საქმე №ას-1291-1211-2017 15 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ- ვ---ია (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა- წ-ნი (მოპასუხე, აპელანტი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – აუცილებელი გზით სარგებლობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ--ში, ჟ--იას ჩიხი №3-ში (ს/კ: N27.--.5-.0--) მდებარე უძრავი ქონება (შემდეგში: პირველი უძრავი ქონება ან პირველი მიწის ნაკვეთი) რეგისტრირებულია ნ- ვ--იას (შემდეგში: მოსარჩელე) საკუთრების უფლებით.
2. ლ-ში, ჟ--იას ჩიხი №3-ში №122ა-ში (ს/კ: N27.--.5-.057) მდებარე უძრავი ქონება (შემდეგში: მეორე უძრავი ქონება ან მეორე მიწის ნაკვეთი) რეგისტრირებულია ა- წ-ნის (შემდეგში: მოპასუხე) საკუთრების უფლებით.
3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ, რომლითაც მოითხოვა:
4. ა) მეორე მიწის ნაკვეთზე სავალდებულო გზის თმენის ვალდებულების მოპასუხისათვის დაკისრება;
5. ბ) სავალდებულო გზის დადგენა პირველი მიწის ნაკვეთზე (ჭიშკარი) და ამავე ნაკვეთზე განთავსებულ ნაგებობამდე (საზოგადოებრივი აბანო) მისასვლელად.
6. გ) სავალდებულო გზის დადგენა შემდეგ კოორდინატებზე: 254757.659807 X 4663823.746723; 254756,033532 X 4663820,647491; 254765.5-1788 X 4663824,67053; 254766,285 X 4663808,155; 254761,786614 X466380-,785-1; 254766,28588 X4663808,155242; 254787,898618 X4663795,193758; 254786,350003 X 4663792055003.
7. მოსარჩელის განმარტებით, პირველი მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობასთან, რომელშიც ფუნქციონირებს საზოგადოებრივი სარგებლობის აბანო, დაკავშირება საჯარო გზიდან შესაძლებელი იყო ჟ-იას ქუჩიდან - საფეხმავლო გზით, ხოლო გ-–ის ქუჩიდან - სამანქანე გზით. სახლთან და აბანოსთან მისასვლელი გზა (ორივე მხარეს) რამდენჯერმე გასხვისდა. თავდაპირველად, მიწის ნაკვეთი გასხვისდა 2004 წელს, ხოლო მოგვიანებით, 2005 წელს - ო- მ-ზე. 2011 წელს ამ უკანასკნელმა მიწის ნაკვეთი გაასხვისა მოპასუხეზე. თავდაპირველად, მიწის ნაკვეთი იყო 764 კვ.მეტრი ფართობის, შემდეგში - 340 კვ.მეტრი ფართობის, ხოლო დღეის მდგომარეობით მისი მოცულობა - 501 კვ.მეტრია.
8. მოპასუხემ მოსარჩელის ეზოს ჭიშკართან და აბანოს შესასვლელთან დაყარა სხვადასხვა კონსტრუქციები და სამეურნეო ნარჩენები, რის გამოც, მოსარჩელე ვეღარ ახერხებს ეზოში ჩასვლას გ-–ის ქუჩის მხრიდან. რაც შეეხება ჟ--იას ქუჩიდან არსებულ სამანქანე გზასთან დაკავშირების საკითხს, მოსარჩელის განმარტებით, ამისათვის საჭიროა ხიდის მშენებლობა, რომელიც დიდი ხარჯებთანაა დაკავშირებული.
9. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველ შედავებაში აუცილებელი გზით სარგებლობის წინაპირობების არარსებობაზე მიუთითა. მოპასუხის მოსაზრებით, მოსარჩელეს შეეძლო ჯეროვანი მისასვლელი გზის მოწყობა პროექტის შედგენისა და შესაბამისი სამშენებლო სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების შემთხვევაში. მოსარჩელის სახლის უკანა მხარეს - გ-–ის ქუჩის მხრიდან კი, არასოდეს ყოფილა საჯარო გზა. მოსარჩელეს შენობის აგების უფლება ჰქონდა მოპასუხის ნებართვის გარეშე, იმ შემთხვევაში, თუკი მოპასუხის მხარეს გააკეთებდა ყრუ კედელს.
10. იმავდროულად, მოპასუხე დაეთანხმა მოსარჩელისათვის ელექტროსადგურის მიმდებარედ დაეთმო 3 მეტრი სიგანის სამანქანე გზა უკანა ეზოში შესასვლელად და აბანოსთან მისასვლელად ერთი მეტრი სიგანის გზა, რაზედაც მოსარჩელე არ დაეთანხმა.
11. მოპასუხის მითითებით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად პირველი მიწის ნაკვეთის დასავლეთით - ჟ-იას ქუჩის მხარეს მოწყობილი იყო საფეხმავლო რკინის ხიდი, რომელიც უკავშირდებოდა საჯარო გზას. დასავლეთის მხრიდან ჯეროვანი მისასვლელი გზის მოწყობა შესაძლებელი იყო. მოსარჩელე არ სარგებლობდა ეზოს უკანა მხრიდან. გ--–ის ქუჩის მხრიდან უკანა მხარე ეკუთვნოდა უნივერმაღს. იმ ტერიტორიაზე საჯარო გზა არ იყო. მოსარჩელემ 2015 წელს აამაღლა ეზოში სამანქანე გზა. ამასთან, მოსარჩელეს არც მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრისაგან არ ჰქონდა ჰიგიენის სახლის მშენებლობისათვის ნებართვა.
12. მოპასუხემ თავდაპირველ სარჩელთან ერთად განსახილველად წარმოადგინა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა მოსარჩელის დავალდებულება ამოაშენოს გ-–ის ქუჩის მხრიდან მოპასუხის ნაკვეთის მხარეს აბანოს კარები და ფანჯრები, აიღოს სამანქანე ჭიშკარი და გააკეთოს ღობე.
13. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დაეკისრა სავალდებულო გზის თმენის ვალდებულება მოპასუხეს მის საკუთრებაში არსებულ მეორე მიწის ნაკვეთზე. დადგენილი იქნა სავალდებულო გზა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ პირველი მიწის ნაკვეთზე მისასვლელად (ჭიშკარი) და ასევე ამავე ნაკვეთზე განთავსებულ ნაგებობამდე (საზოგადოებრივი აბანო). სავალდებულო გზა დადგენილი იქნა შემდეგ კოორდინატებზე: 254757.659807 X 4663823.746723; 254756,033532 X 4663820,647491; 254765.5-1788 X 4663824,67053; 254766,285 X 4663808,155; 254761,786614 X 466380-,785-1; 254766,28588 X 4663808,155242; 254787,898618 X 4663795,193758; 254786,350003 X 4663792055003.
14. შეგებებული სარჩელი უარყოფილი იქნა.
15. პირველი ინსტანციის სასამართლომ დავა მოაწესრიგა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 158-ე, 170-ე, 174-ე და 180-ე მუხლებით.
16. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.
17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება და სარჩელი მოპასუხის მიმართ, მეორე მიწის ნაკვეთის სავალდებულო გზად დატვირთვის შესახებ (შემდეგი კოორდინატებით: 254757.659807 X 4663823.746723; 254756,033532 X 4663820,647491; 254765.5-1788 X 4663824,67053; 254766,285 X 4663808,155; 254761,786614 X 466380-,785-1; 254766,28588 X 4663808,155242; 254787,898618 X 4663795,193758; 254786,350003 X 4663792055003) არ დაკმაყოფილდა.
18. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია პპ: 1, 2-ში მითითებული ფაქტობრივი გარემობები.
19. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მხარეები არიან მეზობლები. მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთები მომიჯნავე (გ--ის ქუჩის მხრიდან) მიწის ნაკვეთებია.
20. დადგენილია, რომ მოსარჩელე სარგებლობს მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით თავის საცხოვრებელ სახლთან ავტომანქანით მისასვლელად, სახლის უკანა ეზოს მხრიდან, სადაც განთავსებულია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ე.წ. საზოგადოებრივი აბანო.
21. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი კოორდინატებით (იხ., ამ განჩინების პ: 6) მეორე მიწის ნაკვეთის სავალდებულო სამანქანე გზად გამოყენებისათვის დატვირთვა გამოიწვევს მეორე მიწის ნაკვეთის დაახლოებით შუაზე გაყოფას, შუაში სამანქანე გზის დატანებას, რომლის შემდგომაც მეორე მიწის ნაკვეთი დაკარგავს კომერციულ მომხიბვლელობას და რაც მთავარია შესაძლებლობას მისმა მესაკუთრემ გამოიყენოს იგი რაიმე დანიშნულებით.
22. დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით სააპელაციო სასამართლომ ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტად დასვა შემდეგი საკითხები: ა) არის თუ არა შესაძლებელი სათანადო პროექტის შედგენის შემდეგ და თუ არის შესაძლებელი რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სახლთმფლობელობის (პირველი მიწის ნაკვეთი) დასავლეთის მხრიდან არსებული საჯარო გზასთან დამაკავშირებელი საფეხმავლო რკინის ხიდის სამანქანე ხიდად მოწყობა; ბ) გააჩნია თუ არა გ–ის ქუჩის მხრიდან საჯარო გზასთან სამანქანე გზით კავშირი მოსარჩელის სახლთმფლობელობას (პირველი მიწის ნაკვეთი), თუ არა - ასეთ შემთხვევაში, რა ვარიანტით არის შესაძლებელი გორგასალის ქუჩის მხრიდან არსებულ საჯარო გზასთან მოსარჩელის სახლთმფლობელობის დაკავშირება სამანქანე გზით ისე, რომ შერჩეული იქნეს აუცილებელი გზით სხვისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტით (რაც ნიშნავს იმას, რომ აუცილებელი გზისათვის გამოყენებულმა მიწის ნაკვეთმაც შეძლებისდაგვარად არ დაკარგოს ღირებულება). სსიპ ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 აპრილის დასკვნით სასამართლოს შეკითხვებზე შემდეგი შინაარსის პასუხებია: ა) მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სახლთმფლობელობის დასავლეთის მხრიდან არსებული საჯარო გზასთან დამაკავშირებელი საფეხმავლო ლითონის ხიდის სამანქანე ხიდად მოწყობა შესაძლებელია სათანადო პროექტის შედგენის შემთხვევაში. ვინაიდან ექსპერტიზისათვის წარმოდგენილი არ არის პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს აღნიშნული საფეხმავლო ხიდის რეკონსტრუქცია, ტექნიკურად შეუძლებელია წარმოდგენილ სამოქალაქო საქმეში არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე განისაზღვროს რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული ხარჯები. ბ) პირველი მიწის ნაკვეთი უშუალოდ არ ესაზღვრება გ–ის ქუჩას. ფაქტიურად არსებული სამანქანე გზა, რომელიც აკავშირებს პირველი მიწის ნაკვეთს გორგასალის ქუჩასთან (საჯარო გზასთან) მოცემულია დანართი №1-ში. საჯარო რეესტრში არსებული მონაცემების მიხედვით, აღნიშნული გზა კვეთს ს.კ. 27.--.5-.057 მიწის ნაკვეთს, რომლის ნაწილიც აქტიურად წარმოადგენს გზას. მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით არსებული საჯარო რერესტრში დაურეგისტრირებელი ტერიტორია შემოსაზღვრულია და წარმოადგენს სხვა პიროვნებების საკუთრებას.
23. სააპელაციო სასამართლოს ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მოსარჩელეს პირველი მიწის ნაკვეთში გააჩნია შენობა, რომელშიც განთავსებულია საზოგადოებრივი სარგებლობის აბანო. ჰიგიენის სახლს ჟ-იას ჩიხიდან დასაკავშირებელი აქვს საფეხმავლო გზა. შენობას წინა მხრიდან მთელ სიგრძეზე გაყვება მიწის ნაკვეთი, რომელიც არის მოპასუხის საკუთრება. ჰიგიენის სახლს მარცხენა მხრიდან ესაზღვრება ელექტრო ჯიხური. შენობებს შორის ჩადგმული არის სამანქანე ჭიშკარი. მანძილი ელექტრო ჯიხურსა და აღნიშნულ ჭიშკარს შორის არის 6 მეტრი. მხარეთა განმარტებებით აბანოს უკან არსებული საცხოვრებელი სახლი და მთლიანი მიწის ნაკვეთი არის მოსარჩელის საკუთრება.
24. ადგილის დათვალიერებით დადგენილია, რომ პირველი მიწის ნაკვეთთან დაკავშირება შესაძლებელია ცენტრალური გზიდანაც, კერძოდ, პოლიციის შენობის გვერდით შედის სამანქანე გზა, ხოლო უშუალოდ ეზოში შესვლა შესაძლებელია პატარა საფეხმავლო ხიდის მეშვეობით ჟ--ის ქუჩის მხრიდან.
25. მოსარჩელემ განმარტა, რომ ჰიგიენის სახლთან დაკავშირება აღნიშნული გზით შეუძლებელია, რადგან აბანოს წინა მხარე ანუ, შესასვლელი აქვს ჟ---იას ჩიხიდან - გ----ის ქუჩის მხრიდან (სადაც მას მოპასუხის მიწის ნაკვეთი ესაზღვრება) და მომხმარებელიც წლების განმავლობაში ამ გზით დადის.
26. მოპასუხემ განამარტა, რომ ელექტრო ჯიხურის ორივე მხარეს განთავსებული მიწის ნაკვეთები მისი საკუთრებაა, ხოლო უკანა მხრიდან მოსაზღვრე ეზოები სხვა პირებს ეკუთვნის.
27. მოპასუხემ მორიგების ფარგლებში თანხმობა გამოთქვა შემდეგი პირობაზე: ჟ---იას ჩიხის მხრიდან ანუ გ-–ის ქუჩის მხრიდან არსებული ე.წ. სამანქანე ჭიშკარი გადმოიწიოს ელექტრო ჯიხურის მხარეს და ისე მოხდეს ჰიგიენის სახლის დაკავშირება საჯარო გზასთან.
28. მოპასუხემ მზაობა გამოთქვა მორიგებაზე მხოლოდ არა იმ კოორდინატებით და იმგვარად, როგორც ამას მოსარჩელე მოითხოვდა, არამედ იმის გათვალისწინებით, რომ მისმა ნაკვეთმა სრულად არ დაკარგოს ფუნქცია და თავადაც შეძლოს რაიმე კომერციული დანიშნულებით თავისივე მიწის ნაკვეთის გამოყენება, რაც სრულიად გამოირიცხება, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა, რადგან 2 ნაწილად გაყოფილი დაახლოებით 500კ.მ მიწის ნაკვეთი, რომელსაც შუაზე სამანქანე გზა გაყოფს, სრულიად გამოუსადეგარი გახდებოდა კომერციული თვალსაზრისით.
29. აღნიშნულ პირობა მოსარჩელემ არ მიიღო.
30. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში განთავსებულ ინვოისზე, სადაც აღნიშნული იყო მოსარჩელის საკარმიდამო ნაკვეთის მიმდებარედ ღელეზე მონოლითური რკ. ბეტონის ხიდის მოწყობის საპროექტო სამუშაოები (ხიდის საორიენტაციო ღირებულებაა - 80000 ლარი, აქედან საპროეტო სამუშაოების ღირებულებაა 2400 ლარი) და მიიჩნია, რომ დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით, აღნიშნული არ იყო სარწმუნო მტკიცებულება.
31. ზემოთმითითებული საკითხის გასარკვევად დაინიშნა ექსპერტიზა, თუმცა, დასმულ კითხვას ექსპერტმა ვერ უპასუხა სათანადო პროექტის არარსებობის გამო.
32. შესაბამისად, დაუდასტურებლად იქნა მიჩნეული გარემოება იმის შესახებ, თუ რამდენს შეადგენდა პირველი მიწის ნაკვეთის დასავლეთის მხრიდან არსებული საჯარო გზასთან დამაკავშირებელი საფეხმავლო ლითონის ხიდის სამანქანე ხიდად მოწყობა.
33. სააპელაციო სასამართლომ დავა მოაწესრიგა სსკ-ის 115-ე, 170-ე, 174-ე და 180-ე მუხლებით.
34. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 180-ე მუხლში ასახულია საკუთრების კანონისმიერი შებოჭვის მდგომარეობა. თუ სახეზეა ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები, მაშინ მეზობელი ვალდებულია ითმინოს თავისი მიწის ნაკვეთის დატვირთვები. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილიდან ჩანს, რომ მეზობელი ნაკვეთის დასახელებული მიზნებისათვის გამოყენება ობიექტური გარემოებებით უნდა იყოს გამოწვეული. ეს კი მაშინაა სახეზე, როდესაც მიწის ნაკვეთი მთლიანადაა იზოლირებული საჯარო გზისაგან. როცა გზაზეა საუბარი, აქ მხოლოდ საფეხმავლო გზა არ იგულისხმება, მხედველობაშია ასევე სამანქანე გზა. აღნიშნული უფლება სავალდებულოა დაცული იყოს იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს მესაკუთრის უფლებებსა და ინტერესებს.
35. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მეორე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, თანახმაა მოსარჩელეს მისცეს საშუალება, რათა მოსარჩელემ გამოიყენოს მეორე მიწის ნაკვეთი სამანქანე გზად ჟ---იას ჩიხის მხრიდან იმგვარად, რომ რამდენადმე, (დაახლოებით 2 - 3 მეტრით გადმოიწიოს მოსარჩელის ჭიშკარმა მარჯვენა მხარეს) და ისე მოხდეს ჰიგიენის სახლის დაკავშირება საჯარო გზასთან. რაზედაც მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ - მოსარჩელემ უარი განაცხადა.
36. სარჩელში მითითებული კოორდინატებით სავალდებულო გზის დადგენა კი, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლოდ შელახავდა მეორე მიწის ნაკვეთის უფლებებს.
37. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის უარყოფა (ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილი იურიდიული შედეგის მიღება).
38. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული არაა დაკმაყოფილდა თუ არა შეგებებული სარჩელი, მაგრამ მითითებულია, რომ სრულად დაკმაყოფილდა მისი სააპელაციო საჩივარი.
39. კასატორი მიიჩნევს, რომ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (მშენებლობის ნებართვა, საპროექტო დოკუმენტაციის თავფურცელი, შენობის განთავსების საკადასტრო გეგმა, შენობის პროექცია) მიხედვით მშენებლობის პროექტი დამტკიცდა კანონით დადგენილი წესით, მაშინ, როცა მოწინააღმდეგე მხარე არ იყო ნაკვეთის მესაკუთრე. კასატორი განმარტავს, რომ მშენებლობის ნებართვა 2008 წლის 06 ნოემბერს არის გაცემული, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ ნაკვეთი 2011 წლის 29 ივლისს შეიძინა, რის გამოც, მშენებლობის ნებართვას მისგან ვერ აიღებდნენ, ხოლო ნაკვეთის ძველ მესაკუთრეებს აღნიშნულთან დაკავშირებით არ განუცხადებიათ რაიმე პრეტენზია. მოპასუხის პრეტენზია იმის თობაზე, რომ მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრესთან არ შეთანხმებულა ფანჯრების და კარების გაკეთება, მიუთითებს იმაზე, რომ მხარეს პრეტენზია გააჩნია მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიმართ, რაც სცდება სამოქალაქო დავის საგანს. ხოლო ის გარემოება, რომ შენობას აშენების მომენტიდანვე ჰქონდა კარები და ფანჯრები ისე, როგორც აქვს დღეის მდგომარეობით მიუთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
40. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი ამ დროისათვის მთლიანად ბლოკირებულია საჯარო გზებიდან (საფეხმავლო ხიდის გარდა, რომელიც მდინარეზე გადის). იგი აღნიშნავს, რომ აღნიშნული საცხოვრებელი სახლი ბოლო 100 წლის განმავლობაში მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე მდებარე გზით უკავშირდებოდა საჯარო გზებს, რაც დასტურდება საქმეში არსებული მასალებით.
41. კასატორი მიუთითებს მის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე: სპეციალისტის მიერ შესრულებულ ნახაზსა და ორი ექსპერტიზის დასკვნაზე, ასევე, ხიდის საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებით ინვოისზე, რომელიც ასახავდა მდინარის ადიდების შედეგებს. კასატორი აღნიშნავს, რომ წყალი პერიოდულად ისე დიდდება, რომ მთლიანად იტბორება იქვე არსებული სამანქანე ხიდი, ასევე, კასატორის ეზო, მოწინააღმდეგე მხარის ნაკვეთი და მიმდებარე ტერიტორია. შესაბამისად, კასატორი თვლის, რომ საჭიროა ხიდის დაპროექტება კანონით დადგენილი რეგლამენტების დაცვით და არა მარტივი კონსტრუქციით, როგორც მოწინააღმდეგე მხარეს მიაჩნია. მას სამანქანე ხიდის გაკეთება მძიმე შედეგების გამომწვევად წარმოუდგენია, ვინაიდან, ეს ხიდი წარმოადგენს რთულ ჰიდროტექნიკურ ნაგებობას.
42. ასევე, კასატორი მიუთითებს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 02 თებერვლის დასკვნაზე, რომლის თანახმად, პირველი მიწის ნაკვეთთან დღეისათვის მისვლა შესაძლებელია სამხრეთი მხრიდან არსებული პირველი და მეორე გასასვლელებით, რომელთა გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მეორე მიწის ნაკვეთის გავლით. კასატორი აღნიშნავს, რომ მეორე მიწის ნაკვეთი ექსპერტიზის ჩატარების მომენტისთვის არ იყო შემოსაზღვრული და ამავე დასკვნის მიხედვით, პირველი მიწის ნაკვეთის დასავლეთ მხარეს მოწყობილია საფეხმავლო რკინის ხიდი, რომელიც უკავშირდება საჯარო გზას. მისი განმარტებით, დასავლეთ მხრიდან ჯეროვანი მისასვლელი გზის მოწყობა შესაძლებელია სათანადო პროექტის შედგენისა და შესაბამისი სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების შემთხვევაში.
43. ზემოთ დასახელებული ექსპერტიზის დასკვნაზე მითითებით კასატორი განმარტავს, რომ ნაკვეთთან მისასვლელი ორი გზა არსებობდა, რომელთაგან ერთ-ერთი გადიოდა მოწინააღმდეგე მხარის ნაკვეთზე, ხოლო მეორე შემთხვევაში, საჭირო იყო ხიდის აშენება და შესაბამისად სათანადო პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. მისი განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება ინვოისზე, რომლის თანახმად ხიდის საორენტაციო ღირებულებაა 80 000 ლარი, ხოლო საპროექტო სამუშაოების - 2 400 ლარი. ამ მტკიცებულებასთან დაკავშირებით მოწინააღმდეგე მხარეს არანაირი პრეტენზია არ განუცხადებია.
44. კასატორი უთითებს 2017 წლის 13 აპრილის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე, რომელშიც მითითებულია, რომ გზის მოწყობა, ასევე, ლითონის ხიდის სამანქანედ გადაკეთება საჭიროებს შესაბამის პროექტს. აღნიშნული გარემოებები კასატორის აზრით, ადასტურებს, რომ მას მოწინააღმდეგე მხარის ნაკვეთზე გზით სარგებლობის გარდა სხვა ალტერნატივა არ აქვს, რაც სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია უსამართლოდ - მოთხოვნილ კოორდინატებში გზის გამოყოფა, იმ საფუძვლით, რომ გზა ორ ნაწილად ყოფდა მოწინააღმდეგე მხარის ნაკვეთს. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორი განმარტავს, რომ მოწინააღმდეგე მხარის ნაკვეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (ელექტრო ჯიხურის მიმდებარედ) დგას მისი შენობა და მის წინ გადის გზა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე გამოყოფილი ნაკვეთი მას ათვისებული აქვს. გასათვალისწინებელია, რომ იქვე მდგომ დასახელებულ ჯიხურთან აუთვისებელი რჩება დაახლოებით 15 კვ.მ. ფართობი. ამასთანავე, კასატორი განმარტავს, რომ აღნიშნულზე მოწინააღმდეგე მხარეს არც შესაგებელში და არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას პრეტენზია არ გამოუთქვამს.
45. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოწინააღმდეგე მხარე მოსამართლე ს- ჩ-ის მამიდის - ლ-- ჩ--ის ნათლულია და ამასთანავე, ზემოთჩამოთვლილი პირები თანასოფლელები და მეზობლები არიან. კასატორის მითითებით, მოსამართლე მოწინააღმდეგე მხარის მიწის ნაკვეთის მეზობლად ფლობს მიწის ნაკვეთს და მეგობრობენ, რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა საქმის გადაწყვეტისას, რადგან მოსამართლეს თვითაცილება უნდა განეხორციელებინა.
46. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მშენებლობის ნებართვის კანონიერებაზე და ჩათვალა კანონის დარღვევით აშენებულად იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით დადგენილი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება თვითმმართველობის ზედამხედველობის ორგანოს მიერ.
47. კასატორს მიაჩნია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 128-146-ე, 174-ე, 175-ე და 180-ე მუხლებით. იგი თვლის, რომ აუცილებელი გზის თმენის ვალდებულება გულისხმობს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას.
48. კასატორის პრეტენზიას წარმოადგენს სასამართლოს მიერ იმ ფაქტის გათვალისწინება, რომლის მიხედვითაც ლ-ის მუნიციპალიტეტის მიერ კანონით დადგენილი წესით ცხრა წლის წინ გაცემულია კასატორის საკუთრებაში არსებული აბანოს მშენებლობის ნებართვა, რომლის მიმართ მას აქვს კანონიერი ნდობა. იგი აღნიშნავს, რომ შენობას აქვს კარები და ფანჯრები სავალდებულო გზით დასატვირთი ნაკვეთის მხარეს. კასატორი უთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლაზე, კერძოდ, შენობის აშენებიდან 8 წლის გასვლის საფუძველზე.
49. კასატორი განმარტავს, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიწის ნაკვეთის ადრინდელმა მესაკუთრემ რამდენჯერმე დააზუსტა სადაო ნაკვეთის ფართი და ადგილმდებარეობა, კერძოდ, აღნიშნული ნაკვეთი თავდაპირველად იყო 674 კვ.მ., შემდეგ - 340 კვ.მ., დღეის მდგომარეობით კი - 501 კვ.მ. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს ისიც კი ვერ დგინდებოდა, იყო თუ არა ეს ნაკვეთი კასატორის მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე.
50. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე და მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაში არსებულ ელექტრო ჯიხურთან სამი მეტრის მოშორებით უნდა გადიოდეს გზა. ამასთანავე, განმარტავს, რომ ჯიხურიდან შემოდის ბევრი კაბელი, რომელთა უმეტესი ნაწილი მიწაშია ჩაფლული და ჯიხურთან ახლოს სამანქანე გზის გაყვანა შეუძლებელია.
51. კასატორი თვლის, რომ მორიგების კუთხით მოპასუხის შეთავაზებაზე მოსარჩელის არგუმენტი სამართლებრივად მნიშვნელოვანი იყო, რათა ზემდგომი ინსტანციის სასამართლო დარწმუნებულიყო, რომ მოსარჩელე ბოროტად არ სარგებლობდა სამოქალაქო უფლებით, თუმცა აღნიშნულზე სააპელაციო სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია.
52. იმავდროულად, საკასაციო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების სახით სს „ე--ას“ (ს.ფ. 389) წერილის დართვის თაობაზე, რომლის დართვაზეც სააპელაციო სასამართლომ მას უარი უთხრა. კასატორის განმარტებით, მორიგების მიზნით მოხდა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის გადადება, რა დროსაც, კასატორი არკვევდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ შემოთავაზებული გზის შესაბამისობას. აღნიშნულზე კი სს „ე--ამ“ უპასუხა, რომ მიმდებარედ არსებობდა დაცვის ზონები და გადიოდა ელექტრო ხაზები.
სამოტივაციო ნაწილი:
53. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 06 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
54. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
55. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავოა მეორე მიწის ნაკვეთის აუცილებელი გზით დატვირთვის აუცილებლობა (მწვავე ობიექტური საჭიროება) პირველი მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ [სსკ-ის 180-ე მუხლი].
56. კასატორის მოსაზრებით, სახეზეა სსკ-ის 180-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა - მიწის ნაკვეთს არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი და არც ასეთი კავშირის ალტერნატივა, გარდა აუცილებელი გზისა და რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა, ამ დროისათვის მთლიანად ბლოკირებულია საჯარო გზებიდან (საფეხმავლო ხიდის გარდა, რომელიც მდინარეზე გადის) (იხ., ამ განჩინების პპ: 50, 55). აღნიშნულის დასასაბუთებლად, კასატორი მოიხმობს ექსპერტიზის დასკვნებს, სპეციალისტის მიერ შესრულებულ ნახაზსა და ხიდის საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებით ინვოისს, რომელიც ასახავს მდინარის ადიდების შედეგებს. კასატორი მიუთითებს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 02 თებერვლის დასკვნაზე, რომლის თანახმად, პირველი მიწის ნაკვეთთან დღეისათვის მისვლა შესაძლებელია სამხრეთის მხრიდან არსებული პირველი და მეორე გასასვლელებით, რომელთა გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მეორე მიწის ნაკვეთის გავლით. კასატორი აღნიშნავს, რომ მეორე მიწის ნაკვეთი ექსპერტიზის ჩატარების მომენტისთვის არ იყო შემოსაზღვრული და ამავე დასკვნის მიხედვით, პირველი მიწის ნაკვეთის დასავლეთ მხარეს მოწყობილია საფეხმავლო რკინის ხიდი, რომელიც უკავშირდება საჯარო გზას. მისი განმარტებით, დასავლეთ მხრიდან ჯეროვანი მისასვლელი გზის მოწყობა შესაძლებელია სათანადო პროექტის შედგენისა და შესაბამისი სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების შემთხვევაში. წყალი პერიოდულად ისე დიდდება, რომ მთლიანად იტბორება იქვე არსებული სამანქანე ხიდი და მიმდებარე ტერიტორია. შესაბამისად, საჭიროა ხიდის დაპროექტება კანონით დადგენილი რეგლამენტების დაცვით და არა მარტივი კონსტრუქციით. მხოლოდ სამანქანე ხიდის გაკეთება კი, მძიმე შედეგების გამომწვევად წარმოუდგენია, ვინაიდან, ეს ხიდი წარმოადგენს რთულ ჰიდროტექნიკურ ნაგებობას.
57. მოთხოვნის დასაბუთებულობის კვლევის თვალსაზრისით საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 180-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. საგულისხმოა, რომ კანონის ეს დანაწესი გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, საკასაციო პლატამ განმარტა, რომ სსკ-ის 180-ე მუხლით აუცილებელი გზის მხოლოდ აუცილებელ, უალტერნატივო შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციით და ამავე კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, ამასთან, ამ უფლების შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში. კანონი მესაკუთრის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების შეზღუდვას აწესებს მხოლოდ ნორმაში აღნიშნულ წინაპირობათა უტყუარად არსებობის შემთხვევაში. ამავდროულად, ამ წინაპირობებზე არსებობის აუცილებლობაზე გავლენას არ ახდენს მესაკუთრის მიერ მეზობლისათვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნებისმიერი მიზნით (მეორე მეზობლის მიერ ნაკვეთით უკეთ სარგებლობის ან სხვა) და საფუძვლით (კეთილმეზობლური, ნათესაური და სხვა) გადაცემა. ამდენად, მატერიალური სამართლით გათვალისწინებულ წინაპირობათა არსებობა კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით სარწმუნოდ უნდა იქნეს დადგენილი (შდრ: სუსგ #as-1048-1316-09, 23 მარტი, 2010წ.).
58. მოცემულ შემთხვევაში, სსიპ ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 აპრილის დასკვნა შეიცავს შემდეგი შინაარსის პასუხებს: ა) მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სახლთმფლობელობის დასავლეთის მხრიდან არსებული საჯარო გზასთან დამაკავშირებელი საფეხმავლო ლითონის ხიდის სამანქანე ხიდად მოწყობა შესაძლებელია სათანადო პროექტის შედგენის შემთხვევაში. ვინაიდან ექსპერტიზისათვის წარმოდგენილი არ არის პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს აღნიშნული საფეხმავლო ხიდის რეკონსტრუქცია, ტექნიკურად შეუძლებელია წარმოდგენილ სამოქალაქო საქმეში არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე განისაზღვროს რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული ხარჯები. ბ) პირველი მიწის ნაკვეთი უშუალოდ არ ესაზღვრება გ–ის ქუჩას. ფაქტიურად არსებული სამანქანე გზა, რომელიც აკავშირებს პირველი მიწის ნაკვეთს გორგასალის ქუჩასთან (საჯარო გზასთან) მოცემულია დანართი №1-ში. საჯარო რეესტრში არსებული მონაცემების მიხედვით, აღნიშნული გზა კვეთს ს.კ. 27.--.5-.057 მიწის ნაკვეთს, რომლის ნაწილიც აქტიურად წარმოადგენს გზას. მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით არსებული საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელი ტერიტორია შემოსაზღვრულია და წარმოადგენს სხვა პირთა საკუთრებას.
59. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლოს ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მოსარჩელეს პირველი მიწის ნაკვეთში გააჩნია შენობა, რომელშიც განთავსებულია საზოგადოებრივი სარგებლობის აბანო. ჰიგიენის სახლს ჟ--------იას ჩიხიდან დასაკავშირებელი აქვს საფეხმავლო გზა. შენობას წინა მხრიდან მთელ სიგრძეზე გაყვება მიწის ნაკვეთი, რომელიც არის მოპასუხის საკუთრება. ჰიგიენის სახლს მარცხენა მხრიდან ესაზღვრება ელექტრო ჯიხური. შენობებს შორის ჩადგმულია სამანქანე ჭიშკარი. მანძილი ელექტრო ჯიხურსა და აღნიშნულ ჭიშკარს შორის არის 6 მეტრი. მხარეთა განმარტებებით აბანოს უკან არსებული საცხოვრებელი სახლი და მთლიანი მიწის ნაკვეთი არის მოსარჩელის საკუთრება. დადგენილია, რომ პირველი მიწის ნაკვეთთან დაკავშირება შესაძლებელია ცენტრალური გზიდანაც, კერძოდ, პოლიციის შენობის გვერდით შედის სამანქანე გზა, ხოლო უშუალოდ ეზოში შესვლა შესაძლებელია პატარა საფეხმავლო ხიდის მეშვეობით ჟ--------ის ქუჩის მხრიდან.
60. სააპელაციო პალატამ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები: ექსპერტთა დასკვნები, ინვოისი, მხარეთა ახსნა-განმარტებები, ადგილზე დათვალიერების ოქმი და დაასკვნა, რომ სარჩელში მითითებული კოორდინატებით (ამ განჩინების პ - 6) სავალდებულო გზის დადგენა უსაფუძვლოდ შელახავდა მეორე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლებებს. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მეორე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, თანახმაა მოსარჩელეს მისცეს საშუალება, რათა მოსარჩელემ გამოიყენოს მეორე მიწის ნაკვეთი სამანქანე გზად ჟ--იას ჩიხის მხრიდან იმგვარად, რომ რამდენადმე, (დაახლოებით 2 - 3 მეტრით გადმოიწიოს მოსარჩელის ჭიშკარმა მარჯვენა მხარეს) და ისე მოხდეს ჰიგიენის სახლის დაკავშირება საჯარო გზასთან. რაზედაც მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ - მოსარჩელემ უარი განაცხადა.
61. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ მოპასუხის შეთავაზებასთან და სააპელაციო სასამართლოს დასკვნასთან დაკავშირებით, კასატორმა წარმოადგინა პრეტენზია, რომლის მიხედვით, წყალი პერიოდულად ისე დიდდება, რომ მთლიანად იტბორება იქვე არსებული სამანქანე ხიდი და მიმდებარე ტერიტორია. ამდენად, დასავლეთ მხრიდან ჯეროვანი მისასვლელი გზის მოწყობა შესაძლებელია მხოლოდ სათანადო პროექტის შედგენისა და შესაბამისი სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების შემთხვევაში, სახელდობრ, საჭიროა ხიდის დაპროექტება კანონით დადგენილი რეგლამენტების დაცვით და არა მარტივი კონსტრუქციით. მხოლოდ სამანქანე ხიდის გაკეთება კი, მძიმე შედეგს გამოიწვევს, ვინაიდან, ეს ხიდი წარმოადგენს რთულ ჰიდროტექნიკურ ნაგებობას. ამ მოსაზრების გასამყარებლად, კასატორმა იშუამდგომლა საკასაციო პალატის წინაშე, რომ საქმის მასალებს მტკიცებულების სახით „ე--ას“ წერილი, რომლის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობდა დაცვის ზონები და გადიოდა ელექტრო ხაზები.
62. საკასაციო პალატა ა რ იზიარებს კასატორის პოზიციას და პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სსსკ-ის 219-ე მუხლის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული. სსსკ-ის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოხმობილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილი იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ საპატიო მიზეზით არ წარადგინა [სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი]. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგოს თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ამასთან, ეს მტკიცებულებები საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით უნდა იქნეს სასამართლოსათვის წარდგენილი. სასამართლო არ გაითვალისწინებს ახალ გარემოებებს, არ მიიღებს არავითარ მტკიცებულებებს, ანგარიშს არ გაუწევს ახალ მოსაზრებებს, თუ საპატიო მიზეზის გარეშე არ იყო წარდგენილი თავის დროზე, ესე იგი ამ საქმის მომზადების სტადიაზე. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპატიო მიზეზით მხარემ ვერ წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას [შდრ: ახალ გარემოებებზე დაგვიანებით მითითების საპროცესო სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით იხ., №ას-816-767-2015, 19 ნოემბერი, 2015 წელი, საქმე №ას-1390-1310-2017, 06 დეკემბერი, 2017 წელი.
63. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულების სახით საქმეზე „ე---ას“ წერილის, რომლის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობდა დაცვის ზონები და გადიოდა ელექტრო ხაზები, საქმისათვის დართვის შესახებ კასატორის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
64. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სსკ-ის 180-ე მუხლით ნორმით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კაშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტური მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ (შდრ: სუსგ #as-744-801-2011, 13 ოქტომბერი, 2011 weli). კონკრეტულ შემთხვევაში კი, დადგენილია რომ მეორე მიწის ნაკვეთის ამგვარად დატვირთვა უსაფუძვლოდ შემზღუდველი იქნებოდა მეორე მესაკუთრისათვის.
65. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
66. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. სსკ-ის 180-ე მუხლის სამართლებრივ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სტაბილური პრაქტიკა.
67. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
68. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ-- ვ----იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ნ-- ვ--იას შუამდგომლობა საქმისათვის საქმეზე სს „ე-ას“ წერილის დართვის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს და ს.ფ. 389-ზე განთავსებული დოკუმენტი 01 ფურცლად დაუბრუნდეს მხარეს.
3. კასატორ ნ-- ვ-იას უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 02 ნოემბერს საგადახდო დავალებით N14629392 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან გადახდილი (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდმარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი