საქმე №ას-1401-1321-2017 11 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ. დ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ხ.-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. ხ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ვ. დ.-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2016 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ხ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ხ.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის დასწრებელი გადაწყვეტილებით თ. ხ.-ის წარმომადგენელ რ.ხ.-ას შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა და თ. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2016 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება, ასევე ამავე სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინება შესაგებლის განუხილველად დატოვებაზე უარის თქმის შესახებ. თ. ხ.-ის სარჩელზე, ვ. დ.-ის შესაგებელი დარჩა განუხილველად. თ. ხ.-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ვ. დ.-ეს თ. ხ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 600 აშშ დოლარის გადახდა.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ვ. დ.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ვ. დ.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. დ.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება კასატორს კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და პირადად ჩაბარდა 2017 წლის 28 ნოემბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. დ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორს, ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინების ასლი, კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და პირადად ჩაბარდა 2017 წლის 28 ნოემბერს. (იხ. ს.ფ.220). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 29 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 4 დეკემბერს, ვინაიდან 3 დეკემბერი იყო არასამუშაო დღე – კვირა. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. დ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი