Facebook Twitter

საქმე №ას-1395-1315-2017 21 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი. ს.-ე

მოწინააღმდეგე მხარეები – ნ. ხ.-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – დავალიანების გადახდა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. ხ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ი. ს.-ის მიმართ დავალიანების გადახდისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქირავნობის ხელშეკრულების გაგრძელებულად ცნობა და თანხის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ხ.-ის სარჩელი ი. ს.-ის მიმართ დავალიანების გადახდისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ დაკმაყოფილდა. ი. ს.-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და ნ. ხ.-ს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მისი კუთვნილი უძრავი ნივთი: ქ.თ.-ი, გ.-ის მ.-ის, „..“ მ/რ-ის, №..-ე კორპუსში მდებარე №.. საცხოვრებელი ბინა 65,40კვ.მ, საკადასტრო კოდი: ...; ი. ს.-ეს ნ. ხ.-ის სასარგებლოდ გადაუხდელი ქირის დავალიანების სახით დაეკისრა 1 320,00 ლარის გადახდა; გაქირავებული ნივთის დაუბრუნებლობის გამო წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა ყოველთვიურად 440 ლარის გადახდა 2016 წლის 15 მარტიდან სასამართლოს კანონიერი ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ი. ს.-ის შეგებებული სარჩელი თანხის დაკისრების თაობაზე რ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვწეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ს.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის განჩინებით ი. ს.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ს.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1087 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.

2017 წლის 6 დეკემბერს ი. ს.-ის წარმომადგენელმა დ. ღ.-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის საპროცესო ვადის გაგრძელება 7 დღით.

საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ი. ს.-ის წარმომადგენელ დ. ღ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.

2017 წლის 15 დეკემბერსა და 18 დეკემბერს ი. ს.-ის წარმომადგენელმა დ. ღ.-ემ ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი, კერძოდ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის ნაწილის – 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ს.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო საჩივარში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო დაუდგენს მხარეს იმ საპროცესო მოქმედებას რომელიც ამ ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო და განუსაზღვრავს ვადას აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულება სავალდებულო ხასიათისაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიმართ გამოყენებული იქნება ამავე ნორმის ბოლო ნაწილით გათვალისწინებული ეგრეთ წოდებული პროცესუალური სანქცია – საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნება დატოვებული, ამასთან, სასამართლოს მიერ დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობაში ასევე იგულისხმება მისი არასრული და ნაწილობრივი შესრულებაც.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1087 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. კასატორს, მისი შუამდგომლობის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით მაგრამ მან მხოლოდ ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით (სსსკ მუხლი 5), რა დროსაც თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული დავის ორივე მხარეს მყოფი სუბიექტების ინტერესები, სწორედ ამ მიზნითაა დაწესებული საქმის განხილვის ვადები, რათა მართლმსაჯულების განხორციელების გაჭიანურებით არ შეილახოს იმ მოდავე პირის უფლებები, რომელიც მათ სასამართლო წესით დაცვას მოითხოვს.

მოცემულ შემთხვევაში კასატორს მიეცა გონივრული ვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის, რაც მან არ განახორციელა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი სრულად არ გამოუსწორებია, რაც მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში სრულად არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ს.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ ი. ს.-ეს (პ/ნ №...) დაუბრუნდეს დ. ღ.-ის მიერ 2017 წლის 15 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი