ლ---- მ-ვილის, რ- ს--იას, გ-- ჩ-–ის, გ- ს–ვილის, ზ- კ--იას მიმართ და მოითხოვა:

3. მოპასუხისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 293000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება;

4. 2013 წლის 29 იანვარის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების, ასევე, 2013 წლის 30 მაისის ჩუქების ხელშეკრულების და 2013 წლის 11 სექტემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

5. 2013 წლის 30 მაისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ყველა იმ პირობის ბათილად ცნობა, რომელიც ეხება იპოთეკასა და იპოთეკის საგანს, კერძოდ, ხელშეკრულების მე-4-7-ე მუხლებში ჩამოყალიბებული პირობების ბათილად ცნობა.

6. მოპასუხემ თავდაპირველ სარჩელთან ერთად განსახილველად წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 293 აშშ დოლარის გადახდა.

8. ამავე გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილი იქნა მოპასუხისათვის 292 707 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.

9. ასევე, გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილია ე- ც-ის, პირველი და მეორე დასაჩუქრებულის და გ-- ხ–ვილის მიმართ 2013 წლის 29 იანვრის, 30 მაისის და 11 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში; ბ- კ--ის, ქ ქ-ვილის, ლ--–- ლ-–ვილის, ლ- მ-–ვილის, რ- ს---იას, გ--–- ჩ-ის, გ- ს--ვილის და ზ- კ--იას მიმართ 2013 წლის 30 მაისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის ნაწილში.

10. უარყოფილია შეგებებული სარჩელიც.

11. პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელის მოთხოვნათა დასაბუთებულობის განხილვის მიზნით უპირატესად უნდა გარკვეულიყო სესხის ხელშეკრულების შედგენისას მხარეთა რეალური ნება მიმართული იყო 293 თუ 293000 აშშ დოლარის სესხებისკენ.

12. ამის მნიშვნელობა განპირობებულიყო იყო იმით, რომ შეთანხმებაში ციფრობრივად და სიტყვიერად მითითებული იყო ურთიერთგანსხვავებული მონაცემი.

13. ყურადღება გამახვილდა რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებაზე:

14. პირველი, 2012 წლის 04 სექტემბრის ხელშეკრულებაში მითითებული თანხა გაცემული იყო ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე და ვალდებულების შესრულების მიზნით მსესხებლის უძრავი ქონება დაუტვირთავი იყო.

15. მეორე, ორასოთხოცდაცამეტი ათასი აშშ დოლარი ან მისი ექვივალენტი ლარი წარმოადგენდა მოცულობით თანხას, ხოლო სასარჩელო მოთხოვნების განხილვისას მოსარჩელე ვერც განმარტავდა და ვერც ადასტურებდა გააჩნდა თუ არა მას აღნიშნული ფულადი რესურსი.

16. მესამე, 2012 წლის 04 სექტემბრის სესხის ხელშეკრულების შედგენისას მოსარჩელეს თავადაც გააჩნდა შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულებანი სახელმწიფო ბიუჯეტის და სს „თ-ის“ (შემდეგში: ბანკის) მიმართ. მის მიმართ მიმდინარეობდა სააღსრულებო ღონისძიებანი.

17. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ 2012 წლის 04 სექტემბერის ხელშეკრულებაში დაშვებული იყო მხოლოდ ტექნიკური ხასიათის უზუსტობა და მხარეებმა სესხის ხელშეკრულება შეადგინეს მხოლოდ 293 აშშ დოლარის გადაცემის მიზნით. მოპასუხეს მოსარჩელისაგან მიღებული ჰქონდა მხოლოდ სესხის ხელშეკრულებაში მითითებული 293 აშშ დოლარი.

18. 2012 წლის 04 სექტემბრის გარიგების ბათილად ცნობის შესახებ წარდგენილი შეგებებული სარჩელის უარყოფა კი, გამომდინარეობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) მე-4 და 102-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგების ბათილად ცნობის მტკიცების ტვირთის არასაკმარისად განხორციელებით.

19. დაუდასტურებელად იქნა მიჩნეული მოსარჩელის მითითება სადავო 2013 წლის 29 იანვრის, 30 მაისის და 11 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულებების არანამდვილობასთან (გარიგებების გაფორმება მარტოოდენ კრედიტორის მიმართ არსებული ფინანსური ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით) მიმართებითაც, იმ თვალსაზრისით, რომ კრედიტორის მიმართ მოპასუხის ფინანსური ვალდებულება მხოლოდ 293 აშშ დოლარით შემოიფარგლებოდა.

20. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

21. მოგვიანებით, სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე, იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში მოსარჩელემ უარი თქვა მოთხოვნაზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა, რაც დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინებით იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება.

22. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 293 000 აშშ დოლარი; ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 29 იანვარს, ერთი მხრივ, მოპასუხესა და მეორე მხრივ, პირველ და მეორე დასაჩუქრებულს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება, 2013 წლის 30 მაისს, ერთი მხრივ, პირველ და მეორე დასაჩუქრებულს, ხოლო, მეორეს მხრივ, ე-- ც-ეს შორის, დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება და 2013 წლის 11 სექტემბერს, ერთი მხრივ, ე-- ც--ესა და მეორე მხრივ, პირველ და მეორე დასაჩუქრებულს შორის, დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება.

23. გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 03.10.2012 წლისათვის მოპასუხის სახელზე ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე, ქ. თ---–--ში, ,,დ- --’’-ის საცხოვრებელ კვარტალში (ნაკვეთი N18) (შემდეგში: სადავო უძრავი ქონება).

24. მოპასუხის მიერ არსებული ფულადი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად სადავო უძრავი ქონება დატვირთული იყო იპოთეკით (01.07.2008 წლის იპოთეკის ხელშეკრულება).

25. 2013 წლის 17 იანვრის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინების საფუძველზე, მოპასუხეს ეცნობა, რომ მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, 14.01.2013 წელს, აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ. აღსასრულებელ თანხას შეადგენდა 485 100,00 ლარი (ტომი 1; ს.ფ. 7).

26. 2013 წლის 29 იანვარს, ერთის მხრივ მოპასუხესა და მეორეს მხრივ პირველ და მეორე დასაჩუქრებულს შორის დაიდო უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ პირველ და მეორე დასაჩუქრებულს აჩუქა სადავო უძრავი ქონება. ჩუქების გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერები დაამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა თანამშრომელმა.

27. 01.02.2013 წელს მომზადებული ამონაწერის თანახმად, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეებს წარმოადგენენ პირველ და მეორე დასაჩუქრებული. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 29.01.2013 წლის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, ხოლო, უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციის თარიღად - 01.02.2013წ. (ტომი 1; ს.ფ. 112, 113).

28. 29.01.2013 წლის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში პირველ და მეორე დასაჩუქრებულის უფლების რეგისტრაციის მომენტისათვის (01.02.2013წ.) ქონებაზე არსებული ყადაღა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თ--ის სარეგისტრაციო სამსახურის 31.01.2013 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე შეწყვეტილი იყო (ტომი 2; ს.ფ. 55); რაც შეეხება ქონების უფლებრივ დატვირთვას, მასზე კვლავ აღინიშნებოდა იპოთეკა ბანკის სასარგებლოდ (ტომი 1; ს.ფ. 112, 113).

29. 2013 წლის 30 მაისს შედგენილი სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად, ე-ც-ემ ბ-- კ-ისგან მიიღო 32000 აშშ დოლარი, ქ-- ქ-–ვილისგან მიიღო 7000 აშშ დოლარი, ლ-ლ-–ვილისგან მიიღო 15000 აშშ დოლარი, ლ--- მ–ვილისგან მიიღო 5000 აშშ დოლარი, რ- ს-იასგან მიიღო 30000 აშშ დოლარი, გ- ჩ–ისგან მიიღო 45000 აშშ დოლარი, გ-- ს–ვილისგან მიიღო 30000 აშშ დოლარი და ზ- კ---იასგან მიიღო 5000 აშშ დოლარი. ე- ც-ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა სადავო უძრავი ქონება (ტომი 1; ს.ფ. 27-33). ამავე დღეს, 2013 წლის 30 მაისს, ერთი მხრივ პირველ და მეორე დასაჩუქრებულს, ხოლო, მეორე მხრივ, ე- ც------ეს შორის, სადავო უძრავ ქონებაზე გაფორმდა ჩუქება. გარიგებაზე ხელმოწერები დაამოწმა ნოტარიუსმა (ტომი 1; ს.ფ. 11, 12).

30. 11.09.2013 წელს მომზადებული ამონაწერის თანახმად, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს ე--- ც--ე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 30.05.2013 წლის ჩუქების ხელშეკრულება, ხოლო, უფლების რეგისტრაციის თარიღად - 04.06.2013წ. ამონაწერის თანახმად, სადავო უძრავი ქონება დატვირთულია იპოთეკით 30.05.2013 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებული ფიზიკური პირების სასარგებლოდ (ტომი 1; ს.ფ. 3, 4).

31. 2013 წლის 11 სექტემბერს, ერთი მხრივ ე- ც-ესა და მეორე მხრივ, პირველ და მეორე დასაჩუქრებულს შორის, დაიდო უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ე--- ც--ემ პირველ და მეორე დასაჩუქრებულს აჩუქა სადავო უძრავი ქონება. გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერები დაამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა თანამშრომელმა (ტომი 1; ს.ფ.17).

32. 11.09.2013 წელს მომზადებული ამონაწერის თანახმად, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეებს წარმოადგენენ: პირველ და მეორე დასაჩუქრებული. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 11.09.2013 წლის ჩუქების ხელშეკრულება, ხოლო, უფლების რეგისტრაციის თარიღად - 11.09.2013წ. ამონაწერის თანახმად, სადავო უძრავი ნივთი დატვირთულია იპოთეკით 30.05.2013 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებული ფიზიკური პირების სასარგებლოდ (ტომი 1; ს.ფ. 61-62).

33. პირველ და მეორე დასაჩუქრებულები არიან მოპასუხისა და ე-- ც--ის შვილები. მოპასუხე და ე- ც---ე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 2009 წლის 29 ივლისიდან.

34. საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა 2012 წლის 31 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების მიზნით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით მოვალეს წარმოადგენს მოსარჩელე, ხოლო აღსასრულებელი თანხის მოცულობა შეადგენდა 190 ლარს. 2012 წლის 31 მარტს შსს საპატრულო პოლიციამ შეადგინა მეორე სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით შესასრულებელი ვალდებულება შეადგენდა 160 ლარს. მოთხოვნის აღსრულების მიზნით კრედიტორმა მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. აღსრულების მიზნით დაყადაღდა მოსარჩელის სახელზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება.

35. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 04 მაისის გადახდის ბრძანების შესაბამისად მოსარჩელეს ბანკის სასარგებლოდ დაეკისრა 7485,17 ლარი. 2012 წლის 05 ივნისს შედგა სააღსრულებო ფურცელი.

36. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ ბანკის მიწერილობის თანახმად კრედიტორი სააღსრულებო სამსახურს ატყობინებს მოსარჩელის მიმართ მოთხოვნის 5225 ლარამდე შემცირების შესახებ.

37. სააპელაციო სასამართლომ დავის სამართლებრივი მოწესრიგების თვალსაზრისით იმსჯელა, სესხის ხელშეკრულების შედგენისას მხარეთა რეალურ ნებაზე - მიმართული იყო იგი 293 თუ 293000 აშშ დოლარის სესხებისკენ [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 52-ე მუხლი]. აღნიშნულის გასარკვევად კი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხედველობაში იყო მისაღები „გონიერი ადამიანის“ ქცევის სტანდარტიდან გამომდინარე, ხელშეკრულებაში მითითებული სადავო სესხის თანხების შეუსაბამობა, რომელთაგან რაღათქმა უნდა ერთ-ერთი მათგანი მექანიკურ შეცდომას წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ბევრად უფრო შესაძლებელი იყო, შეცდომა დაშვებულიყო სესხის თანხის ციფრობრივ, ვიდრე მის სიტყვიერ აღნიშვნაში, რამდენადაც სადავოდ გამხდარი სიტყვიერი აღნიშვნა გაცილებით მეტი წერითი-გრაფიკული ნიშნის შემცველია, ვიდრე სესხის თანხის ციფრობრივი აღნიშვნა.

38. სააპელაციო პალატამ მიუხედავად ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპისა (სსკ-ის 319-ე მუხლი) ძნელად წარმოსადგენად მიიჩნია სესხის ხელშეკრულების დადება 293 აშშ დოლარზე, რადგან უფრო ლოგიკური იქნებოდა სესხის ხელშეკრულების დადება 300 აშშ დოლარზე, 290 აშშ დოლარზე, ან/და თუნდაც 295 აშშ დოლარზე.

39. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სადავო სესხის ხელშეკრულებაში ციფრობრივად მითითებული თანხა (293 აშშ დოლარი), როგორც წესი, სასეხო ურთიერთობებში არ წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს. ამდენად, სესხის ოდენობის დადგენისას, გონიერი ადამიანი უპირატესობას მიანიჭებდა სიტყვიერ ჩანაწერს, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, 293 000 აშშ დოლარის სესხება უფრო ლოგიკური იყო ვიდრე, 293 აშშ დოლარის. ამასთან, სესხის ხელშეკრულებაზე მხართა ხელმოწერების ნამდვილობა დაამოწმა ნოტარიუსმა, თუმცა, 293 აშშ დოლარზე სესხის ხელშეკრულების დადებისას ხელმოწერების ნოტარიუსის მიერ დადასტურება, უფრო ალოგიკური იყო, ვიდრე ლოგოკური.

40. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2013 წლის 14 იანვარს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება მოპასუხის მიმართ ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით. მოპასუხემ კი, მას შემდეგ, რაც შეიტყო აღნიშნულის თაობაზე (2013 წლის 24 იანვარი) 2013 წლის 04 თებერვალს წარადგინა პროტესტი.

41. იმავდროულად, მოპასუხემ სადავო უძრავი ქონება, 2013 წლის 29 იანვრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე განკარგა მცირეწლოვანი შვილების: პირველი და მეორე დასაჩუქრებულების სასარგებლოდ. მოპასუხის მიერ უძრავი ქონების განკარგვა განხორციელებული იყო ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მისი შეტყობინებიდან (24.01.2013წ.) 5 დღის შემდეგ (29.01.2013წ). ამ გარემოების გაანალიზებისა და შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ 293 აშშ დოლარის სასესხო დავალიანების გადახდისაგან თავის არიდების გამო, მოპასუხე შეტყობინების მიღებიდან 5 დღეში არ გააჩუქებდა ბინას მისსავე ქალიშვილებზე, რომლებმაც, შემდეგომ დედის სასარგებლოდ განკარგეს მითითებული უძრავი ქონება, ხოლო, ამ უკანასკნელმა თავის მხრივ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, კვლავ დაუბრუნა უძრავი ნივთი შვილებს.

42. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებაში დაშვებული იყო ტექნიკური ხასიათის უზუსტობა და მხარეებმა სესხის ხელშეკრულება შეადგინეს 293 000 აშშ დოლარის გადაცემის მიზნით.

43. რაც შეეხება ამ მოცულობის თანხის უზრუნველყოფის გარეშე გაცემის საკითხს, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ეჭვის საფუძვლად მიიჩნია, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა იმ მოსაზრებით, რომ ამ დროისათვის მოპასუხის სადავო უძრავი ქონება დატვირთული იყო იპოთეკით ბანკის სასარგებლოდ 01.07.2008 წლის იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, ირკვეოდა ისიც, რომ მოპასუხეს, 12.10.2005 წელს დადებული სესხის ხელშეკრულების თანახმად, ბანკისაგან მიღებული ჰქონდა 250 000 აშშ დოლარი, 25 წლის ვადით. ხოლო, ვალდებულებით გრაფაში იყო მითითება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.12.2011 წლის N2/13410-11 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ედო ყადაღა (ტომი 1; ს.ფ. 43-44). ამდენად, უძრავ ქონებაზე ყადაღის არსებობისას, შეუძლებელი იყო მისი დამატებით უფლებრივი დატვირთვა. ამასთან, გასათვალისწინებელი იყო ის გარემოებაც, რომ 2012 წლის 04 სექტემბრის ხელშეკრულებით გაცემული სესხი არ იყო სარგებლიანი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ ამ თანხის გადაცემით მოსარჩელე არ იყო დაინტერესებული. შესაბამისად, იგი, მოპასუხესთან ახლო ურთიერთობაში ყოფნის გამო, არ იყო დაინტერესებული მოთხოვნა უზრუნველეყო ქონებით ან კანონით გათვალისწინებული სხვა საშუალებით.

44. რაც შეეხება აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან, 2012 წლის 04 სექტემბრის სესხის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის თავად მოსარჩელე მხარეს გააჩნდა კრედიტორების მიმართ ვალდებულებები, შესაბამისად, 293 000 აშშ დოლარის მოცულობის ფულადი თანხა მას არ გააჩნდა და იგი ამ ოდენობის თანხის გასესხებას ვერ შეძლებდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, მხარეთა მიერ მათი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის საფუძვლად მითითებულ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არა აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. თუმცა, რიგ შემთხვევებში, მტკიცებულების არჩევის აუცილებლობას თვით მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს. ფულადი ვალდებულების სპეციფიკიდან გამომდინარე, მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების წარმოშობის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს მოვალისათვის თანხის გადაცემის ფაქტზე. სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა და იგი დადებულად ითვლება მსესხებლისათვის თანხის ან გვაროვნული ნივთის გადაცემის მომენტიდან. სესხის ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე, გასესხებული თანხის გადაცემის დამტკიცების მოვალეობა აქვს გამსესხებელს. ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს თანხის გადაცემის და შესაბამისად, სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი არ შეიძლება დადასტურდეს ზეპირი სახის მტკიცებულებებით – მოწმის ჩვენებით, მხარის ახსნა-განმარტებით.

45. ამდენად, კანონმდებელი სესხის ხელშეკრულების წერილობით ფორმას გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს, რადგან ხელშეკრულების სადავოობისას მხარეთა ინტერესების დაცვა იყოს გარანტირებული, გამსესხებელი - თავისი მოთხოვნის დასადასტურებლად მიუთითებდა წერილობითი ფორმით დადებულ სესხის ხელშეკრულებაზე, მსესხებელს კი, უნდა ედასტურებინა ამ საბუთის უსწორობა.

46. მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა გასესხებული თანხის გადაცემის დამტკიცების მოვალეობა და არა გასესხებული თანხის წარმოშობის წყაროს დამაჯერებლობა. შესაბამისად, თუ საიდან გააჩნდა გამსესხებელს თანხის ეს ოდენობა, გამსესხებლის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას აღარ წარმოადგენდა.

47. ამასთან, თავის მხრივ, არც მოპასუხეს წარუდგენია ისეთი მტკიცებულებები, რაც გააბათილებდა სანოტარო წესით დადასტურებულ წერილობით სესხის ხელშეკრულებაში მითითებული სესხის ოდენობას (293 000 აშშ დოლარი) და მტკიცების ტვირთს, ამ ნაწილში, შეაბრუნებდა მოსარჩელე მხარისკენ.

48. სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

49. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

50. ზემოაღნიშნული მუხლებისა და სსკ-ის 623-624-ე მუხლების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კრედიტორმა მოვალეს სესხად გადასცა სწორედ 293 000 აშშ დოლარი.

51. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე სადავო ჩუქების ხელშეკრულებების ბათილობის საფუძვლად მიუთითებდა მათ მოჩვენებითობაზე [სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი]. მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში, აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ამრიგად, აუცილებელი იყო ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. მითითებული გარემოებების დადასტურება გარიგების ბათილობის მომთხოვნი მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.

52. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ მოპასუხეები იყვნენ ოჯახის წევრები. კერძოდ, დადგენილი იყო, რომ პირველი და მეორე დასაჩუქრებული წარმოადგენდა მოპასუხის და ე--- ც--ის შვილებს. მოპასუხე და ე---- ც---ე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 2009 წლის 29 ივლისიდან.

53. ამასთან, ჩუქების ხელშეკრულების საგანზე, დროის მოკლე პერიოდში, რამდენჯერმე გაფორმდა ჩუქება-გაჩუქება, რაც მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადებისას, ოჯახის წევრები მოქმედებდნენ იმ განზრახვით, რომ შეენარჩუნებინათ საკუთრება სადავო ბინაზე, რომელიც შესაძლოა, მოსარჩელის მიმართ სასესხო ვალდებულების არსებობის გამო, მიქცეულიყო სარეალიზაციოდ.

54. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული პრეზუმირებული ფაქტები ქმნიდნენ სადავო გარიგებების მოსაჩვენებლად დადების ვარაუდს, რაც სსკ-ის 56.1 მუხლის მიხედვით, ამ გარიგებების ბათილობის საფუძველი იყო.

55. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი. კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ შეგნებულად არ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ 2013 წლის 17 იანვრის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინება მოვალეს ან/და მისი ოჯახის წევრს არ ჩაბარებია.

56. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ ბანკის წარმომადგენლის წერილის მიხდვით ირკვეოდა, რომ კრედიტორი სააღსრულებო სამსახურს ატყობინებს მოსარჩელის მიმართ მოთხოვნის 5225 ლარამდე შემცირების შესახებ. შეტყობინება გაკეთდა 2012 წლის 20 დეკემბერს, ხოლო კრედიტორისადმი არსებული დავალიანება მოსარჩელემ დაფარა ერთი წლის შემდეგ - 2013 წლის 18 დეკემბერს.

57. კასატორთა მოსაზრებით, ციფრობრივი და სიტყვიერი აღნიშვნა არის არა მექანიკური შეცდომა, არამედ იგი გაკეთებულია წინასწარ განზრახვით, ვინაიდან მოსარჩელე 2009 წლიდან იმყოფებოდა უკიდურესად მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში (2009 წლის 25 სექტემბრიან ვერ ფარავდა ბანკის კრედიტს, რის გამოც, მისმა დავალიანებამ შეადგინა 20 193 ლარი). იმავდროულად, სადავო ხელშეკრულებას ვადა ამოიწურა 2012 წლის 31 დეკემბერს, შესაბამისად თუ მოვალეს მართლაც ჰქონდა დავალიანება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ლოგიკური იქნებოდა მას ეთხოვა მოსარჩელისათვის ამ თარიღის კორექტირება. კასატორები განმარტავენ, რომ 2013 წლის 14 იანვარს მოსარჩელის სააღსრულებო ბიუროსთვის მიმართვის ერთადერთი მიზანი ისეთი დოკუმენტის შექმნა იყო, რომელიც გააცოცხლებდა ვადაგასულ ხელშეკრულებას და მას ქმედუნარიანს გახდიდა სხვადასხვა პირებთან ურთიერთობაში. აქვე კასატორები უთითებენ, რომ აღნიშნული გამარტივებული წარმოების დაწყებას თანხის ამოღების მიზანი არ ქონია. ასევე, იმის გამო, რომ მოსარჩელემ სარჩელი სასამართლოში აღძრა გამარტივებული წარმოების შეწყვეტიდან შვიდი თვის შემდეგ.

58. კასატორები განმარტავენ, რომ სააპელაციო პალატამ ყურადღება არ მიაქცია მოწმედ დაკითხული ნოტარიუსის ახსნა-განმარტებას, სადაც მან დეტალურად აღნიშნა, რომ ეს თანხა წარმოადგენდა სანოტარო მოქმედების შესრულების ღირებულებას, რაც სესხის თანხაში შედიოდა ანუ 293 აშშ დოლარში. მოპასუხეები აქვე უთითებენ, რომ პალატამ ასევე არ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ ნოტარიუსის მიერ მარტივი წერილობითი ფორმით დადებული სადავო ხელშეკრულების მხოლოდ ხელმოწერები იქნა დამოწმებული.

59. კასატორები არ ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს დიდი ფინანსური ვალდებულებები ჰქონდა (მას სახლ-კარს უყიდნენ და იგი მოვალეებს ემალებოდა) და იგი 300 დოლარს არ ისესხებდა.

60. რაც შეეხება სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარეშე გაცემის საკითხს, კასატორმება მიუთითეს, რომ ვინაიდან, მოვალის უძრავ ქონებას ედო ყადაღა, სააპელაციო პალატამ ყურადღების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს წარდგენილი ჰქონდა 200 გვერდიანი დოსიე, რომლის მიხედვით მოპასუხეს სხვა ქონებაც (აქტივები) გააჩნდა.

61. უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში, კასატორები მიუთითებენ, რომ სადავო უძრავ ქონებას 2013 წლის 29 იანვარს მოეხსნა ყადაღა, რის შედეგადაც მოპასუხემ შვილებს საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება. შესაბამისად, თუ მოპასუხეს სურვილი ჰქონდა ვალდებულებებს გაქცეოდა, იგი ბინას გაასხვისებდა კეთილსინდისიერ შემძენზე.

62. კასატორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან სესხი არ იყო სარგებლიანი, მას არ სჭირდებოდა უზრუნველყოფა.

63. კასატორთა განმარტებით, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა მოწინააღმდეგე მხარის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მისთვის გადაცემული თანხა წარმოადგენდა ბანკიდან გამოტანილ კრედიტს, რომელიც მოწინააღმდეგე მხარემ ერთ-ერთი კომპანიის სახელით სესხის სახით გამოიტანა და კასატორ გ- ხ-–ვილს გადასცა სხვა ბანკის ნარინჯისფერ კონვერტში ჩადებული. აღნიშნულზე სააპელაციო პალატის სხდომის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თუ კრედიტი ბანკიდან იყო გამოტანილი, კონვერტიც ამავე ბანკის უნდა ყოფილიყო, რასაც იზიარებენ კასატორები. ისინი აპელირებენ, რომ ალოგიკურია 505 000 ლარის კონვერტში მოთავსება.

64. საკასაციო საჩივრის ავტორები მიუთითებენ სააპელაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტებაზე, კერძოდ, მის მიერ არა სესხის სახით გაცემული თანხის, არამედ, ბიზნესში ჩადებული თანხის თაობაზე, რომელი ბიზნეს-გეგამაც მის მიერ მოწონებული იყო. შესაბამისად, სადაო თანხა დაკავშირებული იყო მაღალ რისკებთან, რაც თავის მხრივ მოითხოვდა დაზღვევას.

65. კასატორები თვლიან, რომ სააპელაციო სასამართლოს განმარტება მხარეთა შორის ახლო ურთიერთობის არსებობის თაობაზე უსაფუძვლოა, ვინაიდან, ამის თაობაზე არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და აღნიშნულის მომხსენებელი მოსამართლის განსხვავებულ აზრში ასახვა სრულიად სამართლიანია.

66. კასატორთა განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში სადაო თანხის ზუსტი ოდენობის განსაზღვრისიათვის არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ყველა გარემოებას, კერძოდ, გამსესხებელმა უნდა განმარტოს თანხის წარმოშობის წყარო. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მოწინააღმდეგე მხარის მიერ 4 წლის განმავლობაში საკუთარი საბანკო კრედიტის გადახდისათვის თავის არიდების ფაქტი. იგი წელიწადი და 9 თვე იმყოფებოდა მოვალეთა რეესტრში სამი სხვადასხვა საქმიდან გამომდინარე. არ ფლობდა არანაირ უძრავ-მოძრავ ქონებას, არ ეწეოდა არანაირ სამეწარმეო საქმიანობას და არ უფიქსირდებოდა არანაირი შემოსავალი. შესაბამისად, კასატორები თვლიან, რომ ასეთ პირობებში, გაურკვეველია მოწინააღმდეგე მხარის მიერ 505 000 ლარის სარგებლისა და უზრუნველყოფის გარეშე სხვისთვის მობილიზება, მაშინ, როცა არ გადაიხადა თავისი დავალიანება თუნდაც 5 000 ლარის ოდენობით. კასატორების მოსაზრებით, ლოგიკურობას მოკლებულია მოწინააღმდეგე მხარის მიერ 293 000 აშშ დოლარზე ხელშეკრულების გაფორმება, მაშინ, როცა მას 2 წლის განმავლობაში სამი აღმასრულებელი ეძებდა და ვერ პოულობდნენ. ასევე, თანხის წარმოშობის წყაროდ საბანკო კრედიტის მითითება, საიდან გამომდინარეც, სარგებლის გადახდა თავად მოუწევდა.

67. კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხემ ოთხჯერ შეცვალა სადაო თანხის წარმოშობის წყარო და ვერც მისი გადაცემა ვერ დაამტკიცა. თავდაპირველად, აღნიშნავდა, რომ თანხის გადაცემა მოხდა ნოტარიუსის თანდასწრებით სანოტარო ბიუროში, შემდეგ შეცვალა პოზიცია და ამტკიცებდა, რომ სადაო თანხა ნოტარიუსთან მისვლამდე გადასცა ხელშეკრულების გაფორმების დღეს, თუმცა, კვლავ შეცვალა პოზიცია და განაცხადა, რომ თანხის გადაცემა წინა დღეს მოხდა მოწმის თანდასწრებით.

68. კასატორები თვლიან, რომ კასატორთა მიერ მტკიცებულებების წარუდგენლობის თაობაზე სააპელაციო პალატის განმარტება არ არის მართებული, რადგან კასატორების პოზიცია საქმეში არსებული მტკიცებულებების მითითებით სრულად არის მოყვანილი მათ წერილობით პოზიციაში, რომელზეც სააპელაციო სასამართლოს პასუხი არ გაუცია. კასატორები მიუთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ ჩუქების ხელშეკრულების ბათილობასთან დაკავშირებულ განმარტებაზე და თვლიან, რომ იგი არ ეფუძნება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ვინაიდან, მამამ სადავო ბინა საკუთარ შვილებს გადასცა საჩუქრად, ხოლო დასაჩუქრებულების მიერ მისი გადაცემა საკუთარი დედისთვის განპირობებული იყო ბინის იპოთეკით დატვირთვისას იპოთეკარების მოთხოვნით, რომ მსესხებელი და მესაკუთრე ყოფილიყო ერთი და იგივე პიროვნება. კასატორთა განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (საჯარო რეესტრის ჩანაწერები) ადასტურებს სადაო ბინასთან დაკავშირებულ ჩუქების ხელშეკრულების მიზანს, რასაც შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვა და გამოირიცხა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ ჩუქების ხელშეკრულება გამორიცხავს შემძენის კეთილსინდისიერებას, ვინაიდან, გამჩუქებელი და შემძენი შეთანხმდნენ, მათ მიერ დადებულ გარიგებას არ მოჰყვეს შესაბამისი იურიდიული შედეგი.

69. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასწორი და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებიდა, კერძოდ, სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლები, სსკ-ის 338-ე და 345-ე მუხლები. ასევე, სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი, სახელდობრ, სსკ-ის 56-ე, 185-ე, 312-ე, 319-ე და 623-ე მუხლები.

70. საკასაციო პალატის 2017 წლის 10 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად. საკასაციო პალატის 2017 წლის 6 სექტემბრის განჩინებით გადაწყდა, რომ სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა მომხდარიყო მხარეთა დასწრებით 2017 წლის 13 სექტემბერს. საკასაციო პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის 5-ე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე და მხარეებს სსსკ-ის 218-ე მუხლის საფუძველზე მიეცათ დრო საქმის მორიგებით დასრულებისათვის. საკასაციო პალატაში 2017 წლის 29 ნოემბერს მხარეთა დასწრებით გამართულ ზეპირ სხდომაზე მხარეებმა განაცხადეს, რომ ვერ შეძლეს საქმის მორიგებით დასრულება და მოითხოვეს საქმის არსებითი განხილვა. საკასაციო პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის საოქმო განჩინებით სსსკ-ის 257-ე მუხლის საფუძველზე საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო 2017 წლის 20 დეკემბრისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

71. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგი გარემოებების გამო:

72. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნის საფუძვლიანობა (მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის სადავო თანხის გადაცემა) წარმოადგენს.

73. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, სარჩელი საფუძვლიანია, რადგანაც მოსარჩელემ დაადასტურა წერილობით გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის თანხის რეალურად გადაცემის ფაქტი.

74. კასატორები ნაწილობრივ არ ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს და პრეტენზიას გამოთქვამენ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევით გამოკვლევის თაობაზე, რის შესაბამისადაც, სააპელაციო პალატის მიერ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

75. სსსკ-ის 393-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. განსახილველი ნორმა ადგენს საკასაციო პრეტენზიის დასაშვებობა-დასაბუთებულობის სტანდარტს და საკასაციო სასამართლოს წარმოუშობს ვალდებულებას, საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმოს კასატორის მითითებათა საფუძვლიანობა (სსსკ-ის 404.1 მუხლი).

76. საკასაციო განაცხადის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, პალატა უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს სადავო ურთიერთობის იურიდიულ ბუნებაზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივებსა და საქმეში არსებულ სადავო მტკიცებულებებზე:

77. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალის მქონეა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

78. 2012 წლის ოთხ სექტემბერს მხარეებმა წერილობით გააფორმეს სესხის ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა გამსესხებლის (მოსარჩელე) მიერ, მსესხებლისათვის (მოპასუხე), ამ ხელშეკრულების პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად, უსასყიდლო სესხის მიცემა და მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება; კერძოდ, ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, გამსესხებელი გასცემს მსესხებელზე სესხს საერთო თანხით 293 (ორასოთხმოცდაცამეტი ათასი) აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში, ხოლო მსესხებელი იღებს ვალდებულებას დააბრუნოს სესხი ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. სესხის თანხა მსესხებელს მიღებული აქვს ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე. 1.3. პუნქტის თანახმად, სესხის დაბრუნების ვადა არის ორი ათას თორმეტი წლის ოცდათერთმეტი დეკემბერი. ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.

79. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოექსის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში.

80. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სესხის (ძირი თანხა) დაბრუნების მოთხოვნა - სსკ-ის 623-ე მუხლი [სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი], თანმიმდევრობით განხორციელებული უნდა იყოს მოთხოვნის საფუძვლის განმაპირობებელი შემდეგი წინაპირობები:

81. მსესხებელს გადაცემული უნდა ჰქონდეს განსაზღვრული (სადავო) თანხა საკუთრებაში და უნდა კისრულობდეს განსაზღვრულ ვადაში, გადაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას.

82. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება ხასიათდება შემდეგი თავისებურებებით:

83. სესხის ხელშეკრულება არის ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულება, თუმცა იგი განსხვავდება ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ისეთი ხელშეკრულებებისაგან, როგორიცაა ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, სამისდღემშიო რჩენა.

84. სესხის ხელშეკრულება არის ცალმხრივი ხელშეკრულება. ხელშეკრულებათა კლასიფიკაცია ცალმხრივ და ორმხრივ ხელშეკრულებებად დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რამდენი პირის ნებაა გამოვლენილი (რამეთუ ხელშეკრულება ზოგადად გულისხმობს ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენას), არამედ იმაზე, თუ როგორაა განაწილებული უფლება-მოვალეობები ხელშეკრულების მხარეებს შორის. სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს სესხად გადაცემულის დაბრუნება, ხოლო მსესხებელი კი, ვალდებულია დააბრუნოს უკან სესხად მიღებული იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

85. სესხის ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს. მარტო შეთანხმება სესხის თაობაზე ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხელშეკრულების დადებას.

86. ერთ-ერთ საქმეში, რომელშიც სადავო იყო მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საკითხი, საკასაციო პალატამ შემდეგი განმარტება გააკეთა: „სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება)“ (შდრ: სუსგ №ას-1245-1168-2015, 20.05.2016წ.). სხვა საქმეშიც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას ანუ, იგი დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (შდრ. სუსგ, საქმეზე №ას-361-343-2015, 14.12. 2015).

87. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მარტოოდენ სესხის შესახებ შეთანხმება ხელშეკრულების საგნის გადაცემის გარეშე, არ ნიშნავს სესხის ხელშეკრულების დადებას. რადგან სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისა და სამართლებრივი ძალის აუცილებელი პირობაა გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლის საკუთრებაში რეალურად გადაცემა, სადავოობის შემთხვევაში, მოსარჩელემ (გამსესხებელმა) უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებაც ფაქტობრივი გარემოებაც.

88. საგულისხმოა, რომ საკითხი იმის შესახებ თუ დავის მონაწილე რომელმა მხარემ უნდა ადასტუროს თანხის გადაცემის ანუ, ხელშეკრულების დადების შესახებ გარემოება, არ რეგულირდება მატერიალური სამართლის ნორმით. სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი არცერთი ნორმა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს არ გვთავაზობს, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნას სსსკ-ის ზოგადი ნორმა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებისთვის [სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი], რომლის თანახმად თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. ანუ გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი კი შემოიფარგლება სესხის თანხის დაფარვით.

89. სსკ-ის 624-ე მუხლის თანახმად, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სკ-ის 68-ე მუხლი), თუმცა, უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს დათქმას თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას ისიც, რომ სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, სსსკ-ის102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმის ჩვენებით შეიძლება დადასტურდეს, თუმცა, ზეპირი სესხის დროს ნივთის გადაცემის დამტკიცების თვალსაზრისით, მხოლოდ ეს უკანასკნელი, კანონის თანახმად, არასაკმარისადაა მიჩნეული და საკასაციო პალატა გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს, მაგალითად, სავალო საბუთი, გადარიცხვის ქვითარი, სალაროს შემოსავლის ორდერი (შდრ: სუსგ №აs-398-371-2017, 06 ივნისი, 2017 წელი).

90. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო პალატა გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს.

91. მაშასადამე, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან გარიგებით შეთანხმებულ ვადაში (შდრ. სუსგ Nას-361-343-2015, 14.12.2015წ.). შესაბამისად, მარტოოდენ, სესხის შესახებ შეთანხმება (არსებით პირობებზე შეთანხმება) ხელშეკრულების საგნის გადაცემის გარეშე, არ ნიშნავს სესხის ხელშეკრულების დადებას. რადგანაც სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისა და იურიდიული ძალის აუცილებელი პირობაა ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლისთვის რეალურად (ფიზიკურად) გადაცემა.

92. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2012 წლის 04 სექტემბერს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 2012 წლის 31 დეკემბერს. სესხის ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა ნოტარიუსმა. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 293000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

93. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, კასატორების ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მოსარჩელემ (გამსესხებელმა) მსესხებელს (მოპასუხეს) გადასცა მხოლოდ 293 აშშ დოლარი. შესაბამისად, 292707 აშშ დოლარის ნაწილში სესხის ხელშეკრულება არ ითვლება დადებულად, რადგან მოსარჩელეს (აპელანტს) მოპასუხისათვის (კასატორისათვის) ეს თანხა საკუთრებაში არ გადაუცია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში, კასატორებმა წარმოადგინეს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

94. საკასაციო პალატა არ იმსჯელებს საკითხზე ნამდვილად არსებობდა თუ არა სესხზე შეთანხმება მხარეთა შორის. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 293 აშშ დოლარი. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მხოლოდ მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

95. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია განიმარტოს, სესხის ხელშეკრულების შედგენისას მხარეთა რეალური ნება მიმართული იყო 293 თუ 293000 აშშ დოლარის სესხებისკენ. საკითხის ამგვარი კვლევა განპირობებულია იმით, რომ წერილობით ხელშეკრულებაში ციფრობრივად სესხის სახით გადაცემულ თანხად მითითებულია 293, ხოლო სიტყვიერად - 293 000 აშშ დოლარი.

96. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებისას მიიჩნევს, რომ მოპასუხეს არ წარუდგენია ისეთი მტკიცებულებები, რაც გააბათილებდა სანოტარო წესით დადასტურებულ წერილობით სესხის ხელშეკრულებაში მითითებული სესხის ოდენობას (293 000 აშშ დოლარი) და მტკიცების ტვირთს, ამ ნაწილში, შეაბრუნებდა მოსარჩელისაკენ. იმგვარი საკანონმდებლო დანაწესის პირობებში, რომლის თანახმადაც, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება [სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი], ხოლო წარმოშობილი ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას [სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი], ასევე, სსკ-ის 623-624-ე მუხლების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ კრედიტორს მოვალისათვის (მოსარჩელეს მოპასუხისათვის) სესხად გადაცემული ჰქონდა სწორედ 293 000 აშშ დოლარი.

97. განსახილველ შემთხვევაში, კასატორების მიერ სწორედ სესხის სახით გადაცემული თანხის ოდენობის კუთხითაა წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო შედავება (პრეტენზია).

98. კასატორები სადავოდ ხდიან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც შეეხება მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 292707 დოლარის ნაწილში სესხის თანხას გადაცემას.

99. ამ თვალსაზრისით, ყურადღებაა მისაქცევი კასატორების იმ პოზიციაზე, რომ სესხის წერილობით ხელშეკრულებაში სესხად გადაცემული თანხის ციფრობრივი და სიტყვიერი აღნიშვნა არის არა მექანიკური შეცდომა, არამედ იგი გაკეთებულია წინასწარ განზრახვით, ვინაიდან მოსარჩელე 2009 წლიდან იმყოფებოდა უკიდურესად მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში (2009 წლის 25 სექტემბრიდან ვერ ფარავდა ბანკის კრედიტს, რის გამოც, მისმა დავალიანებამ შეადგინა 20 193 ლარი). იმავდროულად, სადავო ხელშეკრულებას ვადა ამოიწურა 2012 წლის 31 დეკემბერს, შესაბამისად, თუ მოვალეს მართლაც ჰქონდა დავალიანება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ლოგიკური იქნებოდა მას ეთხოვა მოსარჩელისათვის ამ თარიღის კორექტირება.

100. კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მოვალის მიერ 4 წლის განმავლობაში საკუთარი საბანკო კრედიტის გადახდისათვის თავის არიდების ფაქტი. მოვალე წელიწადი და 9 თვე იმყოფებოდა მოვალეთა რეესტრში სამი სხვადასხვა საქმიდან გამომდინარე. არ ფლობდა არანაირ უძრავ-მოძრავ ქონებას, არ ეწეოდა არანაირ სამეწარმეო საქმიანობას და არ უფიქსირდებოდა არანაირი შემოსავალი. ასეთ პირობებში, გაურკვეველია გამსესხებლის მიერ 505 000 ლარის სარგებლისა და უზრუნველყოფის გარეშე სხვისთვის მობილიზება, მაშინ, როცა არ გადაიხადა თავისი დავალიანება თუნდაც, 5 000 ლარის ოდენობით.

101. კასატორები განმარტავენ, რომ სააპელაციო პალატამ ყურადღება არ მიაქცია მოწმედ დაკითხული ნოტარიუსის ახსნა-განმარტებას, სადაც მან დეტალურად აღნიშნა, რომ ეს თანხა წარმოადგენდა სანოტარო მოქმედების შესრულების ღირებულებას, რაც სესხის თანხაში შედიოდა ანუ 293 აშშ დოლარში.

102. საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ დასაბუთებისა და მტკიცების ტვირთის მქონე მოსარჩელემ/ აპელანტმა/ გამსესხებელმა დამაჯერებლად ვერ შეძლო სადავო ფაქტობრივი გარემოების - 292707 დოლარის მსესხებლისათვის გადაცემის დამტკიცება. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით კი, მოსარჩელე ვალდებულია სარჩელში სრულყოფილად და თანამიმდევრობით ასახოს მისი მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით (სსსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილი). კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ოთხჯერ შეცვალა სადავო თანხის წარმოშობის წყარო და ვერც თანხის რეალურად გადაცემა დაამტკიცა.

103. თავდაპირველად მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ თანხის გადაცემა მოხდა ნოტარიუსის თანდასწრებით სანოტარო ბიუროში, შემდეგ შეცვალა პოზიცია და ამტკიცებდა, რომ სადაო თანხა მოპასუხეს ნოტარიუსთან მისვლამდე გადასცა ხელშეკრულების გაფორმების დღეს, თუმცა, კვლავ შეცვალა პოზიცია და განაცხადა, რომ თანხის გადაცემა სესხის შეთანხმებაზე ხელმოწერის წინა დღეს მოხდა მოწმის თანდასწრებით.

104. ასეთი არათანმიმდევრული პოზიციის პირობებში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტით - 2012 წლის 04 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებულ მხოლოდ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეტანა დასკვნა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის მოცულობის - მსესხებლისათვის სესხად გადაცემული თანხის ოდენობის შესახებ.

105. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს {სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი} (შდრ. სუსგ Nას-279-264-17, 21.04.2017წ.) „მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ, მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული). „მოსარჩელის (გამსესხებლის) მიერ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოპასუხეს (მსესხებელს) ვალდებულება (სესხის დაბრუნება) შესრულებული არ აქვს. ამდენად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია მოსარჩელეს (გამსესხებელს). მხოლოდ ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია მსესხებლის (მოპასუხეს) მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების ტვირთი) აკისრია მსესხებელს (მოპასუხეს) (შდრ. სუსგ Nას-№ას-929-891-2014, 22.04.2015).” „სასესხო ურთიერთობის წარმოშობის წინაპირობების მტკიცების თვალსაზრისით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადავოობისას სესხის ხელშეკრულების დადების - თანხის გადაცემის ფაქტის დამტკიცების ტვირთი ეკისრება გამსესხებელს - მოსარჩელეს (შდრ. სუსგ Nას-1067-1026-2016, 23.06.2017წ.)”

106. 2012 წლის 04 სექტემბრის სესხის ხელშეკრულება, არ შეიცავს დამაჯერებელ, უტყუარ ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. შესაბამისად, მხოლოდ ამ დოკუმენტით გაურკვეველია, მოპასუხეს გადაეცა თუ არა სადავო 292 707 აშშ დოლარი და მას წარმოეშობა თუ არა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ოდენობის თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება.

107. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს არ მიეცა ობიექტური შეფასება, შესაბამისად, საპელაციო სასამართლოს დასკვნები დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. საკასაციო სამართალწარმოების ბუნებიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, იგი მოკლებულია შესაძლებლობას, თავად დაადგინოს მხარეთა შორის 292707 აშშ დოლარის ნაწილში სასესხო სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის საკითხი, რომლის გადაწყვეტის გარეშეც შეუძლებელია მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება, რადგან მარტოოდენ სესხის შესახებ შეთანხმება (არსებით პირობებზე შეთანხმება) ხელშეკრულების საგნის გადაცემის გარეშე, არ ნიშნავს სესხის ხელშეკრულების დადებას.

108. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მტკიცემულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მხოლოდ ამის შემდეგ განსაზღვროს მოსარჩელის უფლების არსებობის საკითხი.

109. იმავდროულად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილია სადავო გარიგებათა (ჩუქების ხელშეკრულებები) ბათილობის ნაწილშიც, თუმცა, ამ ეტაპზე მათზე საკასაციო პალატა არ იმსჯელებს, რამდენადაც ამ საკითხის კვლევა მხოლოდ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე სესხად გადაცემული თანხის ოდენობის დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშია მიზანშეწონილი, რამეთუ სააპელაციო სასამართლოს ძირითადი დასკვნები სადავო ჩუქების გარიგებათა ბათილობის ნაწილში, დაეყრდნო სწორედ მოპასუხის მხრიდან სადავო თანხის - 293 000 აშშ დოლარის დაბრუნების ვალდებულების თავის არიდების საფუძვლის არსებობას, სადავო უძრავ ქონებაზე თვალთმაქცური გარიგების (სსკ-ის 56-ე მუხლი) დადების კონტექტში.

110. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხიც.

სარეზოლუციო ნაწილი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ--- ხ-–ვილის, ე-- ც--ის, მ- ხ–ვილის, ს--ვ- ხ-–ვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე