საქმე №ას-1399-1319-2017 16 იანვარი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ო.პ–ძე, მ.პ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარეები – სს „ფ.ბ.ს." (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილება), დაკმაყოფილდა სს „ფ.ბ.ს–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან ბანკი) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა მოპასუხეების - ო. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) და მ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი; მხარეები ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები, აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) პ–თვის, ასევე, შ.პ–ძისა და ბ.ჯ–თვის 20046,89 აშშ დოლარის (საიდანაც ძირი თანხაა 12412,46 აშშ დოლარი, სარგებელი - 7319,67 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 314,76 აშშ დოლარი) სოლიდარულად დაკისრებას, ამასთან, დავალიანების გადახდის მიზნით უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისში, ..... (ყოფილი 138), ს/კ ...... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება), იპოთეკით დატვირთული პირველი მოპასუხის სახელზე რიცხული წილი საკუთრების რეალიზაციას, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნებოდა საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარად, მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ აღსრულების მიქცევას. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად 20046,89 ლარის გადახდა დაეკისრათ; თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, დადგინდა იპოთეკით დატვირთული, პირველი მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ქონების რეალიზაცია; თუ აღნიშნული თანხა არასაკმარისი იქნებოდა, დავალიანების სრულად დასაფარად განისაზღვრა მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ აღსრულების მიქცევა; გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
4. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 372-ე, 374-ე, 368.5 მუხლებით.
5.1. პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარს, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობისა და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარმოუდგენლობის გამო, დაუდგინდა ხარვეზი, რომელიც 2017 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით უნდა შევსებულიყო. სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტებს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებიათ, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
6.1. კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს აპელანტები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან უნდა გაეთავისუფლებინა ან გადაევადებინა მათთვის ბაჟის გადახდა;
6.2. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, ერთ-ერთი აპელანტი - შ.პ–ძე, რომლის სააპელაციო საჩივარიც წარმოებაში იქნა მიღებული, არის ინვალიდი, რაც დადასტურებულია შესაბამისი მტკიცებულებებით. გასათვალისწინებელი იყო, რომ იგი პირველი მოპასუხის მეუღლე და მეორე მოპასუხის დედაა და სწორედ ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობითაა განპირობებული ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობა;
6.3. კერძო საჩივრის ავტორების მითითებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით, მათ უკანასკნელი საცხოვრისი ერთმეოდათ;
6.4. კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრებით, მათ დაერღვათ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლება - სასამართლოსთვის მიმართვისა და მისი ხელმისაწვდომობის უფლება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია. მოპასუხეების მოთხოვნას არ გააჩნია არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
10. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა ხარვეზი არ შეავსეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობა ფინანსური პრობლემებით იყო განპირობებული.
11. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
12. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 2017 წლის 6 ივლისის განჩინება აპელანტების წარმომადგენელს 2017 წლის 25 ივლისს ჩაჰბარდა (იხ. ს.ფ. 190), შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 14 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 26 ივლისს დაიწყო და იმავე წლის 8 აგვისტოს დასრულდა. აღნიშნულ ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე სახის შუამდგომლობით მიუმართავთ სააპელაციო სასამართლოსთვის.
13. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორები აპელირებენ იმ გარემოებაზე, რომ არსებობდა მათი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების ან მისი გადავადების საფუძველი, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორებს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდათ არა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, არამედ სხვა საფუძვლებითაც (სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა).
14. სსსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია, მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამავე კოდექსის 102.1-ე და 103.1-ე მუხლები მხარეს ავალდებულებს, სასამართლოს წარუდგინოს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორებს სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდნენ მათი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების ან მისი გადავადების საფუძვლებს, შესაბამისად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზია, რომ სააპელაციო საჩივარი არასწორად დარჩა განუხილველად.
15. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სადავო არ არის სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის დანიშნულ ვადაში შეუვსებლობის ფაქტი, საკასაციო პალატას, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადების საფუძველზე, დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინება.
16. სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვაზე, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე _ "იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ") დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, კერძოდ, ევროპული სასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის (შდრ. სუსგ #ას-254-239-2011, 11.05.2011).
17. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობა შეიძლება, შეზღუდვას დაექვემდებაროს. მისაღწევი მიზნის გათვალისწინებით კი, შეზღუდვა პროპორციულობის პრინციპთან თავსებადი უნდა იყოს. სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ლეგიტიმური მიზნისა და დასაბალანსებელი ინტერესების მრავალ მითითებას შეიცავს. გოლდერის საქმის შემდეგ, ევროპულმა სასამართლომ თანმიმდევრული სასამართლო პრაქტიკით დაადგინა, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას საჭიროებს, რომელიც, საზოგადოებისა და ინდივიდების საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება დროისა და ადგილის მიხედვით განსხვავებული იყოს ("გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ", საქმე #4451/70).
18. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორებს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც შესაბამისი შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე(შდრ. სუსგ-ები: # ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; # ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; # ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; # ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო.პ–ძის და მ.პ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 სექტემბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი