საქმე №ა-3889-შ-106-2017 15 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ. ბ.- (კ.-ე)
წარმომადგენელი – გ. ნ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ბ.-
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის ბონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის ბონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა გ. ბ.-სა და ვ. ბ.-ს შორის 2009 წლის 30 აპრილს ბონის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (...).
გ. ბ.-ის (კ.-ე) წარმომადგეელმა გ. ნ.-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ბონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 18 დეკემბერს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.
შუამდგომლობაზე დართული საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 2 აპრილის №... ბრძანებულების ამონაწერიდან ირკვევა, რომ გ. კ.-ეს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით გ. ბ.-ის (კ.-ე) შუამდგომლობა გერმანიის ბონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ გ. ბ.-ის (კ.-ე) შუამდგომლობა გერმანიის ბონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის ბონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა გ. ბ.-სა და ვ. ბ.-ს შორის 2009 წლის 30 აპრილს ბონის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (...). აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 18 დეკემბერს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.
გ. ბ.-ის (კ.-ე) წარმომადგეელმა გ. ნ.-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ბონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, შუამდგომლობის ავტორი ამჟამად საქართველოს მოქალაქე აღარ არის, მაგრამ ქორწინებისას იგი საქართველოს მოქალაქე იყო.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის ბონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ბ.-ის (კ.-ე) შუამდგომლობა გერმანიის ბონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ბონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა გ. ბ.-სა და ვ. ბ.-ს შორის 2009 წლის 30 აპრილს ბონის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (...).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
პ. ქათამაძე