საქმე №ას-1373-1293-2017 5 დეკემბერი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ.ბ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – მ.გ., ხ.ბ. (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ბინის ქირის გადახდევინება
აღწერილობითი ნაწილი :
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), ზ.ბ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, განმცხადებელი ან კერძო საჩივრის ავტორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ხ.ბ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან მეორე აპელანტი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების მეორე პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ც.ბ–ის მიერ 2004 წლის 24 თებერვალს გაცემული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა და გ.ბ–ის სამკვიდრო ქონებაზე მ.ბ–ს, ვ. ბ–სა და ზ.ბ–თან ერთად პირველი რიგის მემკვიდრედ ცნობილ იქნა მოსარჩელე. ამ უკანასკნელის საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ. თბილისში, ....... მდებარე უძრავი ქონების 14/24 ნაწილი, ხოლო მ.ბ–ისა და ზ.ბ–ის საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონების 4/24 ნაწილი; ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, მოპასუხეთა ბინიდან გამოსახლების, მათთვის ფართით სარგებლობისათვის ქირის დაკისრებისა და უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი ფართის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნების უარყოფის ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
2. 2009 წლის 7 ოქტომბერს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით, გადაწყვეტილების განმარტების შესახებ მოსარჩელის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
4. 2017 წლის 25 სექტემბერს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს კვლავ მიმართა მოსარჩელემ. განმცხადებლის განმარტებით, მართალია, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უძრავი ქონების (მდებარე: თბილისში, ქობულეთის შესახვევის N16) 14/24 ნაწილი აღირიცხა მის საკუთრებად, თუმცა ის დღემდე ვერ სარგებლობს ამ ქონებით, ვინაიდან იგი მოპასუხეებს აქვთ დაკავებული, შესაბამისად, მისი მტკიცებით, სააღსრულებო ფურცელში საჭირო იყო ჩანაწერის დაზუსტება, რათა მოვალეებისგან თანხა, კრედიტორთან შეთანხმებით ამოეღოთ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, მოსარჩელის განცხადება, არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 262-ე მუხლით.
5.1. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებას მისი სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად განმარტავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება ორაზროვან, ბუნდოვან დებულებებს ემყარება იმგვარად, რომ შეუძლებელია ამ გადაწყვეტილებით აღიარებული უფლების სწორად განმარტება და ილახება მოდავე მხარეთა ინტერესები;
5.2. სააპელაციო პალატის დასკვნებით, განცხადება უარყოფილ იქნა, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ იყო ბუნდოვანი, მკაფიოდ და გარკვევით იყო ჩამოყალიბებული. პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემობაზეც, რომ, რადგანაც განმცხადებელმა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება უკვე აღასრულა, კერძოდ, უძრავი ქონება უკვე რეგისტრირებულია ამ უკანასკნელის სახელზე, არ არსებობს გადწყვეტილების სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით გათვალისწინებული განმარტების წინაპირობა („განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული...“)
6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა განმცხადებელმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და განცხადების თბილისის სააპელაციო სასამართლოში, კონკრეტულად იმ მოსამართლესთან დაბრუნების მოთხოვნით, ვის სახელზეც ჰქონდა მას წარდგენილი განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
6.1. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, აუცილებელია, განიმარტოს 2008 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, სადაც მიეთითება, რომ თანხა კრედიტორთან შეთანხმებით უნდა იქნეს ამოღებული;
6.2. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მას გადაწყვეტილების განმარტებაზე უსაფუძვლოდ ეთქვა უარი.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი სსსკ-ის 414-416 მუხლების საფუძველზე მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
8. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა უსაფუძვლოა სსსკ-ის 262-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.
9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
10. გასაჩივრებული განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ არ არსებოდა სსსკ-ის 262-ე მუხლით განსაზღვრული ის წინაპირობები, რომელიც გადაწყვეტილების განმარტებას განაპირობებდა.
11. სსსკ-ის 262-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია, გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში, მხარეებს ეგზავნებათ შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.
11.1. აღნიშნული ნორმის თანახმად, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად მიიჩნევს სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას, ხოლო განმარტების მიზნად კი, მისი აღსრულების უზრუნველყოფას. ამდენად, იმისათვის, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების განმარტების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რაც ამავე გადაწყვეტილების აღსრულების ხელშემშლელ ფაქტორს უნდა წარმოადგენდეს. კანონის მიხედვით, გადაწყვეტილების განმარტების პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული, რადგან, თუკი გადაწყვეტილება აღსრულებულია, ცხადია, ასეთ ვითარებაში აღარ არსებობს განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა. საგულისხმოა ისიც, რომ დაუშვებელია განმარტების შედეგად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით მიიღება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და არ გამომდინარეობდა განსამარტი გადაწყვეტილებიდან.
11.2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, არ არსებობდა გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი და ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია. ეს კი, გამორიცხავს კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას (შდრ. სუსგები №ა-3605-გან-5-2017, 2017 წლის 5 ოქტომბრის განჩინება; №ას-267-255-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება).
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი კერძო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
13. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.ბ–ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი