Facebook Twitter

საქმე №ას-1135-1055-2017 5 დეკემბერი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.თ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ა.დ–ძე, ნ.დ–ძე, ც.ც–ძე, მ.დ–ძე, ვ.დ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივლისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ქმედების დავალდებულება

აღწერილობითი ნაწილი :

1. მ.თ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) და ა., ნ., მ. და ვ.დ–ძეები, ასევე, ც.ც–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები ან მოწინააღმდეგე მხარეები) წლების განმავლობაში მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები იყვნენ.

2. 2016 წლის 7 ივლისიდან (დავის სააპელაციო ინსტანციაში განხილვის ეტაპზე), ოზურგეთის რაიონის სოფელ ....მდებარე უძრავი ქონების, ს/კ ...... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება), მესაკუთრედ შპს „პ.ფ.“ აღირიცხა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ.2, ს.ფ. 291), ხოლო მოსარჩელე (ყოფილი მესაკუთრე) ზემოაღნიშნული ქონების მფლობელად დარჩა.

3. მეზობელი მიწის ნაკვეთების მიჯნაზე მდებარეობს სადრენაჟე მილები, რომლებიც საკუთრების უფლებით ეკუთვნის სახელმწიფოს, ხოლო მილების ის ნაწილი, რომელიც ფარავს საკუთრების საგანს (მოპასუხის მიწის ნაკვეთი), ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია მოპასუხეს.

4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 2 ივნისის №...დასკვნის მიხედვით, სადრენაჟე მილები ამჟამად არა მოპასუხეების კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, არამედ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული.

5. 2016 წლის 25 მარტს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ. მან მოითხოვა მოპასუხეების მიერ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ღობის გადაწევა, ისე, რომ მიწის ნაკვეთი, რომელშიც სადრენაჟე მილები გადის, ღობის გარეთ მოქცეულიყო. მოსარჩელის მტკიცებით, მას არ ეძლევა სადრენაჟე მილებთან მისვლის საშუალება, რის გამოც იგი ზარალდება, რადგანაც წვიმის დროს მისი სახლი იტბორება. ამასთან, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხეები საჯარო რეესტრში ცვლილების რეგისტრაციას აპირებდნენ, რათა მათ საკუთრებაში აღრიცხულიყო მიწის ნაკვეთი, რომლის ქვეშაც გადის საერთო სარგებლობის სადავო სადრენაჟე მილები. მისი აზრით, აღნიშნული ქმედებით შეილახებოდა მისი კანონით დაცული უფლებები, რადგანაც იგი ვეღარ შეძლებდა სადავო მილით სარგებლობას, მით უფრო, რომ მიწის ნაკვეთი, რომელშიც მითითებული სადრენაჟე მილია, სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს.

6. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. მათ წარადგინეს მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითეს, რომ სადავო მილები 1985 წელს განთავსდა მიწის ნაკვეთში. თავდაპირველად, მითითებული მილებიდან კ.ლ–მ (უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრე, ვისგანაც მოსარჩელემ შეიძინა უძრავი ქონება) შეიძინა 12 ცალი მილი, ხოლო მასთან შეთანხმების შემდგომ 10 მილი შეიძინეს მოპასუხეებმა, რომლებიც უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთის მიერ ჩაწყობილ მილებს მიუერთეს. ამ მილების მიმართ, არც ყოფილ მესაკუთრეს და არც მოსარჩელეს არ შეიძლება ჰქონდეთ რაიმე ინტერესი, გამომდინარე იქიდან, რომ მილები მათ ნაკვეთს არაფრით უკავშირდება. მათი მითითებით, მიწის ნაკვეთი მილების განთავსებისთანავე შემოიღობა, რაზეც მაშინდელი ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებიდან (სასოფლო საბჭოდან და კოლმეურნეობიდან) მიღებული ჰქონდათ შესაბამისი თანხმობა.

7. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლები.

8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

8.1. აპელანტის მტკიცებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მოპასუხეების მიერ მიწის ნაკვეთზე აღმართული ღობე, რომლის ქვეშაც საერთო სარგებლობის სადრენაჟე მილი გადის, მოსარჩელის საკუთრებაა და სარგებლობაში ხელი ეშლება;

8.2. სასამართლომ უგულებელყო მოპასუხეების აღიარება, რომ სადავო სადრენაჟე მილი მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში არ იყო განთავსებული.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე, იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს აღარ წარმოადგენდა, რომლის სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთასაც ის მოითხოვდა. შესაბამისად, პალატის დასკვნებით, მითითებული გარემოება, სსკ-ის 170-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა.

10. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

10.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, ვინაიდან, პალატამ არ შეაფასა რეესტრის მიერ გაცემული ცნობა, რომლის მიხედვითაც, სადრენაჟე მილი სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა. მართალია, სსკ-ის 176-ე მუხლში მესაკუთრეა მითითებული, მაგრამ ეს შემთხვევა განსაკუთრებულია, რადგანაც ქონების ახალმა მესაკუთრემ უძრავ ქონებაში დატოვა მოსარჩელე და არ გამოასახლა იგი, ამდენად, მოსარჩელემ სრულიად კანონიერად გააგრძელა მითითებულ სახლში ცხოვრება;

10.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ, მართალია, უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებას აღარ წარმოადგენდა, მაგრამ იგი აღნიშნული ქონების მფლობელად დარჩა, რომელსაც ხელი ეშლებოდა სადავო სადრენაჟე მილებით სარგებლობაში.

10.3. სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 90-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, პროცესის მონაწილე ერთ-ერთ მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს საქმეში მესამე პირის ჩართვა თუკი, მესამე პირის ინტერესებსაც ეხება დავა. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა რომ სადავო სადრენაჟე მილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთშია განთავსებული.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

13.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13.2. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია ისაა, რომ მას არ ეძლევა საერთო სარგებლობაში არსებულ სადრენაჟე მილებთან მისვლის საშუალება, რათა ძლიერი წვიმის დროს თავიდან აიცილოს სახლის დატბორვა. სწორედ ამიტომ, მოპასუხეებმა მიწის ნაკვეთზე განთავსებული ღობე ისე უნდა გადაწიონ, რომ მიწის ნაკვეთი, რომელშიც სადრენაჟე მილები გადის, ღობის გარეთ მოექცეს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას, მოცემულ შემთხვევაში, სსკ-ის 161-ე მუხლით (თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა შეუძლია, მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა) გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობა განაპირობებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, სსკ-ის 159-ე მუხლის თანახმად, მოცემულია კეთილსინდისიერი მფლობელის განმარტება, რომლის არსის დადგენისათვის აუცილებელია მართლზომიერი (არამართლზომიერი) მფლობელობისა და კეთილსინდისიერი (არაკეთილსინდისიერი) მფლობელობის რეალიზაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი დანაწესების განმარტება. უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსის მიხედვით დიფერენცირებულია მფლობელობა ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების მიხედვით (160-ე-164-ე მუხლები) და კანონი მიჯნავს კეთილსინდისიერი მფლობელის მოთხოვნას (160-ე-161-ე მუხლები) და მართლზომიერი მფლობელის მოთხოვნას (162-ე მუხლი). ასევე, არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის ვალდებულებებს (163-ე მუხლი) და არაკეთილსინდისიერი მფლობელის ვალდებულებებს (164-ე მუხლი), ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ კეთილსინდისიერი (არაკეთილსინდისიერი) მფლობელობის ინსტიტუტსა და კეთილსინდისიერი მფლობელისა და არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის უფლება-ვალდებულებებშიც არსებობს განსხვავება. ნივთის მფლობელობის (როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი) მიმართ პირის, როგორც სუბიექტური (კეთილსინდისიერი ფლობა), ისე ობიექტური (მართლზომიერი ფლობა) ფაქტორის მტკიცება, მოცემულ შემთხვევაში, ეკისრებოდა მოსარჩელეს, რაც ბუნებრივია, მისი მოთხოვნის ნამდვილობასა და, შესაბამისად, სარჩელის პერსპექტიულობაზე ახდენდა გავლენას. სსსკ-ით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპის (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები) გათვალისწინებით კი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, საკუთარი ინიციატივით დაადგინოს ფაქტები, რომელთა მითითება და შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურება ეკისრება მხარეს. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ სადავო ქონების ფლობის მიმართ მოსარჩელის უფლებრივი კავშირის ნამდვილობის განმსაზღვრელი წინაპირობების არარსებობის გამო, უარყოფს პალატა კასატორის იმ პრეტენზიებს, რომლებიც, მისი მოსაზრებით, ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ამ ვითარებაში კი, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოების შეფასებები პროცესუალური თვალსაზრისით გამართლებულია. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მივიჩნევთ, რომ სადრენაჟე მილები მხარეთა საერთო სარგებლობაში იყო, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მოპასუხეებმა მოსარჩელეს რაიმე ფორმით ხელი შეუშალეს სადრენაჟე მილებით სარგებლობაში.

13.3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ", # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-524-493-2012, 4 ოქტომბერი, 2012 წელი).

15. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ.თ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; მ.თ–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს გ.ძ–ის (პ/ნ 3.....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (გადახდის ქვითარი #14306376, გადახდის თარიღი 30.09.2017 წ. სს ,ლიბერთი ბანკი“) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი