Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1063-1023-2016 17 თებერვალი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – W-s (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ჯ-გ’’ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და განჩინება მტკიცებულებათა მიღებაზე უარის თქმის შესახებ

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობისათვის

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2010 წლის 24 მარტს, W-s-სა (შემდეგში: მოსარჩელე, რეკლამის გამომქვეყნებელი კომპანია ან კასატორი) და შპს „ჯ-გს“ (შემდეგში: მოპასუხე, რეკლამის შემკვეთი, აპელანტი) შორის, გაფორმდა სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, რეკლამის გამომქვეყნებელი კომპანია ვალდებულებას იღებდა საქართველოს შესახებ ორგვერდიანი რეკლამა განეთავსებინა ვებ-გვერდზე E-es, ხოლო რეკლამის შემკვეთი ამისთვის გადაიხდიდა 27 500 (ოცდაშვიდი ათას ხუთასი) ევროს, შეთანხმებაზე ხელმოწერიდან 20 დღის განმავლობაში (იხ. სარეკლამო კონტრაქტი- ტ.1, ს.ფ. 65-66).

2. მხარეთა ორმხრივი ვალდებულებების საერთო პირობების პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამის ღირებულების გადასახდელად მის შემკვეთს დაუდგინდა დოკუმენტის გაფორმებიდან 20 დღე, საბანკო გადარიცხვით (რეკლამის დამკვეთისა და კომპანიის ორმხრივი ვალდებულებები- ტ.1, ს.ფ. 67-70).

3. 2010 წლის 31 აგვისტოს შპს „ჯ-გის“ დირექტორმა ხელი მოაწერა რეკლამის მიღება-ჩაბარების აქტს (იხ. ტ.1, ს.ფ. 71-73).

4. სარჩელის მოთხოვნა და საფუძვლები

4.1. რეკლამის გამომქვეყნებელმა კომპანიამ 2013 წლის 16 აპრილს სარჩელი აღძრა რეკლამის შემკვეთის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის 27 500 ევროს დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ იმ დასაბუთებით, რომ მან შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და 2010 წლის 31 აგვისტოს მოპასუხემ ხელი მოაწერა მიღება-ჩაბარების აქტს;

4.2. რეკლამა- ფოტოსურათი და საქართველოს შესახებ მოკლე ინფორმაცია განთავსებულია ვებგვედზე E-es;

4.3. მოპასუხე უარს აცხადებს მომსახურების ანაზღაურებაზე.

5. მოპასუხის შესაგებელი

5.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ არც ხელშეკრულება და არც მიღება -ჩაბარების აქტზე არ მოუწერია ხელი რეკლამის შემკვეთი საწარმოს დირექტორს- მ. თ-ს, მხარეთა შორის არ არსებობს ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა;

5.2. სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან 2010 წლის 24 მარტით დათარიღებულ დოკუმენტში თანხის გადახდის ბოლო ვადაა 2010 წლის 13 აპრილი, სარჩელი კი სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დარღვევითაა წარდგენილი.

6.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება და დასკვნები

6.1. საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და მოპასუხეს დააკისრა 27 000 ევროს ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ, ასევე- 1782 ლარი სახელმწიფო ბაჟის სახით.

6.2. სასამართლომ მიუთითა წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე, ხოლო მე-3 პუნქტში მითითებული გარემოების დასადგენად, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე უარყოფდა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას და შეთანხმებაზე, მოპასუხე კომპანიის დირექტორის ხელმოწერის ნამდვილობას, მისივე შუამდგომლობის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 27 მაისის განჩინებით დანიშნა სასამართლო კალიგრაფიული ექსპერტიზა 2010 წლის 24 მარტის შეთანხმებასა და 31 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტზე მ. თ-ის ხელმოწერის ნამდვილობის დასადგენად.

6.3. ექსპერტს გამოსაკვლევად დაესვა შემდეგი კითხვა: 2010 წლის 24 მარტის სარეკლამო მომსახურების შესახებ შეთანხმებაზე (შესრულებული ინგლისურ ენაზე) და 2010 წლის 31 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტზე (შესრულებული ინგლისურ ენაზე) არსებული ხელმოწერა შესრულებულია თუ არა მ. თ-ის მიერ.

6.4. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს) 2013 წლის 26 ივნისის ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევით ნაწილში (იხ. ტ.1, ს.ფ. 197-203) აღნიშნულია, რომ:

6.4.1. შეთანხმებასა და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის გამოკვლევის და მ. თ-ის ხელმოწერის ნიმუშთან შედარებით დადგენილ იქნა თანადამთხვევა გამომუშავებაში, ზომაში და შემდეგი ვარიანტის კერძო ნიშნებში; მოძრაობის ფორმა და მიმართულება ხელრთვის შესრულებისას სწორხაზოვანი მიმართული ქვემოდან ზემოთ;

6.4.2. თანადამთხვევებთან ერთად გამოვლინდა განსხვავებები დახრაში, ნაწილობრივ ტრანსკრიპციაში, და შემდეგი ვარიანტის კერძო ნიშანში; მოძრაობის ფორმა ასო ”მ”-ს პირველი ელემენტის შესრულებისას გამოსაკვლევი ნიმუშისგან განსხვავებით რკალური, გარდამავალი მარყუჟისებრში;

6.4.3. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის შესაბამისად, საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია გამოსაკვლევი ხელმოწერის მოკლე მარტივი აგებულების და ინფორმაციული ნიშნების სიმცირის გამო.

6.5. საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ ექსპერტიზის დასკვნით უარყოფილი ვერ იქნა სადავო დოკუმენტებზე მოპასუხე კომპანიის დირექტორის ხელმოწერის არსებობა.

6.6. სასამართლომ დაუსაბუთებელად მიიჩნია მოპასუხის წარმომადგენელის მიერ სასამართლო სხდომაზე, გაცხადებული მოსაზრება (იხ. 2013 წლის 11 ოქტომბრის სხდომის ოქმი 11:38:02-დან) დირექტორზე შესაძლო ზეწოლისა და იძულებითი ქმედების განხორციელებით ხელმოწერის შესრულების შესახებ, რადგან ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარდგენილი არ იყო.

6.7. საქალაქო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლზე მიუთითა, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სსკ-ის 103-ე მუხლით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

6.8. სასამართლოს შეფასებით მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ წარადგინა რაიმე მტკიცებულება, რომელიც ცალსახად გამორიცხავდა მხარეთა შორის ნებითი სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას, სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და დადგენილად მიიჩნია მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტი.

6.9. 2010 წლის 31 აგვისტოს რეკლამის შემკვეთი საწარმოს დირექტორმა ხელი მოაწერა რეკლამის მიღება-ჩაბარების აქტს, ისევე, როგორც სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულებას, მოპასუხე სადავოდ ხდიდა ამ დოკუმენტზე მოპასუხის დირექტორის ხელმოწერას. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის არსებობას არ გამორიცხავდა ექსპერტიზის დასკვნა.

6.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

6.11. განსახილველ შემთხვევაში დადგენილ იქნა, რომ მხარეთა შორის 2010 წლის 24 მარტიდან არსებობდა სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც შეესაბამება ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობას (სსკ-ის 629-ე მუხლი).

6.12. სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლოს შეფასებით, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა 2013 წლის 13 აპრილს 24 საათზე. 2013 წლის 13-14 აპრილი ემთხვევა არასამუშაო დღეს - შაბათ-კვირას. სასამართლოში სარჩელი წარმოდგენილია 16 აპრილს ფოსტით (იხ. ტ.1, ს.ფ. 1). თუმცა, კონვერტზე თარიღი 2013 წლის 15 აპრილი შესრულებულია გამგზავნის მიერ და მასზე არ არის ფოსტის ბეჭედი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქ. თბილისის ტერიტორიაზე ფოსტის ადრესატამდე მიტანას სჭირდება მინიმუმ ერთი დღე, სარჩელი საფოსტო დაწესებულებაში მიტანილად უნდა ჩაითვალოს 2013 წლის 15 აპრილს, რის შესაბამისადაც, სარჩელი არ სცილდება ხანდაზმულობის ვადას.

6.13. მოპასუხეს აღნიშნულის საწინააღმდეგოდ რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსათვის, შესაბამისად დოკუმენტის ფოსტაში ჩაბარების თარიღის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია ხანდაზმულობის ვადის დაცვით.

6.14. სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია ნარდობის ხელშეკრულება. დადგენილია, რომ დამზადებული და ინტერნეტ ვებ-გვერდზე E-es, განთავსებულია რეკლამა საქართველოს შესახებ.

6.15. სსკ-ის 361-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. სსკ-ის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 649-ე მუხლის საფუძველზე, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში.

6.16. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ, შემკვეთმა, შესრულებული სამუშაო მიიღო 2010 წლის 31 აგვისტოს. მოპასუხეს წარმოეშვა მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება.

6.17. სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ რეკლამის ღირებულება 27 000 ევრო, რის გამოც, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა ამ თანხის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი.

7. მოპასუხის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

7.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

7.1.1. საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია იმ გარემოების დასადგენად, რომ დამზადებულია და ინტერნეტ ვებ-გვერდზე E-es, გამოქვეყნებულია ორგვერდიანი რეკლამა საქართველოს შესახებ;

7.1.2. სასამართლომ ტენდენციურად შეაფასა 26.06.2013წ. ექსპერტიზის დასკვნა იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული დასკვნით არ დასტურდებდა მოპასუხე საწარმოს დირექტორის ხელმოწერა 24.03.2010წ. და 31.08.2010წ. აქტებზე. ექსპერტიზის დასკვნით ფაქტობრივად დადგენილია, რომ ხელმოწერები არაა შესრულებული დირექტორის მიერ;

7.1.3. სასასამართლომ არ შეაფასა უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ე.წ „სარეკლამო კონტრაქტის“ შედეგად დამზადებული რეკლამა არ ეხება მოპასუხეს და არც მოსარჩელე კომპანიის რომელიმე პროდუქტის რეკლამირებას ეწევა;

7.1.4. სასამართლომ არასწორად და ვარაუდზე მითითებით შეაფასა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი, რითაც სასამართლომ მოპასუხის საზიანოდ უხეშად დაარღვია სამოქალაქო საქმისწარმოების თანასწორობის პრინციპი;

7.1.5. სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ ე.წ. მიღება-ჩაბარების აქტს აკლია სავალდებულო რეკვიზიტი - თარიღი და დაასკვნა, თითქოს მოპასუხემ სამუშაო მიიღო 2010 წლის 31 აგვისტოს;

7.1.6. სასამართლომ არ გამოიყენა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი, რომელიც რეკლამის დამზადების შედეგად ანაზღაურების მიღების უფლებას გამორიცხავს.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 ივნისის განჩინება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ოქტომბრის განჩინება

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 ივნისის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

8.2.სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება (იხ. ტ.2, ს.ფ.66-77).

8.3.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

8.4. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ხანდაზმულობის თაობაზე მოპასუხის შესაგებელი მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც, სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ხანდაზმულობა კრედიტორული მოთხოვნის არსებობას არ სპობს, არამედ ამ მოთხოვნის იძულებით განხორციელებას აცლის სამართლებრივ საფუძველს. სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 3 წელს შეადგენს, რომლის დენაც მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ანუ იმ დროიდან იწყება, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (სსკ-ის 130-ე მუხლი);

8.5. მოდავე მხარეთა შორის 2010 წლის 24 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსიდან ირკვეოდა, რომ მხარეებმა ამ შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის გადახდა 20 დღეში - 2010 წლის 13 აპრილის ჩათვლით განსაზღვრეს. დადგენილი იყო, რომ მოპასუხეს თანხა არ გადაუხდია, შესაბამისად, მოსარჩელემ უფლების დარღვევის თაობაზე 2010 წლის 14 აპრილს შეიტყო (სსკ-ის 123.1 მუხლი). ამ დღიდან 3-წლიანი ვადის უკანასკნელ დღეს 2013 წლის 14 აპრილი წარმოადგენს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში, დასვენების დღეს, კვირას დაემთხვა, სსკ-ის 127-ე მუხლის თანახმად კი, სარჩელის წარდგენის უკანასკნელ დღედ მიჩნეული უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღე -2013 წლის 15 აპრილი;

8.6. სადავო არ იყო, რომ სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2013 წლის 16 აპრილს, თუმცა, სასამართლოს დასკვნით, სარჩელი ფოსტას ჩაბარდა ვადის უკანასკნელ დღეს -15 აპრილს, რაც არ არის დასაბუთებული, რადგან სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა, საკასაციო სასამართლოს შეფასებით არ ემყარებოდა საქმის მასალების სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით კვლევას.

8.7. საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილია და სააპელაციო პალატამაც გაიზიარა მსჯელობა იმის თაობაზე, რომ კონვერტზე არსებული თარიღი - 2013 წლის 15 აპრილი შესრულებულია გამგზავნის მიერ და მასზე არ არის საფოსტო ბეჭედი, მიუხედავად მოპასუხის პრეტენზიისა, რაიმე მტკიცებულება, რაც სარჩელის ფოსტის საშუალებით გაგზავნას დაადასტურებდა, მოსარჩელეს არ წარუდგენია სასამართლოსათვის, ხოლო სასამართლოს არ დაუსაბუთებია, რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ სარჩელის გასაგზავნად ისარგებლა საფოსტო მომსახურებით. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მხოლოდ იმ ვარაუდის დაშვება, რომ ქ. თბილისის ტერიტორიაზე ფოსტის ადრესატამდე მიტანას სჭირდება მინიმუმ ერთი დღე, სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დაცვით წარდგენის საფუძველი ვერ გახდებოდა.

8.8. იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას სცილდება ფაქტების დადგენა, ხოლო სადავო საკითხის ზუსტად დასადგენად (მიმართა თუ არა მოსარჩელემ სასამართლოს ხანდაზმულობის ვადის უკანასკნელ დღეს) საჭირო იყო მტკიცებულებათა დამატებითი კვლევა სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, რაც საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას (იხ. საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 9 ოქტომბრის განჩინება- ტ.2, ს.ფ.122-130).

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და დასკვნები

9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოსარჩელეს, მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2592,59 ლარისა და საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე გადახდილი 2999, 84 ლარის ანაზღაურება.

9.2. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკასაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის თაობაზე და საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა მხოლოდ ხანდაზმულობის საკითხის გამოკვლევის მითითებით.

9.3. სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ მსჯელობისას, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილსა და 129-ე მუხლის პირველის ნაწილზე, ასევე, 130-ე მუხლზე (ნორმათა დეფინიცია იხ. ამ განჩინების 6.10 და 6.12 ქვეპუნქტებში) და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო არ იყო მოთხოვნის წარმოშობის დრო. დადგენილი იყო და უზენაესმა სასამართლომაც გაიზიარა, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2010 წლის 14 აპრილიდან. ამ დღიდან სამწლიანი ვადის უკანასკნელ დღეს 2013 წლის 14 აპრილი წარმოადგენდა, რომელიც დასვენების დღეს - კვირას დაემთხვა, შესაბამისად, სარჩელის წარდგენის უკანასკნელ დღედ უნდა მიჩნეულიყო მომდევნო სამუშაო დღე - 2013 წლის 15 აპრილი. სარჩელი სასამართლოში წარდგენილი იყო 2013 წლის 16 აპრილს.

9.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნის (იხ. ამ განჩინების 6.12 ქვეპუნქტი) შეფასებისას, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ იმ ვარაუდის დაშვება, რომ ქ. თბილისის ტერიტორიაზე ფოსტის ადრესატამდე მიტანას სჭირდება მინიმუმ ერთი დღე, სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დაცვით წარდგენის საფუძველი ვერ გახდება. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს მითითებით, გამოსაკვლევი იყო საკითხი ისარგებლა თუ არა მოსარჩელემ სარჩელის სასამართლოში წარდგენისას ფოსტის საშუალებით და დასტურდებოდა თუ არა ეს გარემოება საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით.

9.5. სსსკ-ის 105-ე მუხლზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა:

9.5.1. დადგენილია, რომ სასამართლოში წარდგენილ სარჩელზე სასამართლო შტამპზე დატანილია თარიღი 2013 წლის 16 აპრილი, ამასთან, მოსარჩელემ სარჩელი წარადგინა კონვერტით, რომელზეც მითითებულია თარიღი - 15.04.2013წ.. სადავო არ არის, რომ ეს თარიღი შესრულებულია კონვერტზე თვით მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ და კონვერტზე არ არის დატანილი ფოსტის ბეჭედი ან სხვა რაიმე საფოსტო რეკვიზიტი, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ 15.04.2013წ. ფოსტის მომსახურების მიღებას.

9.5.2. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ სარჩელის სასამართლოში წარდგენისას მოსარჩელემ ისარგებლა ფოსტის მომსახურებით და ფოსტას სარჩელი ჩაბარდა 2013 წლის 15 აპრილს (იხ.სარჩელი, კონვერტი, ტ.1, ს.ფ. 1; 60);

9.5.3 მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტების თაობაზე, რომ მათი საადვოკატო ბიურო სარგებლობდა შპს ,,ს-ის’’ მომსახურებით, რომლის კურიერიც მოდიოდა ოფისში და მიჰქონდა საფოსტო გზავნილები და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც სწორედ აღნიშნული კომპანიის კურიერს გადაეცა 2013 წლის 15 აპრილს კონვერტი და ამ წესით მოხდა შპს ,,ს-ის’’ მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანა, სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდებოდა;

9.5.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარდგენილ კონვერტს არ აქვს არანაირი საფოსტო რეკვიზიტი. მართალია საქმეში წარდგენილია მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების გაგზავნის და ჩაბარების დასადასტურებლად შპს ,,ს- ის’’ გზავნილი (იხ. ტ.1,ს.ფ.123), თუმცა, მხოლოდ ამ მტკიცებულებით ვერ მოხდება იმ ფაქტის დადასტურებულად მიჩნევა, რომ მოსარჩელემ სარჩელი სწორედ შპს ,,ს-ას’’ ჩააბარა და რომ ეს განხორციელდა 2013 წლის 15 აპრილს.

9.5.5 სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის (აპელანტის) პოზიცია, რომ თუნდაც დადასტურებულად მიჩნეულიყო, რომ სარჩელის სასამართლოში შეტანისას მოსარჩელემ ისარგებლა საფოსტო მომსახურებით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, თუ როდის მიმართა ფოსტას მოსარჩელემ - 2013 წლის 15 აპრილს, თუ 16 აპრილს.

9.5.6. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

9.6. სასამართლომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის მიუთითა მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედ სტანდარტზე, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.

9.7. სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, რაიმე მტკიცებულება, რაც სარჩელის ფოსტის საშუალებით გაგზავნას დაადასტურებდა, მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. სასამართლომ განმარტა, რომ როდესაც სარჩელის წარდგენა ხდება ხანდაზმულობის უკანასკნელ დღეს, სწორედ მოსარჩელის მტკიცების ტვირთია და მისი რისკია სათანადო მტკიცებულებების მოპოვებით დაამტკიცოს, რომ მას არ დაურღვევია ვადა და საფოსტო მომსახურების მიღებისას მოსთხოვოს საფოსტო კომპანიას სათანადო რეკვიზიტებით გზავნილის მიღების დადასტურება.

9.8. სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე (იხ. ამ განჩინების 5.2. ქვეპუნქტი), რაც დადასტურდა საქმის მასალებით. შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

10. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

10.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობისათვის; ასევე - მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების (საქმეზე # 2ბ/5472-15) გაუქმება შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით:

10.1.1. კასატორი მოითხოვს საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობას სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რადგან მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორადაა განაწილებული მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, კერძოდ, სასამართლოს მიერ უსაზღვროდ არის გაფართოებული მტკიცების ტვირთი, რაც ეწინააღმდეგება საკანონმდბლო რეგულაციებს, „რომელიც ბოჭავს მოსამართლის მოქმედებას მისი შეხედულებიდან გამომდინარე“;

10.1.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება სარჩელის 2013 წლის 15 აპრილს ფოსტის მეშვეობით წარდგენის შესახებ და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტების დამდგენი სასამართლო, რის გამოც მან საქმე უნდა დააბრუნოს ქვემდგომ სასამართლოში ხელახლა განხილვის მიზნით;

10.1.3. მოსარჩელემ 2013 წლის 15 აპრილს ფოსტით გაუგზავნა სარჩელი სასამართლოს, შესაბამისად, სარჩელის მე-13 გვერდზე, შევსების გრაფაში მითითებულია 2013 წლის 15 აპრილი. მოპასუხემ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა შესაგებლის სასამართლოში წარდგენისას სარჩელის ფოსტით ჩაბარების და ჩაბარების თარიღის შესახებ, რაც იმითაც დასტურდება, რომ საქმის მასალებში არ არსებობს ამ პერიოდში მისი განცხადება საქმის მასალების გაცნობის თაობაზე (ეს გარემოება მოპასუხის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოშიც დაადასტურა), შესაბამისად, მოპასუხემ სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში ხანდაზმულობის მითითებისას ვალდებულების შესრულების (თანხის გადახდის) ბოლო ვადად მიუთითა 2013 წლის 13 აპრილი, რაც ზოგადი მითითება კი არ არის, არამედ კონკრეტულად მითითებულია 13 აპრილი და არა 15 აპრილი;

10.1.4. მოპასუხემ სარჩელის წარდგენის უკანასკნელ დღედ მიიჩნია 2013 წლის 13 აპრილი, ხოლო რეალურად სარჩელის წარდგენის უკანასკნელ დღედ მიჩნეულ იქნა 15 აპრილი, ოცდაოთხ საათამდე (სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილი), შესაბამისად, მოპასუხის მითითების საპასუხოდ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ სარჩელი ხანდაზმული არ იყო 2013 წლის 13 აპრილს წარდგენის შემთხვევაში, ვინაიდან ეს დღე შაბათი იყო და უკანასკნელ დღედ მიიჩნეოდა მომდევნო სამუშაო დღე - 15 აპრილი, მნიშვნელოვანია პროპორციულობის პრინციპის დაცვა, მხარეს არ უნდა დაეკისროს იმის დამტკიცების ვალდებულება, რაც მოწინააღმდეგეს სადავოდ არ გაუხდია;

10.1.5. ის გარემოება, რომ სასამართლოსთვის სარჩელის ჩაბარება/რეგისტრაცია მოხდა 2013 წლის 16 აპრილს და სასამართლოს ფოსტით ჩაბარდა სარჩელი, მოპასუხისათვის ცნობილი გახდა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე და მხოლოდ მას შემდეგ, რაც „მოსამართლემ საკუთარი ინიციატივით, მოპასუხის ყოველგვარი აპელირების გარეშე მოახდინა სასამართლოში სარჩელის ჩაბარების ფორმისა და თარიღის შემოწმება“. აღნიშნულს მოპასუხე არ ხდიდა სადავოდ, მიუხედავად ამისა, საქალაქო სასამართლომ საკუთარი ინიციატივით მიუთითა გადაწყვეტილებაში, რომ „სარჩელი წარდგენილი იყო 16 აპრილს ფოსტით, თუმცა, კონვერტზე თარიღი 2013 წლის 15 აპრილი შესრულებულია გამგზავნის მიერ და მასზე არ არის ფოსტის ბეჭედი, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ფოსტის ადრესატამდე მიტანას ქ. თბილისის ტერიტორიაზე მიტანისას სჭირდება ერთი დღე, სარჩელი საფოსტო დაწესებულებაში შეტანილად უნდა ჩაითვალოს 2013 წლის 15 აპრილს, რის შესაბამისად, სარჩელი არ სცილდება ხანდაზმულობის ვადას“. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია 15 აპრილს მოსარჩელის მიერ სარჩელის სასამართლოში წარდგენის ფაქტი ფოსტის მეშვეობით;

10.1.6. მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2013 წლის 14 აპრილიდან (სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი) და სამი წლის განმავლობაში შეეძლო ამ უფლების რეალიზაცია; კასატორი უთითებს სუსგ-ებზე # ას-495-471-2013 და # ას-430-413-2016;

10.1.7. სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზეც არ გაუხდია მოპასუხეს სადავოდ, თუ ფოსტის მეშვეობით როდის გაგზავნა სასამართლოში სარჩელი მოსარჩელემ, მოპასუხე მხოლოდ იმაზე უთითებდა, რომ 2013 წლის 13 აპრილს არ წარუდგენია სარჩელი მხარეს;

10.1.8. სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდებოდა საფოსტო კომპანიისათვის სარჩელის სასამართლოში ჩასაბარებლად გადაცემა 2013 წლის 15 აპრილს - ხანდაზმულობის ვადის უკანასკნელ დღეს. სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია, ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს სააპელაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულებების წარდგენის საპატიო მიზეზი (რადგან მოპასუხე პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამზადებელი სხდომის დასრულებამდე 2013 წლის 15 აპრილს ფოსტის მეშვეობით სარჩელის ფაქტზე არ დავობდა, მაშინ სახეზე იყო ახალი მტკიცებულების წარდგენის საპატიო მიზეზი). სასამართლომ დაარღვია მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპი (სსსკ-ის მე-3, მე-4, 380-ე, 382-ე მუხლები). მოპასუხემ რა ფარგლებშიც და რა მიმართულებითაც განმარტა ხანდაზმულობის საკითხი, იმ მოცულობითა და პროპორციულობით იყო ვალდებული მოსარჩელე უარეყო და საწინააღმდეგო არგუმენტაციით დაედასტურებინა საკუთარი პოზიცია, რომ სარჩელი არ იყო ხანდაზმული;

10.1.9. უზენაესმა სასამართლომ ისე დაავალა სააპელაციო სასამართლოს ხანდაზმულობის ფაქტის გამოკვლევა, რომ პირველ ინსტანციაში არც ერთ მხარეს არ უდავია ამაზე. კასატორი უთითებს სსკ-ის კომენტარებზე, რომ ხანდაზმულობა ფაქტია და არა სამართლებრივი კვალიფიკაცია და მიაჩნია, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი დაარღვია სასამართლომ მოსარჩელესთან მიმართებით (იხ. საკასაციო საჩივარი - ტ. 2, ს.ფ.230-246).

11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

11.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. ქვემორე პუნქტებში).

16. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოსარჩელეს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

18.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება გამოიკვლია და სამოქალაქო სამართალსა და სამოქალაქო საპროცესო სამართალში აღიარებული მტკიცების ტვირთის აღიარებული სტანდარტის საფუძველზე იმსჯელა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზე, რაც წარმოადგენდა მთავარ საკვლევ ფაქტობრივ გარემოებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ოქტომბრის განჩინების მითითების საფუძველზე.

19. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე: მოთხოვნის განხორციელებადობა (ხანდაზმულობა), მოთხოვნის წარმოშობისა და მისი გამომრიცხავი გარემოებების შემოწმების შემდეგ უნდა იქნეს განხილული. შესაბამისად, თუ მოთხოვნა არ წარმოშობილა, ან შემდგომში შეწყდა, სწორედ ამ საფუძვლით, და არა ხანდაზმულობით, უნდა იქნეს უარყოფილი სარჩელი (იხ. სუსგ # ას-197-187-2016, 12.07.2016წ.). განსახილველ შემთხვევაში, ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის განხორციელებადობის სამართლებრივი შეფასებაა მნიშვნელოვანი.

20. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მითითებას, რომ ხანდაზმულობა ფაქტია და არა სამართლებრივი შეფასება და კასატორის მტკიცების საწინააღმდეგოდ განმარტავს, რომ მოპასუხემ, რომელმაც მიუთითა მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, იმაზე, რომ მოსარჩელეს სახელშეკრულებო ვალდებულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება ჰქონდა 2013 წლის 13 აპრილამდე, ამით სადავო გახადა სასარჩელო მოთხოვნის განხორციელებადობა, ამ ფაქტის მითითების შემდეგ, სასამართლო ვალდებულია ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლიოს სასარჩელო მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებები, რაც დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, არ გულისხმობს ხანდაზმულობის მითითებისას კონკრეტული თარიღის ზუსტად დასახელებას, რადგან საკმარისია მოვალე შეედავოს კრედიტორს, რომ მისი მოთხოვნა დაგვიანებულია, რაც შესაძლოა არ იყოს კონკრეტული სამართლებრივი ცნებით „ხანდაზმული“ გამოხატული, არამედ - ასეთი სახითაც კი ჩამოყალიბდეს “ამდენ ხანს არ მოუთხოვია ვალდებულების შესრულება“. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ სასამართლომ საკუთარი ინიციატივით გამოიკვლია სარჩელის სასამართლოში ფოსტით გაგზავნისა და ჩაბარების თარიღი, რითაც დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, მათ შორის, მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილა და მოსარჩელეს დააკისრა ისეთი ფაქტის დამტკიცება, რაც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, კერძოდ, 15 აპრილს ფოსტისათვის სარჩელის ჩაბარება და შემდგომ მისი სასამართლოში წარდგენის თარიღი.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, „ამ ნორმით დადგენილი წესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების თაობაზე საყოველთაოდ აღიარებული პრინციპია და იგი მომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის პირველი პუნქტიდან, რომლის ძალითაც მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. კანონის დანაწესი, რომ არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს, გულისხმობს იმას, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, მიუხედავად დოკუმენტის გამცემი ორგანოს კომპეტენციისა, შემოწმებული და გამოკვლეული უნდა იქნეს სასამართლოს მიერ. აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-5 მუხლებიდანაც, რომლებიც შეჯიბრებითობისა და მართლმსაჯულების განხორციელებისას სასამართლოს წინაშე მხარეთა თანასწორობის პრინციპებს განამტკიცებენ. სამართალწარმოების მხარის უფლება, წარადგინოს თავისი არგუმენტაცია და მტკიცებულებები განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, იმავდროულად, წარმოშობს სასამართლოს ვალდებულებას, ამ მტკიცებულებათა დასაშვებობისა და განკუთვნადობის პრინციპით მიღებაზე და შემდეგ მისი კანონით დადგენილი წესით შემოწმებასა და შეფასებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ, ვინაიდან სამართალწარმოების მხარეები სარგებლობენ სამართლებრივ საშუალებათა თანასწორობის პრინციპით, ხოლო სასამართლოსათვის წინასწარ არც ერთი მტკიცებულების მნიშვნელობა და უპირატესი იურიდიული ძალა არ არის დადგენილი, სადავოობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, ფაქტობრივად კი ვალდებული, შეამოწმოს მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების უტყუარობა ამ ფაქტების საწინააღმდეგოდ მოდავე მხარის მიერ წარმოდგენილ ფაქტებთან ურთიერთშეჯერებით და, შესაბამისად, შეფასება მისცეს მათ: გაიზიაროს ან არ გაიზიაროს მტკიცებულებით დადასტურებული ესა თუ ის ფაქტობრივი გარემოება. მართალია, განსახილველ შემთხვევაში თ. ბ-ას არ წარმოუდგენია საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება, მაგრამ აღნიშნული განსახილველი საკითხის სამართლებრივ შედეგებს არ ცვლის. ზემოდასახელებული ნორმების გამო, სასამართლო ვალდებული იყო, წარმოდგენილი სადავო მტკიცებულებები ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოეკვლია.... სამოქალაქო კანონმდებლობა სხვადასხვა ტიპის ვადებს იცნობს. მათ შორისაა, სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომელიც სხვა ვადებთან ერთად გულისხმობას უფლების დაცვის -ხანდაზმულობის ვადებს. სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვნის იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდია ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა. ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან, ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორცილებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს (იხ. სუსგ # ას-988-1021-2011, 15.112011წ.).

22. სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს, რითაც განაპირობებს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შდრ. სუსგ 11.06.2012 საქმე №ას-547-515-2012).

23. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება რაიმე დროით შეზღუდული არ არის. პირს ყოველთვის შეუძლია წარადგინოს მოთხოვნა მაშინაც კი, როცა ხანდაზმულობის ვადა გასულია. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით სახელშეკრულებო მოთხოვნა ასევე დაექვემდებარა ხანდაზმულობას და ასეთი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადად განისაზღვრა 3 წელი. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია ვადის ათვლის დაწყების მომენტის განსაზღვრა, რაც მოვალის მიერ ხანდაზმულობის ფაქტზე მითითების შემთხვევაში სასამართლოს გამოსაკვლევი და დასადგენია.

24. კასატორის პრეტენზიის საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში მოთავსებულ მტკიცებულებებზე, კერძოდ, სარჩელი საქალაქო სასამართლოში რეგისტრირებულია 2013 წლის 16 აპრილს, ხოლო მის მე-13 გვერდზე მოსარჩელის წარმომადგენლის ხელმოწერის გრაფის გასწვრივ მითითებულია 15 აპრილი, 2013 წელი (იხ. ტ.1, ს.ფ. 1 და 13), საადვოკატო ბიუროს კონვერტზე ხელნაწერი სახით, ადრესატის რეკვიზიტების გარდა, მითითებულია თარიღი: 15.04.2013, კონვერტს არ აქვს საფოსტო ბეჭედი (იხ. ტ.1, ს.ფ.,60), ხოლო 2013 წლის 17 აპრილს საქალაქო სასამართლოში მოსარჩელის წარმომადგენელს წარდგენილი აქვს განცხადება სასამართლოს სახელზე, რომელშიც მითითებულია, რომ მოსარჩელემ წარმომადგენლის მეშვეობით 2013 წლის 15 აპრილს ფოსტის მეშვეობით საქალაქო სასამართლოს წარუდგინა სარჩელი, რომელიც კანცელარიას ჩაბარდა 2013 წლის 16 აპრილს (იხ. ტ.1, ს.ფ.61), თუმცა, განცხადებას არ ერთვის საფოსტო განყოფილებისათვის საადვოკატო კომპანიის მიერ გზავნილის ჩაბარების დასტური ან თუნდაც რეესტრის ამონაწერი ფოსტიდან, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სარჩელი ფოსტას სწორედ 2013 წლის 15 აპრილს ჩაბარდა, რითაც გაქარწყლდებოდა ჩანაწერი, კერძოდ, სარჩელის პირველ გვერდზე, შტამპზე სასამართლოს მიერ მითითებული სარჩელის რეგისტრაციის თარიღი - 2013 წლის 16 აპრილი, რომლის შესაბამისადაც განსაზღვრა მოსარჩელის მიერ სასამართლოში სარჩელის წარდგენა. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულ მსჯელობასა და დასკვნას, რომელიც წინამდებარე განჩინების 9.8. ქვეპუნქტშია მითითებული. ამასთან, სსსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე, მტკიცებულებათა ერთობლივად შეფასებით, საკასაციო სასამართლოს შინაგანი რწმენაც კი ვერ ჩამოუყალიბდა კასატორის მტკიცების სასარგებლოდ, რადგან როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, მოსარჩელე საქალაქო სასამართლოში 2013 წლის 17 აპრილს წარდგენილ განცხადებაში (რომელიც შინაარსობრივად ეხება სარჩელში მითითებულ შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე) უთითებს სარჩელის საფოსტო განყოფილებისათვის ჩაბარებისა და მისი სასამართლოში რეგისტრაციის თარიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს მნიშვნელოვნად მიაჩნია ამ თარიღებზე სასამართლოს ყურადღების გამახვილება, თუმცა, არც ერთი მტკიცებულება არ წარუდგენია მოსარჩელის წარმომადგენელს, რომელიც სარჩელის საფოსტო განყოფილებისათვის ჩაბარების თარიღთან დაკავშირებით უტყუარად დაადასტურებდა მოსარჩელის მტკიცებას.

25. საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის გამო საკასაციო სასამართლო არ განიხილავს კასატორის მიერ გასაჩივრებული 2016 წლის 13 ივლისის საოქმო განჩინების (იხ. ტ.2, ს.ფ.189-194) გაუქმების მოთხოვნას, რომელ სხდომაზედაც გაგრძელდა მოსარჩელის მიერ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე მოთხოვნილი ახალი მტკიცებულებების (წარდგენილი 2016 წლის 9 მარტს) საქმეზე დართვის შესახებ შუამდგომლობის განხილვა და მოსარჩელეს უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმას განმარტავს, რომ კასატორის მტკიცების საწინააღმდეგოდ, რომ სასამართლოს უნდა გამოეკვლია, არსებობდა თუ არა ამ მტკიცებულებათა წარდგენის საპატიო მიზეზი, სსსკ-ის 215-ე, 380-ე, 382-ე მუხლების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს წინაშე სწორედ ახალი მტკიცებულებების წარმდგენ მხარეს ევალება დაამტკიცოს ახალი მტკიცებულებების პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენის შეუძლებლობა ან მათი წარუდგენლობის საპატიო მიზეზი.

26. საკასაციო სასამართლომ ამ განჩინების 25-ე პუნქტში მიუთითა კონკრეტულ მტკიცებულებებზე, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი თვითონვე ამახვილებს სასამართლოს ყურადღებას სარჩელის ფოსტისათვის ჩაბარებისა და სასამართლოში რეგისტრაციის თარიღებზე, ასეც რომ არ იყოს, მოპასუხემ მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი შესაგებელი სასამართლოში წარადგინა 2013 წლის 16 მაისს (იხ. ტ.1, ს.ფ.108-119) და სარჩელის ხანდაზმულობაზე მიუთითა, სწორედ ამ ეტაპიდან გადავიდა მოსარჩელეზე ხანდაზმულობის წინააღმდეგ ყველა ფაქტის მითითებისა და შესატყვისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რაც მას შეეძლო და ევალებოდა განეხორციელებინა, თუმცა, ხანდაზმულობის ნაწილში, წერილობითი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარუდგენია, რაც მართებულად დაადგინა სააპელაციო სასამართლომ (იხ. ამ განჩინების 9.8 ქვეპუნქტი).

27. ზემოხსენებული მოტივაციით უარყოფილია მოსარჩელის საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დაშვება, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წინაპირობების არარსებობის გამო, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.

28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. W-s-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. W-s-ს (რეგისტრირებული პანამის საჯარო რესსტრში, მიკროფირზე 4-, დოკუმენტი N6-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი. ა-ის (პ/ნ 6-) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3665 ლარის (საკრედიტო საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2016 წლის 17 ნოემბერი), 70% – 2 565.5 (ორი ათას სამოცდახუთი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე