Facebook Twitter

საქმე №ა-5354-შ-143-2017 3 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განცხადების ავტორი – ბელორუსიის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის გომელის საბაჟოს უფროსის მოადგილე ა.მ.-ო

მოწინააღმდეგე მხარე – ტ. ს.-ე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – ბელორუსიის რესპუბლიკის ქ.გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2014 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

პალატამ გამოარკვია:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ბელორუსიის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის გომელის საბაჟოსა და ბელორუსიის რესპუბლიკის ქ.გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს მოსამართლე ე. ც.-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და მიექცა აღსასრულებლად ბელორუსიის რესპუბლიკის ქ.გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2014 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც ტ. ს.-ეს დაეკისრა საბაჟო მოსაკრებლის 21 198 030 ბელორუსიის რუბლისა და სახწლმწიფო ბაჟის – 1 059 900 ბელორუსიის რუბლის გადახდა.

ბელორუსიის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის გომელის საბაჟოს უფროსის მოადგილე ა.მ.-ომ 2017 წლის 25 დეკემბერს განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა მისთვის ინფორმაციის მიწოდება იმ პირის შესახებ, რომელიც აღასრულებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინებას. იმავდროულად განმცხადებალმა მიუთითა, რომ 2016 წლის 1 ივლისს ბელარუსიის რესპუბლიკაში მოხდა ფულადი ერთეულის დენომინაცია, რის შედეგადაც ტ. ს.-ისათვის დაკისრებული თანხა დენომინაციის შემდეგ შეადგენს 2119 ბელორუსიის რუბლსა და 80 კაპიკს, ხოლო ამავე წლის 4 ივლისს ბელორუსიის რესპუბლიკის სადასახადო სისტემა გადავიდა ანგარიშის ნომრის საერთაშორისო სტრუქტურაზე (IBAN) და ბანკის საიდენტიფიკაციოს კოდზე (BIC), რის შედეგადაც ბელორუსიის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის გომელის საბაჟოს შეეცვალა რეკვიზიტები საბაჟო გადასახადების გადახდისათვის.

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, განცხადების საფუძვლები და მიიჩნევს, რომ ბელორუსიის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის გომელის საბაჟოს უფროსის მოადგილე ა.მ.-ოს განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ბელორუსიის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის გომელის საბაჟოსა და ბელორუსიის რესპუბლიკის ქ.გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს მოსამართლე ე. ც.-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და მიექცა აღსასრულებლად ბელორუსიის რესპუბლიკის ქ.გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2014 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება. ამ განჩინების საფუძველზე, გაიცა სააღსრულებო ფურცელი. საკასაციო სასამართლოს განჩინება და სააღსრულებო ფურცელი რუსულენოვან თარგმანთან ერთად შემდგომი რეაგირებისათვის გაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტს 2015 წლის 22 აპრილს.

საკასაციო სასამართლო განუმარტავს განმცხადებელს, რომ საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილებების (განჩინებების) აღსრულების კომპეტენცია გააჩნია მხოლოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდეგში სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და კანონის შესაბამისად აღსრულებას დაქვემდებარებული სხვა აქტების აღსრულების განხორციელება.

იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო სამართლის საქმეებზე მეგობარ ბელორუსის რესპუბლიკასთან არ არსებობს საქართველოს მიერ ხელმოწერილი ორმხრივი ხელშეკრულება, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ კონვენციით“ (შემდეგში: „მინსკის“ კონვენცია), რომლის, როგორც მრავალმხრივი შეთანხმების ხელმომწერნი არიან, შუამდგომლობის წარმომდგენი მხარისა და გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფოები.

„მინსკის“ კონვენციის მე-3 თავით დადგენილია სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე გამოტანილი გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების წინაპირობები, კერძოდ, კონვენციის 53-ე და 54-ე მუხლების საფუძველზე, კონვენციით გათვალისწინებული პირობების დადგენის შედეგად, საცნობი გადაწყვეტილების მხოლოდ იმ თვალსაზრისით შემოწმების ფარგლებში, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგაც არის გამოტანილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება, სათანადოდ იყო ინფორმირებული იმ სასამართლო სხდომის თაობაზე, რომლის შედეგადაც მიღებულია საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი და აღსასრულებელი გადაწყვეტილება, საკასაციო სასამართლომ 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით დაასკვნა, რომ არ არსებობს კონვენციის 55-ე მუხლით დადგენილი საფუძვლები გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებასა და აღსრულებაზე უარის თქმისათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის 3-ე ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყონებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების მსვლელობის თაობაზე განცხადების ავტორის ინფორმირების მიზნით, წარმოდგენილი განცხადება შემდგომი რეაგირებისათვის უნდა გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ კონვენციის 1-ლი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 7-ე მუხლის მეორე ნაწილით, 275-ე , 284-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბელორუსიის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის გომელის საბაჟოს უფროსის მოადგილე ა.მ.-ოს განცხადება დარჩეს განუხილველად.

2. ბელორუსიის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის გომელის საბაჟოს უფროსის მოადგილე ა.მ.-ოს განცხადება შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი