Facebook Twitter

№ ას-1072-992-2017 7 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ბ...2“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – მ. მ-ი, კ. ა-ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. მ-მა და კ. ა-მა (შემდგომში - „მოსარჩელეები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ბ...2“-ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ მოპასუხისთვის თანხის დაკისრებისა და ქმედების განხორციელების შესახებ.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

5. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ივნისის განჩინებით მოპასუხე კომპანიის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად, მოპასუხეს დაევალა ამ განჩინების მისთვის გადაცემიდან 15 დღის ვადაში: ა. სააპელაციო სასამართლოსათვის წარედგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი; ბ. განესაზღვრა დავის საგნის ღირებულება და გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით (არანაკლებ 150 ლარისა და არაუმეტეს 5000 ლარისა); გ. სააპელაციო სასამართლოსათვის წარედგინა სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია შესრულებული word-ის ფაილში CD დისკის სახით. მასვე განემარტა, რომ, თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი სასამართლოს გზავნილით ირკვევა, რომ ხარვეზის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინება მოპასუხეს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მის მიერ მითითებულ მისამართზე და 2017 წლის 26 ივნისს ჩაბარდა მოპასუხე კომპანიის დირექტორის მ. ჯ-ის მეუღლეს - ნ. კ-ძე - ჯ-ს (პ/ნ …). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინების შესაბამისად, მოპასუხეს ხარვეზის შევსებისათვის ვადა ჰქონდა 2017 წლის 11 ივლისს 24:00 საათამდე, რაც შევსებული არ ყოფილა.

7. იმის გათვალისწინებით, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება მოპასუხეს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა მოპასუხე კომპანიის უფლებამოსილი პირის - დირექტორის ოჯახის წევრს, მეუღლეს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხარვეზის დადგენის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინება მოპასუხე კომპანიისთვის ჩაბარებულად ითვლება 2017 წლის 26 ივნისს, რომლის შესაბამისადაც, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი შევსებული არ ყოფილა.

8. სააპელაციო სასამართლომ განჩინების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 374-ე მუხლით და სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, განუხილველი დატოვა.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხე კომპანიამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

10. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ დირექციის საქმიანობასთან მის მეუღლეს არავითარი შემხებლობა არ აქვს. მისი განმარტებით, იურიდიულ პირს გზავნილი უნდა ჩაბარდეს მის იურიდიულ მისამართზე და ოჯახის წევრი არ წარმოადგენს მოპასუხე კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხე კომპანიის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

15. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოპასუხე კომპანიის დირექტორის მეუღლე არ წარმოადგენს აღნიშნული კომპანიის სახელით გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს.

16. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა მოპასუხე კომპანიის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონით განსაზღვრული საფუძველი.

17. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულია ორგანიზაციისათვის შეტყობინების ჩაბარების წესი. კერძოდ, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.

18. დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ ორგანიზაციისათვის სასამართლო შეტყობინების გაგზავნისას, როდესაც შეტყობინება უშუალოდ ორგანიზაციას ეგზავნება, შეტყობინება უნდა ჩაბარდეს: ა) კანცელარიას, ბ) ასეთი დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან პირს, გ) ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც შეტყობინებას ადრესატს გადასცემს, დ) მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. კანონით განსაზღვრული სუბიექტებიდან ერთ-ერთისათვის სასამართლო შეტყობინების გადაცემას კანონი მის ნამდვილობას უკავშირებს, რასაც შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვება (სუსგ №ას-1678-1574-2012, 2013 წლის 21 იანვარი).

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია სასამართლო გზავნილის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტებისთვის ჩაბარებას და არც მხარეები ყოფილან შეთანხმებული ჩაბარების განსხვავებულ წესზე, თუმცა განსახილველ საქმეში ადგილი აქვს დამატებით გარემოებებს, რომლებიც მიუთითებს გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებაზე.

20. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მეწარმე სუბიექტი რეგისტრირდება მის მიერ განცხადებული მისამართის მიხედვით. დაინტერესებულმა პირმა იურიდიულ მისამართად უნდა მიუთითოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მისამართი, რომელზედაც შესაძლებელი იქნება წერილობითი შეტყობინების (კორესპონდენციის) გაგზავნა. რეგისტრირებულ მისამართზე გაგზავნის შემდეგ წერილობითი შეტყობინება (კორესპონდენცია) ითვლება ოფიციალურად გაგზავნილ შეტყობინებად (კორესპონდენციად).

21. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ 2017 წლის 23 ივნისის განჩინების ასლი მოპასუხე კომპანიას გაეგზავნა მისამართზე - ქ. ბათუმი, გ-ის ქ. №…, ბინა … (იხ. ტ. 1, ს.ფ. 227) და ჩაბარდა მოპასუხე კომპანიის დირექტორის მ. ჯ-ის მეუღლეს, ნ. კ-ძე-ჯ-ს (…) 2017 წლის 26 ივნისს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 228).

22. საქმის მასალებში არსებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული მისამართი - საქართველო, ქ. ბათუმი, ზ. გ-ის ქ. №…, ბ. …, წარმოადგენს მოპასუხე კომპანიის იურიდიული მისამართს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 23). მოპასუხე კომპანია თავის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარშიც სწორედ ზემოაღნიშნულ მისამართს უთითებს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 206). იგივე მისამართია მითითებული მოპასუხე კომპანიის სატიტულო ფურცელშიც (იხ. ტ. 1, ს.ფ. 179). ამასთან, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი მოპასუხე კომპანიის დირექტორმა ჩაიბარა სწორედ ზემოაღნიშნულ მისამართზე (იხ. ტ.1. ს.ფ. 218).

23. გარდა ამისა, საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივრით სადავოდ გამხდარი განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ასევე ზემოაღნიშნულ მისამართზე ჩაბარდა მოპასუხე კომპანიის დირექტორის ოჯახის წევრს, ამჯერად რძალს - ც. ბ-ს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 233, 235, 236), რაც კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია და მან კანონით განსაზღვრული გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დაცვით წარადგინა კიდეც კერძო საჩივარი.

24. ზემოაღნიშნული გარემოებები მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე კომპანია დარეგისტრირებულია კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - დირექტორის საცხოვრებელ ბინაში. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

25. საქმის მასალებში არსებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ მოპასუხე კომპანიის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია დირექტორი - მ. ჯ-ი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 23) და, შესაბამისად, იგი უფლებამოსილია ჩაიბაროს გზავნილი.

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.

27. ამრიგად, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის იურიდიული მისამართი წარმოადგენს დირექტორის საცხოვრებელი ბინის მისამართს, ხოლო დირექტორმა ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აღნიშნულ მისამართზე არსებობს კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული, გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილი რომელიმე სხვა სუბიექტი, დირექტორის ოჯახის წევრისთვის გზავნილის ჩაბარება მოცემულ შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს მოპასუხე კომპანიის დირექტორის მიერ ჩაბარებად. აქვე გასათვალისწინებელია, რომ თავად მოპასუხე კომპანიის დირექტორი აღნიშნულ მისამართზე სხვა დროსაც იბარებდა სასამართლო კორესპონდენციებს (იხ. მოცემული განჩინების 21-ე პუნქტი) და მას მოცემულ საკითხზე პრეტენზია არ გამოუთქვამს.

28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო უწყების ჩაბარება განხორციელდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების სრული დაცვით. უდავოა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხეს ხარვეზი არ შეუვსია, რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ბ...2“-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე