საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-579-554-2016 28 დეკემბერი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ვ. ვ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. მ-ი (მოსარჩელე)
მესამე პირი - ჯ. შ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფასთან დაკავშირებით, თეთრიწყაროს საქალაქო საბჭოს სახალხო დეპუტატთა აღმასკომის სხდომის 1989 წლის 24 ნოემბრის # 141 გადაწყვეტილებით, საქალაქო საბჭოს აღმასკომმა ა. ს-ის ძე ვ-ს (შემდეგში: მამკვიდრებელი, გამყიდველი ან მარწმუნებელი) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის, სახელმწიფო ფონდიდან გამოუყო 600 კვმ მიწის ნაკვეთი, თეთრიწყაროს რაიონში, ყ-ის ქ. # 19, როგორც მებოცვრეობის საბჭოთა მეურნეობის მძღოლს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების თანახმად, გამყიდველისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ფუნქცია და ფაქტიური ფართობი გაურკვევველია, სააღრიცხვო ბარათში გეგმა არ ინახება, შენობა-ნაგებობა აღრიცხული არ არის, ნაკვეთის ფართობის დოკუმენტებით 600 კვმ (# 1 ხელშეკრულება მიწის ნაკვეთის უვადო სარგებლობაში გადაცემის შესახებ, 18.05.1985წ, ნოტარიუსი მ-ი) მიწის ნაკვეთის მესაკუთრე/მოსარგებლედ მითითებულია გამყიდველი (იხ. ცნობა-დახასიათება, ტ.1, ს.ფ.20, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 02.04.2014წ. # 70812 წერილი - ს.ფ. 27).
2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის # 2/58-2013 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. ვ-ის განცხადება და ა. ს-ის ძე ვ-ი, დაბ. 22.03.1958წ., გამოცხადდა გარდაცვლილად. გარდაცვალების მოწმობის თანახმად, მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2014 წლის 9 იანვარს.
3. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე 2014 წლის 16 ივლისს ვ. ვ-ამ (შემდეგში: მოპასუხე, მემკვიდრე, აპელანტი ან კასატორი), როგორც მამკვიდრებლის კანონისმიერმა მემკვიდრემ - მეუღლემ, სსკ-ით დადგენილი წესით, ფაქტობრივი ფლობით მიიღო საკუთრების უფლება სამკვიდრო ქონებაზე. სამკვიდროს წარმოადგენს ქ. თეთრწყაროში, ყ-ის ქ. # 19-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, ფაქტიური ფართობით - 600 კვმ და სხვა უძრავ-მოძრავი ქონება, სადაც არ უნდა მდებარეობდეს და რისგანაც არ უნდა შედგებოდეს იგი, პასივები, აქტივები, მოთხოვნის უფლება და სხვა უფლებები, რომელიც მამკვიდრებელს ჰქონდა მესამე პირებთან ურთიერთობაში (იხ. სამკვიდრო მოწმობა- ტ.1, ს.ფ.42-45).
4. საჯარო რეესტრის 2014 წლის 22 ივლისის ამონაწერით დასტურდება, რომ თეთრწყაროში, ყ-ის 1, # 19-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 540 კვმ და შენობა-ნაგებობა # 1 (მშენებარე), საკუთრების უფლებით, რეგისტრირებულია ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში მითითებული მემკვიდრის საკუთრებად (ს.კ. 84.01.33.152). დასახელებული უძრავი ქონება აუდიტორული ფირმის 08.07.2014წ. დასკვნის თანახმად, შეფასებულია 5600 (ხუთი ათას ექვსასი) აშშ დოლარად (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ტ.1, ს.ფ. 80-81, აუდიტორული დასკვნები - ს.ფ. 46-48).
5. აწ გარდაცვლილმა მამკვიდრებელმა, თავის სიცოცხლეში, 1993 წლის 16 იანვარს გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე (რეესტრი # 58), თ. ა-ის ასულ მ-ს (შემდეგში: მოსარჩელე, მყიდველი ან რწმუნებული) 2 წლით, მიანიჭა სრული უფლება, მართოს და განაგოს მთელი მისი ქონება, რაშიც არ უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა მდებარეობდეს იგი, ამის შესაბამისად, დადოს კანონით ნებადართული ყოველგვარი გარიგება, კერძოდ: შეისყიდოს, გაასხვისოს, გააჩუქოს, მიიღოს საჩუქრად, გაცვალოს, დააგირავოს და მიიღოს გირაოდ შენობა და სხვა ქონება; ყველა ამ შემთხვევაში განსაზღვროს თანხა, ვადა და სხვა პირობები თავისი შეხედულებით, აწარმოოს ანგარიშები ყველა დადებულ გარიგებაზე, მიიღოს მემკვიდრეობა ან უარი განაცხადოს მასზე, მიიღოს მარწმუნებლისადმი კუთვნილი ქონება, ფული, ფასიანი ქაღალდები და აგრეთვე დოკუმენტები ყველა პირისაგან... აწარმოოს მარწმუნებლის სახელით საქმეები ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში, კორპორაციულ და საზოგადო ორგანიზაციაში, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები ყველა სასამართლო დაწესებულებაში ყველა იმ უფლებით, რაც კანონით მინიჭებული აქვს მოსარჩელეს, მოპასუხეს, მესამე პირს, დაზარალებულს, მათ შორის უფლებით, დაასრულოს საქმე მორიგებით, ცნოს ან უარყოს მთლიანად ან ნაწილობრივ სასარგებლო მოთხოვნები ქონების და ფულის მიღებაზე შეიტანოს ყოველგვარი განცხადებები და მოაწეროს ხელი მარწმუნებლის მაგიერ (იხ. მინდობილობა- ტ.1, ს.ფ. 17).
6. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 06.08.2014 წ. # 16/5133 წერილის თანახმად, ნოტარიუსთა პალატაში ნოტარიუს რ.ნ-ის მიერ 1993 წელს ნაწარმოებ სანოტარო აქტებში არ ინახება ამ ნოტარიუსის მიერ მარწმუნებელსა და რწმუნებულს შორის გაფორმებული მინდობილობა (რეესტრი # 58), რომელიც მე-5 პუნქტშია მითითებული.
7. საქმის მასალებში განთავსებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (შემდეგში: სტატისტიკის სამსახური) 18.11.2014წ. წერილი, რომლის თანახმად მანეთის, კუპონის და ლარის ინფლაციის გათვალისწინებით, 16.01.1993 წლის 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) რუსული რუბლი, 01.11.2014 წლის მდგომარეობით, შეადგენს 4 355, 35 (ოთხი ათას სამას ორმოცდათხუთმეტი ლარი და ოცდათხითმეტი თეთრი) ლარს.
8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) 12.02.2015წ. დასკვნის თანახმად, საქმეში განთავსებული 16.01.1993 წლით დათარიღებული ხელწერილის (იხ. ტ.1, ს.ფ.18) კვლევის შედეგად, დადგენილია, რომ ამ გადაწყვეტილების მე-5 პუნქტში მითითებულ მინდობილობაზე და აღნიშნულ ხელწერილზე ხელმოწერა შესრულებულია ერთი და იგივე პირის მიერ, ხოლო დასკვნის გაცემა საკითხზე, რუსულენოვანი ხელმოწერები, მამკვიდრებლის სახელით, განლაგებული სსრკ სიმბოლიკიანი პასორტის მიღების მიზნით რუსულენოვან განცხადება-ანკეტაზე (ფორმა #1) 16.04.1992 წ. თარიღით და ქორწინების ჩანაწერის # 6 აქტზე, 10.02.1981 წ. თარიღით, რიგით მე-13 გრაფაში „მექორწინეთა ხელის მოწერა (გვარი ქორწინებამდე)“ და დასკვნის პირველ პუნქტში აღწერილი ქართულ ენაზე შესრულებული ხელმოწერები შესრულებულია თუ არა ერთი და იგივე პირის მიერ, შეუძლებელია შეუსაბამობის გამო (დასკვნის პირველ პუნქტში აღწერილი ხელმოწერები შესრულებულია ქართულ ენაზე, ხოლო მეორე პუნქტში - რუსულ ენაზე და არ შეიცავენ შესადარებლად ერთნაირ წერით ნიშნებს საიდენტიფიკაციოდ).
9. საქმეში განთავსებული 16.01.1993 წლით დათარიღებული ხელწერილის საფუძველზე, დადგენილია, რომ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში მითითებულმა მამკვიდრებელმა რწმუნებულს (იხ. მე-5 პუნქტი) მიჰყიდა თეთრიწყაროს რაიონში, ყ-ის ქ. # 19-ში აშენებული პირველი სართულის კედლები, რაშიც რწმუნებულმა მარწმუნებელს გადაუხადა 150 000 რუსული რუბლი; ხელწერილს, მარწმუნებელსა და რწმუნებულთან ერთად, ხელს აწერენ ჯ. შ-ი და ლ. ა-ი.
10. სარჩელის მოთხოვნა და საფუძვლები
10.1. მყიდველმა 2014 წლის 22 ივლისს სარჩელი (იხ. სარჩელი თანდართული დოკუმენტაციით - ტ.1, ს.ფ.1-53) აღძრა გამყიდველის მემკვიდრის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის 9 906 (ცხრა ათას ცხრაას ექვსი) ლარის დაკისრება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით:
10.1.1. მარწმუნებელმა თავისი სიძის - ჯ. შ-ის დახმარებით, 16.01.1993 წელს შეიძინა ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში დასახელებული უძრავი ქონება მამკვიდრებლისაგან, რაც იმავე დღეს ხელწერილით გაფორმდა და გამყიდველს მყიდველმა გადაუხადა ქონების მაშინდელი საბაზრო ღირებულება 150 000 რუსული რუბლი. იმავე დღეს, გამყიდველმა მყიდველს მისცა მინდობილობა (იხ. მე-5 პუნქტი), რომლის საფუძველზე ამ უკანასკნელს შეეძლო მოეწესრიგებინა უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, მათ შორის, ქონების საბოლოო რეგისტრაცია მყიდველის საკუთრებად;
10.1.2. უძრავი ქონების შეძენისთანავე, მყიდველი ქონებას დაეუფლა თავის სიძესთან - ჯ. შ-თან ერთად და დღემდე ფლობს და სარგებლობს მისით. მყიდველს არასდროს ჰქონია იმის შიში, რომ შეძენილი უძრავი ქონება სადავო გახდებოდა. 1993 წლის მარტში ქონების გამყიდველი სამუშაოდ წავიდა ბიძასთან და აღარ დაბრუნებულა. ქონების გაფორმებასთან დაკავშირებით, მინდობილობით განსაზღვრულ ორწლიან ვადაში, მყიდველმა ვერ შეძლო ქონების გადაფორმება საკუთრებად, ამიტომ გამყიდველის ჩამოსვლამდე, ვერ გააგრძელებდა საბუთების მომზადებას, თუმცა, მარწმუნებლის ოჯახის წევრებს აღნიშნული არ გაუხდიათ სადავოდ;
10.1.3. ქონების მყიდველს გამყიდველის ოჯახის წევრებთან - მეუღლესთან და შვილებთან - სისტემატური კავშირი ჰქონდა, რომლებიც მისი დაბრუნების მოლოდინში იყვნენ. უშედეგო ლოდინის შემდეგ, გადაწყდა, რომ გამყიდველი სასამართლო გადაწყვეტილებით გამოცხადებულიყო გარდაცვლილად, ხოლო მისი მემკვიდრეები თავის სახელზე მიიღებდნენ მემკვიდრეობას და შემდეგ მოხდებოდა ქონების მყიდველზე გადაფორმება;
10.1.4. გამყიდველის ოჯახის წევრები ვერ იღებდნენ მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობას, ამიტომ მყიდველმა და მისმა სიძემ საკუთარი ხარჯით დაიქირავეს ადვოკატი რ. რ-ი, რომელიც დაეხმარებოდა გამყიდველის ოჯახს საჭირო დოკუმენტის აღებაში, რათა შემდეგ სამკვიდრო მოწმობა აეღოთ მემკვიდრეებს და უძრავი ქონება გადაფორმებულიყო მყიდველზე. გარდაცვალების მოწმობის მისაღებად საჭირო ყველა ხარჯი მყიდველმა გასწია და ამ უკანასკნელისავე დახმარებით შეიტანეს განაცხადი სამკვიდროს მისაღებად თეთრიწყაროს სანოტარო ბიუროში; მოგვიანებით გამყიდველის მემკვიდრეებმა მოითხოვეს თანხის დამატება, ხოლო შემდეგ მყიდველს უთხრეს, რომ არ აპირებდნენ ქონების მყიდველისათვის გადაფორმებას, რადგან მამკვიდრებელმა ქონების გაყიდვის შემდეგ, თანხის გარკვეული ნაწილი თვითონ აიღო და ოჯახისთვის არ მიუცია. აწ გარდაცვლილი მამკვიდრებლის ოჯახის წევრებმა კარგად იციან, რომ წლებია სადავო ქონების მფლობელი და მესაკუთრე არ არიან, ამიტომაც არ გამოჩენილან, რადგან სადავოდ არ ხდიდნენ ამ ფაქტს;
10.1.5. მყიდველის სიძემ სამშენებლო მასალაც მიიტანა სადავო ქონების ადგილზე, თუმცა, დღემდე ვერ ხერხდება მშენებლობა, რადგან საჭიროა ნებართვა, ხოლო საამისოდ კი უნდა მოხდეს ქონების რეგისტრაცია მესაკუთრეზე. დღეის მდგომარეობით, სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია მამკვიდრებლის მეუღლის (მოპასუხის) საკუთრებად.
11. მოპასუხის შესაგებელი
11.1. მოპასუხემ როგორც მოთხოვნის გამომრიცხველი, ისე მისი განხორციელების ხელისშემშლელი (ხანდაზმულობის) შესაგებელი წარადგინა და განმარტა (იხ. ტ.1, ს.ფ. 101-109):
11.1.1. არავითარი ხელწერილი არ არსებობს, თუკი ასეთი იარსებებდა, აუცილებლად ეცოდინებოდათ მამკვიდრებლის ოჯახის წევრებს. მოსარჩელის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილ სანოტარო აქტში თანხის შესახებ არაფერია ნათქვამი, ხოლო ხელწერილის წარმომავლობა საეჭვოა;
11.1.2. მოპასუხეს არავინ დახმარებია მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობის აღებაში. თუკი არსებობდა მყიდველზე გაცემული მინდობილობა, ის ორწლიანი იყო და ამ ვადაში რა მიზეზით ვერ გადაიფორმა ქონება მოსარჩელემ, გაუგებარია. იგი ცრუობს, სადავო ქონება ეკუთვნის მამკვიდრებლის ოჯახს, მას არასოდეს გაუყიდია ქონება, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ხელწერილი ყალბია;
11.1.3. აუდიტის დასკვნაში მითითებული ფასი არ შეესაბამება დღევანდელ ფასს.
12. მესამე პირის პოზიცია
12.1. საქმეში მესამე პირად ჩართულმა ჯ. შ-მა (მოსარჩელის სიძემ) მხარი დაუჭირა სარჩელს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
13. თეთრიწყაროს რაიოული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
13.1. თეთრიწყაროს რაიოული სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით მყიდველის სარჩელი დაკმაყოფილდა და, მის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისრა 5 600 (ხუთი ათას ექვსასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ასევე, სახელმწიფო ბაჟის - 298 (ორას ოთხმოცდათვრამეტი) ლარის ანაზღაურება.
13.2. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ გადაწყვეტილების 1-9 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 59-ე, 316-ე, 317-ე, 129-ე, 130-ე, 976-ე 1484-ე მუხლები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4, 102-ე, 103-ე და 105-ე მუხლები.
13.3. საქმეში წარდგენილი მინდობილობისა და ხელწერილის (იხ. მე-5 და მე-8 პუნქტები) საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და აწ გარდაცვლილ მამკვიდრებელს შორის დაიდო ფორმადაუცველი ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო მოპასუხეს აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარუდგენია, ასეთად კი ვერ იქნებოდა მიჩნეული მე-6 პუნქტში მითითებული ნოტარიუსთა პალატის წერილი, რადგან იგი შინაარსობრივად იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ პალატაში დაცული არ იყო ზემოხსენებული მინდობილობა და ნოტარიუსის მიერ ნაწარმოები ჟურნალები და არა იმ გარემოებას, რომ მე-5 პუნქტში მითითებული მინდობილობა არ გაფორმებულა.
13.4. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ 16.01.1993წ. ხელწერილი ყალბია და მასზე არსებული ხელმოწერა არ ეკუთვნის ქონების გამყიდველს, რადგან ასეთი მტკიცებულება საქმეში არ იყო წარდგენილი, ხოლო ამ გადაწყვეტილების მე-8 პუნქტში დასახელებული ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში მითითებულია, რომ 16.01.1993წ. მინდობილობასა და იმავე თარიღით შედგენილ ხელწერილზე შესრულებული ხელმოწერები ეკუთვნის ერთსა და იმავე პირს. სასამართლოს შეფასებით აღნიშნული დასკვნა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში იძლევა საფუძველს, რომ ხელმოწერა მამკვიდრებლის მიერ შესრულებულად იქნეს მიჩნეული.
13.5. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნით ნაწილში მითითებული გარემოებები ადასტურებენ, რომ ხელმოწერა არ ეკუთვნოდა მამკვიდრებელს. სასამართლომ მოპასუხის არც ის პოზიცია გაიზიარა, რომ აუდიტის დაკვნაში მითითებული ფასი არ შეესაბამებოდა უძრავი ქონების დღევანდელ ღირებულებას, ვინაიდან არც აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარუდგენია მხარეს სასამართლოსათვის.
13.6. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტზე მიუთითა, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა განაწილებულიყო, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაკისრებოდათ იმ ფაქტების დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურდათ, თავიანთი სასარჩელო მოთხოვნებისა და ამ მოთხოვნათა გასაქარწყლებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება.
13.7. სასამართლომ სსკ-ის 317-ე მუხლზე, 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტზე, 59-ე მუხლის პირველ ნაწილზე მიუთითა და განმარტა, რომ უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობისას იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შეესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას. ამდენად, სსკ-ის 976-ე მუხლი არეგულირებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემსრულებელი ახორციელებს ფაქტიურად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე.
13.8. სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, გამყიდველსა და მყიდველს შორის დაიდო ფორმადაუცველი გარიგება, რომლის საფუძველზე, ამ უკანასკნელმა გამყიდველს გადასცა 150 000 რუსული რუბლი უძრავი ქონების ღირებულების სახით. იქიდან გამომდინარე, რომ გარიგება არ წარმოადგენდა მხარეთა მიერ გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგებისათვის სათანადო საფუძველს, მყიდველის მიერ განხორციელებულმა შესრულებამ განაპირობა გამყიდველის უსაფუძვლო გამდიდრება და ამ უკანასკნელს წარმოეშვა უსაფუძვლოდ მიღებული ქონების დაბრუნების ვალდებულება, რაც 5 600 აშშ დოლარით უნდა განსაზღვრულიყო.
13.9. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 1484-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად მემკვიდრეები ვალდებული არიან, სრულად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში, თითოეულის წილის პროპორციულად. სასამართლომ მიუთითა, რომ სამკვიდრო მოწმობით, მამკვიდრებლის ქონება გადავიდა მის მეუღლეზე- მოპასუხეზე, რომელმაც მიიღო მამკვიდრებლის ქონება.
13.10. ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, სასამართლომ სსკ-ის 129-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მიუთითა, რომლის თანახმად ხანდაზმულობის საერთო ვადა 10 წელია, ხოლო 130-ე მუხლის საფუძველზე, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლომ იმსჯელა მოპასუხის მტკიცებაზე, რომ სარჩელი ხანდაზმული იყო და დაასკვნა, რომ გამყიდველის გარდაცვლილად გამოცხადებამდე (იხ. ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი), მოსარჩელეს არ შეეძლო მიემართა მისთვის, მოეთხოვა ვალდებულების შესრულება ან განესაზღვრა ვალდებულებებზე პასუხისმგებელი პირი. ასეთი შესაძლებლობა მას მამკვიდრებლის გარდაცვლილად გამოცხადების დროიდან მიეცა, ამ დროიდან წარმოეშვა მოთხოვნის უფლება და მიიღო რა შესრულებაზე უარი, კანონით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადაში - 2014 წლის 22 ივლისს მიმართა სასამართლოს, შესაბამისად, მოთხოვნა განხორციელებადი იყო.
14. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
14.1. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მემკვიდრემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით:
14.1.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მამკვიდრებელსა და მოსარჩელეს შორის 1993 წლის 16 იანვარს გაფორმდა მინდობილობა და „სახლის პირობებში შედგენილი“ ხელწერილი, რომლითაც თითქოსდა მამკვიდრებელმა მოპასუხეს მიჰყიდა სადავო უძრავი ქონება;
14.1.2. არც მინდობილობაში და არც ხელწერილში არ არის მითითებული უძრავი ნივთის მისამართი და ნასყიდობის ფასი. ხელწერილში მითითებულია, რომ გაყიდულია კედლები და არა მიწის ნაკვეთი. მინდობილობა არ არის დაცული ნოტარიუსთა პალატაში, ექსპერტიზის დასკვნით არ დგინდება, ვის ეკუთვნის ხელმოწერა, დაცული არ არის ხელშეკრულების დადების სტანდარტული ფორმა.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება და დასკვნები
15.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო პრეტენზია და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
15.2. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები, მათი სამართლებრივი შეფასება (სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტი) და დამატებით განმარტა, რომ გამყიდველსა და მყიდველს შორის ფორმადაუცველი ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, ამასთან, არ იყო გასაზიარებელი აპელანტის პოზიცია, რომ მოსარჩელეს არ გაუმჯობესებია სადავო ქონება, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ იგი ნივთს არ მიიჩნევდა თავისად. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ნივთის მოვლა-პატრონობა, მით უმეტეს, მისი გაუმჯობესება, არც აპელანტის მხრიდან დასტურდებოდა და იგივე ლოგიკით, შესაძლებელი იყო იმის მიჩნევაც, რომ არც აპელანტს (მემკვიდრეს) მიაჩნდა იგი თავის საკუთრებად, რადგან საქმის მასალებში არსებული ფოტოსურათებიდან აშკარად ჩანს, რომ სადავო ქონება მოუვლელია. სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელე ელოდებოდა კანონით დადგენილი წესით ქონების მასზე გადაფორმებას, ხოლო გარდაცვლილის მემკვიდრეები კი სადავო ქონებას საკუთრებად არ მიიჩნევდნენ.
15.3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები და განმარტა, რომ დაუსაბუთებელი იყო მოპასუხის მტკიცება, რომ გაყიდულია მხოლოდ სახლის კედლები, რადგან ამ გადაწყვეტილების მე-8 პუნქტში მითითებული ხელწერილის მიხედვით, უსაფუძვლოდ მიღებული, უნდა განსაზღვრულიყო ბათილი გარიგების საგნის ღირებულებით. სსკ-ის 1484-ე მუხლის შესაბამისად კი, მამკვიდრებლის მეუღლეს (მოპასუხეს) წარმოეშვა უსაფუძვლოდ მიღებული თანხის მოსარჩელისათვის დაბრუნების ვალდებულება.
15.4. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ასევე, ქვემდგომი სასამართლოს დასკვნა ხანდაზმულობასთან დაკავშირებით (იხ. ამ გადაწყვეტილების 13.10 ქვეპუნქტი) და დამატებით განმარტა, რომ მხარეები არ დავობდნენ, რომ უძრავი ქონების გამყიდველი გარიგების დადებიდან მალევე გაემგზავრა საზღვარგარეთ და იგი აღარ დაბრუნებულა. არც ერთი მტკიცებულებიდან არ იკვეთებოდა, რომ მოპასუხე მოსარჩელისაგან ითხოვდა ქონების დაბრუნებას.
15.5. სასამართლოს შეფასებით, სადავო ქონების ფიზიკური მდგომარეობა ადასტურებდა, რომ არც ამ ნივთის მესაკუთრეები ფლობდნენ ქონებას, ხოლო მოსარჩელის მიერ ქონების გაუმჯობესების განუხორციელებლობა შეიძლება იმით აიხსნას, რომ ამ უკანასკნელს არ ჰქონდა კანონით დადგენილი წესით გადაფორმებული ქონება და ჰქონდა მოლოდინი, რომ გამყიდველის დაბრუნების შემდეგ, გადაიფორმებდა ნაყიდ ქონებას და გამოუყენებდა მას სურვილისამებრ.
15.6. გამყიდველი გარდაცვლილად აღიარებულია 2013 წლის 15 ნოემბრიდან. სასამართლოს მსჯელობით, ის გარემოება, რომ გამყიდველის მემკვიდრეებმა არ გადაუფორმეს მყიდველს ქონება საკუთრებად და არც გადახდილი თანხა დაუბრუნეს, უნდა ჩაითვალოს მისი მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტად და შესაბამისად, შეუძლებელი იყო სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევა.
15.7. სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა იმ მომენტიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების საფუძველზე, მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ აღრიცხვის მიუხედავად, ფორმადაუცველი ბათილი გარიგების საფუძველზე, გამყიდველის მიერ მიღებული თანხის დაბრუნებას არ აპირებდა, ანუ 2014 წლის ივნისში. სარჩელი კი წარდგენილია იმავე წლის 22 ივლისს, რაც ადასტურებს, რომ მოთხოვნა არაა ხანდაზმული და განხორციელებადია, შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
15.8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელისათვის დასაბრუნებელი თანხის სტატისტიკის სამსახურის მონაცემების საფუძველზე (იხ. მე-7 პუნქტი) განსაზღვრის თაობაზე, რადგან აღნიშნული მტკიცებულება არ შეიცავდა კვლევას იმის თაობაზე, თუ რამდენად ეკვივალენტური იყო მითითებული თანხა გაყიდვის დროისათვის გაყიდული ქონების ღირებულებისა, ამდენად, სასამართლო ვერ იხელმძღვანელებდა ამ მონაცემებით.
16. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
16.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით:
16.2. საქმეში წარდგენილია 16.01.1993 წლით დათარიღებული ორწლიანი მინდობილობა, რომლის საფუძველზე, მოსარჩელეს მამკვიდრებელმა მიანიჭა უფლებამოსილება, ამ უკანასკნელის სახელით ემოქმედა უძრავი ქონების განკარგვის საკითხებზე. იმავე თარიღით, მოსარჩელის ხელით, ქართულ ენაზე შედგენილი ხელწერილით, სავარაუდოდ გამყიდველმა მყიდველს 150 000 რუსულ რუბლად მიჰყიდა მშენებარე სადავო ქონება. თუკი, მოსარჩელემ ნამდვილად შეიძინა უძრავი ქონება და გამყიდველს ნამდვილად გადაუხადა საფასური, მაშინ მყიდველს მინდობილობის მოქმედების ვადაში უნდა გადაეფორმებინა უძრავი ქონება. საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მინდობილობის მოქმედების ორწლიან ვადაში მყიდველმა შესაბამის ორგანოებს მიმართა შეძენილი ქონების საკუთრებად გადასაფორმებლად, მაგრამ მან გარკვეული მიზეზების გამო, ვერ გადაიფორმა ქონება (იხ. მოპასუხის იდენტური პოზიცია მის შესაგებელში სარჩელის მე-5 ფაქტობრივი გარემოების პასუხად - ტ.1, ს.ფ.103);
16.3. მოსარჩელემ წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.08.2013წ. გაცემული ცნობა-დახასიათება, რომლის მიხედვით, სადავო უძრავი ქონება აღრიცხულია გამყიდველის სახელზე. საქმის მასალებშია, ასევე, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ქორწინების მოწმობა, რომლის თანახმად გამყიდველი და მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1984 წლიდან, სადავო ქონება სწორედ ქორწინების განმავლობაშია შეძენილი და თანასაკუთრებას წარმოადგენს. უდავოა, რომ 16.01.1993წ. მამკვიდრებელმა მოსარჩელეზე გაასხვისა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ისე, რომ მოპასუხეს ამაზე თანხმობა არ განუცხადებია. კასატორი უთითებს სსკ-ის 1158-1160 მუხლებზე;
16.4. საქმეზე დაკითხულ მოწმეთაგან არც ერთს დაუდასტურებია მოსარჩელის მიერ გამყიდველისათვის თანხის გადაცემის ფაქტი. მოწმეებმა განმარტეს, რომ მოსარჩელე არასდროს უნახავთ სადავო ქონების ადგილზე;
16.5. საქმეში წარდგენილი სტატისტიკის სამსახურის ცნობით, 2014 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, 150 000 რუბლის ეკვივალენტურია 4 355, 35 ლარი;
16.6. საქმეში წარდგენილი აუდიტორული დასკვნით, სადავო ქონების საბაზრო ღირებულებაა 5 600 აშშ დოლარი. მოსარჩელის მიერ წარდგენილი ხელწერილი სადავოა და საეჭვო, რადგან არ არსებობს მტკიცებულება, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა ეკუთვნის გამყიდველს და უშუალოდ მან დაწერა ხელწერილი;
16.7. მოსარჩელე კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის ამოწურვისა და 22 წლის შემდეგ, მოპასუხისაგან ითხოვს არა 150 000 რუსული რუბლის ეკვივალენტური თანხის ეროვნულ ვალუტაში - 4 355,35 ლარის დაბრუნებას, არამედ მშენებარე საცხოვრებელი სახლისა და 600 კვმ მიწის ნაკვეთის დღევანდელი საბაზრო ღირებულების - 5 600 აშშ დოლარის გადახდას;
16.8. სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში საბჭოთა სამოქალაქო კოდექსის 48-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ ბათილია გარიგება, რომელიც კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამება, ბათილი გარიგების თითოეული მხარე მოვალეა, დაუბრუნოს მეორე მხარეს ყველაფერი, რაც გარიგებით მიიღო, ხოლო თუ მიღებულის ნატურად დაბრუნება შეუძლებელია, აუნაზღაუროს მისი ღირებულება ფულად, თუ კანონში არ არის გათვალისწინებული გარიგების ბათილობის სხვა შედეგები. სააპელაციო სასამართლომ, ასევე განმარტა მოქმედი სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტი და კასატორი ჩათვალა უსაფუძვლოდ გამდიდრებულად, 22 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად, მამკვიდრებლის მიერ ფორმადაუცველი გარიგების საფუძველზე (სავარაუდოდ) აღებული 150 000 რუსული რუბლის მოსარჩელისათვის დაბრუნება დაავალა მოპასუხეს, თუმცა, არ გაითვალისწინა სტატისტიკის სამსახურის მონაცემები და გასაჩივრებული განჩინებით მხარისათვის 5 600 აშშ დოლარის დაკისრებით, მოპასუხემ უნდა გადაუხადოს მოსარჩელეს თანხა, რომელიც ამ უკანასკნელს რეალურად არასდროს გადაუხდია, ამდენად, უსაფუძვლოდ გამდიდრებული სწორედ მოსარჩელე გამოდის. თუკი სტატისტიკის სამსახურის მონაცემები არ არის სასამართლოსთვის უტყუარი მტკიცებულება, მაშინ რატომ არის ასეთი მტკიცებულება აუდიტორული დასკვნა, რომლის საფუძველზე მოპასუხეს 5 600 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა;
16.9. კასატორი უთითებს სსკ-ის 129-130 მუხლებზე და 143-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ნივთი რომლის მიმართაც არსებობს სანივთო მოთხოვნა უფლებამონაცვლეობის გზით მესამე პირის მფლობელობაში აღმოჩნდება, მაშინ უფლებრივი წინამორბედის მფლობელობაში გასული ხანდაზმულობის ვადა გამოიყენება აგრეთვე უფლებამონაცვლის მიმართაც. სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რამე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, უკან დაბრუნება გამორიცხულია, თუ გავიდა ხანდაზმულობის ვადა. პირველი ინსტანციის სასამართლოს, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ეხელმძღვანელა სწორედ სსკ-ის 143-ე მუხლით დადგენილი წესით. მოსარჩელის მოთხოვნაზე მსჯელობისას, სასამართლოს ათწლიანი ვადა უნდა აეთვალა არა მამკვიდრებლის გარდაცვლილად გამოცხადების დღიდან, არამედ - 1995 წლის 16 იანვრიდან, როდესაც მყიდველისათვის მინიჭებული მინდობილობის ვადა ამოიწურა. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ხანდაზმულია და სწორედ ამ მოტივით უნდა გაეუქმებინა სააპელაციო სასამართლოს ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება და უარი ეთქვა მოსარჩელის ხანდაზმული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
17.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 4 ივლისის განჩინებით წარმოებაში მიიღო მოპასუხის საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად, ხოლო იმავე წლის 28 სექტემბრის განჩინებით დასაშვებად ცნო საკასაციო განაცხადი დასახელებული ნორმის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
18. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს დასაბუთებული შედავება აქვს წარმოდგენილი.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
20. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ „სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლებრივი ნორმის მისადაგება სასამართლოს პრეროგატივაა, ამ შემთხვევაში მთავარია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესატყვისი მტკიცებულებებით გამყარება, რაც მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მიუთითებლობის შემთხვევაშიც ან არასწორად მითითების დროსაც კი, მოწინააღმდეგის პოზიციისა და საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობით გაანალიზებისა და შეჯერების შედეგად, სასამართლოს კვლევისა და იურიდიული შეფასების საგანია (იხ. სუსგ- # ას-493-473-2016, 14.12.2016წ;(იხ. სუსგ- # ას-493-473-2016, 14.12.2016წ; ასევე შდრ. სუსგ-ებს # ას-1224-1149-2015, 20.05.2016წ.; #ას-920-870-2015, 09.06.2016წ.; #ას-101-97-2016, 15.07.2016წ.; #ას-195-183-2014, 21.10.2016წ.).
21. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში სამართლებრივად უნდა შეფასდეს, თუ რა სახის ურთიერთობა წარმოიშვა მოსარჩელესა და მოპასუხის აწ გარდაცვლილ მეუღლეს (მამკვიდრებელს, სამკვიდროს დამტოვებელს) შორის სადავოდ გამხდარი ქონების შესახებ ფორმადაუცველი გარიგების დადებით. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1997 წლიდან ამოქმედებული რედაქციის მიხედვით მოქმედ ნორმებს, კერძოდ, უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელ 991-ე მუხლს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 1507-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმად „სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს“.
22. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გამყიდველსა და მყიდველს შორის 1993 წელს ფორმადაუცველი ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო; გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მსჯელობა, რომელიც ეხება 1964 წლის რედაქციის სამოქალაქო სამართლოს კოდექსის შესაბამის მოწესრიგებას, გასაზიარებელია, კერძოდ: სააპელაციო სასამართლო განმარტავს: „განსხვავებით დღეს მოქმედი ნორმებისა, რომელიც უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემის ან შეძენისათვის მარტივ წერილობით ფორმას ითვალისწინებს (სსკ-ის 323-ე მუხლი), სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად, ქალაქში ან ქალაქის ტიპის დაბაში მდებარე საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადასტურებული უნდა ყოფილიყო სანოტარო წესით და უნდა დარეგისტრირებულიყო სახალხო დეპუტატების ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში სამი თვის ვადაში სანოტარო წესით დადასტურების დღიდან. ამ მუხლით დადგენილი წესების დაუცველობა იწვევს საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის) ხელშეკრულების ბათილად ცნობას, ამავე კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამება, ბათილი გარიგების თითოეული მხარე მოვალეა დაუბრუნოს მეორე მხარეს ყველაფერი, რაც გარიგებით მიიღო, ხოლო როცა მიღებულის ნატურად დაბრუნება შეუძლებელია, აუნაზღაუროს მისი ღირებულება ფულად. თუ კანონში არ არის გათვალისწინებული გარიგების ბათილობის სხვა შედეგები“. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გარიგების დადების დროისათვის (1993 წელი) „საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის ხელშეკრულება დადასტურებული უნდა ყოფილიყო რთული წერილობითი ფორმით - დადასტურებული სანოტარო წესით, ამ წესების დაუცველობა გარიგებას ბათილ გარიგებად აქცევდა“ (იხ. ამ გადაწყვეტილების 15.2. ქვეპუნქტი, ასევე სააპელაციო სასამართლოს განჩინება - ტ.2, ს.ფ. 107).
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-9 პუნქტში მითითებული ხელწერილის შინაარსის სამართლებრივ შეფასებას საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის საფუძველზე მივყავართ დასკვნამდე, რომ მყიდველის მტკიცების გაზიარების შემთხვევაშიც, რომ მან აწ გარდაცვლილი მამკვიდრებლისაგან იყიდა სახლი, აღნიშნულიც კი სადავო ხდება, რადგან მოხმობილი ნორმის მიხედვით, მხარეთა შორის გარიგების დადების დროისათვის მოქალაქეს არ ჰქონდა უფლება გაესხვისებინა მშენებარე სახლი სახალხო დეპუტატების რაიონული, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ნებართვის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახლი იყიდება მასალად. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ მხარეთა შორის ნამდვილი ხელშეკრულება, რომელიც წარმოშობდა ნასყიდობის სამართლებრივ შედეგებს, არ დადებულა, შესაბამისად, უნდა შემოწმდეს ბათილი გარიგების საფუძველზე გადაცემულის უკან დაბრუნების მოთხოვნის საფუძვლიანობა. ამ კონტექსტში კი მოპასუხემ მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითა.
24. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე: მოთხოვნის განხორციელებადობა (ხანდაზმულობა), მოთხოვნის წარმოშობისა და მისი გამომრიცხავი გარემოებების შემოწმების შემდეგ უნდა იქნეს განხილული. შესაბამისად, თუ მოთხოვნა არ წარმოშობილა, ან შემდგომში შეწყდა, სწორედ ამ საფუძვლით, და არა ხანდაზმულობით, უნდა იქნეს უარყოფილი სარჩელი (იხ. სუსგ # ას-197-187-2016, 12.07.2016წ.). განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობისა და სამართლებრივი შეფასების საგანია ის გარემოება, რომ ბათილი გარიგების საფუძველზე გადაცემული თანხის (ნასყიდობის საფასურის) დაბრუნების ვალდებულება წარმოეშვა თუ არა მამკვიდრებლის მემკვიდრეს, რომელიც მოცემულ დავაში მოპასუხეა, რადგან მისგან მოსარჩელე ითხოვს 1993 წლის ბათილი გარიგების საფუძველზე გადაცემული ქონების ღირებულების დაბრუნებას.
25. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე უარყოფს უძრავი ქონების გაყიდვას მისი მეუღლის მიერ და, შესაბამისად, ნასყიდობის საფასურის მიღებას, მან შესაგებლის წარდგენის ეტაპზე არა მხოლოდ მოსარჩელის მოთხოვნის გამომრიცხველ გარემოებებზე მიუთითა, რაც ქვემდგომმა სასამართლოებმა არ გაიზიარეს, არამედ - მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც, შესაბამისად, სწორედ ამ ნაწილში მიაჩნია საკასაციო სასამართლოს, რომ მიუხედავად მოსარჩელის მოთხოვნის უფლების არსებობისა (დაიბრუნოს სადავო ქონების /მასალის/ შესაძენად გადაცემული თანხა), იგი განხორციელებადი აღარ არის მისი ხანდაზმულობის გამო.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა ფაქტია და არა სამართლებრივი შეფასება და, შესაბამისად, მოპასუხემ, რომელმაც მიუთითა მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელ ფაქტობრივ გარემოებაზე, ამით სადავო გახადა სასარჩელო მოთხოვნის განხორციელებადობა. ამ ფაქტზე მითითების შემდეგ, სასამართლო ვალდებულია ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლიოს სასარჩელო მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებები, რაც დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, არ გულისხმობს ხანდაზმულობის მითითებისას კონკრეტული თარიღის ზუსტად დასახელებას, რადგან საკმარისია მოვალე შეედავოს კრედიტორს, რომ მისი მოთხოვნა დაგვიანებულია.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივად უნდა შეფასდეს რა მოთხოვნის უფლება არსებობდა მამკვიდრებლის მიმართ და რა სახით გადავიდა იგი მემკვიდრეზე, რომელიც განსახილველ დავაში მოთხოვნის უფლების მქონე მოსარჩელის პროცესუალური მოწინააღმდეგეა, ანუ მოპასუხეა.
28. როგორც ქვემდგომმა სასამართლოებმა მართებულად დაადგინეს გამყიდველსა (მამკვიდრებელს) და მყიდველს (მოსარჩელეს) შორის 1993 წელს დადებული გარიგება, მისი ფორმის დაუცველობის გამო ბათილია. სასამართლოებმა ასევე დაადგინეს, რომ მყიდველმა გამყიდველს 16.01.1993 წელს გადაუხადა 150 000 რუსული რუბლი, სწორედ ამ თანხის დაბრუნება მოითხოვა მოსარჩელემ მემკვიდრისაგან, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაფუძნებული გადაანგარიშებით.
29. დადგენილია ისიც, რომ ე.წ. მყიდველს არ გამოუყენებია მისთვის მინიჭებული რწმუნების 2-წლიან ვადაში შეძენილი ქონების გადაფორმების შესაძლებლობა. საკასაციო სასამართლო ამ გადაწყვეტილების 22-ე პუნქტში განვითარებული მსჯელობის საფუძველზე განმარტავს, რომ მხარეთა შორის გარიგების დადების დროისათვის მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით აკრძალული იყო დაუმთავრებელი საცხოვრებელი სახლის მოქალაქის მიერ გასხვისება, ამასთან, მოსაჩელეს არ მიუთითებია, რომ მინიჭებული მინდობილობის ფარგლებში იგი ცდილობდა იმხანად მოქმედი კანონის საფუძველზე შესაბამისი ნებართის მოპოვებას მშენებარე სახლის შესაძენად, მხოლოდ იმას აღნიშნავდა, რომ ვერ მოახერხა ქონების გადაფორმება (იხ. 10.1.2 ქვეპუნქტი).
30. ზემოხსენებულიდან გამომდინარე არანამდვილი (ბათილი) გარიგების საფუძველზე გამყიდველისათვის (აწ გარდაცვლილი მამკვიდრებლისათვის) გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დაწყების ათვლის წერტილად მიჩნეულ უნდა იქნეს მხარეთა შორის გარიგების დადების მეორე დღე - 1993 წლის 17 იანვარი (ადრე მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 73-ე მუხლით „ვადის მიმდინარეობა დაიწყება კალენდარული თარიღის მომდევნო დღიდან ან იმ მოვლენის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი“). 1993 წლის 16 იანვრის ხელწერილის თანახმად, სახლის პირველ სართულზე აშენებული კედლები გაჰყიდა აწ გარდაცვლილმა მამკვიდრებელმა, თუმცა, ამ უკანასკნელს დაუმთავრებელი სახლის გასხვისების უფლება არ ჰქონდა(იხ. ხელწერილი- ტ.1, ს.ფ.18). სამოქალაქო სამართლის კოდექსის იმხანად მოქმედი რედაქციით, კერძოდ, 75-ე მუხლი ადგენდა სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადას იმ პირის უფლების დასაცავად, რომლის უფლებაც დაირღვა 3 (სამი) წლით, ხოლო მე-80 მუხლით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დასაწყისად მიიჩნეოდა სარჩელის უფლების წარმოშობის დღე; ხოლო სარჩელის უფლება წარმოიშობოდა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა.
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მტკიცების საწინააღმდეგოდ, რომ მან მამკვიდრებლის გარდაცვლილად გამოცხადების შემდეგ აღძრა სარჩელი, რადგან შეიტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, რაც არამართებულად არის გაზიარებული გასაჩივრებული განჩინებით (იხ. ამ გადაწყვეტილების 15.6 და 15.7 ქვეპუნქტები), რადგან საცხოვრებელი სახლის გასხვისების წინაპირობებს სამოქალაქო სამართლის კოდექსი განსაზღვრავდა 239-ე და 240-ე მუხლების საფუძველზე, ხოლო 48-ე მუხლით ბათილად მიიჩნეოდა გარიგება, რომელიც კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, ამასთან, „ბათილი გარიგების თითოეული მხარე მოვალეა დაუბრუნოს მეორე მხარეს ყველაფერი, რაც გარიგებით მიიღო, ხოლო როცა მიღებულის ნატურით დაბრუნება შუძლებელია, აუნაზღაუროს მისი ღირებულება ფულად, თუ კანონში არ არის გათვალისიწნებული გარიგების ბათილობის სხვა შედეგი“. ამდენად, იმხანად მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის საფუძველზე, მყიდველის უფლება სარჩელზე, მოეთხოვა ბათილი (უკანონო) გარიგების საფუძველზე გამყიდველისათვის გადახდილი თანხის დაბრუნება, წარმოიშვა 1993 წლის 17 იანვარს, რაც ხანდაზმული გახდა 1996 წლის 18 იანვარს, რადგან საცხოვრებელი სახლის თაობაზე დადებული გარიგების ბათილობას (არანამდვილობას) კანონი ადგენდა, საიდან გამომდინარეც გამყიდველისათვის გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნა მყიდველს (მოსარჩელეს) შეეძლო 1996 წლის 18 იანვრის ჩათვლით, რაც მას არ განუხორციელებია. იმის გათვალისწინებით, რომ კანონი ადგენს გარიგების ბათილობის წინაპირობებს და მისი არცოდნა არც ერთ პირს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან, ამასთან, მყიდველს გაყიდველისაგან მინიჭებული 2-წლიანი რწმუნებულებით (1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 67-70-ე მუხლები) ჰქონდა ფართო უფლებამოსილება, მათ შორის, ამ უკანასკნელის სახელზე რიცხული ქონების განკარგვისა და მასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების ჩათვლით, რაც მოსარჩელეს იმის შესაძლებლობასაც ანიჭებდა, რომ რადგან დაუმთავრებელი სახლი (პირველი სართულის კედლები) შეიძინა, გარიგების ნამდვილობის მიზნით მოეპოვებინა იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დადგენილი შესაბამისი ნებართვა. რწმუნებულების 2-წლიანი ვადის განმავლობაში, მყიდველს (მოსარჩელეს) შეეძლო ამ დოკუმენტის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოეწესრიგებინა 1993 წლის 16 იანვრის ხელწერილში მითითებული მშენებარე სახლთან დაკავშირებული საკითხები, რაც მას არ გაუკეთებია.
32. მყიდველის მიერ ბათილი გარიგების საფუძველზე გამყიდველისათვის გადახდილი თანხის მოთხოვნა ხანდაზმული გახდა ჯერ კიდევ 1996 წლის 18 იანვარს, შესაბამისად, მოსარჩელის (კრედიტორის) მოთხოვნა ხანდაზმული იყო როგორც სამკვიდროს დამტოვებლის (მამკვიდრებლის), ისე მის მემკვიდრეთა მიმართ. კრედიტორის მიერ აღძრული სარჩელის საპასუხოდ მემკვიდრის მიერ წარდგენილი ხანდაზმულობის შესაგებელმა შეუძლებელი გახადა სარჩელის დაკმაყოფილება, რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და მყიდველის სარჩელის უარყოფის საფუძველია.
33. განსახილველ შემთხვევაში 1993 წლიდან (ფორმადაუცველი გარიგების დადების დროიდან) 2014 წლამდე, 21 წლის მანძილზე მოსარჩელეს არავითარი მოთხოვნა არ წაუყენებია არც გამყიდველისათვის, არც მისი ოჯახის წევრებისათვის. საკასაციო სასამართლო კატეგორიულად არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც წინამდებარე გადაწყვეტილების 15.2. და 15.5 ქვეპუნქტებშია ასახული, რადგან ქონების მოუვლელობა არ უკარგავს პირს მასზე საკუთრების უფლებას, თუკი განხორციელებული არ არის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წინაპირობები (სსკ-ის 184-ე მუხლი) და დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ბათილი გარიგების საფუძველზე უძრავი ქონების შემძენს ჰქონდა მოლოდინი, რომ გამყიდველის დაბრუნების შემდეგ, გადაიფორმებდა ნაყიდ ქონებას და გამოიყენებდა მას სურვილისამებრ.
34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, „ამ ნორმით დადგენილი წესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების თაობაზე საყოველთაოდ აღიარებული პრინციპია და იგი მომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის პირველი პუნქტიდან, რომლის ძალითაც მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. კანონის დანაწესი, რომ არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს, გულისხმობს იმას, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, მიუხედავად დოკუმენტის გამცემი ორგანოს კომპეტენციისა, შემოწმებული და გამოკვლეული უნდა იქნეს სასამართლოს მიერ. აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-5 მუხლებიდანაც, რომლებიც შეჯიბრებითობისა და მართლმსაჯულების განხორციელებისას სასამართლოს წინაშე მხარეთა თანასწორობის პრინციპებს განამტკიცებენ. სამართალწარმოების მხარის უფლება, წარადგინოს თავისი არგუმენტაცია და მტკიცებულებები განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, იმავდროულად, წარმოშობს სასამართლოს ვალდებულებას, ამ მტკიცებულებათა დასაშვებობისა და განკუთვნადობის პრინციპით მიღებაზე და შემდეგ მისი კანონით დადგენილი წესით შემოწმებასა და შეფასებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ, ვინაიდან სამართალწარმოების მხარეები სარგებლობენ სამართლებრივ საშუალებათა თანასწორობის პრინციპით, ხოლო სასამართლოსათვის წინასწარ არც ერთი მტკიცებულების მნიშვნელობა და უპირატესი იურიდიული ძალა არ არის დადგენილი, სადავოობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, ფაქტობრივად კი ვალდებული, შეამოწმოს მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების უტყუარობა ამ ფაქტების საწინააღმდეგოდ მოდავე მხარის მიერ წარმოდგენილ ფაქტებთან ურთიერთშეჯერებით და, შესაბამისად, შეფასება მისცეს მათ: გაიზიაროს ან არ გაიზიაროს მტკიცებულებით დადასტურებული ესა თუ ის ფაქტობრივი გარემოება. მართალია, განსახილველ შემთხვევაში თ. ბ-ას არ წარმოუდგენია საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება, მაგრამ აღნიშნული განსახილველი საკითხის სამართლებრივ შედეგებს არ ცვლის. ზემოდასახელებული ნორმების გამო, სასამართლო ვალდებული იყო, წარმოდგენილი სადავო მტკიცებულებები ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოეკვლია.... სამოქალაქო კანონმდებლობა სხვადასხვა ტიპის ვადებს იცნობს. მათ შორისაა, სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომელიც სხვა ვადებთან ერთად გულისხმობას უფლების დაცვის -ხანდაზმულობის ვადებს. სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვნის იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდია ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა. ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან, ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორცილებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს (იხ. სუსგ # ას-988-1021-2011, 15.112011წ.).
35. სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შდრ. სუსგ 11.06.2012 საქმე №ას-547-515-2012).
36. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება რაიმე დროით შეზღუდული არ არის. პირს ყოველთვის შეუძლია წარადგინოს მოთხოვნა მაშინაც კი, როცა ხანდაზმულობის ვადა გასულია. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია ვადის ათვლის დაწყების მომენტის განსაზღვრა, რაც მოვალის მიერ ხანდაზმულობის ფაქტზე მითითების შემთხვევაში სასამართლოს გამოსაკვლევი და დასადგენია.
37. განსახილველ შემთხვევაში სარჩელს წარმატების პერსპექტივა არ გააჩნია, რადგან ფორმადაუცველი გარიგების საფუძველზე, მამკვიდრებლისათვის 16.01.1993 წელს გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნა ხანდაზმული გახდა იმხანად მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ. რედაქციის) 78-ე მუხლის ხანდაზმულობის სპეციალური 3-წლიანი ვადის გასვლისთანავე, ანუ 1996 წლის 18 იანვარს, ამდენად, იგი დაგვიანებული და განუხორციელებადია.
38. კასატორი (მოპასუხე) სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლებულია, ხოლო მოსარჩელის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის შესახებ მითითებულია წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვ. ვ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. თ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. კასატორი სახელწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
5. თ. მ-ს (პ/ნ 0..) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის, 504 (ხუთას ოთხი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა;
6. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;
7. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე