Facebook Twitter

№ ას-312-295-2017 3 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ ლ-ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ი–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში

დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ე. ი–მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ ლ-ის მუნიციპალიტეტის „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების" (შემდგომში „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

2. სარჩელის თანახმად, ე. ი–ი მოპასუხე ლ-ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში დასაქმებული იყო 2007 წლის სექტემბრიდან, ჯერ სოფელ ლ-ის #... ბაღის გამგის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო შემდეგ ამავე ბაღის უფროს აღმზრდელ-მეთოდისტად. 2011 წლის 15 სექტემბერს მოსარჩელესთან წერილობით გაფორმდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულება იგივე თანამდებობაზე - ბაღის უფროს აღმზრდელ-მეთოდისტად - სამუშაოს შესრულების თაობაზე. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2011 წლის 15 სექტემბრიდან იმავე წლის 31 დეკემბრამდე. 2012 წელს მოსარჩელე კვლავ აგრძელებდა მუშაობას იმავე თანამდებობაზე ხელშეკრულების გარეშე. 2013 წლის 3 იანვარს მოსარჩელესთან გაფორმდა ახალი ხელშეკრულება იგივე თანამდებობაზე, რომლის ვადა განისაზღვრა 2013 წლის 31 დეკემბრამდე. მოპასუხის 2014 წლის 3 იანვრის #4 ბრძანებით მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა იგივე თანამდებობაზე ერთი წლით.

3. მოპასუხის 2015 წლის 5 იანვრის №4 ბრძანებით მოსარჩელე 2014 წლის 31 დეკემბრიდან გათავისუფლდა ლ-ის #... ბაღის უფროსი აღმზრდელ-მეთოდისტის თანამდებობიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

4. მოსარჩელის აზრით, მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოა, რადგან შრომის კოდექსის ახალი რეგულაციების შესაბამისად, მოპასუხის მიერ მასთან გაფორმებული ხელშეკრულება უვადოდ დადებულად ითვლება, რამდენადაც იგი ხუთ წელზე მეტია დასაქმებულია ერთსა და იმავე ორგანიზაციაში. შესაბამისად, დამსაქმებელს არ ჰქონდა უფლება ხელშეკრულბის ვადის ამოწურვის საფუძვლით გაეთავისუფლებინა იგი სამსახურიდან.

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არ აქვს ლ-ის მუნიციპალიტეტში და იგი საბავშვო ბაღს მართავს ქ. თბილისიდან, სადაც ცხოვრობს. შესაბამისად, იშვიათად დადის სამსახურში და იყენებს უფასო შვებულებებს, ფაქტობრივად არ ესწრება სამსახურებრივ თათბირებს, ასევე არ აწარმოებს კვების პროდუქტების უწყისებს და ყოველდღიური კვების პროდუქტების მენიუ-ზედნადებებს, უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის მიღებული აქვს შენიშვნა, ხოლო მის მიმართ იმიტომ არ იქნა გამოყენებული უფრო მკაცრი დისციპლინური სახდელი - სამუშაოდან გათავისუფლება, რომ 2014 წლის 31 დეკემბერს მოსარჩელეს ეწურებოდა შრომის ხელშეკრულების ვადა. შესაბამისად, ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო იგი მართებულად გათავისუფლდა სამსახურიდან.

6. მოპასუხის განცხადებით, სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან მოსარჩელემ დაარღვია შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სარჩელის წარდგენის 30 დღიანი ვადა.

7. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. ი–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 2015 წლის 5 იანვრის #4 ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია 6 თვის ხელფასის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

8. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების 1.2. და 2 პუნქტები და ე. ი–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელე აღდგენილ იქნა ლ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ-ის #... საბავშვო ბაღის უფროსი აღმზრდელი მეთოდისტის თანამდებობაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან (05.01.2015წ.) სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღემდე, ყოველთვიურად 240 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდა.

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 2-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

11. რამდენადაც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია, იგი ამ ნაწილში კანონიერ ძალაში შევიდა. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატის შეფასების საგანი იყო სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება.

12. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით და განმარტა, რომ სამუშაოდან დათხოვნის უკანონოდ ცნობის პირობებში, უკანონოდ დათხოვნილის მოთხოვნა პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის თაობაზე დაცვის ღირსი ლეგიტიმური ინტერესის შემცველია, თუმცა აღნიშნული უფლება აბსოლუტური არ არის და მისი დაკმაყოფილება გარკვეულ წინაპირობებზეა დამოკიდებული - მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ფაქტები, რომლებიც მისი არამართლზომიერი გათავისუფლების პრეზუმფციას ქმნის, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს მასთან დასაქმებული სუბიექტის გათავისუფლების მართლზომიერება და აღნიშნული სუბიექტის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის შეუძლებლობა.

13. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობასა და მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულებები, რომლებიც ზემოაღნიშნულ გარემოებას (რომ მაგ., აღარ არსებობს იგივე თანამდებობა ან იმავე თანამდებობაზე მესამე პირია დასაქმებული) დაადასტურებდა. სააპელაციო სასამართლომ სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობის დამადასტურებელ მტკიცებულებად არ მიიჩნია მოპასუხის განმარტება, რომ საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რამაც ბაღის თნამშრომელთა სხვა შენობაში გადასვლა გამოიწვია, იმ მოტივით, რომ აღნიშნულ პროცედურას შედეგად რეორგანიზაცია ან შტატების შემცირება არ მოჰყოლია.

14. დაკისრებულ კომპენსაციასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ კომპენსაციისგან განსხვავდება განაცდური - იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ბათილად იქნა ცნობილი და უკანონოდ დათხოვნილი პირი იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგა, დამსაქმებელს ეკისრება განაცდური. შესაბამისად, განაცდურის ანაზღაურება დამსაქმებლის მხრიდან მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებაა და არა ზიანის ანაზღაურება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0,07 %-ის მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის დაკისრება.

15. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.

16. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის აღარ არსებობს ურთიერთნდობა თანამშრომლობისას, აღნიშნული ასევე გამომდინარეობს საბავშვო ბაღის სპეციფიკიდან და აღსაზრდელთა ინტერესებიდან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება არის ისიც, რომ მოსარჩელე ცხოვრობს თბილისში და არ გააჩნია საცხოვრებელი სახლი სოფ. ლ-ში, სადაც მდებარეობს საბავშვო ბაღი. ამასთან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არასტაბილურია და იგი ხშირად სარგებლობს საავადმყოფო ფურცლით. კასატორი შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე მოწმის სახით იქნენ დაკითხული საბავშვო ბაღის თანამშრომლები: ნ. გ–ი, ნ. ლ-ე, ნ. ბ-ე და დ. პ-ე, რომლებიც, მისი მოსაზრებით, ნათელს მოჰფენენ ზემოაღნიშნულ გარემოებებს.

17. კასატორის მოსაზრებით, შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში დამსაქმებელს მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება პირვანდელ თანამდებობაზე აღადგინოს პირი, ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოს იგი ან გადაუხადოს კომპენსაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, რაიონულმა სასამართლომ მართებულად დააკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაცია 6 თვის ხელფასის ოდენობით.

18. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, ასევე უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის შესახებ მტკიცებულებების არარსებობის თაობაზე მაშინ, როდესაც საქმეში მოიპოვება ბრძანება საბავშვო ბაღის ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ, სადაც აღარ არსებობს აღმზრდელი მეთოდისტის თანამდებობა. ამასთან, კასატორის განცხადებით ამ ეტაპზე აღნიშნული თანამდებობა დაკავებული აქვს მესამე პირს და იგი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

23. მოცემულ შემთხვევაში კასატორის ძირითადი პრეტენზიები ემყარება იმას, რომ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისას დამსაქმებელს აქვს შესაძლებლობა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრული ვალდებულება გამოიყენოს ალტერნატივის სახით. ამასთან, მოსარჩელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთნდობის დაკარგვისა და თანამშრომლობის შეუძლებლობის გამო.

24. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიების შეფასების მიზნით პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილს და განმარტავს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს. თუმცა, კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ. სუსგ №ას-951-901-2015, 29 იანვარი, 2016 წელი). შესაბამისად, კასატორის მითითება, რომ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში დამსაქმებელი აღჭურვილია დისკრეციული უფლებამოსილებით, თავისი შეხედულებისამებრ აირჩიოს შრომის კოდექსის 38.8-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულებიდან ერთ-ერთი, დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.

25. კომპენსაციის დაკისრების მართებულობის თაობაზე კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ უკანონოდ გათავისუფლების ფაქტის დადგენის შემთხვევაში საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული კომპენსაციის გამოყენება მიზანშეწონილი და კანონშესაბამისია რეორგანიზაციის ან სხვა საფუძვლით დასაქმებულის გათავისუფლებისას იმავე თანამდებობის არარსებობის პირობებში, რაც მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებებით არ დასტურდება. საკასაციო სასამართლო წინააღმდეგობრივად მიიჩნევს კასატორის მითითებას მოსარჩელის პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის თაობაზე, ერთის მხრივ, იმ საფუძვლით, რომ საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება შეწყვიტა და აღნიშნული თანამდებობა აღარ არსებობს და მეორეს მხრივ, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული თანამდებობა დაკავებული აქვს მესამე პირს. ამავე დროს, კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული პრეტენზიები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებულებით დადასტურებული არ არის. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ არსებობდა სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის საფუძველი.

26. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებას დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული ნდობის დაკარგვის გამო მოსარჩელის სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის მიერ გამოცემული ბრძანება ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის მიმართ ნდობის დაკარგვისა და, შესაბამისად, ამ უკანასკნელის სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობის წინაპირობების დასადგენად სახეზე უნდა იყოს გათავისუფლება არა ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, არამედ დასაქმებულის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების დარღვევის საფუძვლით. ასეთ შემთხვევაში დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, შესაძლოა, შეფასდეს იმგვარ დარღვევად, რომელიც დამსაქმებელს ნდობას უკარგავს მუშაკის მიმართ, რაც გაამართლებს გათავისუფლებული მუშაკის სამუშაოზე აღდგენაზე უარის თქმას. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა შეაფასოს, დარღვევის ხარისხისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, რამდენად ადეკვატურია მის მიმართ ამგვარი ღონისძიების გამოყენება. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია მოსარჩელესთან დადებული შრომის ხელშეკრულების უვადო ხასიათი და მისი გათავისუფლების მართებულობა ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. შესაბამისად, სამართლებრივად არარელევანტურია მსჯელობა ნდობის დაკარგვის გამო მოსარჩელის პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობაზე.

27. უსაფუძვლოა ასევე და არ უნდა დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა საქმეზე მოწმეთა დაკითხვის თაობაზე.

28. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორს, საკასაციო საჩივარში მითითებულ პირთა - ნ. გ–ის, ნ. ბ-ისა და დ. პ-ის საქმეზე მოწმის სახით დაკითხვის შესახებ შუამდგომლობა არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ დაუყენებია. აღნიშნულის თაობაზე მან პირველად მიუთითა საკასაციო საჩივარში. რაც შეეხება ნ. ლ-ეს, იგი მოწმის სახით უკვე დაკითხულია მოცემულ საქმეზე გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გამართულ 2015 წლის 9 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე (იხ. ტ. 1. ს.ფ. 136-152).

29. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო მსჯელობს მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში ასახულ გარემოებებზე იმგვარად, რომ თავად, როგორც სამართლებრივი შეფასების უფლების მქონე ინსტანცია, არ არის უფლებამოსილი მიიღოს ახალი ფაქტები (მიუხედავად მხარის მიერ მათი წარდგენის შესაძლებლობისა) და დაადგინოს ახალი გარემოებები.

30. მოცემულ შემთხვევაში კასატორი საკასაციო საჩივარში მითითებულ პირთა დაკითხვას მოითხოვს იმ მიზნით, რათა საკასაციო სასამართლომ მათი ჩვენებების საფუძველზე დაადგინოს დამსაქმებელსა და მოსარჩელეს შორის არსებული ნდობის დაკარგვის ფაქტი. გარდა იმისა, რომ აღნიშნული ფაქტის დადგენას მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს, საკასაციო სასამართლო კასატორს განუმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ უშვებს საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ ახალი ფაქტებისა და გარემოებების დადგენის შესაძლებლობას, ხოლო მოცემულ შემთხვევაში კასატორი მოითხოვს არა ქვედა ინსტანციის სასამართოების მიერ მოწმედ დასაკითხ ან უკვე დაკითხულ პირთა მიმართ გატარებული საპროცესო მოქმედებების კანონიერების შემოწმებას, არამედ ახალი საპროცესო მოქმედების განხორციელებით ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი გარემოებებისაგან განხვავებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რის გამოც აღნიშნული შუამდგომლობა უსაფუძვლოა და ვერ დაკმაყოფილდება.

31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

32. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა(ა)იპ ლ-ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე