საქმე №ას-1424-1344-2017 16 იანვარი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – რ.ბ–ძე, რ.ბ–ძე, ქ.ბ–ძე, მ.ზ–ძე, რ.ბ–ძე, ნ.შ–ძე, დ.ბ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარეები – ი.ზ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი :
1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ი.ზ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა ხელვაჩაურის რაიონში, ........ მდებარე უძრავი ქონების, ს/კ .... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება) რ., ქ., რ. და დ.ბ–ძეების, ასევე, მ.ზ–ძისა და ნ.შ–ძის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები, აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვასა და ამ ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას. მოსარჩელეს უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 369.1, 70-78, 2591 და 374-ე მუხლებით.
3.1. სააპელაციო პალატის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილების თითოეული მოპასუხისთვის განკუთვნილი ასლები, ერთ-ერთმა მოპასუხემ - რ.ბ–ძემ (მოპასუხე მ.ზ–ძის მეუღლე, მოპასუხეების რ.ბ–ძის და რ.ბ–ძის მამა, მოპასუხე ქ.ბ–ძის ძმა, მოპასუხე ნ.შ–ძის ოჯახის წევრი (მამამთილი) და მოპასუხე დ.ბ–ძის ოჯახის წევრი (ბაბუა)) კანონით დადგენილი წესით, 2017 წლის 7 აგვისტოს ჩაიბარა, ხოლო მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის დარღვევით - 2017 წლის 4 სექტემბერს წარადგინეს (იხ. ს.ფ.157). სსსკ-ის 369-ე და ამავე კოდექსის 374-ე მუხლების მიხედვით, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო და იგი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, მისი გაუქმებისა და ქვემდგომი სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
4.1. კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად, ვინაიდან, მათ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სსსკ-ით დადგენილ ვადებში გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში;
4.2. მათი განმარტებით, სსსკ-ის 2591-ე მუხლის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღე, მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 30 აგვისტო იყო და სწორედ ამ ვადიდან უნდა დაწყებულიყო 14 - დღიანი გასაჩივრების ვადის ათვლა. პალატამ არ გაითვალისწინა, რომ გასაჩივრების უკანასკნელი ვადა, მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 7 სექტემბერი იყო, მათ კი, სააპელაციო საჩივარი იმავე წლის 4 სექტემბერს, ვადის დაცვით წარადგინეს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია. მოპასუხეების მოთხოვნას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.
6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა დაარღვიეს სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მოახდინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის ათვლა, მათი მტიცებით, სააპელაციო საჩივარი სსსკ-ით გათვალისწინებულ ვადებში იქნა წარდგენილი, სწორედ ამიტომ, უსაფუძვლო იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
9. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
10. სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
11. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.
13. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.
14. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორებიც არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ერთ-ერთ მოპასუხეს - რ.ბ–ძეს (მოპასუხე მ.ზ–ძის მეუღლე, მოპასუხეების რ.ბ–ძის და რ.ბ–ძის მამა, მოპასუხე ქ.ბ–ძის ძმა, მოპასუხე ნ.შ–ძის ოჯახის წევრი (მამამთილი) და მოპასუხე დ.ბ–ძის ოჯახის წევრი (ბაბუა)) რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების თითოეული მოპასუხისათვის განკუთვნილი ასლები, კანონით დადგენილი წესით, 2017 წლის 7 აგვისტოს ჩაჰბარდა (იხ. ს.ფ. 150-156), შესაბამისად, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 59.1, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების ჩაბარების მომდევნო დღიდან - 2017 წლის 8 აგვისტოდან დაიწყო და იმავე წლის 21 აგვისტოს ამოიწურა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, 2017 წლის 4 სექტემბერს წარადგინეს. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად დარჩა განუხილველად.
15. სსსკ-ის 65-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო საპროცესო ვადის აღდგენას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა დაუშვებელია, მიუხედავად იმისა, ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა თუ არა. (იხ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება).
16. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება).
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. "ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ", # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი კერძო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
18. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.ბ–ძის, რ.ბ–ძის, ქ.ბ–ძის, მ.ზ–ძის, რ.ბ–ძის, ნ.შ–ძისა და დ.ბ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი