Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-50-კს-03 10 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა.

აღწერილობითი ნაწილი:

დედოფლისწყაროს რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსმა სასარჩელო განცხადებით მიმართა დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს კოოპერატივ «ქ. ქ.» მიმართ დავალიანების 325219 ლარის გადახდევინების შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სასოფლო-სამეურნეო საწარმო «ქ. ქ.», რომლის სამართალმემკვიდრეც 1998 წლიდან არის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი «ქ. ქ.» 1995 წელს ეკავა 7153 ჰა მიწის ფართობი, 1996 წელს _ 5273 ჰა, ხოლო 1997 წელს 2538 ჰა მიწის ფართობი. მას 1996 წელს «საქართველოს რესპუბლიკის სასოფლო-სამეურნეო მიწით სარგებლობისათვის გადასახადის შესახებ» სახელმწიფოს მეთაურის 13.12.94წ. ¹398 ბრძანების საფუძველზე უნდა გადაეხადა ბიუჯეტის სასარგებლოდ 184128 ლარი მიწის გადასახადი. მასვე ბიუჯეტის სასარგებლოდ «დამატებულ ღირებულების გადასახადის შესახებ» კანონის შესაბამისად უნდა გადაეხადა დღგ – 92483 ლარი, «საწარმოთა ქონების გადასახადის შესახებ» კანონის შესაბამისად მოპასუხეს უნდა გადაეხადა ქონების გადასახადი 48608 ლარი, რაც მთლიანობაში შეადგენდა 325219 ლარს. სასამართლოში საქმის განხილვისას გამოირკვა, რომ რაიონულ სასამართლოში სასარჩელო განცხადების შეტანის შემდეგ მოპასუხემ ნაწილობრივ დაფარა დავალიანება და დავალიანების თანხამ საბოლოოდ შეადგინა 287850 ლარი, რის დაკისრებაც მოპასუხისათვის მოითხოვა მოსარჩელე მხარემ. დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 30.12.98წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 22.04.99წ. განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის საზედამხედველო პროტესტის საფუძველზე გაუქმდა აღნიშნული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს. დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხე მხარემ კოოპერატივ “ქ. ქ.” დირექტორმა ა. პ-მა სარჩელი სცნო, რითაც აღიარა ბიუჯეტის სასარგებლოდ 287850 ლარის დავალიანების არსებობა და თანხმობა განაცხადა მის დაფარვაზე. დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 30.09.99წ. განჩინებით დაკმაყოფილდა კორპორაცია “ქ.” მეანაბრეთა წარმომადგენლის ნ. გ-ის შუამდომლობა, იგი დაშვებულ იქნა საქმეში მე-3 პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე. განჩინებაში აღინიშნა, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით კორპორაცია “ქ.” სასარგებლოდ კოოპერატივ “ქ. ქ.” დაკისრებული აქვს თანხების გადახდა. სადღეისოდ კორპორაცია “ქ.” ლიკვიდირებულია, მისი კუთვნილი თანხების მიღების უფლება მოპოვებული აქვთ მის მეანაბრეებს. ვინაიდან გადაწყვეტილებას შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა მეანაბრეთა თანხების გადახდევინებაზე, მეანაბრეთა და საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით, სსკ-ს 89-ე მუხლის საფუძველზე ნ. გ-ე საქმეში ჩაერთო მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე. დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 27.10.99წ. გადაწყვეტილებით დედოფლისწყაროს რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე კოოპერატივ «ქ. ქ.» ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 287850 ლარის გადახდა.

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 27.10.99წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირის-კორპორაცია «ქ.» მეანაბრეთა ჯგუფის რწმუნებულმა ნ. გ-ემ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 03.01.03წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად, სასამართლომ მიუთითა, რომ არ არის წარმოდგენილი კორპორაცია “ქ.” მეანაბრეთა ჯგუფის მიერ გაცემული რწმუნებულება ნ. გ-ეზე; წარმოდგენილი არ არის კორპორაცია “ქ.” ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; წარმოდგენილი არ არის 07.10.99წ. გადაწყვეტილების 19.11.02წ. ნ. გ-ეზე ჩაბარების, აგრეთვე სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად მიეცა ვადა 2003წ. 30 იანვრამდე. 12.02.03წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ. გ-ის მიერ არ იქნა შევსებული სრულად ხარვეზი, სახელდობრ, არ იქნა წარმოდგენილი კორპორაცია “ქ.” მეანაბრეთა ჯგუფის მიერ გაცემული რწმუნებულება ნ. გ-ეზე; კორპორაცია “ქ.” ან უფლებამონაცვლე “ა.” ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. პალატამ აღნიშნა, რომ ვერ მიიღებდა ნ. გ-ის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტთა ქსეროასლებს, ვინაიდან არ იქნა დაცული დოკუმენტის ასლის დამოწმებისა და მისი ნამდვილობისათვის დადგენილი სავალდებულო წესი.

ნ. გ-ემ კორპორაცია “ქ.”, შპს “ა.” დაზარალებული მეანაბრის, დაზარალებულ მეანაბრეთა ჯგუფის რწმუნებულების ნ. გ-ის სახელით კერძო საჩივარი შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 12.02.03წ. განჩინებაზე. სააპელაციო პალატის 14.04.03წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების და კერძო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემორებათა გამო:

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 07.10.99წ. განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი ნ. გ-ის მიერ შეტანილ იქნა მესამე პირის, კორპორაცია “ქ.” მეანაბრის და მეანაბრეთა ჯგუფის სახელით, სასკ-ს მე-9 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა არ დააბრკოლებს საქმის განხილვასა და გადაწყვეტას. ამდენად, საფუძველს მოკლებულია სააპელაციო პალატის 12.02.03წ. განჩინებაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ერთ-ერთ მიზეზად სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის მითითება. უსაფუძვლოა აგრეთვე სააპელაციო საჩივრის ხარვეზად კორპორაცია “ქ.” (უფლებამონაცვლე “ა.”) სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის წარუდგენლობა, საქმეში დაცულია ქ. თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 27.06.97წ. დადგენილება კორპორაცია “ქ.” სამართალმემკვიდრის შპს «ა.» სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ. ნ. გ-ის მიერ წარმოდგენილი იქნა ო. ლ-ის, ზ. ლ-ის, ნ. პ-ის, დ. წ-ას, ე. ბ-ის, გ. და კ. ჩ-ების, მ. ს-ის, მ. ხ-ის რწმუნებულებების და სააღსრულებო ფურცლების ასლები. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ წარდგენილი დოკუმენტაციის დედნები გააჩნია ხელთ და შეუძლია წარადგინოს ისინი სასამართლო პროცესზე. ამდენად, დაუსაბუთებელია ამ საბაბით სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 12.02.03წ. განჩინებაში მოყვანილი მოსაზრებები ვერ დაედება საფუძვლად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ არ იქონია მსჯელობა სააპელაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის დაცულობის შესახებ. სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი ვადის დარღვევა წარმოადგენს არა სააპელაციო საჩივრის ხარვეზს, რომლის გამოსასწორებლად შესაძლებელია ვადის განსაზღვრა, არამედ საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის სავალდებულო პირობას. დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 07.10.99წ. გადაწყვეტილების ტექსტის გადმოცემის მოთხოვნით ნ. გ-ემ დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს მიმართა 05.04.02წ., გადაწყვეტილების ასლი ნ. გ-ემ მიიღო 08.04.02წ., სააპელაციო საჩივარი შეიტანა 09.12.02წ. სააპელაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა აღმკვეთი ხასიათისაა, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. გ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 12.02.03წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და 14.04.03წ. განჩინება კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ საკითხის ხელახალი განხილვისათვის.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი, სსკ-ს 185-ე, 368-ე, 369-ე, 390-ე, 399-ე, 414-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 12.02.03წ. და 14.04.03წ. განჩინებები.

2. საქმე დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახალი განხილვისათვის.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.