№ ას-1061-981-2017 7 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ტ-ი“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - შ. შ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „ტ-მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. მ–ისა (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) და შ. შ–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სს „ტ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დატოვებულ იქნა განუხილველად.
6. სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დაადგინა, რომ 2017 წლის 22 მაისს გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და აღნიშნულ სხდომას ესწრებოდა მოპასუხე.
7. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყო არა უგვიანეს 2017 წლის 21 ივნისისა. გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე ამ ვადაში არ გამოცხადდა და გადაწყვეტილება მხოლოდ 2017 წლის 28 ივნისს ჩაიბარა, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 22 ივნისს და ამოიწურა 2017 წლის 5 ივლისს. მოპასუხემ კი სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 2017 წლის 10 ივლისს შეიტანა.
8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591, 59-ე და 63-ე მუხლებით და, ვინაიდან მოპასუხის სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ იყო შეტანილი, მიიჩნია, რომ იგი განუხილველი უნდა დარჩენილიყო დაუშვებლობის გამო.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განჩინების გაუქმება.
10. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა გასაჩივრების ვადის გაცდენის საპატიო მიზეზი, რომელიც გამოწვეული იყო ახლო ნათესავის გარდაცვალებით.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
15. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
16. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული მუხლი, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.
18. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორი ესწრებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (იხ. ტ. 1. ს.ფ. 116).
19. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 მაისის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მოპასუხე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა 2017 წლის 28 ივნისს და ამავე დღეს ჩაიბარა გადაწყვეტილების ასლი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 124). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მხარისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 22 ივნისს და ამოიწურა 2017 წლის 5 ივლისს, ხოლო მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით სასამართლოს მიმართა 2017 წლის 10 ივლისს ანუ სასამართლოსთვის მიმართვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
20. კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა გასაჩივრების ვადის გაცდენის საპატიო მიზეზი, რომელიც გამოწვეული იყო ახლო ნათესავის გარდაცვალებით.
21. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და დარღვეული საპროცესო ვადის აღდგენის საფუძვლად ვერ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას, რასთან დაკავშირებითაც განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე - ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე.
22. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. სააპელაციო გასაჩივრების უფლების რეალიზაციისათვის სპეციალურ დანაწესს გვთავაზობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. აღნიშნული სპეციალური ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა დაუშვებელია ანუ იმ პირობებშიც კი, თუ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდება გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სასამართლოში საჩივრის საპატიო მიზეზით წარდგენის შეუძლებლობა, კანონი არ უშვებს დარღვეული საპროცესო ვადის აღდგენას.
23. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე დაადგინა, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე უფლება საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან რეგლამენტაციას, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის, საზოგადოებისა და პირის მოთხოვნილებებისა და რესურსების მიხედვით. საქმეზე „აშინგდეინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ განსაზღვრა უფლების შეზღუდვის ზოგადი ფარგლები. შეზღუდვები შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს იმ შემთხვევაში, თუ: ა) ემსახურება კანონიერ მიზანს, ბ) დაცულია გონივრული თანაბარზომიერება დაწესებულ შეზღუდვასა და დასახულ მიზანს შორის (Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, §57, 28 მაისი, 1985 წელი). ამ პირობების დაცვა აუცილებელია, რადგან შეზღუდვები არ უნდა ამცირებდეს პირისათვის ნებადართულ ხელმისაწვდომობას იმ ზღვრამდე, რომ თავად უფლების არსი შეილახოს.
24. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა შესაძლებლად მიიჩნევდა საპატიო მიზეზის არსებობისას მხარის მიერ გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენას, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან მოპასუხის განცხადება მისი ახლო ნათესავის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით არ არის დადასტურებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სათანადო მტკიცებულებებით.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად გასაჩივრების ვადის გასვლის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ. მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე