Facebook Twitter

საქმე №ას-1446-1366-2017 25 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ბ. ჩ.-ე, გ. ს.-ე, გ. ჩ.-ის უფლებამონაცვლე ე. ჩ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ.-ი“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს „ლ.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – ბ. ჩ.-ის, გ. ს.-ის, გ. ჩ.-ისა და ე. ჩ.-ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით სს „ლ.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს – ბ. ჩ.-ეს, გ. ჩ.-ეს, ე. ჩ.-ესა და გ. ს.-ეს სს „ლ.-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხი ძირი თანხის – 10641,67 აშშ დოლარის, პროცენტის – 1200,03 აშშ დოლარის, ჯარიმის – 300,05 აშშ დოლარის (ჯარიმა ძირითად თანხაზე – 209,54, პროცენტზე – 90,51), პირგასამტეხლოს – 1288,99 აშშ დოლარისა და გამარტივებული საქმის წარმოებისათვის გადახდილი 100 ლარის, ჯამში 13430,74 აშშ დოლარისა და 100 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბ. ჩ.-ემ, გ. ს.-ემ, გ. ჩ.-ის უფლებამონაცვლე ე. ჩ.-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება ბ. ჩ.-ის, გ. ს.-ისა და ე. ჩ.-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 მარტის საოქმო განჩინების გაუქმების ნაწილში. ბ. ჩ.-ის, გ. ს.-ისა და ე. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბ. ჩ.-ემ, გ. ს.-ემ, გ. ჩ.-ის უფლებამონაცვლე ე. ჩ.-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინებით კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელ ე. ტ.-ეს კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაბარდა 2017 წლის 12 დეკემბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ჩ.-ის, გ. ს.-ისა და გ. ჩ.-ის უფლებამონაცვლე ე. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორების წარმომადგენელ ე. ტ.-ეს, ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინების ასლი, კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნა და ჩაბარდა 2017 წლის 12 დეკემბერს. (იხ. ს.ფ.356). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 13 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 18 დეკემბერს, ვინაიდან 17 დეკემბერი იყო არასამუშაო დღე – კვირა. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. ჩ.-ის, გ. ს.-ისა და გ. ჩ.-ის უფლებამონაცვლე ე. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი