საქმე №ას-1302-1222-2017 15 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ზ.-“ (შემდგომში – მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.-ა“ (შემდგომში – მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „ზ.-მ“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე, დამკვეთი) მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლოს – 414 536.15 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 16 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №... ხელშეკრულება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებამდე მისაყვანი წყალსადენისა და წყალარინების სისტემის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. მოსარჩელემ დამკვეთს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ წარუდგინა ბანკის მიერ 2013 წლის 26 სექტემბერს გაცემული საავანსო გარანტია 1 348 236 ლარზე და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, რომლის ღირებულებაც 2016 წლის 13 სექტემბრის ცვლილებით შეადგენს 674 120 ლარს. ორივე გარანტიის მოქმედების ვადა იყო 2017 წლის 30 ივნისი.
3. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაირკვა, რომ დამკვეთს არ გააჩნდა არც პროექტი, რომლის მიხედვითაც მშენებლობა უნდა განხორციელებულიყო და არც მიწის ნაკვეთი ჰქონდა საკუთრებაში. აღნიშნულის გამო სამუშაოთა დასრულების ვადა არაერთხელ გადაიწია.
4. მოსარჩელის მითითებით, მის მიერ ნაზარდი ჯამით შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 1 991 570.93 ლარს. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით პროექტის შედგენა არ ევალებოდა, გათვალისწინებულ იქნა ობიექტის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, მხარემ საკუთარი ხარჯით მოამზადებინა პროექტი უცხოურ კომპანიას და გადასცა დამკვეთს საბოლოო სახით. პროექტის ტექნიკური ნაწილი 2015 წლის 3 დეკემბერს შეთანხმდა დამკვეთთან, რომელმაც დამატებით მოითხოვა ხარჯთაღრიცხვის წარდგენა, რაც, ასევე, არ იყო გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
5. 2015 წლის 31 დეკემბრის შეთანხმების აქტით სამუშაოს დასრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 1 ივლისით. ამავე შეთანხმებით მოსარჩელემ აიღო ვალდებულება მის მიერ გადაცემული პროექტის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის წარდგენის თაობაზე, რაც პირნათლად შესრულდა და 2016 წლის 30 იანვარს დამკვეთს დასამტკიცებლად მიაწოდა კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა. აღნიშნულის მიუხედავად, ეს საკითხი დამკვეთს არ შეუთანხმებია.
6. დამკვეთის მოთხოვნით ობიექტის მშენებლობა 2014 წლის 10 ნოემბრიდან შეჩერდა. დამკვეთს არც სამუშაოთა განახლების უფლება მიუცია. ასეთ ვითარებაში კვლავ იწურებოდა მშენებლობის დასრულების დადგენილი ვადა, რის გამოც 2016 წლის 17 ივნისს მოსარჩელემ თხოვნით მიმართა მოპასუხეს 2016 წლის 31 დეკემბრამდე სამუშაოთა დასრულების ვადის გადაწევასთან დაკავშირებით, თუმცა 2016 წლის 1 ივლისის №... წერილით უარი განუცხადეს იმ მოტივით, რომ ვადის გადაწევის საფუძველი იყო მხოლოდ ფორს-მაჟორული გარემოებები.
7. მოსარჩელის დასაბუთებული არგუმენტაციის შემდეგ, საბოლოოდ 2016 წლის 1 სექტემბერს გაფორმდა შეთანხმების აქტი, რითაც სამუშაოთა დასრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 30 აპრილით. აღნიშნულის მიუხედავად, 2016 წლის 1 სექტემბერს დამკვეთმა წერილით აცნობა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს – 414 536.15 ლარის დაკისრების თაობაზე.
მოპასუხის პოზიცია:
8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ დამკვეთი კომპანიის მხრიდან არსებული ობიექტური მიზეზების გამო, მოსარჩელეს რამდენჯერმე გაუგრძელა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადები. მოსარჩელემ წარადგინა ახალი სამშენებლო პროექტი, რომლის შეთანხმება წარმოადგენდა აღნიშნული სამუშაო პროცესის განუყოფელ ნაწილს.
9. მოსარჩელის მიერ წარდგენილი წერილებითაც დასტურდება, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი, როგორც ტექნიკური, ისე შინაარსობრივი მხარის დაზუსტება და გამართვა. მოპასუხის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოსარჩელემ პროექტის ხარჯთაღრიცხვა წარადგინა 2016 წლის 30 იანვარს. სამუშაოს დასრულების ვადა იმ პერიოდისათვის გადაწეული იყო 2016 წლის 1 ივლისამდე.
10. მოპასუხის განმარტებით, 2016 წლის თებერვლიდან 2016 წლის 1 ივლისამდე პერიოდში მოსარჩელემ არანაირი სამშენებლო სამუშაოები არ აწარმოა. მოპასუხისათვის ასევე არ იყო ცნობილი რაიმე ობიექტური გარემოების შესახებ, რომლის გამოც შესაძლოა, მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები ვერ შეესრულებინა. მხარემ აღნიშნა, რომ 2016 წლის 30 იანვრიდან 2016 წლის 17 ივნისამდე მოსარჩელეს მისთვის არცერთხელ წერილობით არ მიუმართავს და არ შეუტყობინებია ისეთი ობიექტური გარემოების შესახებ, რომლის გამოც ვერ შეძლებდა ხელშეკრულებით ნაკისრი დარჩენილი სამუშაოების 2016 წლის 1 ივლისამდე დასრულებას.
11. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს პირგასამტეხლო დაეკისრა 2016 წლის სექტემბრის ჩათვლით, მხარეთა შორის 2013 წლის 16 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ხელშეკრულების დადების დღემდე (2016 წლის 1 სექტემბერი) მაშინ, როდესაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 419-ე მუხლის შესაბამისად, შეეძლო მოეთხოვა პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც ერთდროულად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
12. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე გათავისუფლდა მოპასუხის სასარგებლოდ დაკისრებული პირგასამტეხლოს – 414 536.15 ლარის გადახდისაგან, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ნაწილობრივ გათავისუფლდა დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდისაგან და პირგასამტეხლოს ოდენობა განესაზღვრა 20 942,41 ლარით შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 16 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებამდე მისაყვანი წყალსადენისა და წყალარინების სისტემის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ.
15. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილა შემდეგი მტკიცებულებები: მოსარჩელის 2013 წლის 25 დეკემბრის წერილი მოპასუხე ორგანიზაციისადმი, რომლის თანახმად ირკვევა, რომ ვინაიდან კერძო პირებისგან ვერ მოხერხდა მიწის ნაკვეთების შესყიდვა და ვერ მოხდა ელექტროენერგიის მიყვანა ობიექტამდე, ვერ ხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულება;
16. მხარეთა შორის დადებული 2013 წლის 26 დეკემბრის შეთანხმება, რომლის მიხედვით ხელშეკრულების №1 დანართით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო 2014 წლის 31 მარტამდე, ხოლო №1 დანართით გათვალისწინებული დანარჩენი სამუშაოები, პარალელურად, – 2014 წლის 30 აპრილამდე;
17. 2014 წლის იანვრისა და 7 მარტის №2 აქტი, 24 მარტის №4 აქტი, 31 მარტის №5 აქტი შესრულებული სამუშაოს მიღების შესახებ წყალმომარაგებაზე და საგადასახადო ანგარიშფაქტურები;
18. 2014 წლის 29 აპრილის შეთანხმება, რომლის შესაბამისად ხელშეკრულების №1 დანართით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო 2014 წლის 31 მარტამდე, ხოლო №1 დანართით გათვალისწინებული დანარჩენი სამუშაოები, პარალელურად, – 2014 წლის 31 აგვისტომდე.
19. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ განხორციელდა სხვა ცვლილებებიც. საქმის ფურცელ 26-28-ზე გათვასებული შეთანხმებებით დადგენილია, რომ სამუშაოთა შესრულების ვადა მხარეთა შეთანხმებით კიდევ რამდენჯერმე შეიცვალა.
20. სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ საქმეში წარმოდგენილია შემდეგი მტკიცებულებები: მოსარჩელისადმი მოპასუხის 2014 წლის 10 ნოემბრის წერილით მოპასუხე მხარემ საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის საპროექტო ცვლილებასთან დაკავშირებით მოითხოვა სამუშაოების შეჩერება პროექტის შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებამდე. 2014 წლის 19 ნოემბრის წერილით, რომელიც მან მოპასუხე კომპანიას წარუდგინა, დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარედგინა კორექტირებული პროექტი შესათანხმებლად;
21. 2015 წლის 31 დეკემბრის შეთანხმების თანახმად, ხელშეკრულების №1 დანართით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო 2014 წლის 31 მარტამდე, ხოლო №1 დანართით გათვალისწინებული დანარჩენი სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრება არაუგვიანეს 2016 წლის 1 ივლისისა, ასევე, მოხდა სხვა ცვლილებებიც;
22. მოპასუხის 2015 წლის 27 აპრილის წერილით მოსარჩელისადმი დადგენილია, რომ მოპასუხე მხარე ითხოვს მოსარჩელისაგან პროექტის შესაბამისი ტოპოგრაფიული და კონსტრუქციული ნაწილების წარდგენას;
23. მოსარჩელის 2015 წლის 14 ივლისისა და 24 ივლისის წერილებით დადგენილია, რომ მოპასუხეს წარედგინა კორექტირებული პროექტი.
24. მოსარჩელის 2016 წლის 17 ივნისის, 7 ივლისისა და 22 ივლისის წერილებით მხარემ მოითხოვა სამუშაოთა ვადის გაგრძელება 2016 წლის 31 დეკემბრამდე, რაზეც მოპასუხემ 2016 წლის 21 ივლისის წერილით მოსარჩელეს მიმართა. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მიზანშეუწონლად მიაჩნდა სამუშაოს შესრულების ვადის გადაწევა და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის მიუთითა შესაძლო სანქციების დაწესებაზე, რაზედაც აცნობებდა დამატებით.
25. მოპასუხის 2016 წლის 1 სექტემბრის წერილით ირკვევა, რომ მოსარჩელის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1% (414536.15 ლარი).
26. ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა 2016 წლის 1 სექტემბრის შეთანხმებაზე, რომლის თანახმად ხელშეკრულების №1 დანართით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო 2017 წლის 31 მარტამდე, ხოლო №1 დანართით გათვალისწინებული დანარჩენი სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა არაუგვიანეს 2017 წლის 30 აპრილისა, ასევე მოხდა სხვა ცვლილებებიც.
27. სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 31 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 6.2. პუნქტში შევიდა ცვლილება და №1 დანართის დარჩენილი სამუშაოების შესრულების ვადამ გადაიწია პირველ ივლისამდე, ამასთან, მოსარჩელეს დაევალა კორექტირებული პროექტის შესაბამისი კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის წარმოდგენა 2016 წლის 30 იანვრამდე.
28. სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ 2016 წლის 30 იანვრის წერილით მოსარჩელემ წარუდგინა დამკვეთს უკვე შეთანხმებული პროექტის კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, არავითარი სამუშაოები არ დაუწყია. 2016 წლის 17 ივნისს კი მოპასუხეს წერილით მიმართა მოპასუხე საზოგადოების დირექტორმა და სთხოვა სამუშაოთა დასრულების ვადის 31 დეკემბრამდე გაგრძელება, რაზეც მიიღო უარი და გაფრთხილება შესაძლო მოსალოდნელი სამართლებრივი სანქციების შესახებ.
29. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თავად მოსარჩელის არაერთგზის თხოვნის საფუძველზე დამკვეთის მიერ გადაწეული ვადის გათვალისწინების მიუხედავად (რომლითაც იგი დამკვეთს სთხოვდა კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის ვადის გადაწევას), და მიუხედავად იმისა, რომ დამკვეთმა შეითანხმა მოსარჩელის მიერ წარდგენილი კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა 2016 წლის 30 იანვარს, მოსარჩელეს არანაირი სამუშოები არ დაუწყია. ამასთან, მხოლოდ მეხუთე თვეს (30 იანვრიდან 17 ივნისამდე დაახლოებით 5 თვეა) განაახლა თავისი თხოვნა სამუშაოთა შესრულების ვადის გადაწევასთან დაკავშირებით.
30. სამუშაოთა არდაწყების ერთადერთ მიზეზად მოსარჩელემ მიუთითა, რომ შეთანხმების, ე.ი 30 იანვრის შემდეგ, კომპანიამ მას არ შეატყობინა, არ მისცა თანხმობა სამუშაოთა დაწყების თაობაზე.
31. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აღნიშნული არგუმენტის მართებულობა და დადგენილად მიიჩნია, რომ იმ ვითარებაში, როცა მხარეთა შორის საბოლოოდ იყო შეთანხმებული (მოსარჩელის თხოვნების გათვალისწინებით) და კორექტირებული პროექტი, კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა, ასევე, შეთანხმებული იყო სამუშაოთა დასრულების ვადა – პირველი ივლისი, მოსარჩელემ ბრალეულად დააყოვნა სამუშაოთა დაწყება, რადგან არანაირ დამატებით ნებართვას, თანხმობას კომპანიის მხრიდან სამუშაოთა დაწყება აღარ საჭიროებდა.
32. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ, აღნიშნული დარღვევის მიუხედავად, მხარეთა შორის გაგრძელდა სახელშეკრულებო ურთიერთობა და 2016 წლის 1 სექტემბრის შეთანხმების აქტით სამუშაოთა დასრულების ვადად დადგინდა 2017 წლის 30 აპრილი.
33. სადავო პერიოდი მოიცავს ორ თვეს 2016 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 სექტემბრამდე, ანუ სამუშაოთა ვადის დასრულებიდან – 1 ივლისიდან ახალი შეთანხმების გაფორმებამდე 1 სექტემბრამდე.
34. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 6741180 ლარს.
35. მოსარჩელის მიერ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებაა 1991570 ლარი, შეუსრულებელ სამუშაოთა ღირებულებაა 4749610 ლარი. მოსარჩელე პირგასამტეხლოს 0.1%-ს ანგარიშობს (უფრო სწორად მოპასუხემ პირგასამტეხლოს სახით მოსარჩელეს დააკისრა ხელშკრულების ჯამური ღირებულების 0.1.%)
36. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან არ არის სწორი, მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს შეუსრულელი ვალდებულების ოდენობიდან. კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 20000 ლარით, ე.ი ხელშკრულების მთლიანი ღირებულება მიახლოებით (როგორც ეს ხელშკრულებაშია დაფიქსირებული) 6741180 ლარია. შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებაა 1991570 ლარი, ხოლო შუსრულებელია 4749610 ლარის ღირებულების სამუშაოები.
37. საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით და, უპირველესად, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეები კვლავ იმყოფებიან ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში, სააპელაციო პალატამ გონივრულად მიიჩნია პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა 20000 ლარით.
38. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა ვადაში, ხელშეკრულება დაირღვა, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
39. სსკ-ის 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის – პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს.
40. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული, ანუ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
41. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშკრულებით პირგასამტეხლოს ოდენობად დადგენილი იყო 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ს.ფ 18-ზე წარმოდგენილია მხარეთა შორის 2013 წლის 16 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მე-9 პუნქტის თანახმად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შუსრულებლობის ან შესრულების ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%.
42. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში იმსჯელა პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში მიიღო ხელშეკრულების დარღვევის ხასიათი და მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს გონივრული, სამართლიანი ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში 20 000 ლარით უნდა განისაზღვროს.
43. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, სადაც განმარტებულია, რომ „პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. ამასთან, მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
44. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
45. კასატორის განმარტებით, 2015 წლის 29 სექტემბრის წერილით სთხოვა დამკვეთს, შეეთანხმებინა წარდგენილი პროექტი, რაზეც პასუხი არ მიუღია. 2015 წლის 3 დეკემბერს წერილით განუმარტა დამკვეთს, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა იწურებოდა 2015 წლის 31 დეკემბერს და მოსთხოვა რეაგირება. დამკვეთმა მხოლოდ 2015 წლის 3 დეკემბრის წერილით შეითანხმა პროექტის მხოლოდ ტექნიკური ნაწილი (ნახაზები) და მოსთხოვა მოსარჩელეს ხარჯთაღრიცხვის წარდგენა შესათანხმებლად.
46. მხარეთა შორის 2015 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა შეთანხმების აქტი, სადაც ხარჯთაღრიცხვის წარდგენის ვადად მოსარჩელეს განესაზღვრა 2016 წლის 30 ივნისი. კასატორმა აღნიშნული ვალდებულება პირნათლად შეასრულა.
47. კასატორი დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მითითებას, რომ ხარჯთაღრიცხვის შეთანხმება არ მომხდარა. სამშენებლო სამუშაოები 2014 წლის 10 ნოემბრიდან შეჩერებული იყო. „საქმეში არ არის ცნობა იმის თაობაზე, რომ მოხდა შეთანხმება პროექტის შესაბამის სამსახურთან და მხარეს უნდა გაეგრძელებინა სამუშაო“. მართალია, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დამკვეთმა შეითანხმა მოსარჩელის მიერ წადგენილი ხარჯთაღრიცხვა, თუმცა ვერ მიუთითა მტკიცებულებაზე, რადგან ასეთი არ არსებობს.
48. კასატორის მოსაზრებით, საპროექტო ხარჯთაღრიცხვის შეთანხმება რომ არ მომხდარა, ამაზე მეტყველებს მხარეთა შორის 2016 წლის 21 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმება, სადაც მითითებულია, რომ 2016 წლის 22 ნოემბრამდე უნდა წარადგინოს ხარჯთაღრიცხვა შესათანხმებლად. აღნიშნული განხორციელდა 2016 წლის 21 ნოემბრის წერილით.
49. 2016 წლის 28 ნოემბრისა და 2016 წლის 13 დეკემბრის წერილებით დამკვეთმა მოითხოვა წარგენილ ხარჯთაღიცხვაში გარკვეული ცვლილებების შეტანა. 2017 წლის 16 თებერვლის №... წერილით კი განმარტა, რომ სრულყოფილი საპროექტო სახარჯთაღრიცხვ დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის შესაბამის სამსახურებთან დასამტკიცებლად, რის გამოც არ არის უფლებამოსილი, განიხილოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი შესრულებული სამუშაოების დოკუმენტაცია.
50. 2017 წლის 15 მარტს კასატორმა დამკვეთს კვლავ წარუდგინა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დასამტკიცებლად, რაზეც 2017 წლის 28 მარტის წერილით დამკვეთმა კვლავ გამოთქვა შენიშვნები. 2017 წლის 25 აპრილის წერილით კასატორმა დამკვეთს წარუდგინა საბოლოო საპროექტო, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და სთხოვა დამკვეთს სამუშაოთა დასრულების ვადის გადაწევა 2017 წლის 1 ოქტომბრამდე.
51. აღნიშნული წერილის საფუძველზე მხარეებს შორის 2017 წლის 28 აპრილს გაფორმდა შეთანხმება, რომლის 1. პუნქტის მიხედვით შეიცვალა ხელშეკრულების დანართი 1 (ხარჯთაღრიცხვა), დანართი 2 (პროექტი) და დანართი 3 (გეგმა-გრაფიკი), რაც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ამავე შეთანხმების სამუშაოთა დასრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 1 ოქტომბერი.
52. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციაზე, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ პროექტის შეთანხმება 2015 წლის დეკემბერში არ მომხდარა და ის განხორციელდა მხოლოდ 2017 წლის 28 აპრილს.
53. მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 417-ე მუხლის საფუძველზე არასწორად დააკისრა პირგასამტეხლოს გადახდა, რადგან მოსარჩელეს ვალდებულებები არ დაურღვევია.
54. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
55. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
56. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 16 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებამდე მისაყვანი წყალსადენისა და წყალარინების სისტემის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ.
57. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშკრულებით პირგასამტეხლოს ოდენობად დადგენილი იყო 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ს.ფ 18-ზე წარმოდგენილია მხარეთა შორის 2013 წლის 16 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მე-9 პუნქტის თანახმად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შუსრულებლობის ან შესრულების ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%.
58. მხარეთა შორის საბოლოოდ იყო შეთანხმებული (მოსარჩელის თხოვნების გათვალისწინებით) და კორექტირებული მშენებლობის პროექტი, კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა, ასევე, შეთანხმებული იყო სამუშაოთა დასრულების ვადა, თუმცა მოსარჩელემ ბრალეულად დააყოვნა სამუშაოთა დაწყება, რადგან არანაირ დამატებით ნებართვას, თანხმობას კომპანიის მხრიდან სამუშაოთა დაწყება აღარ საჭიროებდა.
59. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ, აღნიშნული დარღვევის მიუხედავად, მხარეთა შორის გაგრძელდა სახელშეკრულებო ურთიერთობა და 2016 წლის 1 სექტემბრის შეთანხმების აქტით სამუშაოთა დასრულების ვადად დადგინდა 2017 წლის 30 აპრილი.
60. სადავო პერიოდი მოიცავს ორ თვეს 2016 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 სექტემბრამდე, ანუ სამუშაოთა ვადის დასრულებიდან – 1 ივლისიდან ახალი შეთანხმების გაფორმებამდე 1 სექტემბრამდე.
61. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 6741180 ლარს.
62. მოსარჩელის მიერ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებაა 1991570 ლარი, შეუსრულებელ სამუშაოთა ღირებულებაა 4749610 ლარი. მოსარჩელე პირგასამტეხლოს 0.1%-ს ანგარიშობს (უფრო სწორად მოპასუხემ პირგასამტეხლოს სახით მოსარჩელეს დააკისრა ხელშკრულების ჯამური ღირებულების 0.1.%).
63. შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებაა 1991570 ლარი, ხოლო შუსრულებელია 4749610 ლარის ღირებულების სამუშაოები.
64. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 417-ე მუხლის საფუძველზე არასწორად დააკისრა პირგასამტეხლოს გადახდა, რადგან მოსარჩელეს ვალდებულებები არ დაურღვევია.
65. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
66. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
67. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
68. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
69. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
70. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
71. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
72. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
73. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
74. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
75. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
76. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
77. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და კასატორმა დასაშვები და დაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ წარადგინა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი გარემობის გასაქარწყლებლად, რომ მოსარჩელემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.
78. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა მხარემ კანონიერად მოახდინა მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების უფლების რეალიზება, ამ კუთხით სააპელაციო პალატის მსჯელობა სწორია.
79. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
80. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
81. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
82. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
83. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
84. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 11 აგვისტოს №354780 საგადახდო დავალებით გადახდილი 1290 ლარის 70% – 903 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ზ.-ს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ზ.-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 11 აგვისტოს №... საგადახდო დავალებით გადახდილი 1290 ლარის 70% – 903 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ნ. ბაქაქური