საქმე №ას-1003-924-2017 01 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – „დ. კ.ი ე.“ (აპელანტი, მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „რ- ჯ.ია“ (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 07 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა და საზოგადოების კაპიტალში 70% წილის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2012 წლის 5 აპრილს „დ. კ.ი ე.სა“ (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) და შპს „რ- ჯ.იას“ (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის გაფორმდა შპს ,,ვ. პ.ას“ (შემდეგში: კ.ია) კაპიტალში წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოპასუხემ იყიდა კ.იის კაპიტალში წილის 70%.
2. მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის - 3 528 950 აშშ დოლარის გადახდა, უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს 2013 წლის 10 აპრილამდე, ოთხ თანაბარ ტრანშად, ყოველ სამ თვეში ერთხელ, გამყიდველის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.
3. მხარეთა შეთანხმების მიხედვით, თუ 2013 წლის 10 აპრილამდე მყიდველი სრულად არ გადაიხდიდა ნასყიდობის ფასს, გამყიდველი უფლებამოსილი იყო დაებრუნებინა მყიდველისათვის იმ დროისათვის გადახდილი თანხა და მოეთხოვა წილის იმ ნაწილის უკან დაბრუნება, რომელიც პროპორციული იქნებოდა იმ დროისათვის კ.იაში (დღიდან დაფუძნებისა) დახარჯული თანხის ნასყიდობის ფასის პროცენტული შეფარდებისა. ხელშეკრულების გაფორმებისას, გამყიდველს წარმოადგენდა ი. ც.-ე, რომელიც მოქმედებდა რწმუნებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო მყიდველს - მოპასუხე საზოგადოების დირექტორი ი. მ.-ე.
4. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა, შპს ,,ვ. პ.ას“ კაპიტალში წილის 70%-ის დაბრუნება და ამ წილის მესაკუთრედ კვლავ აღრიცხვა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომლის დაკმაყოფილებაზედაც უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 07 ივნისის განჩინებით.
6. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ამ განჩინების პპ: 1-2 დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. იმავდროულად, დადგენილად მიიჩნია, მყიდველის მიერ 2012 წლის 12 აპრილს 500 000 აშშ დოლარის, ხოლო 2012 წლის 8 მაისს - 411 673 აშშ დოლარის მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის ფაქტი. დადგენილად იქნა მიჩნეული ის გარემოებაც, რომ ნასყიდობის ფასის დარჩენილი ნაწილი - 2 617 277 აშშ დოლარი მყიდველმა სამ ტრანშად გადარიცხა კრედიტორის მიერ გაცემული „გადახდის ინსტრუქციის“ საფუძველზე. ინსტრუქციის მიხედვით, თანხა უნდა ჩარიცხულიყო შემდეგ საბანკო ანგარიშზე: G. R. E. C.; ბანკი: A.-les B.-a L.-ia, IBAN: LV... და მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით მოპასუხის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულად მიიჩნეოდა.
7. სააპელაციო პალატამ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 429-ე მუხლის მიხედვით, მყიდველს დააკისრა და აღნიშნა, რომ მას სათანადო მტკიცებულების წარდგენით უნდა დაედასტურებინა ვალდებულების შესრულების ფაქტი.
8. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო არ იყო კონკრეტული ტრანზაქციის შესრულების, კერძოდ, 2 617 277 აშშ დოლარის ზემოთმითითებულ ანგარიშზე ჩარიცხვის ფაქტი, თუმცა სადავოდ რჩებოდა კრედიტორის თანხმობის არსებობა არაუფლებამოსილი პირის მიერ შესრულების მიღების თაობაზე. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, უნდა შეფასებულიყო იყო თუ არა ნამდვილი არაუფლებამოსილი პირის წინაშე განხორციელებული შესრულება [სსკ-ის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილი]. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ არაუფლებამოსილი პირის მიერ ვალდებულების შესრულების მიღებაზე კრედიტორმა განაცხადა თანხმობა ან/და მიიღო სარგებელი, დაეკისრა მოპასუხეს. ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად კი, მიჩნეული იქნა უშუალოდ კრედიტორის წერილი, რომელშიც მითითებული იყო ინფორმაცია ვალდებულების შესრულების თაობაზე. პალატამ აღნიშნა, რომ როდესაც კრედიტორი შესრულების ფაქტს სადავოდ ხდიდა, ხოლო ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული კონკრეტული საბანკო ანგარიში, რომელზეც უნდა ჩარიცხულიყო თანხა, ვალდებულების შესრულების ნამდვილობის დამადასტურებელ მტკიცებულებად სწორედ, „გადახდის ინსტრუქცია“ უნდა ყოფილიყო მიჩნეული. „გადახდის ინსტრუქცია“ კ.ია „G. R. E. C.-ის“ მიერ კონკრეტული ვალდებულების შესრულების მიღებაზე კრედიტორის თანხმობას წარმოადგენდა სსკ-ის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
9. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 102-ე და 105-ე მუხლების საფუძველზე, წარადგინა უტყუარი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულება იყო ნამდვილი. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტული ნორმით გათვალისწინებული იურიდიული ფაქტების შედეგად წარმოშობილი ურთიერთობების დასადასტურებლად, აუცილებელი იყო ისეთი მტკიცებულებების არსებობა, რომლებიც თუნდაც მოწმეთა ჩვენებებთან (მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა - ა.გ-სა და რ.ჭ-ის ჩვენებები) ერთობლივად უტყუარად მიუთითებდნენ ყველა მნიშვნელოვან გარემოებებზე.
10. ამდენად, დადგენილად იქნა მიიჩნეული, რომ მოპასუხის მიერ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვასა და შესაბამისად, ვალდებულების შესრულებაზე მოსარჩელემ გასცა თანხმობა. ამგვარი არგუმენტი სააპელაციო პალატის მოსაზრებით იმითაც იყო გამყარებული, რომ მხარეთა შორის 2012 წლის 5 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 2.2. პუნქტით გათვალისწინებული იყო, ნასყიდობის თანხის გადახდა უნაღდო ანგარიშსწორების - საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით. თუმცა, საბანკო ანგარიშის ნომერი მითითებული არ იყო. განსახილველ შემთხვევაში, მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ ნასყიდობის თანხის ნაწილის უნაღდო ანგარიშსწორების წესით გადახდა. ამდენად, მიჩნეული იქინა, რომ მოპასუხე თანხის ჩარიცხვას ახორციელებდა გამყიდველის მითითებით, მის მიერ მიწოდებულ საბანკო ანგარიშზე.
11. საქმეში ასევე წარმოდგენილი იყო მტკიცებულება მოსარჩელის წარმომადგენლის ი. ც.-ესა და მოპასუხის წარმომადგენლის ა. გ-ას შორის გაგზავნილი და მიღებული ელექტრონული შეტყობინებების თაობაზე (აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმი ფაქტების კონსტანტაციის შესახებ, ტ. II, ს.ფ. 46-72), სადაც ერთ-ერთ შეტყობინებას ფაილის სახით თანდართული ჰქონდა სწორედ მითითებული „გადახდის ინსტრუქცია“. ამასთან, საგულისხმო იყო, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი ი. ც.-ე არ უარყოფდა ელექტრონული ფოსტის მისდამი კუთვნილების ფაქტს. რაც შეეხება, მოპასუხის მიერ წარმოდგენილ „გადახდის ინსტრუქციის“ სიყალბეს, აღნიშნულის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იგი ფაქტების კონსტანტაციის შესახებ ოქმზე თანდართულ იმავე დოკუმენტის იდენტური არ იყო. პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული მითითება საქმეში წარმოდგენილი „გადახდის ინსტრუქციის“ ნამდვილობაში ეჭვის საფუძველს არ წარმოადგენდა, ვინაიდან ოქმითვე დასტურდებოდა, რომ აღნიშნული დოკუმენტის შედგენის პროცესში მხარეებს მიმოწერა ჰქონდათ და რამდენიმეჯერ გადაიგზავნა დოკუმენტი შეცვლილი სახით. ამასთან, მითითებული ორი დოკუმენტის შედარების შედეგად დადგინდა, რომ მათში აღნიშნული ინფორმაცია იდენტური იყო, განსხვავება შეეხებოდა მხოლოდ ხელმომწერი პირის სახელისა და პოზიციის აღნიშვნას, რასთან დაკავშირებითაც პალატამ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის განმარტება, რომ მოპასუხის წარმომადგენლის მოთხოვნის შემდეგ საბოლოო ვარიანტს დაემატა დოკუმენტზე ხელმომწერი პირის - ჯ. ალენის სახელი და პოზიცია - დირექტორი, რამდენადაც მანამდე მითითებული ველები შევსებული არ იყო. ამასთან, სააპელაციო პალატამ სსსკ-ის 137-ე მუხლის კონტექსტში განმარტა, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმგვარად დასაბუთებული არგუმენტი მტკიცებულების სიყალბესთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს თავისი ინიციატივით დაენიშნა ექსპერტიზა. ხოლო მოპასუხის მიერ წარმოდგენი. დამატებითი მტკიცებულებები (ოქმი ფაქტების კონსტანტაციის შესახებ, მოწმეთა ჩვენებები), რომლებიც საბუთის ნამდვილობას ადასტურებდა. ამასთან, მოსარჩელეს არც პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას და არც სააპელაციო სასამართლოში არ დაუყენებია შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე. სადავო გარემოების დადგენის მიზნით მოპასუხემ წარმოადგინა გადახდის ინსტრუქცია და აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმი ფაქტების კონსტანტაციის შესახებ, რომლითაც დასტურდებოდა სსკ-ის 373-ე მუხლიდან გამომდინარე კრედიტორის თანხმობა ვალდებულება შესრულებულიყო მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით. ხოლო მტკიცებულება, რომელიც ზემოთხსენებულ გარემოებებს გააბათილებდა ან დოკუმენტის ნამდვილობას ეჭვქვეშ დააყენებდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ იყო. ამდენად, როგორც ზემოთ აღინიშნა, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ 2 617 277 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში ვალდებულება შესრულდა, მოპასუხის მხარეზე იყო (სსკ-ის 429-ე მუხლი). მოპასუხემ ამ კუთხით დასაბუთებული მტკიცება სასამართლოს წარუდგინა, რომელიც მოსარჩელემ ვერ გააბათილა, ვინაიდან საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა კრედიტორის თანხმობის არარსებობა ან გააქარწყლებდა მის იურიდიულ ძალას. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ სრულად შეასრულა 05.04.2012წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ასეც რომ არ ყოფილიყო მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის თაობაზე მაინც უსაფუძვლოდ იქნებოდა მიჩნეული.
12. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელის მოთხოვნა მდგომარეობდა ხელშეკრულებიდან გასვლისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაში [სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილი]. შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევდა ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეეძლო უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. მხოლოდ ვადადარღვევის არგუმენტზე დაყრდნობით კი, მოსარჩელის პრეტენზია სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გასვლის თაობაზე, დამატებითი ვადის დაწესების გარეშე, არ იყო გამართლებული, ვინაიდან მიუხედავად ვადის დარღვევისა, თუ არ დასტურდებოდა მოვალისათვის დამატებითი ვადის მიცემის ფაქტი, ხელშეკრულებიდან გასვლა სსსკ-ის 352-ე და 405-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. მოსარჩელე იმასაც მიუთითებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს 2013 წლის 10 აპრილამდე ჰქონდა ვალდებულების შესრულების ვადა, მოსარჩელე მაინც უფლებამოსილი იყო 2012 წლის 12 დეკემბერს მიემართა სასამართლოსათვის ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნით, ვინაიდან ამ დროისათვის აშკარა იყო ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი.
13. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის, ხელშეკრულებაზე უარის თქმის ერთ-ერთ კანონისმიერ წინაპირობას წარმოადგენდა სსკ-ის 352-ე და 405-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულება მეორე მხარისათვის დამატებით განსაზღვრული ვადის ან გაფრთხილების მიცემის თაობაზე, რათა მეორე მხარეს ხელშეკრულებიდან გასვლამდე დამატებით მისცემოდა ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა, ამასთან, კონტრაჰენტი ინფორმირებული უნდა ყოფილიყო დამატებით ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებთან დაკავშირებითაც. შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლის, ხელშეკრულებაზე უარის თქმის მართლზომიერებაზე მსჯელობისას, სასამართლო ამოწმებდა, დაცული იყო თუ არა სსკ-ის 405-ე მუხლის დანაწესი, მოვალისათვის ვადის დამატებით განსაზღვრასა თუ გაფრთხილებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის არარსებობის შემთხვევაში, კრედიტორის მტკიცების ტვირთი იყო იმ ფაქტობრივი შემადგენლობის არსებობის დადასტურება, რომელიც გამორიცხავდა დამატებითი ვადის ან გაფრთხილების ვალდებულებას სსკ-ის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონტექსტში. აღნიშნული კი მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო. რაც შეეხება, მოგვიანებით, სარჩელის აღძვრის შემდეგ გაგზავნილ გაფრთხილებას (სარჩელი აღიძრა 12.12.2012წ, გაფრთხილებები გაეგზავნა 23.01.2013წ და 4.02.2013წ, იხ.ტ.1, ს/ფ 219-229), პალატამ განმარტა, რომ ხელშეკრულებიდან გასულ სუბიექტს მხოლოდ მას შემდეგ წარმოეშობა ხელშეკრულების გასვლით მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა, როდესაც იგი ამის თაობაზე ხელშეკრულების მეორე მხარეს ინფორმაციას მიაწვდის. აღნიშნული მიზნით, საკმარისია დამატებით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ სარჩელის წარდგენა და სასამართლო წესით მხარის ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რომ კრედიტორი ხელშეკრულებიდან გადის და ხელშეკრულებიდან გასვლასთან დაკავშირებულ უფლებათა რეალიზებას სასამართლო წესით ახორციელებს.
14. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე მოვალეს არც დამატებითი ვადა განესაზღვრა ვალდებულების შესასრულებლად და არც გაფრთხილებულა ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე. ამდენად, რომც ჩათვლილყო, რომ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, მოსარჩელეს მაინც არ ჰქონდა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 07 ივნისის განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით მოპასუხემ წარმოადგინა საკასაციო საჩივარი.
16. კასატორი მოითხოვს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილება/განჩინების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებას.
17. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით სახეზე იყო სსკ-ის 373-ე მუხლის ყველა წინაპირობა (ნასყიდობის საფასურის უფლებამოსილი პირისათვის გადახდა), რაც გამორიცხავს სარჩელის წარმატებულობას, თუმცა, კასატორის მოსაზრებით, მოპასუხემ სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულება ვერ დაასაბუთა. საქმის მომზადების ეტაპზე მოპასუხემ სასამართლოს წარმოუდგინა თითქოსდა მოსარჩელის მიერ გაცემული გადახდის ინსტრუქცია, რის საფუძველზე მოპასუხემ განახორციელა თანხის გადახდა. მოპასუხის მიერ წარდგენილ ამ მტკიცებულებას მოსარჩელემ დაუპირისპირა სსსკ-ის 137-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და სადავო გახადა საბუთის ავთენტურობა. სასამართლომ კი, სადავო საბუთის ნამდვილობის შესამოწმებლად ექსპერტიზის დანიშვნის ნაცვლად, თავად შეამოწმა მისი ნამდვილობა, რისთვისაც იხელმძღვანელა ფაქტების კონსტატაციის შესახებ საქმეში არსებული ოქმით და მოწმეთა ჩვენებებით, რითაც დაარღვია მტკიცების ტვირთის განაწილების საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი. ამ შემთხვევაში, რელევანტური მტკიცებულება იყო ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლომ კი, მიუთითა, რომ ვინაიდან მოსარჩელე არ შუამდგომლობდა ექსპერტიზის დანიშვნას, ამიტომაც მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზე გადაიტანა. კასატორი მიუთითებს მოსარჩელე კ.იის დირექტორის 2013 წლის 04 მარტის წერილზე, რომლითაც დირექტორი უარყოფს რაიმე შემხებლობას “G.-e e.-s g.“-თან და კ.იის სახელით 2012 წლის 13 აგვისტოს გადახდის ინსტრუქციის გაცემის ფაქტს. კასატორი აღნიშნავს, რომ ანალოგიურად მისი მხრიდან მოპასუხისათვის სადავო დოკუმენტის წარდგენის ფაქტი უარყო მოსარჩელემაც და განაცხადა დოკუმენტის სიყალბეზე. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი ფაქტების კონსტატაციის ოქმით თითქოსდა თანხის გადახდის დამადასტურებელი დასკანერებული დოკუმენტი გადაიგზავნა რწუმებულის ელ.ფოსტაზე. თუმცა თუკი აღნიშნულ დოკუმენტს შევადარებთ მოპასუხის მიერ თანდართულ საგადასახადო ინსტურქციის დოკუმენტს, დავინახავთ განსხვავებას ტექსტური და გრაფიკული თვალსაზრისით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსაგან გამოთხოვილი კ.ია “G. E.s g.“-ის სარეგისტრაციო დოკუმენტების თანახმად, მის წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ა. გოგოხია. თუ მოპასუხე თავიდან უთითებდა ნასყიდობის საფასურის გადაუხდელი ნაწილის გადახდის ინსტრუქციის საფუძველზე კ.ია G. E. G.“-ის ანგარიშზე ჩარიცხვაზე, საგამოძიებო ორგანოდან დოკუმენტების მიღების შემდეგ, 2012 წლის 19 სექტემბერს თანხის ნაღდი ანგარიშსწორების გზით გადახდაზე მიუთითა (იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები). იმავდროულად, კასატორს არარელევანტურ მტკიცებულებად მიაჩნია ფულადი ვადებულების შესრულების მოწმის ჩვენებით დადასტურება.
18. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობის მოტივით ხელშეკრულებიდან გასვლის სსკ-ის 405-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობასთან მიმართებით, იმ თვალსაზრისით, რომ ადგილი არ ჰქონია შესრულებისათვის დამატებითი ვადის დაწესებას ანდა გაფრთხილებას. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს ამგვარი მითითება სახელშეკრულებო ურთიერთოის მონაწილეებს უკრძალავს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენებას. კასატორი ახდენს სსკ-ის 405-ე მუხლის ციტირებას და აღნიშნავს, რომ კანონმდებელი ადგენს იმგვარ შემთხვევებს, როდესაც მხარე შესრულების ვადის დადგომამდეცაა უფლებამოსილი უარი თქვას ხელშეკრულებაზე უარი თუ აშკარაა, რომ დადგება ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი. კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულების 2.3 პუნქტით იყო განსაზღვრული ის გარემოება, რომლის დადგომის შემთხვევაში, მხარე უფლებამოსილი იყო უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე. ასეთად, მხარეებმა განსაზღვრეს 2013 წლის 10 აპრილამდე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა. კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხემაც დაადასტურა, რომ უარს აცხადება შესრულებაზე და ამდენად, სასამართლოს უნდა გაეზიარებინა მოსარჩელის მითითება იმაზე, რომ მოსარჩელე შესრულების ვადის დადგომადეც ვარაუდობდა, რომ დადგებოდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი ვალდებულების შეუსრულებლობის მოტივით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
20. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის შედავება წარმოდგენი. როგორც ფაქტის ისე, სამართლის ნაწილში [სსსკ-ის 393- ე მუხლი].
21. კასატორის ერთ-ერთი შედავება ეყრდნობა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის არასწორ გადანაწილებას. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სახეზე იყო სსკ-ის 373-ე მუხლით განპირობებული ყველა ფაქტობრივი გარემოება (ნასყიდობის საფასურის უფლებამოსილი პირისათვის გადახდა), რაც გამორიცხავს სარჩელის წარმატებულობას. თუმცა, სასამართლომ არასწორად შეაფასა ის გარემოება, რომ მოპასუხემ სსსკ-ის 102-ე მუხლით მისთვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ დაადასტურა ნასყიდობის საფასურის გადახდა. მის მიერ წარმოდგენილ გადახდის ინსტრუქციას კი, რის საფუძველზეც მოპასუხემ თითქოსდა განახორციელა თანხის გადახდა, მოსარჩელემ დაუპირისპირა სსსკ-ის 137-ე მუხლის საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით საბუთის ავთენტურობაზე შედავება. თავის მხრივ, სასამართლომ ნაცვლად იმისა, რომ დაენიშნა ექსპერტიზა საბუთის სიყალბის შესამოწმებლად, თავად შეამოწმა მისი ნამდვილობა ფაქტების კონსტატაციის შესახებ საქმეში არსებული ოქმით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით და მიუთითა, რომ მოსარჩელე არ შუამდგომლობდა ექსპერტიზის დანიშვნას, რითაც მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზე გადაიტანა.
22. საკასაციო პალატა არ იზიარებს საპროცესო სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით კასატორის შედავებას, რომელიც შეეხება მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის არასწორ გადანაწილებას და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 162-ე მუხლით რეგლამენტირებულია საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე ექსპერტიზის დანიშვნის საკითხი [დისპოზიცია: თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია]. ნორმით მინიჭებული უფლებამოსილებით სარგებლობა მოსამართლის დისკრეციის სფეროშია მოქცეული, რაც იმას ნიშნავს, რომ საექსპერტო დასკვნის მისაღებად მოსამართლე თავისი ინიციატივით მხოლოდ მაშინ გამოიტანს განჩინებას, თუ საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე შეუძლებელია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე იმგვარი ფაქტობრივი გარემოების დადგენა-დადასტურება, რომლის გარეშეც შეუძლებელია საქმის გადაწყვეტა. ამასთან, სსსკ-ის 102-ე მუხლი განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლითაც შესაძლოა სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ესენია თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მიერ ფაქტების კონსტატაციის მასალებისათვის და გადარიცხვის ქვითრებისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება სრულ შესაბამისობაშია სსსკ-ის 102-ე მუხლის მოთხოვნებთან. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების საფუძველზე (სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები) მხარეები თავისუფალნი არიან მათთვის ხელსაყრელი მტკიცებულების, მათ შორის, საექსპერტო დასკვნის წამოდგენაში.
23. ამდენად, მოსარჩელის შედავებას, რომ ნასყიდობის საფასურის გადახდის დასადასტურებლად მხოლოდ საექსპერტო დასკვნა იყო დასაშვები (დოკუმენტის ავთენტურობის შესამოწმებლად), არ გააჩნია ვარგისი საპროცესო სამართლებრივი საფუძველი.
24. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებით, სახელდობრ, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი ფაქტების კონსტატაციის ოქმითა და ფულადი გადარიცხვის ქვითრებით დაადგინა სადავო ფაქტობრივი გარემოება მყიდველის მიერ ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდის თაობაზე. აღნიშნული კი, გამორიცხავს კასატორის შედავების მართებულობას, ნასყიდობის საფასურის გადახდის მტკიცების ტვირთის მოსარჩელეზე გადატანის შესახებაც.
25. მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება, მიუხედავად ვალდებულების წარმოშობის საფუძვლისა, წარმოადგენს ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. როგორც წესი, სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე მხარეები მხედველობაში ღებულობენ კონტრაჰენტის პიროვნებას. ვალდებულების შესრულების სუბიექტები არიან ის პირები, რომლებიც ასრულებენ ვალდებულებას ან იღებენ შესრულებას. ვალდებულების შესრულების სუბიექტები შეიძლება არ დაემთხვეს ვალდებულების სუბიექტებს. ვალდებულების სუბიექტები ყოველთვის არიან კრედიტორი და მოვალე, ვალდებულება კი მოვალის ნაცვლად შეიძ-ლება შეასრულოს სხვა პირმა და შესრულება მიიღოს არა კრედიტორმა, არამედ სხვამ. პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია არა მხოლოდ ის, თუ ვინ ასრულებს ვალ-დებულებას, არამედ ისიც, თუ ვის მიმართ ხდება შესრულება. სსკ-ის 373 -ე მუხლის თანახმად, ,,მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსი. მიიღოს შესრულება”. შესრულების მიმღებად, უპირველეს ყოვლისა, ითვლება კრედიტორი. ზოგჯერ შესრულება შეიძლება განხორციელდეს კრედიტორის ნაცვლად, სხვა პირის მიმართ. ჯერ კიდევ რომის სამართალში ცნობილი იყო კრედიტორის ნაცვლად მესამე პირისათვის ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა. ასეთი უფლებამოსილი მესამე პირი შეიძლება ყოფილიყო კრედიტორის მიერ დავალების ხელშეკრულებით (procurator) ანდა სპეციალური სტიპულაციის საშუალებით დანიშნული პირი (adiectus solutionis causa). სამართლებრივი ურთიერთობები კრედიტორსა და შესრულების მიმღებ (accipiens) მესამე პირს შორის წესრიგდებოდა დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელით (action mandati). შესაძლებელია, გარიგებამ, კანონმა ანდა სასამართლოს გადაწყვეტილებამ მიანიჭოს მესამე პირს კრედიტორის ნაცვლად შესრულების მიღების უფლება. ეს შეიძლება იყოს კრედიტორის მეურვე, მზრუნველი, მშობელი, ანუ ზოგადად კანონისმიერი ან სახელშეკრულებო წარმომადგენელი. შესრულების მიღებაზე უფლებამოსილი პირი სასამართლოს გადაწყვეტილებითაც შეიძლება განისაზღვროს. კრედიტორის ნაცვლად შესრულების მიმღები მესამე პირის უფლებამოსილება შეიძლება სხვადასხვაგვარად დადგინდეს, მაგალითად, როგორიცაა წერილობითი საბუთი, რომლითაც დგინდება მესამე პირის ვინაობა; მინდობილობა; სადამფუძნებლო დოკუმენტები (იურიდიული პირების მიმართ) ან გამომდინარეობდეს საქმის გარემოებებიდან.
26. საგულისხმოა, რომ სსკ-ის 373-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა საქმეში, რომელშიც სადავო იყო ფულადი ვალდებულების მე-3 პირის მიმართ შესრულების სამართლებრივი საკითხი. იხ., სუსგ №ას-570-541-2015, 11 ნოემბერი, 2015 წელი. საკასაციო პალატის განმარტებით „სსკ-ის 373-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსი. მიიღოს შესრულება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი. განსახილველი ნორმა ითვალისწინებს უფლებამოსილი პირის მიმართ ვალდებულების შესრულებას, თუმცა, ნორმის სწორი განმარტების მიზნებისათვის პირველ რიგში, იგი, განხილული უნდა იქნეს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალურ ნორმებთან ერთობლიობაში. ამგვარი მიდგომა განპირობებული სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დასაშვებობის ინსტიტუტის თავისებურებით, რომლის ამოსავალი დებულება იმაში მდგომარეობს, რომ მტკიცებულებათა დაშვების ან ამორიცხვის საკითხი უნდა გადაწყდეს იმ ნებართვების თუ აკრძალვების მიხედვით, რაც გათვალისწინებულია მატერიალური ნორმით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონკრეტული ნორმით გათვალისწინებული იურიდიული ფაქტების შედეგად წარმოშობილი ურთიერთობების დასადასტურებლად, რაც საბოლოოდ წარმოადგენს სამართლის ნორმით გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ კომპონენტს, აუცილებელია ისეთი მტკიცებულებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ყველა მნიშვნელოვან გარემოებებზე“.
27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება ფულადი ვალდებულების შესრულების ადგილი. ფულადი ვალდებულება შეიძლება განისაზღვროს, როგორც ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც ორიენტირებულია ფულის, როგორც გვაროვნული ნიშნით განსაზღვრული ნივთის გადაცემაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი სპეციალურად გამოყოფს ფულადი ვალდებულების შესრულების ადგილს. არაფულადი ვალდებულების შესრულების დროს უპირატესობა ენიჭება მოვალის საცხოვრებელ ადგილს (ადგილსამყოფელს), ფულადი ვალდებულება კი უნდა შესრულდეს კრედიტორის ადგილსამყოფელის (საცხოვრებელი ადგილის ან იურიდიული მისამართის) მიხედვით (სსკ-ის 386-ე მუხლი).
28. ვალდებულების შესრულებას კრედიტორის ადგილსამყოფელის (საცხოვრებელი ადგილი ან იურიდიული მისამართი) მიხედვით, ადგილი აქვს მხოლოდ იმ ფულადი ვალდებულებების მიმართ, როდესაც ხდება ნაღდი ანგარიშსწორება. უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში კი ფულადი ვალდებულების შესრულების ადგილი იქნება ის საბანკო დაწესებულება, სადაც ხდება ფულადი თანხის გადარიცხვა. გადარიცხვების დროს პრაქტიკული მნიშვნელობისაა საკითხი, თუ რა მომენტიდან ჩაითვლება შესრულება განხორციელებულად. ვალდებულება ასეთ შემთხვევაში შესრულების გზით შეწყვეტილად ითვლება მხოლოდ იმ მომენტიდან, როცა ფული დაჯდება კრედიტორის ანგარიშზე და მას შესაძლებლობა აქვს განკარგოს ეს თანხა. ,,უნიდროას” პრინციპები ფულადი ვალდებულებების შესრულების ადგილთან მიმართებით აგრეთვე ითვალისწინებს ასეთ მიდგომას, კერძოდ, 6.1.8-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ კრედიტორის მიმართ გადარიცხვის გზით ფულადი ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად, როდესაც მოხდება კრედიტორის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა. გადარიცხვა ჩაითვლება განხორციელებულად მაშინ, როდესაც თანხის მიმღებს შეეძლება განკარგოს ფულადი თანხები იმგვარად, როგორც ამას შეძლებდა, თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით რომ მიეღო. ფულადი ვალდებულების შესრულებამ კრედიტორის ადგილსამყოფელის მიხედვით, შეიძლება წარმოშვას პრაქტიკაში გარკვეული პრობლემები მაშინ, როდესაც კრედიტორს გააჩნია სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების რამდენიმე ადგილი. ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპები ამ საკითხის გადასაწყვეტად ადგენენ შემდეგი სახის მოწესრიგებას: თუკი მხარეს (კრედიტორს) გააჩნია ბიზნესის (სამეწარმეო საქმიანობის) განხორციელების ერთზე მეტი ადგილი (place of business), მაშინ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ადგილად ჩაითვლება ის ადგილი, რომელსაც ყველაზე მჭიდრო კავშირი აქვს მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებასთან, ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მხარეებისათვის ცნობილი ანდა სავარაუდო გარემოებების გათვალისწინებით (მე-7:101 (2) მუხლი). სსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, შესრულების ადგილის საეჭვოობისას ფულადი ვალდებულება უნდა შესრულდეს კრედიტორის ადგილსამყოფელის (საცხოვრებელი ადგილი (20-ე I მუხლი) ან იურიდიული მისამართი) მიხედვით. თუ კრედიტორს აქვს ფულის ჩარიცხვისათვის გამიზნული საბანკო ანგარიში იმ ადგილას ან იმ ქვეყანაში, სადაც გადახდა უნდა მოხდეს, მაშინ მოვალეს შეუძლია ამ ანგარიშზე ჩარიცხვით შეასრულოს თავისი ფულადი ვალდებულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრედიტორი ამის წინააღმდეგია.
29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ფულად ვალდებულებებთან მიმართებით, როდესაც მოვალის მიერ ვალდებულების შესრულება ხდება კრედიტორის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით, მოვალეს უფლება აქვს თანხა ჩარიცხოს მხარეთა შეთანხმებულ ან კრედიტორის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. ეს განპირობებულია იმით, რომ კრედიტორს შეიძლება გააჩნდეს ინტერესი სწორედ კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების გზით ფულადი ვალდებულების შესრულების მიმართ. თუკი მოვალე ფულად ვალდებულებას შეასრულებს კრედიტორთან შეუთანხმებელ სხვა საბანკო ანგარიშზე, ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას კრედიტორის ინტერესებს და ეს ჩაითვლება ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუკი მოვალე ფულად ვალდებულებას შეასრულებს კრედიტორთან შეუთანხმებელ სხვა საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით, მაგრამ კრედიტორი ამით არ განიცდის არანაირ დამატებით ხარჯს, მოვალის მიერ ვალ-დებულების არაჯეროვანი შესრულება მაინც არ გამოიწვევს მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, თუკი შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (მაგა¬ლითად, პირგასამტეხლო). საერთაშორისო კომერციული ხელშეკრულებების პრინცი¬პები (,,უნიდროას” პრინციპები) განსაზღვრავს, რომ თუ არ არსებობს კრედიტორის მითითება კონკ¬რეტული საბანკო ანგარიშის შესახებ, მოვალეს შეუძლია მისთვის ცნობილ კრედიტორის ნების¬მიერ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით შეასრულოს თავისი ფულადი ვალდებულება (მუხლი 6.1.8). გარკვეულ გართულებებს იწვევს ისეთი შემთხვევები, როდესაც ხელშეკრულებაში მითითებულია კრედიტორის კონკრეტული საბანკო ანგარიში, ხოლო შესრულების წინ კი, იგი ატყობინებს მოვალეს, რომ მან ვალდებულება შეასრულოს კრედიტორის სხვა საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით. ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება კრედიტორის მიერ გამოვლენილ ნებას იმის გათვალისწინებით, რომ მან უნდა აუნაზ-ღაუროს მოვალეს აქედან წარმოშობილი დამატებითი ხარჯები.
30. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა კონკრეტული ტრანზაქციის შესრულების, კერძოდ, 2 617 277 აშშ დოლარის ზემოთმითითებულ ანგარიშზე ჩარიცხვის ფაქტი, თუმცა, სადავოდ რჩება კრედიტორის თანხმობის არსებობა მესამე პირის მიერ შესრულების მიღების თაობაზე. ამ კუთხით შესაფასებელია არაუფლებამოსილი პირის წინაშე განხორციელებული შესრულების ნამდვილობა [სსკ-ის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილი]. ხოლო იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ არაუფლებამოსილი პირის მიერ ვალდებულების შესრულების მიღებაზე კრედიტორმა განაცხადა თანხმობა ან/და მიიღო სარგებელი, დაეკისრა მოპასუხეს. ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად კი, მიჩნეული იქნა უშუალოდ კრედიტორის წერილი, რომელშიც მითითებული იყო ინფორმაცია ვალდებულების შესრულების თაობაზე. როდესაც მოსარჩელე (კრედიტორი) შესრულების ფაქტს სადავოდ ხდიდა, ხოლო ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული კონკრეტული საბანკო ანგარიში, რომელზეც უნდა ჩარიცხულიყო თანხა, ვალდებულების შესრულების ნამდვილობის დამადასტურებელ მტკიცებულებად სწორედ, „გადახდის ინსტრუქცია“ უნდა იქნეს მიჩნეული. „გადახდის ინსტრუქცია“ კ.ია „G. R. E. C.-ის“ მიერ კონკრეტული ვალდებულების შესრულების მიღებაზე მოსარჩელის (კრედიტორის) თანხმობას წარმოადგენს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
31. კასატორის შედავება იმ თვალსაზრისითაცაა წარმოდგენილი, რომ არსებობდა სსკ-ის 405-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი, რაც სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა. ამგვარ საფუძვლად კასატორი ასახელებს ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობას 2013 წლის 10 აპრილამდე, რაც ხელშეკრულების 2.3 პუნქტის მიხედვით გამყიდველს ანიჭებდა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას. იმავდროულად, კასატორი აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ ვადის დადგომამდეც წარმოიშვა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება, რამდენადაც აშკარა იყო მყიდველი არ აპირებდა ნასყიდობის საფასურის გადახდას და ამდენად, სახეზე იყო იმგვარი ფაქტობრივი გარემოება, რაც ხელშეკრულებიდან გამსვლელ მხარეს მიუთითებდა, რომ დადგებოდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება.
32. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას სსკ-ის 405-ე მუხლის სამართლებრივი საფუძვლით სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლის არსებობის თაობაზე და ყურადღებას გაამახვილებს სსკ-ის 405-ე მუხლის განმაპირობებელ სამართლებრივ საკითხებზე: საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების დადების მომენტიდან მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. მაგრამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან და უარი თქვას ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილის შესაძლებლობას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უარი თქვას ხელშეკრულების გაგრძელებაზე, ხელშეკრულებიდან გასვლა ეწოდება. იგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში გერმანიის სამოქალაქო კოდექსიდანა გადმოღებული და ბევრად ეხმაურება ევროგაერთიანების სამართალს. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება აღმჭურველი უფლებაა და განსხვავებით მოთხოვნის უფლებისაგან, მასზე არ ვრცელდება ხანდაზმულობა. სამოქალაქო კოდექსი და სხვა კერძოსამართლებრივი კანონმდებლობა შეიცავს აგრეთვე ისეთ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება მოთხოვნის საფუძვლით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებისას და ამდენად, ასრულებს დამხმარე ფუნქციას. დამხმარე ხასიათის ნორმებს განეკუთვნება ასევე უშუალოდ სამართლებრივი შედეგის დამფუძნებელი უფლების მომწესრიგებელი ნორმები, ისინი პირს სამართლებრივი შედეგის მოდიფიცირების უფლებას ანიჭებს ხელშეკრულების მეორე მხარის თანხმობის არსებობის მიუხედავად. დამფუძნებელია უშუალო სამართლებრივი შედეგის წარმომშობი უფლება, რომელიც პირს ანიჭებს უფლებამოსილებას, ცალმხრივი ნების გამოვლენით წარმოშვას, შეცვალოს ან გააუქმოს სამართლებრივი შედეგი. დამფუძნებელი უფლების მარეგულირებელი ნორმების ძირითადი თავისებურება ისაა, რომ უფლებამოსილი პირის მიერ უფლება ხორციელდება ნამდვილი, მიღებასავალდებულო ნების გამოვლენით. ასეთ დამფუძნებელ უფლებათა რიცხვს მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლა, რომელიც სკ-ის 355-ე მუხლის თანახმად, ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით. დამფუძნებელი უფლება განხორციელებულია ანუ შესაბამისი ნების გამოვლენა ნამდვი. იმ მომენტიდან, როდესაც იგი ხელშეკრულების მეორე მხარეს მიუვა, კერძოდ, მოხვდება მიმღების ძალაუფლების სფეროში და ამ უკანასკნელს ექნება მისი შინაარსის რეალურად განხორციელების შესაძლებლობა. ამ უფლებათა განსხვავებული სტატუსი, ცხადია, არ გამორიცხავს მათ განხორციელებას სასამართლოსათვის მიმართვის გზით.
33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მხარეების მხრიდან პირველადი მოთხოვნის ხასიათს ატარებს, რომლის შეუსრულებლობაც იწვევს მეორადი მოთხოვნის უფლების წარმოშობას. ამ უკანასკნელს კი მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნა. ხელშეკრულებიდან გასვლა გამოიყენება მხოლოდ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები). თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გასვლის დამატებით პირობებზე. თუ მხარეები ამ უფლებით არ ისარგებლებენ, გამოიყენება კანონის დისპოზიციური ნორმები. ხელშეკრულებიდან გასვლის, როგორც მეორადი მოთხოვნის უფლების საფუძვლები შეიძლება დაიყოს მატერიალურ და ფორმალურ ნაწილებად. მატერიალურში შეიძლება ვიგულისხმოთ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა, ხოლო ფორმალურში – დამატებითი ვადის დაწესება და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინება.
34. ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობებია: ა) ხელშეკ¬რუ¬ლების ნამდვილობა (უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის ზოგად პი¬რო¬ბებს); ბ) ზოგადი წესის მიხედვით, მოვალის მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნე¬ლოვანი (არსებითი) დარღვევა (დარღვევა არსებითი ხასიათისაა, თუ მოვალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო, ფაქტობრივი შესრულების დანიშნუ¬ლები¬სამებრ გამოყენება შეუძლებელი ხდება ან იკარგება მომავალში მისი შესრულების იმედი ანდა კრედიტორს ეკარგება შესრულებისადმი ინტერესი; გ) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით მონაწილე მთლიანად გადის ხელშეკ¬რუ¬ლებიდან, რადგანაც კანონით დაუშვებელია ხელშეკრულებიდან ნაწილობრივი გასვ¬ლა; დ) მიუხედავად ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევისა, მოვალეს არ შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; ე) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად არ არის პასუხისმგებელი; ვ) მოთხოვნას არ უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც უკვე წარმოდგენი. ან წარდგენილი იქნება დაუყოვნებლივ მოვალის მიერ, თუკი კრედიტორი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე (მაგალითად, შესაგებელი ვალდებულების გაქვითვაზე); ზ) სახეზეა კრედიტორის მიერ შესაგებელი იურიდიული მოქმედება – ხელშეკრულებიდან გასვლისათის მოცემული გონივრული ვადა, თუ ხელშეკრულებით ასეთი ვადა არ ყოფილა დადგენილი – ანდა, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა – გაფრთხილება.
35. სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად არ აფუძნებს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას. შეუსრულებლობა გარკვეული ობიექტური მასშტაბით უნდა გაიზომოს. ზოგადად, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება წარმოიშობა, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ვალდებულება დაირღვა . ვალდებულება, რომლის დარღვევაც ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველს წარმოადგენს, უნდა იყოს ნამდვილი, ვადამოსული და უპრეტენზიო. თუ ვალდებულებები კერ კიდევ არ არის შესასრულებელი, მხარე ვერ გავა ხელშეკრულებიდან, რადგან მას არ ექნება ამის საფუძველი. თუმცა, სკ-ის 405-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მხარეს შეუძლია შესრულების ვადის დადგომამდე განაცხადოს უარი ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულებიდან გასვლის პირობა ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულებაა. თუ მოვალემ ვალდებულება შეასრულა ან კრედიტორმა შეთანხმებულის ნაცვლად სხვა შესრულება მიიღო (datio pro solutio), კრედიტორი ხელშეკრულებიდან ვერ გავა. კრედიტორს ასევე ეზღუდება ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება, თუ მოვალემ წარადგინა ან დაუყოვნებლივ წარმოადგენს პრეტენზიას (შესაგებელს). ანალოგიური წესი გამოიყენება მაშინაც, როდესაც მოვალეს შეუძლია ვალდებულების გაქვითვა და იგი ამ უფლებას კრედიტორის მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის დაყენებისთანავე გამოიყენებს (dolo agit, qui petit, quod statim redditurus est). ხელშეკრულებიდან გასვლა წარმოშობს მონაწილეთა შორის ახალ ვალდებულებას: მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებმა ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ.
36. სსკ 405-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები განამტკიცებენ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის უფლებას უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ მეორე მხარე არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კრედიტორს შეუძლია მოვალეს დაუწესოს დამატებითი ვადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესასრულებლად. რაც განამტკიცებს ფაქტს, რომ მისთვის მთავარია ვალდებულების შესრულება და არა პასუხისმგებლობა შეუსრულებლობისათვის. ხელშეკრულებიდან გასვლა, რომელიც იწვევს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ანულირებას, არ შეიძლება განხორციელდეს მოვალისათვის ვალებულების შესასრულებლად ხელმეორე შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რათა ამით თავიდან იქნეს აცილებული ხელშეკრულების ანულირება. სწორედ ამიტომ, კანონი ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც ვალდებულების შესასრულებლად მოვალეს მიეცემა დამატებითი ვადა, ამ დროს კრედიტორი სარგებლობს შეზღუდული უფლებით გავიდეს ხელშეკრულებიდან, ხოლო მოვალის ინტერესები კი გარკვეულწილად დაცულია. ( ანალოგიურადაა საკითხი გადაწყვეტილი გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 323-ე პარაგრაფით). ვალდებულების ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ დამატებითი ვადის განსაზღვრას გაუთანაბრდეს გაფრთხილება, რომლითაც კრედიტორი ავალდებულებს მოვალეს შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. გაფრთხილება ერთგვარი შეხსენებაა ვადამსული ვალდებულების შესასრულებლად. სსკ-ის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც არ არის საჭირო ვალდებული პირისათვის არც დამატებითი ვადის დაწესება და არც გაფრთხილება. სახელშეკრულებო ურთიერთობებში ხელშეკრულებიდან გასვლის ფორმის განსაზღვრა მნიშვნელოვანია მხარეთა შემდგომი სამართლებრივი ურთიერთობებისათვის და განსაზღვრავს ამ უფლების განხორციელების სამართლებრივ მართებულებას. სსკ-ის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გასვლა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინების გზით. ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ შეტყობინება ძალაშია მას შემდეგ, რაც განსაზღვული წინაპირობები იქნება დაკმაყოფილებული. სსკ-ის 405-ე მუხლი დეტალურად აწესრიგებს ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის უფლების წარმოშობის წინაპირობებსა და გამონაკლისებს, ისევე, როგორც აღნიშნული უფლების წარმოშობის დამაბრკოლებელ გარემოებებს. განსახილველ საქმეში, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის, ხელშეკრულებაზე უარის თქმის ერთ-ერთ კანონისმიერ წინაპირობას წარმოადგენდა სსკ-ის 352-ე და 405-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულება მეორე მხარისათვის დამატებით განსაზღვრული ვადის ან გაფრთხილების მიცემის თაობაზე, რათა მეორე მხარეს ხელშეკრულებიდან გასვლამდე დამატებით მისცემოდა ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა, ამასთან, კონტრაჰენტი ინფორმირებული უნდა ყოფილიყო დამატებით ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებთან დაკავშირებითაც. შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლის, ხელშეკრულებაზე უარის თქმის მართლზომიერებაზე მსჯელობისას, სასამართლო ამოწმებდა, დაცული იყო თუ არა სსკ-ის 405-ე მუხლის დანაწესი, მოვალისათვის ვადის დამატებით განსაზღვრასა თუ გაფრთხილებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის არარსებობის შემთხვევაში, კრედიტორის მტკიცების ტვირთი იყო იმ ფაქტობრივი შემადგენლობის არსებობის დადასტურება, რომელიც გამორიცხავდა დამატებითი ვადის ან გაფრთხილების ვალდებულებას სსკ-ის 405-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილის კონტექსტში. აღნიშნული კი მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო. რაც შეეხება, მოგვიანებით, სარჩელის აღძვრის შემდეგ მოპასუხისათვის გაგზავნილ გაფრთხილებას (სარჩელი აღიძრა 12.12.2012წ, გაფრთხილებები გაეგზავნა 23.01.2013წ და 4.02.2013წ, იხ.ტ.1, ს.ფ 219-229), პალატამ განმარტა, რომ ხელშეკრულებიდან გასულ სუბიექტს მხოლოდ მას შემდეგ წარმოეშობა ხელშეკრულების გასვლით მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა, როდესაც იგი ამის თაობაზე ხელშეკრულების მეორე მხარეს ინფორმაციას მიაწვდის. აღნიშნული მიზნით, საკმარისია დამატებით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ სარჩელის წარდგენა და სასამართლო წესით მხარის ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რომ კრედიტორი ხელშეკრულებიდან გადის და ხელშეკრულებიდან გასვლასთან დაკავშირებულ უფლებათა რეალიზებას სასამართლო წესით ახორციელებს.
37. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე მოვალეს არც დამატებითი ვადა განესაზღვრა ვალდებულების შესასრულებლად და არც გაფრთხილებულა ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე. ამდენად, რომც ჩათვლილყო რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფულადი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებას, მოსარჩელეს მაინც არ ჰქონდა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება.
38. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, რომ არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
39. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ვინაიდან ვალდებულების შესრულების სუბიექტებთან და ხელშეკრულებიდან გასვლასთან დაკავშირებულ საქმეებზე უკვე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
41. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. „დ. კ.ი ე.“ -ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ „დ. კ.ი ე.“ -ს უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 27 სექტემბერს გადახდილი (4000 ლარი) და 09 ოქტომბერს საგადახდო დავალებით N12 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (4000 ლარი) 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე