№ ას-1067-987-2017 7 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ე. გ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ბ-ამ“ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. გ-ს (შემდგომში „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, --- (საკადასტრო კოდი: ---) მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.
2. სარჩელის თანახმად, 2015 წლის 18 დეკემბერს მოსარჩელემ აუქციონზე შეიძინა და ამჟამად მის სახელზეა რეგისტრირებული ქ. თბილისში, --- მდებარე საცხოვრებელი ფართი (საკადასტრო კოდი: ---). მოპასუხე მართლსაწინააღმდეგოდ აგრძელებს ქონებით სარგებლობას და უარს აცხადებს მის გამოთავისუფლებაზე, რაც მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველი გახდა.
3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მართალია ბინა გასხვისებამდე მის სახელზე ირიცხებოდა, თუმცა კრედიტორს არ ჰქონდა აღნიშნული ბინის აუქციონზე გაყიდვის უფლება, ვინაიდან იგი ეკუთვნოდა ექვს პირს და შესაბამისად, უნდა მომხდარიყო ბინის მხოლოდ 1/6-ის რეალიზაცია.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 თებერვლის საოქმო განჩინებით მოსარჩელე „ბ-ს“ უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმული იქნა შპს „ჯ-ი“.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ჯ-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი, ქ. თბილისში, ---ში მდებარე 70.50 კვ.მ საცხოვრებელი ფართის - სხვენსართულის (ს/კ: #---) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მოსარჩელისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ---ში მდებარე 70.50 კვ.მ საცხოვრებელი ფართი - სხვენსართული (ს/კ: ---) თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 25 დეკემბრისა და 2016 წლის 5 იანვრის განკარგულებების საფუძველზე რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად, მოპასუხე კი ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს აღნიშნულ ქონებას.
9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით და აღნიშნა, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.
10. სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდებოდა მოპასუხის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ სადავო უძრავ ნივთზე უფლებები გააჩნიათ მისი ოჯახის სხვა წევრებსაც, ვინაიდან ეს პირები არ წარმოადგენდნენ მოცემულ საქმეზე მხარეებს, მათ უფლებებს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეხებია და არც მათ დაუყენებიათ დამოუკიდებელი მოთხოვნა დავის საგანზე.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
12. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ფართი წარმოადგენდა საპრივატიზაციო ობიექტს და ეკუთვნოდა ოჯახის სხვა წევრებსაც. ამასთან, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოებაც, რომ ოჯახის ორი წევრი მცირეწლოვანი ბავშვი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და ბინიდან გამოსახლების შემდეგ ისინი ფაქტობრივად ქუჩაში აღმოჩნდებიან.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ე. გ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
21. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
22. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს. მოპასუხემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.
23. საკასაციო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სადავო ბინა წარმოადგენდა საპრივატიზაციო ობიექტს და ეკუთვნოდა ოჯახის სხვა წევრებსაც, ვერ ჩაითვლება იმგვარ საკასაციო შედავებად, რაც სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას - მოსარჩელის სადავო ქონების საკუთრების უფლებით ფლობის ფაქტს გააქარწყლებდა. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ქონების აუქციონზე შეძენამდე სადავო ქონებას საკუთრების უფლებით ფლობდა მხოლოდ მოპასუხე, ე. გ-ა. შესაბამისად, ზემოაღნიშნულზე მითითება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, არ არის რაიმე მტკიცებულებით დადასტურებული.
24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე. გ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორ ე. გ-ს (პ/ნ: ---) დაუბრუნდეს თ. გ-ს (პ/ნ: ---) მიერ 2017 წლის 3 ოქტომბერს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე