№ ას-907-873-2016 3 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ. კ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქ. ა-ის საგანმანათლებლო რესურსცენტრი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქ. კ–ი (შემდგომში „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 1997 წლის 9 დეკემბრის N--- ბრძანებით დანიშნული იყო ქ. ა-ის საშუალო სკოლა-ინტერნატის დირექტორის თანამდებობაზე;
2. 2006 წლის 27 იანვარს დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ა-ის სკოლა-პანსიონატი. 2006-2007 სასწავლო წლისათვის ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა უარი განაცხადა სკოლისათვის სახსრების გამოყოფაზე, რის გამოც დაიწყო მოსწავლეთა სკოლიდან გადინება, სკოლა-პანსიონი დაექვემდებარა ოპტიმიზაციას და დაიხურა;
2006 წლის ოქტომბრიდან სკოლა აღარ ფუნქციონირებს, რამაც სკოლის ლიკვიდაცია გამოიწვია;
3. 2006 წლის 1 დეკემბერს ქ. ა-ის სკოლა-პანსიონის დირექტორის ქ. კ–ის N57 ბრძანებით შეიქმნა სკოლის მატერიალური ბაზის შენახვაზე პასუხისმგებელ პირთა კომისია;
4. სსიპ ა-ის სკოლის ლიკვიდაციისა და სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 2 მაისის №-- ბრძანებით განისაზღვრა სკოლის ლიკვიდაცია და ლიკვიდაციის პროცესის დასრულება ბრძანების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; სალიკვიდაციო კომისიას დაევალა სკოლის თანამშრომელთა კანონმდებლობით დადგენილი წესით გათავისუფლება, სკოლის ბალანსზე რიცხული ფულადი სახსრების დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების სრული ინვენტარიზაცია, სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარდგენა და სხვ.;
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 12 თებერვლის N--- ბრძანების თანახმად, ა-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ქ. კ–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების საფუძველზე.
6. ქ. კ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქ. ა-ის საგანმანათლებლო რესურსცენტრის (შემდგომში „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის 2006 წლის 27, 28, 29 ნოემბრის მივლინების ხარჯისა (65 ლარის ოდენობით) და მისი ანაზღაურების დაყოვნებისათვის 0.07%-ის, ჯამში 207,47 ლარის, 2006 წლის ნოემბრიდან 2009 წლის 12 თებერვლის ჩათვლით სახელფასო დავალიანების 6029,06 ლარის, შრომის ანაზღაურების დაყოვნებისათვის 0.07%-ის, ჯამში 11 272,79 ლარის, დამსაქმებლის ინიციატივით სამუშაოდან გათავისუფლების გამო 1 თვის შრომის ანაზღაურებისა და მისი ანაზღაურების დაყოვნებისათვის 0.07%-ის, ჯამში 689,11 ლარის, საბოლოო ანგარიშის და მისი ანაზღაურების დაყოვნებისათვის 0.07%-ის, ჯამში 477,61 ლარის გადახდის დაკისრება, საერთო ჯამში 18 676,04 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ადვოკატის იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი თანხის 700 ლარის ანაზღაურება.
7. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელის ყველა მოთხოვნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულია.
8. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 15393,91 ლარის გადახდა (მიუღებელი ხელფასი - 4914,69 ლარი, ხელფასის დაყოვნებისათვის 0,07% - 9396,4 ლარი; მივლინების თანხა 52 ლარი, მისი დაყოვნებისათვის 0,07% - 115,24 ლარი; საბოლოო ანგარიში - 133,95 ლარი, მისი დაყოვნებისათვის 0,07% - 221,47 ლარი, ერთი თვის კომპენსაციის თანხა 211,16 ლარი, მისი დაყოვნებისათვის 0,07% - 349 ლარი); მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ გაწეული საპროცესო ხარჯის (ადვოკატის მომსახურების საფასური) 615,75 ლარის გადახდა.
9.რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
10.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ქ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
11. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს სხვადასხვა ტიპის ვადებს, მათ შორის, სამოქალაქო უფლების განხორციელებისა და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადებს. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე მუხლებით და განმარტა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ამასთან, ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. თუ ვალდებულება გულისხმობდა გარკვეული მოქმედების შესრულებას გარკვეულ დროს, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება სწორედ ამ დროიდან, რადგანაც კრედიტორი სწორედ ამ დროს იგებს თავისი უფლების დარღვევის შესახებ. როდესაც ვალდებულების შესრულების დრო განსაზღვრული არაა, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა გონივრული ვადის გასვლის შემდეგ იწყება. მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის ნებაზე - მოსთხოვოს მოვალეს ვალდებულების შესრულება. როგორც კი ეს ნება იქნება განცხადებული და მიუვა მოვალეს, ხოლო იგი დაუყოვნებლივ არ შეასრულებს ვალდებულებას, უკვე სახეზეა იქნება კრედიტორის უფლების დარღვევა და შესაბამისად დაიწყება ხანდაზმულობის ვადის დენა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ მოთხოვნაზე უნდა გავრცელებულიყო სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
12.სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა 2009 წლის 12 თებერვალს, სარჩელი კი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით წარდგენილია 2015 წლის 4 აგვისტოს, სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. ამასთან, მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია სამოქალაქო კოდექსის 138-140-ე მუხლებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
13.სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
14.კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა არ არის იურიდიულად დასაბუთებული. სასამართლომ არ განმარტა, რომელი სამართლებრივი ნორმის საფუძველზე გაათანაბრა ხელფასი ფულად თანხასთან და მიიჩნია იგი პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან დავა შეეხება სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, ასეთი კატეგორიის საქმისათვის მტკიცებულებად საჭიროა სახელფასო უწყისები, შესაბამისი ბრძანებები და საბანკო დოკუმენტაცია ხელფასის გაცემის ან არგაცემის თაობაზე და მოცემულ დოკუმენტაციას აქვს მუდმივი შენახვის ვადა. სააპელაციო სასამართლომ კი არ იმსჯელა და არ დაასაბუთა მოსარჩელის მხრიდან სასამართლოში წარდგენილი იმ ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შესახებ, რომლებიც ნათლად ამტკიცებდა სახელფასო დავალიანების არსებობას და მის ოდენობას.
15.კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის ის მუხლები, რომლებიც ვრცელდება სახელშეკრულებო მოთხოვნებზე. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სახელფასო ანაზღაურების დაკისრების შესახებ დავა, რომელიც გამომდინარეობს საჯარო მოხელესა და საჯარო სამსახურს შორის, ანუ საჯარო სამართლის პირებს შორის და არა კერძო სამართლის პირებს შორის ურთიერთობიდან, ვინაიდან მოსარჩელე თანამდებობაზე დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით და არა შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისად, მასზე არ შეიძლება გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
16.კასატორის მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მიერ ქმედების განუხორციელებლობა - სახელფასო ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმა - პირდაპირ და უშუალო ინდივიდუალურ ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს. ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება არა მარტო არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს, არამედ შესაბამისობაში უნდა იყოს მოქმედ კანონმდებლობასთან. მოცემულ შემთხვევაში კი, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოხელისათვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებისგან პასუხისმგებლობის აცილებას მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძვლით.
17.საკასაციო საჩივრის ავტორმა მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს შრომის კანონმდებლობის მოქმედების გავრცელების საფუძვლებს საჯარო მოსამსახურეებზე. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. საქართველოს შრომის კოდექსით კი დარეგულირებულია მუშაკთან საბოლოო ანგარიშსწორების წესი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას. კოდექსის 34-ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს დამსაქმებლის მიერ მუშაკისთვის დავალიანების ანაზღაურების უპირობო ვალდებულებას, რაც წარმოიშობა მას შემდეგ, რაც მუშაკთან შეწყდება შრომითი ურთიერთობა. შესაბამისად, კასატორის განმარტებით, მაშინაც კი, თუ შესაძლებელია აღნიშნულ დავაში ხანდაზმულობის გამოყენება, მაშინ მასზე უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის არა 3 წლიანი, არამედ საერთო 10 წლიანი ვადა, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცულია.
18.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ქ. კ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
19.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
20.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
21.მოცემულ შემთხვევაში სადავოა საკითხი, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთა მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე არის თუ არა ხანდაზმული. კასატორის აზრით, აღნიშნულ მოთხოვნაზე სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის დანაწესის გავრცელება დაუშვებელია, ვინაიდან მასსა და მოპასუხეებს შორის არსებული ურთიერთობა იყო საჯარო სამართლებრივი და, შესაბამისად, ამ ურთიერთიერთობაზე არ შეიძლება გავრცელდეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული 3 წლიანი ვადა.
22.საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და მიუთითებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საჯარო სკოლის დირექტორსა და სკოლის თანამშრომლებს, სამეურვეო საბჭოსა და სკოლის დირექტორს შორის, აგრეთვე საჯარო სკოლის დირექტორსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით დავებს, როგორც სამოქალაქო დავებს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილავს სასამართლო. ამრიგად, კასატორის მოსაზრება, რომ მოცემული სამართალურთიერთობა წარმოადგენს საჯაროსამართლებრივ და არა კერძოსამართლებრივ ურთიერთობას, უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს ზემოაღნიშნული სპეციალური ნორმიდან. ამასთან, არსებობს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა, სადაც განმარტებულია, რომ სკოლის დირექტორსა და სამინისტროს შორის ურთიერთობა რეგულირდება შრომის კანონმდებლობითა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით (იხ. სუსგ №ას-557-532-2016, 30 იანვარი, 2017 წელი; №ას-1298-1218-2015, 15 მარტი, 2016 წელი; №ას-1189-1131-2014, 3 აპრილი, 2015 წელი).
23.რაც შეეხება სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს სხვადასხვა ტიპის ვადებს. მათ შორისაა, სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომლებიც სხვა ვადებთან ერთად გულისხმობს უფლების დაცვის - ხანდაზმულობის ვადებს. სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვნის იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდია ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა. ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში (იხ.სუსგ№ას-266-254-2013, 25 დეკემბერი, 2013 წელი).
24.სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ანუ ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომელიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. პერიოდულად გადასახდელი ფულადი თანხების მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილი, შესაბამისად, ხელფასის, როგორც პერიოდულად გადასახდელი მოთხოვნის საერთო ხანდაზმულობის ვადაა სამი წელი (იხ. სუსგ №ას-560-535-2016, 2 სექტემბერი, 2016 წელი).
25.მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის კუთვნილი ხელფასის მიუღებლობას 2006 წლის ნოემბრიდან 2009 წლის 12 თებერვლის ჩათვლით. სარჩელი კი სასამართლოში წარდგენილია 2015 წლის 4 აგვისტოს, რაც ერთმნიშვნელოვანს ხდის მოთხოვნის ხანდაზმულობას.
26.ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
27.საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
28.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ. კ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე