Facebook Twitter

საქმე №ას-1530-1450-2017 12 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დ. რ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.-ი“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დამაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს „ს.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე დ. რ.-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით სს „ს.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე დ. რ.-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ.ფ-ში, ე-ს ქ. №..-ში მდებარე ბინა .., ს/კ ... და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე სს „ს.-ს.“

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. რ.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2017 წლის 9 ნოემბრის განჩინებით დ. რ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. რ.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებით დ. რ.-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2018 წლის 8 იანვარს დ. რ.-მა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის დარღვევის საპატიოდ ჩათვლის თაობაზე, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს შუამდგომლობას საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. რ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ამავე კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი კასატორს პირადად სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2017 წლის 28 დეკემბერს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ს.ფ.162). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 29 დეკემბერს და ამოიწურა 2018 წლის 3 იანვარს, ვინაიდან 2018 წლის 2 იანვარი იყო დასვენების დღე. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

განსახილველ შემთხვევაში დ. რ.-მა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის დამადასტურებელი ქვითარი ფოსტას ჩააბარა 2018 წლის 4 იანვარს (იხ. ტ.2, ს.ფ.119-122), ე.ი. სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. ამასთან, კასატორმა მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის დარღვევის საპატიოდ ჩათვლა იმ საფუძვლით, რომ მისთვის არ განუმარტავთ, თუ როგორ უნდა გადაეხადა სახელმწიფო, ბაჟი, არც გადახდის რეკვიზიტების უცნობებიათ, ასევე იყო სადღესასწაულო პერიოდი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მისთვის არ განუმარტავთ, თუ როგორ უნდა გადაეხადა სახელმწიფო, ბაჟი და არც გადახდის რეკვიზიტების უცნობებიათ, ვინაიდან 2017 წლის 28 დეკემბერს დ. რ.-ს პირადად განემარტა, თუ როგორ უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი, კერძოდ, ეცნობა სახელმწიფო ხაზინის რეკვიზიტები (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ს.ფ.162).

რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადღესასწაულო პერიოდი შეიძლება ჩაითვალოს ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაშვების საპატიო მიზეზად, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპოროცესო კოდექსის 65-ე მუხლზე, რომლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.

ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნვს, რომ კასატორის შუამდგომლობა საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე უასაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, საკასაცო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 65-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. რ.-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. დ. რ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

3. კასატორ დ. რ.-ს (პ/ნ №...) დაუბრუნდეს ს. რ.-ის მიერ 2018 წლის 4 იანვარს №15560626 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი