Facebook Twitter

№ ას-1-1-2017 3 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. გ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შ. ჩ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შ. ჩ-ემ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. გ-ის (შემდგომში „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე თანხის, 6 000 აშშ დოლარის მოპასუხისთვის დაკისრება.

2. სარჩელის თანახმად, მოპასუხის მამა, ა. გ-ი იყო მოსარჩელის დიდი ხნის ნაცნობი და წლების განმავლობაში მასთან კარგი ურთიერთობა აკავშირებდა. 2012 წლის დასაწყისში ა. გ-მა მოსარჩელეს სთხოვა ორი თვით 6000 აშშ დოლარი იმ მიზნით, რომ აპირებდა სარესტორნე ბიზნესის დაწყებას. მოსარჩელემ გადასცა აღნიშნული თანხა, თუმცა არაერთი თხოვნის მიუხედავად კუთვნილი თანხა დღემდე არ მიუღია. მოგვიანებით გაირკვა, რომ ა. გ-ი ამავე მიზნით არაერთი ადამიანისგან სესხულობდა ფულს და არ აბრუნებდა. მოსარჩელე იძულებული გახდა მიემართა საგამოძიებო ორგანოებისთვის. ა. გ-ის მიერ მოსარჩელისა და სხვა პირების კუთვნილი ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ ა. გ-ს არაერთ მოქალაქესთან ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება, თუმცა დიდი ოდენობით ფულის მიღების მიუხედავად, მას სარესტორნე ბიზნესსაქმიანობა არ უწარმოებია.

3. 2014 წლის 25 ივლისს ა. გ-ი გარდაიცვალა და სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა წარმოება. მოსარჩელემ თანხის დაბრუნება ა. გ-ის უფლებამონაცვლეს - შვილს, მოპასუხე თ. გ-ს მოსთხოვა, მაგრამ უშედეგოდ, რაც სასამართლოში მის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრის საფუძველი გახდა.

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მართალია იგი გარდაცვლილი ა. გ-ის უფლებამონაცვლეა, მაგრამ მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის გადახდა ვერ დაეკისრება, რადგან მამამისს მოსარჩელის მიმართ არ ჰქონდა არანაირი ფულადი ვალდებულება. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ მხარეთა შორის დადებული იყო სესხის ზეპირი ხელშეკრულება, არცერთი მტკიცებულებით დადასტურებული არ არის. აღნიშნულის დასადასტურებლად კი ვერ გამოდგება დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, რადგან იგი სამოქალაქო სამართალწარმოებაში უდავო მტკიცებულებას არ წარმოადგენს.

5. 2015 წლის 9 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6000 აშშ დოლარის გადახდა.

6. საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი, რაც ამავე სასამართლოს 2015 წლის 17 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

7. საქალაქო სასამართლომ მიუთითა უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის მიხედვით, როდესაც სახეზეა მოპასუხის აშკარად გამოხატული ნება მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, მაგრამ მას ხელს უშლის გარემოებები, რომლებიც შესაძლოა მისი უნებური შეცდომით, გაუფრთხილებლობით არის გამოწვეული, მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმის განხილვისას დანიშნულ ყველა სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ცხადდებოდა და ახორციელებდა თავის საპროცესო უფლებებს. შესაბამისად, ცალსახა იყო მისი ინტერესი დავის გაგრძელების მიმართ, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველს ქმნიდა.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 სექტემბრის განჩინების გაუქმება.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება; ასევე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 სექტემბრის განჩინება ამავე სასამართლოს 2015 წლის 9 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

11. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

12. სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 9 ივლისს 14:00 საათზე საქალაქო სასამართლოში დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე მხარე, რომლიც კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაფრთხილებული იყო პროცესზე გამოუცხადებლობის შედეგების თაობაზე. მას არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსთვის. ამრიგად, არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა.

13. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად სასამართლოს მითითება დავის გაგრძელების მიმართ მოპასუხის ინტერესზე, იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე, 233-ე, 215-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ საჩივრის ავტორმა ვერ მიუთითა მოცემული ნორმებით გათვალისწინებულ ვერცერთ საფუძველზე, რაც შესაძლოა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა გამხდარიყო.

14. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 1484-ე, 1494-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას, შესაბამისად, სახეზე იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მეორე პროცესუალური წინაპირობაც.

15. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

16. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას და უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა სარჩელი სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 1484-ე და 1494-ე მუხლებზე დაყრდნობით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვდა ზეპირი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის მოპასუხისთვის დაკისრებას. შესაბამისად, მითითებული გარემოებები იწვევდა სხვა იურიდიულ შედეგს და სასამართლოს უნდა დაედგინა ეს გარემოებები სასესხო ურთიერთობის მარეგულირებელი სამოქალაქო კოდექსის რომელიმე ნორმის გამოყენებით ამართლებდა თუ არა მოთხოვნას.

17. საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ადგილი ჰქონდა დელიქტიდან გამომდინარე ურთიერთობას, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი, რომელიც იურიდიულად გაამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, თუმცა ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელი იყო ფაქტობრივ გარემოებებში განაჩენის მითითება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განჩინებით თ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

22. განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არის გამხდარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება. კასატორი არ დავობს მისი არასაპატიო მიზეზით საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობის შესახებ და მისი ძირითადი პრეტენზია ემყარება იმას, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელ გარემოებას ქმნიდა.

23. კასატორის პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს მოპასუხის პროცესზე გამოუცხადებლობის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგები.

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

25. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ მოპასუხე, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც თავისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე აცნობა სასამართლოს. საქმის განხილვაზე მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს გარკვეულ სანქციას ისეთი მხარის მიმართ, რომელიც არაკეთილსინდისიერად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს.

26. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოპასუხისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოპასუხის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოპასუხის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

27. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას (იხ. სუსგ №ას-152-148-2016, 3 ივნისი, 2016 წელი), თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს საჩივარი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმას.

28. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა.

29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (იხ. სუსგ №ას-356-338-2015, 3 ივნისი, 2015 წელი).

30. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის მიხედვით დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოპასუხის მამის, ა. გ-ისთვის გადაცემული ჰქონდა 6000 აშშ დოლარი, რომელიც მოსარჩელეს დღემდე არ მიუღია. ა. გ-ის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელემ თანხის დაბრუნება ა. გ-ის უფლებამონაცვლეს - შვილს, მოპასუხე თ. გ-ს მოსთხოვა, ხოლო ვინაიდან მოპასუხე უარს აცხადებდა თანხის დაბრუნებაზე, მოსარჩელემ აღნიშნული მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

31. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურებულად მიჩნევა ნიშნავს მოსარჩელის მიერ სარჩელში აღნიშნული ფაქტების კანონის ძალით დადგენილად მიჩნევას. ამ თვალსაზრისით კი, მოსარჩელემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 1484-ე, 1494-ე მუხლების შემადგენელი ყველა ელემენტი.

32. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე მუხლების შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 1484-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. ხოლო კრედიტორთა მოთხოვნები მემკვიდრეებმა უნდა დააკმაყოფილონ ერთჯერადი გადახდის გზით, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არა არის დადგენილი (სსკ 1494-ე მუხლი).

33. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხე წარმოადგენს ა. გ-ის მემკვიდრეს - შვილს, სარჩელის მიხედვით კი დადასტურებულია მოსარჩელის მიმართ ა. გ-ის ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტების უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევის პირობებში არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისთვის თანხის დაკისრების საფუძველი.

34. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

35. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის სამოქალაქო საპროცესო სამართლებრივი შედეგების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-604-572-2014, 4 მაისი, 2015 წელი).

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს თ. გ-ს (პ/ნ: ---) დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 22 თებერვალს #0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 789.75 ლარის 70% – 552.825 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე