საქმე #ას-46-46-2018 22 იანვარი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე – შპს „პ-ის“ სარჩელის გამო, მ. ჯ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის დასაბუთებული განჩინება მ. ჯ-ის წარმომადგენელ ქ. ჯ-ამ (იხ.რწმუნებულება ტ.II, ს.ფ. 10-12) ჩაიბარა 2017 წლის 12 დეკემბერს (ტ.II, ს.ფ.95).
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 13 დეკემბერს – დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან მეორე დღეს და დასრულდა 2018 წლის 2 იანვარს, მაგრამ ვინაიდან 2 იანვარი იყო დასვენების დღე, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა დასრულებულად უნდა მივიჩნიოთ 2018 წლის 3 იანვარს. საქმეში წარმოდგენილი, საკასაციო საჩივრით დასტურდება, რომ ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიას ჩაბარდა 2018 წლის 4 იანვარს - საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევით. ამასთან, საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად მითითებულია 2018 წლის 4 იანვარი, რაც უტყუარად ადასტურებს 21-დღიანი ვადის დარღვევას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს 2018 წლის 4 იანვრის #0 საგადახდო დავალებით ქ. ჯ-ას მიერ გადახდილი 200 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. კასატორ მ. ჯ-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ქ. ჯ-ას მიერ 2018 წლის 4 იანვრის #0 საგადახდო დავალებით გადახდილი 200 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე