საქმე №ას-1333-1253-2017 22 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ-- ჩ-ე (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ას-ი“ (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2013 წლის 4 თებერვლიდან 2016 წლის 1 თებერვლამდე თ--ჩ-ე (შემდეგში: მოსარჩელე ან დასაქმებული) მუშაობდა სს „ა-ის საქართველოს წარმომაადგენლობაში (შემდეგში: მოპასუხე ან დასაქმებული) ექიმ რეპრეზანტის თანამდებობაზე.
2. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა დამსაქმებლის მიმართ, რომლითაც მოითხოვა დამსაქმებლისათვის ერთი თვის კომპენსაციის 1213 ლარის და მეორე ჯგუფზე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება სამი წლის და ექვსი თვის განმავლობაში 43510 ლარის ოდენობით.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ერთი თვის კომპენსაცია 1213 ლარი.
4. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების პ-1-ით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. იმავდროულად, დადგენილად მიიჩნია, რომ ხელფასის სახით მოსარჩელე გათავისუფლების დროისთვის ყოველთვიურად იღებდა 957.40 ლარს, მისი სარგოს ოდენობა შეადგენდა 1213 ლარს.
5. დასაქმებულმა ბოლო შრომით ანაზღაურება (ხელფასი) მიიღო 2016 წლის 29 იანვარს. ასევე, 2016 წლის 04 მარტს ჩაერიცხა 970.40 ლარი, რომლის დანიშნულებად საბანკო ანგარიშის ამონაწერში მითითებულია - თებერვლის თვის კომპენსაცია.
6. დასაქმებულის ხელფასის ოდენობა 2014 წლის 04 მარტამდე შეადგენდა 875 ლარს, ხოლო შემდეგ გაიზარდა 1213 ლარამდე.
7. დასაქმებული წინასწარ არ ყოფილა წერილობით გაფრთხილებული მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე და არც გათავისუფლების ბრძანება ჩაჰბარებია.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით წარდგენილი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი უარყოფილი იქნა.
9. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ამ განჩინების პპ: 1, 4-7 -ში მითითებული და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
10. სააპელაციო სასამართლომ დამატებით, დაადგინა, რომ შრომითი ხელშეკრულების თანახმად, დასაქმებულის საქმიანობას წარმოადგენდა: ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან და აფთიაქებში, მედიკამენტების პრომოციისათვის საჭირო ყველა სახის სამუშაოს შესრულება, პროდუქციის მენეჯერის მიერ შემუშავებული გეგმის განხორციელება საავადმყოფოებში, პოლიკლინიკებში, მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სახის მოქმედება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
11. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო დამსაქმებელს უნდა შეესრულებინა 09:00 საათიდან და 18:00 საათამდე. მათ შორის, ყოველ სამუშაო დღეს ჰქონდა შესვენება ერთი საათი.
12. შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მეტი მოცულობის სამუშაო დასაქმებულს არ შეუსრულებია.
13. დავის სამართლებრივად მოწესრიგებისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 427-ე მუხლით და დასაქმებულის მიმართ დამსაქმებლის ვალდებულება შეწყვეტილად მიიჩნია.
14. დაუშვებლად იქნა მიჩნეული დასაქმებულის მითითება მის მიმართ დისკრიმინაციის განხორცილებასთან დაკავშირებითაც, იმ საფუძვლით, რომ დასაქმებულს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს მის მიმართ დისკრიმინაციის განხორცილების თაობაზე არ მიუთითებია და არც მისი მიუთითებლობის საპატიო მიზეზი აღუნიშნავს.
15. იმავდროულად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დასაქმებულის მიმართ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის განხორციელებაზე მიუთითებდა მოსარჩელეს/აპელანტს არ მიუთითებია. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, დისკრიმინაციად ჩაითვლებოდა, თუ ანალოგიურ შრომით პირობებში მყოფ, ოღონდ სხვა რელიგიური აღმსარებლობის მქონე პიროვნებას გაუმართლებლად ექნებოდა აპელანტთან შედარებით ხელსაყრელი მდგომარეობა. მართალია სააპელაციო საჩივარში დასაქმებულმა დაასახელა რამდენიმე პირი, რომლებიც იდენტურ სამუშაოს ასრულებდნენ, თუმცა მას არ უთქვამს, რომ ისინი მისგან ზემოხსენებული კანონის 1-ლი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით განსხვავდებოდნენ.
16. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 24-ე მუხლზე, რომლის თანახმად, იურიდიული პირის ფილიალი სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტს არ წარმოადგენს და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება მართებულად გამოიტანა, უშუალოდ, საწარმოს, სააქციო საზოგადოების მიმართ. საგულისხმოდ მიიჩნია ისიც, რომ მოპასუხე საწარმოსათვის 1213 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ იყო, ხოლო დანარჩენ ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, როგორც ძირითადი საწარმოს, ასევე მისი ფილიალის მიმართაც.
17. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ/აპელანტმა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
18. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით მოპასუხისაგან არ გამოუთხოვია: ა) საშტატო განრიგი საიდანაც გაირკვეოდა, არსებობდა თუ არა იმ საქმიანობის შესასრულებლად, რასაც ახორციელებდა მოსარჩელე, ორი საშტატო ერთეული; ბ) შრომის შინაგანაწესი, სადაც მითითებული იქნებოდა შრომის აღწერილობა და დადგინდებოდა, რომ მოსარჩელე ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მეტ ფუნქციას; გ) ინფორმაცია - 2013-2015 წწ.-ში მოსარჩელის მიერ მოპასუხე საზოგადოებაში შესრულებული სამუშაოების გამოთხოვის თაობაზე.
19. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა წარმოდგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები მის მიმართ დისკრიმინაციის განხორციელებასთან დაკავშირებით. კრიტიკული და ობიექტური განსჯის შედეგად სასამართლო მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე შესაძლებელია ყოფილიყო დისკრიმინაციის მსხვერპლი. ამ მსჯელობას კი, კასატორი ამყარებს მოპასუხის წარმომადგენელის განაცხადებაზე, რომლის მიხედვითაც მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლება მის მარწმუნებელს დიდი ხანი ჰქონდა გადაწყვეტილი. თუმცა, საბოლოოდ მოხდა ისე, რომ აღნიშნულ გათავისუფლებას, შეცდომით, შტატების შემცირება დაედო საფუძვლად.
20. კასატორის განმარტებით სააპელაციო საჩივარში (სარჩელში) აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და მოსამზადებელ სხდომაზე გაჟღერებული ფაქტები იძლეოდნენ „პრომა ფასიე“ ანუ „ერთი შეხედვით“ - პრინციპის გამოყენებას, რომელიც მოიცავს სამართალწარმოებას, სადაც სასამართლოს წინაშე წარდგენილი მტკიცება საკმარისად ითვლება მოთხოვნის საფუძვლიანობისათვის, ვიდრე არსებითი ხასიათის რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება არ იქნება წარდგენილი.
21. გამომდინარე აქედან კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს უნდა განესაზღვრა მტკიცების ტვირთის განსხვავებული სტანდარტი. აღნიშნულთან მიმართებით ასევე მნიშვნელოვანია საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტება, რომლის მიხედვითაც მოსამართლემ დისკრიმინაციის მტკიცების მაღალი სტანდარტი მოსარჩელეს არ უნდა დაუწესოს და საკითხი უნდა გაარკვიოს საქმის ყველა გარემოებების განსჯის საფუძველზე.
22. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება, რომ „შრომითი ხელშეკრულებით მეტი მოცულობის სამუშაო აპელანტს არ შეუსრულებია და რომ აპელანტი ასრულებდა იმ სამუშაოს, რომელიც შეთანხმებითა და შრომითი ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. ამ საკითხთან მიმართებით კი, კასატორის მოსაზრებით, მნიშვნელოვანი იყო არა მარტო ის, რომ არსებობდა ორი შტატი და რომ ორივე შტატზე დასაქმებული იყო მოსარჩელე, არამედ დასადგენი იყო, მოსარჩელის საქმიანობა სცილდებოდა თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებს და მუშაობდა თუ არა ის იმაზე მეტს რასაც იმუშავებდა ერთ ჯგუფში.
23. სასამართლოს საერთოდ არ გაუმახვილებია ყურადღება დაკითხული მოწმეების ჩვენებებზე, რომლებმაც ფაქტიურად აღიარეს მოპასუხე დაწესებულებაში დივიზიების არსებობა, დივიზიებში რამოდენიმე ჯგუფების არსებობა და შტატების არსებობაც. ასევე, აღიარეს ის ფაქტიც, რომ მოსარჩელე იყო ორ ჯგუფში, ჰყავდა ორი პროდუქციის მენეჯერი და ორი ჯგუფის ხელმძღვანელი. ასევე, საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ პალატას მხედველობის მიღმა დარჩა საკითხი თუ რატომ არსებობდა მოსარჩელის მისვლამდე საზოგადოებაში ორი ჯგუფი და რატომ გახდა მოსარჩელის სამსახურში მისვლის შემდეგ იგი ორივე ჯგუფის სამედიცინო წარმომადგენელი. ასევე, 2015 წლის ნოემბრიდან რატომ დაამატეს ერთი შტატი. ასევე, კასატორის მითითებით, სასამართლოს არ უმსჯელია წამლების პრეპატარების ოდენობაზე და მათ რეალიზაციაზე, შესასრულებელ გეგმებზე და სხვა.
24. კასატორი მოითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 აგვისტოს განჩინების გაუქმებასაც, რომლითაც დასაქმებულს უარი ეთქვა საქმისათვის 2013-2015 წწ. საშტატო განრიგისა და 2013-2015 წწ. მოქმედი შრომის შინაგანაწესის დართვაზე. აგრეთვე, მოპასუხისაგან დასაქმებულის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 07 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
26. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს კასატორის მიერ წარმოდგენილი პრეტენზიის საფუძველზე, ვინაიდან წარმოდგენილ პრეტენზიას პასუხი გაეცა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით.
27. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია შეეხება მის მიერ ზედმეტად სამუშაოს შესრულებას, რაც შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების საფუძველს წარმოუშობდა დამსაქმებელს. საკასაციო პალატა მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: შრომითი ხელშეკრულების თანახმად, დასაქმებულის საქმიანობას წარმოადგენდა: ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან და აფთიაქებში, მედიკამენტების პრომოციისათვის საჭირო ყველა სახის სამუშაოს შესრულება, პროდუქციის მენეჯერის მიერ შემუშავებული გეგმის განხორციელება საავადმყოფოებში, პოლიკლინიკებში, მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სახის მოქმედება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო დამსაქმებელს უნდა შეესრულებინა 09:00 საათიდან და 18:00 საათამდე. მათ შორის, ყოველ სამუშაო დღეს ჰქონდა შესვენება ერთი საათი. შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მეტი მოცულობის სამუშაო დასაქმებულს არ შეუსრულებია (იხ., ამ განჩინების პ- 10-12). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ანაზღაურების ვალდებულება დამსაქმებელს არ წარმოეშობოდა, რამდენადაც გათვალისწინებულზე მეტი სამუშაოს შესრულების ფაქტობრივი გარემოება მოცემულ საქმეზე დადგენილი არ არის.
28. იმავდროულად, კასატორი მოითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 აგვისტოს განჩინების გაუქმებასაც, რომლითაც დასაქმებულს უარი ეთქვა საქმისათვის 2013-2015 წწ. საშტატო განრიგისა და 2013-2015 წწ. მოქმედი შრომის შინაგანაწესის დართვაზე. აგრეთვე, მოპასუხისაგან დასაქმებულის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვაზე. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 აგვისტოს განჩინების სამართლებრივ საფუძვლს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 380-ე და 382-ე მუხლები. გასაჩივრებულ საოქმო განჩინებაში სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტს არ მიუთითებია სააპელაციო სასამართლოში მტკიცებულებათა გამოთხოვის და საქმისათვის დართვის შესახებ შუამდგომლობის დაგვიანებით წარმოდგენის ვარგისი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი. იმავდროულად, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული მტკიცებულებები არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროსაც და ასახავს განვლილ პერიოდს. მაშასადამე, მხარეს შეეძლო ამ შუამდგომლობის უფრო ადრე წარდგენის შესაძლებლობა (იხ., სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმის ელ. ჩანაწერი - 22.08.2017 სხდომის ოქმი 15:17 სთ.).
29. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს 22.08.2017წ.-ის განჩინების საფუძვლებს და პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სსსკ-ის 219-ე მუხლის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული. სსსკ-ის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოხმობილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილი იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ საპატიო მიზეზით არ წარადგინა [სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი]. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგოს თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ამასთან, ეს მტკიცებულებები საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით უნდა იქნეს სასამართლოსათვის წარდგენილი. სასამართლო არ გაითვალისწინებს ახალ გარემოებებს, არ მიიღებს არავითარ მტკიცებულებებს, ანგარიშს არ გაუწევს ახალ მოსაზრებებს, თუ საპატიო მიზეზის გარეშე არ იყო წარდგენილი თავის დროზე, ესე იგი ამ საქმის მომზადების სტადიაზე. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპატიო მიზეზით მხარემ ვერ წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას [შდრ: ახალ გარემოებებზე დაგვიანებით მითითების საპროცესო სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით იხ., №ას-816-767-2015, 19 ნოემბერი, 2015 წელი, საქმე №ას-1390-1310-2017, 06 დეკემბერი, 2017 წელი.
30. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულების სახით საქმეზე 2013-2015 წწ. საშტატო განრიგისა და 2013-2015 წწ. მოქმედი შრომის შინაგანაწესის დართვის, აგრეთვე, მოპასუხისაგან დასაქმებულის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა და მათ მართებულად ეთქვათ უარი.
31. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. შრომის ანაზღაურების სამართლებრივ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ--- ჩ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე