Facebook Twitter

საქმე №ას-1231-1151-2017 01 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ა- დ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდეგში: ბენეფიციარი ან მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) და შპს „ნ--ს“ (შემდეგში: პრინციპალი) შორის 2012 წლის 14 მაისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N170 ხელშეკრულება (შედეგში: ხელშეკრულება).

2. ხელშეკრულების შესაბამისად, პრინციპალმა იკისრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული ქობულეთის N1 საჯარო სკოლის (შემდეგში: სკოლა) შენობის მშენებლობის სამუშაოს ჩატარებისვალდებულება.

3. ხელშეკრულების დანართით „ინფორმაცია საგარანტიო ვადების შესახებ“ მინიმალური საგარანტიო ვადა შესრულებულ სამუშაობაზე განისაზღვრა 5 წლით, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მომენტიდან.

4. 2014 წლის 28 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა სამუშაოების დასრულების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი.

5. 2014 წლის 31 მარტს სს „ა-დ-ასა“ (შემდეგში: გარანტი ან მოპასუხე ან კასატორი) და პრინციპალს შორის გაფორმებდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გაიცა დეფექტებზე პასუხისმგებლობის საბანკო გარანტია NFRI/14-043919 (შემდეგში: საბანკო გარანტია).

6. საბანკო გარანტიის პირობების შესაბამისად გარანტმა პრინციპალის თხოვნით იკისრა წერილობითი ვალდებულება პრინციპალის მიერ სახელშეკრულებო პირობების დარღვევის საფუძველზე პირველივე მოთხოვნისთანავე გადაეხადა ბენეფიციარისათვის 70 000 ლარი.

7. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 31 მარტიდან 2015 წლის 5 აპრილის ჩათვლით.

8. 2015 წლის 19 მარტს სკოლის დირექტორმა ბენეფიციარს გაუგზავნა წერილი შესრულებულ სამუშაოებში გამოვლენილი ხარვეზების არსებობის და მასზე რეაგირების თაობაზე.

9. ბენეფიციარმა 2015 წლის 24 მარტს საგარანტიო ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში მიმართა პრინფიპალს და აცნობა სკოლაში შერულებული სამუშაოებზე გამოვლენილი ხარვეზები. აგრეთვე, მოითხოვა არაუგვიანეს 2015 წლის 1 აპრილისა ხარვეზების სრულად აღმოფხვრა.

10. ბენეფიციარმა საბანკო გარანტიის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გარანტს წარუდგინა მოთხოვნა თანხის გადახდის შესახებ.

11. თანხის გადახდის მოთხოვნა გარანტს ბენეფიციარმა წარუდგინა 2015 წლის 2 აპრილს, ხოლო განმეორებით 2015 წლის 18 მაისს.

12. გარანტმა საბანკო გარანტიაში მითითებული თანხა პრინციპალს არ გადაუხადა.

13. ბენეფიციარმა სარჩელი აღძრა გარანტის წინააღმდეგ და მოითხოვა 70 000 ლარის გადახდის დაკისრება [საქართველოს სმოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 879-ე და 881-ე მუხლები).

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 70 000 ლარი.

15. საქალაქო სასამართლომ დავა მოაწესრიგა სსკ-ის 879–ე, 887-ე და 888-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის 2012 წლის 14 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, პრინციპალმა იკისრა ვალდებულება სკოლის შენობის მშენებლობის სამუშაოს ჩატარების თაობაზე. გარანტსა და პრინციპალს შორის გაფორმებული საბანკო გარანტიის ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა დეფექტებზე პასუხისმგებლობის საბანკო გარანტია. საბანკო გარანტიით გარანტმა შეუქცევადად იკისრა ვალდებულება გადაიხადოს თანხა ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე. რაც სასამართლოს მოსაზრებით იმაში მდგომარეობდა, რომ გარანტის მხრიდან თანხის გადახდის ვალდებულება დამოკიდებული არ იყო პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ ნაკისრი ვალდებულების სრულყოფილად და ჯეროვნად შესრულებაზე. იმავდროულად, დადგენილი ისიც იყოს, რომ სამუშაოები ხარვეზებით იყო შესრულებული. თუ ბენეფიციარის მოთხოვნა აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ პირობებს – წარდგენილია გარანტიაში მითითებული დოკუმენტები, მითითებულია ის, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია, და დაცულია მოთხოვნის წარდგენის ვადა, გარანტს წარმოეშობა ვალდებულება გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულადი თანხა.

16. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი უარყოფილი იქნა.

18. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების პპ:1-12, 15 ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. იმავდროულად, აღნიშნა, რომ საბანკო გარანტიის თავისებურება ასახულია სსკ-ის 881-ე მუხლში, რომლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე. ბენეფიციარის წინაშე გარანტის ვალდებულების ძირითადი ვალდებულებისაგან დამოუკიდებლობის პრინციპის გამოხატულება იმაში მდგომარეობს, რომ ბენეფიციარისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად კანონმდებელი ორ ძირითად შემთხვევას განიხილავს, კერძოდ: თუ ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ (იხ., სუსგ Nას-749-709-2015, 25 სექტემბერი, 2015 წელი). ცხადია, დასახელებულ პირობათაგან არც ერთს არა აქვს კავშირი ძირითად ვალდებულებასთან. რაც შეეხება ძირითად ვალდებულებასთან დაკავშირებულ შემთხვევებს, როგორიცაა: საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულება, მისი სხვა საფუძვლებით შეწყვეტა ან ბათილად აღიარება, კანონი მათ გარანტის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლად არ განიხილავს. ასეთ შემთხვევებში გარანტი უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს, თუმცა მიუხედავად ამ შეტყობინებისა, ბენეფიციარის განმეორებითი მოთხოვნა დაკმაყოფილებას ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე. (იხ. სუსგ 17.03.2009წ. №ას-781-996-08, სუსგ 4.05.2015წ. №ას-161-151-2015). კანონი გარანტისათვის ფულადი თანხის გაცემის დამოუკიდებელ ვალდებულებას აწესებს, რა დროსაც უნდა უნდა დადგინდეს გარანტიის ხელშეკრულების პირობები და მისი მოქმედების ვადა. აღნიშნულიდან გამომდიანრე უპირველესად დასადგენია ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტიის თანხის გაცემის თაობაზე შეესაბამებოდა, თუ არა გარანტიის პირობებს, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო.

19. განსახილველ საქმეზე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბენეფიციარმა საბანკო გარანტიის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გარანტს საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში წარუდგინა მოთხოვნა თანხის გადახდის შესახებ 2015 წლის 2 აპრილს და განმეორებით 2015 წლის 18 მაისს. იმის გათვალისწინებით, რომ ბენეფიციარმა გარანტიის მოქმედების ვადაში წარუდგინა გარანტს წერილობითი მოთხოვნა პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების დარღვევის გამო და მოითხოვა საგარანტიო თანხის ანაზღაურება, შეასრულა გარანტიით გათვალისწინებული ვალდებულება. ამდენად, მოცემულ საქმეში სახეზე იყო საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულების შესრულების განმაპირობებელი ყველა წანამძღვარი: ა) საბანკო გარანტიის ხელშეკრულების არსებობა, რომლითაც ბანკი უზრუნველყოფდა ხელშეკრულების შესრულებას პრინციპალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში; ბ) პრინციპალის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რაც საკმარისი საფუძველია საბანკო გარანტიის ამოქმედებისათვის; გ) საბანკო გარანტიით დადგენილ ვადაში ბენეფიციარის მოთხოვნის წარდგენა გარანტორისათვის.

20. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

21. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი (სსკ-ს 887-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა (სსკ-ის 887-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადება).

22. კასატორი ახდენს დავის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას და აღნიშნავს, რომ მოთხოვნასა ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. განსახილველ შემთხვევაში კი, 2015 წლის 02 აპრილის შეტყობინებით ბენეფიციარმა მოითხოვა სადაზღვევო კომპანიისაგან საგარანტიო თანხის ანაზღაურება, პრინციპალის მიერ ხელშეკრულების პირობების, გამოვლენილი დეფექტების შემსყიდველის მიერ დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობის გამო. შეტყობინება გაეგზავნა პრინციპალს, თუმცა, მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა რეგისტრირებულ მისამართზე. სსკ-ს 887-ე მუხლის მიხედვით, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა გონივრული წინდახედულობის ფარგლებში მოახდინა მოთხოვნის შესწავლა და არ დააკმაყოფილა საგარანტიო პირობებთან შეუსაბამობის გამო, კერძოდ: 1. მოცემულ შემთხვევაში გაცემული იყო „დეფექტებზე პასუხისმგებლობის“ საბანკო გარანტია, რომელიც უზრუნველყოფდა პრინციპალის პასუხისმგებლობას გამოვლენილ დეფექტებზე. სასამართლომ კი, არ გამოიკვლია გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულება, კერძოდ, უზრუნველყოფდა იგი ყველანაირ დეფექტს მიუხედავად მისი წარმოშობის საფუძვლისა თუ მხოლოდ იმ დეფექტებს, რომელზეც პასუხისმგებელი იყო პრინციპალი. ბენეფიციარის მოთხოვნაში მითითებული იყო, რომ პრინციპალმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, თუმცა არ დასტურდებოდა დეფექტების აღმოფხვრაზე პრინციპალის პასუხისმგებლობის ფაქტი და არ შეიცავდა აღმოსაფხვრელად აუცილებელი თანხების შესახებ ინფორმაციას. სსკ-ს 885-ე მუხლის შესაბამისად კი, მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია.

23. გარანტმა სასამართლო პროცესზე წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდა, რომ გამოვლენილი ხარვეზები გამოწვეული იყო ბენეფიციარის მიერ არასწორად შედგენილი პროექტის შედეგად, რითაც პრინციპალის ბრალი წარმოქმნილ დეფექტებზე გამოირიცხა. კერძოდ, ლ. სამხარაულის ექსპერტიზის 11.11.2015 წლის დასკვნის შესაბამისად, 2012 წლის 14 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #170 ხელშეკრულების პროექტის შედგენისას არ არის გათვალისწინებული სკოლის არქიტექტურული და კონსტრუქციული ნაწილების მიხედვით ატმოსფერული ნალექების ორგანიზებული გადაყვანის საკითხი. მეტალოკრამიტის ბურულისათვის სახურავის დახრა მინიმალურად დასაშვებზე ნაკლებია, ასევე, პროექტის მიხედვით არ ეწყობა ჰორიზონტალური ჰიდროიზოლაცია. ამიტომ, შენობის შიგა სივრცეში ატმოსფერული ნალექების მოხვედრა და კედლების დანესტიანება მოსალოდნელია. სკოლის დირექტორმა გააგზავნა წერილი, რომლითაც ბენეფიციარი ადასტურებდა დეფექტების არსებობას, შეიცავდა დეფექტების იმ ჩამონათვალს, რომელიც გამოვლენილი იყო არასწორი დაპროექტების შედეგად, რაზეც პასუხისმგებელი იყო ბენეფიციარი, ვინაიდან მის მიერ მოხდა პროექტის მიმწოდებლისთვის გადაცემა და რომლის გამოვლენა გარდაუვალი იყო ქობულეთში არსებული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით (საქმე # ას- 207-194-2014) ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის იურიდიულად მნიშვნელოვანი მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს.

24. ამასთან კასატორს მაიჩნია, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ გარანტმა იკისრა 70 000 ლარის გადახდის ვალდებულება ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე, როცა გარანტიის ტექსტი სხვა დათქმას შეიცავდა.

25. კასატორი ახდენს სსკ-ს მე-8 და 316-ე მუხლების ციტირებას და აღნიშნავს, რომ კეთილსინიდიერად უფლების განხორციელების ვალდებულება გათვალისწინებულია ასევე, საბანკო გარანტიათა მარეგულირებელ საერთაშორისო აქტებსა და უნიფიცირებულ წესებში, კერძოდ, გაეროს სავაჭრო სამართლის კომისიის 1996 წლის ნიუ იორკის კონვენციის „დამოუკიდებელი გარანტიებისა და რეზერვული აკრედიტივების შესახებ“, მე-14 და მე-15 მუხლის შესაბამისად, მხარეები შებოჭილნი არიან საკუთარი უფლებების კეთილსინიდსიერად განხორცილებების ვალდებულებით. კერძოდ, მე-15 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, „ბენეფიციარი მოთხოვნის განხორციელებამდე ვალდებულია დარწმუნდეს, რომ მოთხოვნა არ არის განხორციელებული არაკეთილსინდისიერად და არ არსებობს მე-19 მუხლის პირველი ნაწილით „ა", „ბ" და „ც" პუნქტით გათვალისწინებული პირობები. ამავე კონვენციის მე-14 მუხლის შესაბამისად, „კონვეციითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების განხორციელებისას გარანტი ვალდებულია იმოქმედოს კეთილსინდისიერად და მოქმედებები განახორციელოს გონივრული წინდახედულობის პრინციპით საბანკო გარანტიებისა და რეზერვული აკრედიტივების რეგულირების საზოგადოდ მიღებული და დამკვიდრებული საერთაშორისო წესების შესაბამისად".

26. კასატორი აღნიშნავს, რომ 2015 წლის 15 მარტის სკოლის დირექტორის წერილში აღნიშნულია მხოლოდ იმ დეფექტებზე (სკოლის გარკვეული ოთახები ყოველი წვიმის შემდეგ სველდება, ნესტისაგან იჭორფლება და საღებავი ეცლება; შემოდის წყალი, სველდება რაფები, კედლები და იატაკი; თოვლის დნობის დროს ჭერიდან და მთელ ჩრდილოეთ კედელზე ჩამოდის წყალი; გაბზარულია კედლები და სხვა), რომელთა წარმოქმნაც განპირობებულია არასწორი დაპროექტებით, კერძოდ, აღნიშნული პროექტი გათვლილი რომ ყოფილიყო ქობულეთის რაიონისათვის დამახასიათებელი ისეთი კლიმატურ გარემოებებზე, როგორიცაა უხვი ნალექი, ნესტი აღნიშნულ დეფექტებს ადგილი არ ექნებოდა. პრინციპალი კი, პასუხს არ აგებდა ბენეფიციარის მიერ მითითებულ იმ გარემოებებზე, რაც მოთხოვნაშია მითითებული. ბენეფიციარის მოთხოვნა არასრულია და მასში არ არის მითითებული: არც დასაბუთებული ზიანის მოცულობა, არც დეფექტების აღმოფხვრისათვის აუცილებელი თანხების მოცულობა და არც მიზეზობრივი კავშირის არსებობა პრინციპალის მიერ განხორციელებულ სამუშაოსა და დამდგარ შედეგს შორის. ექსპერტიზის დასკვნამ ცალსახად გამორიცხა გამოვლენილ დეფექტებზე პრინციპალის პასუხისმგებლობა, რითაც ასევე დასტურდება, რომ გარანტიით უზრუნველყოფილი პირობა არ დამდგარა, რაც მოთხოვნის არამართლზომიერებაზე მიუთითებს და მისი დაკმაყოფილების ვალდებულებას არ წარმოშობს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

28. მოცემულ შემთხვევაში, დავა წარმოშობილია საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართალურთიერთობის საფუძველზე.

29. გარანტის პოზიცია საბანკო გარანტიის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი წინაპირობების არარსებობაში მდგომარეობს. კასატორის პოზიციას საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:

30. საგულისხმოა, რომ საბანკო გარანტიის იურიდიული ბუნება განმარტებულია საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაში (იხ., სუსგ №ას-1038-999-2016, 01 თებერვალი, 2017 წელი; სუსგ Nას-749-709-2015, 25 სექტემბერი, 2015 წელი; იხ., საქმე №ას-1038-999-2016, 01 თებერვალი, 2017 წელი).

31. კასატორი აღნიშნავს, რომ გარანტმა სასამართლო პროცესზე წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდა, რომ გამოვლენილი ხარვეზები გამოწვეული იყო ბენეფიციარის მიერ არასწორად შედგენილი პროექტის შედეგად, რითაც პრინციპალის ბრალი წარმოქმნილ დეფექტებზე გამოირიცხა. კერძოდ, ლ. სამხარაულის ექსპერტიზის 11.11.2015 წლის დასკვნის შესაბამისად, 2012 წლის 14 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #170 ხელშეკრულების პროექტის შედგენისას არ არის გათვალისწინებული სკოლის არქიტექტურული და კონსტრუქციული ნაწილების მიხედვით ატმოსფერული ნალექების ორგანიზებული გადაყვანის საკითხი. მეტალოკრამიტის ბურულისათვის სახურავის დახრა მინიმალურად დასაშვებზე ნაკლებია, ასევე, პროექტის მიხედვით არ ეწყობა ჰორიზონტალური ჰიდროიზოლაცია. ამიტომ, შენობის შიგა სივრცეში ატმოსფერული ნალექების მოხვედრა და კედლების დანესტიანება მოსალოდნელია. სკოლის დირექტორმა გააგზავნა წერილი, რომლითაც ბენეფიციარი ადასტურებდა დეფექტების არსებობას, შეიცავდა დეფექტების იმ ჩამონათვალს, რომელიც გამოვლენილი იყო არასწორი დაპროექტების შედეგად, რაზეც პასუხისმგებელი იყო ბენეფიციარი, ვინაიდან მის მიერ მოხდა პროექტის მიმწოდებლისთვის გადაცემა და რომლის გამოვლენა გარდაუვალი იყო ქობულეთში არსებული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე (ამ განჩინების პ: 23).

32. კასატორის ზემოთ მითითებულ არგუმენტს საკასაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ სახელშეკრულებო სამართალში „საბანკო გარანტია“ დოკუმენტალური ოპერაციის სახითა ცნობილი და მისთვის დამახასიათებელია დამოუკიდებლობა ძირითადი, უზრუნველყოფილი ვალდებულებისაგან (პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის არსებული ვალდებულება), რაც განაპირობებს მის არააქცესორულ ბუნებას. პრინციპალის ძირითადი ვალდებულების გაბათილება, შეწყვეტა ან სამართლებრივი ვითარების სხვაგვარი შეცვლა, თავისთავად არ იწვევს საბანკო გარანტიის მოქმედების შეწყვეტას, ამიტომაც, საბანკო გარანტიაში მკაფიოდ უნდა აისახოს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.

33. განსახილველ საქმეში, დადგენილია, რომ 2014 წლის 31 მარტს გარანტსა და პრინციპალს შორის გაფორმდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გაიცა დეფექტებზე პასუხისმგებლობის საბანკო გარანტია NFRI/14-043919 (ტ.1. ს.ფ. 26), რომლის მიხედვით, გარანტმა პრინციპალის თხოვნით წერილობითი იკისრა შეუქცევადი ვალდებულება გადაეხადა ნებისმიერი თანხა, რომელიც მთლიანობაში არ აღმატებოდა 70 000 ლარს, პირველივე წერილობითი მოთხოვნისთანავე, სადაც მითითებული იქნებოდა, რომ კონტრაქტორმა დაარღვია კონტრაქტით მის მიერ აღებული ვალდებულება, თანხის ან მოთხოვნის საფუძვლის წარმოდგენის თუ დასაბუთების გარეშე. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 31 მარტიდან 2015 წლის 5 აპრილის ჩათვლით.

34. შესაბამისად, დავის გადაწყვეტის საკვანძო საკითხი იმაში მდგომარეობს წარმოშობილი იყო თუ არა საბანკო გარანტიის დაკმაყოფილებისათვის აუცლებელი წინაპირობები.

35. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ 2015 წლის 19 მარტს სკოლის დირექტორმა ბენეფიციარს გაუგზავნა წერილი შესრულებულ სამუშაოებში გამოვლენილი ხარვეზების არსებობის და მასზე რეაგირების თაობაზე. ბენეფიციარმა 2015 წლის 24 მარტს საგარანტიო ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში მიმართა პრინციპალს და აცნობა სკოლაში შერულებული სამუშაოებზე გამოვლენილი ხარვეზები. აგრეთვე, მოითხოვა არაუგვიანეს 2015 წლის 1 აპრილისა ხარვეზების სრულად აღმოფხვრა.

36. ბენეფიციარმა კი, გარანტს გარანტიის მოქმედების ვადაში წარუდგინა წერილობითი მოთხოვნა და სკოლის შენობის მშენებლობის სამუშაოს ხარვეზიანად შესრულების გამო მოითხოვა დეფექტებზე პასუხისმგებლობის საბანკო გარანტიიდან გამომდინარე საგარანტიო თანხების ანაზღაურება [სსკ-ის 879-ე მუხლი], რითაც შეასრულა გარანტიით გათვალისწინებული ვალდებულება [სსკ-ის 885-ე მუხლი].

37. რაც შეეხება კასატორის მითითებას ვალდებულების დარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტების აუცილებელ წარდგენასთან დაკავშირებით, ასეთ პირობას გარანტია არ ითვალისწინებდა (ტ.1. ს.ფ. 26). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ მათი არსებობის შემთხვევაში, წარმოეშობოდა ბენეფიციარს დოკუმენტების დართვის ვალდებულება.

38. იმავდროულად, საგულისხმოა, რომ სსკ-ის 887-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, გარანტი არათუ მოცემულ შემთხვევაში, არამედ მაშინაც კი არის ვალდებული შეასრულოს ბენეფიციარის მოთხოვნა, როდესაც მისთვის ცნობილია, რომ საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულება შესაბამის ნაწილში მთლიანად უკვე შესრულებულია, შეწყდა სხვა საფუძვლებით ან ბათილია. მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს. გარანტის მიერ ასეთი შეტყობინების შემდეგ მიღებული ბენეფიციარის ხელმეორე მოთხოვნა ექვემდებარება გარანტის მიერ დაკმაყოფილებას. მით უფრო რომ საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გარანტი იღებდა შეუქცევად ვალდებულეას პირველივე წერილობითი მოთხოვნისთანავე დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა. ამ სამართლებრივი საფუძვლით არ არის გასაზიარებელი საკასაციო პრეტენზია გარანტიის დაკმაყოფილების წანამძღვრებად ვალდებულების დარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტების მიწოდების შესახებ. რაც შეეხება თანხის მოცულობას დადგენილია, რომ გარანტმა პრინციპალის თხოვნით იკისრა ვალდებულება გადაეხადა ნებისმიერი თანხა, რომელიც მთლიანობაში არ აღმატებოდა 70 000 ლარს (ტ.1. ს.ფ. 26). შესაბამისად, საკასაციო საჩივარი არც ამ ნაწილშია გასაზიარებელი.

39. რაც შეეხება საბანკო გარანტიათა მარეგულირებელი საერთაშორისო აქტებისა და უნიფიცირებული წესების დარღვევასათან დაკავშირებულ კასატორის პრეტენზიას (ამ განჩინების პ-25), საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან კასატორის მერ ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტების მიმართ საქართველოს არ აქვს აღებული ვალდებულება, სამართლებრივი კვალიფიკაციის მიზნებისათვის ამ აქტებით ხელმძღვანელობა არარელევანტურია.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

41. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან საბანკო გარანტიის სამართლებრივი საკითხები განმარტებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში, რომელიც ასახულია წინამდებარე მსჯელობაში.

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

43. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ა-დ--ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „ა-დ-ას“ უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 06 სექტემბერს საგადახადო დავალება N4240 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (3500 ლარი) – 2450 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე