საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-291-275-2017 16 ივნისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ჟ. რ-ე, ა. ყ-ე, ზ. რ-ე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარეები – ბ. ი-ე, კ. კ-ძე, თ. ხ-ი, ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა (მოსარჩელეები)
თავდაპირველი მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრა, მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა.(ა).ი.პ „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა“ (შემდეგში:მოსარჩელე ორგანიზაცია, მოიჯარე, ააიპ) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 2013 წლის 31 იანვრიდან (ს/კ 445420697) და მის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირები არიან: თავმჯდომარე- რ. კ-ე, ხოლო გამგეობის წევრები - ბ. ჯ-ი, გ. მ-ე, ი. გ-ე, დ. შ-ე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 24-ე, 26-29-ე მუხლები).
2. ზემოხსენებულ ააიპ-ს ქ. ქობულეთში, რ-ის ქ. # 33-ში გახსნილი აქვს და დღემდე ფუნქციონირებს პანსიონი, რომელიც მიზნად ისახავს აჭარის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები მუსლიმი მოსწავლეებისათვის განათლების მიღების ხელშეწყობას. პანსიონში ძირითადად აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან ჩამოსული მუსლიმი ბავშვები ცხოვრობენ, რომლებიც სწავლობენ ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში, ხოლო სკოლისგან თავისუფალ დროს ცხოვრობენ პანსიონში და სწავლობენ რელიგიას.
3. ბ. ი-ე, კ. კ-ძე, თ. ხ-ი (შემდეგში: ააიპ-სთან ერთად მოსარჩელეებად წოდებულნი) მუსლიმი თემის წარმომადგენლები არიან, მათგან ბ. ი-ე ქ. ქობულეთში, რ-ის ქ. # 33-ში მდებარე პანსიონის მასწავლებელია; კ. კ-ძე წლების მანძულზე სწავლობდა ამ პანსიონში და ამჟამად აქვეა დასაქმებული; თ. ხ-ს, როგორც მუსლიმი თემის წარმომადგენელს, სურს, რომ მისმა არასრულწლოვანმა შვილმაც მუსულმანური სწავლა მიიღოს.
4. ჟ. რ-ე, ა. ყ-ე, ზ. რ-ე (შემდეგში - მოპასუხე ფიზიკური პირები, აპელანტები, კასატორები) ცხოვრობენ ქ. ქობულეთში, ლ-ის ქ. # 13 ში მდებარე შპს „M--“-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მომიჯნავედ და წარმოადგენენ მართლმადიდებელ ქრისტიანებს.
5. ქ. ქობულეთში, ლ-ის ქ. N13 მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეს - შ.პ.ს. „M--“ დირექტორს მ. ბ-სა და მოსარჩელე ორგანიზაციის თავმჯდომარეს შორის, 2014 წლის პირველ აგვისტოს, დაიდო უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე ქონება გადაეცა მოიჯარეს (სსკ-ის 581-ე მუხლი).
6. აღნიშნული შენობა, მუსლიმი მოსწავლეებისთვის პანსიონის გახსნისა და კეთილმოწყობის მიზნით, გარემონტდა და სათანადო ინვენტარით აღიჭურვა.
7. 2014 წლის 10 სექტემბერს, სასწავლო პროცესის დაწყებამდე 5 დღით ადრე, პანსიონატთან შეკრებილი მიტინგის მონაწილეებმა, რომელთა შორის ამ განჩინების მე-4 პუნქტში დასახელებული მოპასუხეები იყვნენ, პანსიონის ფუნქციონირების ხელშეშლის მიზნით ჩახერგეს შესასვლელი, ხოლო შენობის კარზე პირუტყვის (ღორის) თავი ჩამოკიდეს.
8.არსებული დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, 2014 წლის 10 სექტემბიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგში - მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო) შენობასთან მუდმივი პატრულირება დააწესა.
9. სარჩელის საფუძვლები:
9.1. 2014 წლის 11 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს მოსარჩელე ორგანიზაციის წარმოადგენლებმა (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი) წინამდებარე განჩინების მე-7-8 პუნქტებში მითითებული სუბიექტების წინააღმდეგ და მოითხოვეს:
9.1.1. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალოს მუსლიმი მოსწავლეებისათვის განკუთვნილი პანსიონის გახსნისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრა და პანსიონის შენობის წინ აღმართული ხელოვნული ბარიერის მოხსნა, ხოლო დანარჩენ მოპასუხეებს - პანსიონის ფუნქციონირებისათვის ხელშეშლის შეწყვეტა და მასთან დაკავშირებული პირებისათვის უსაფრთხო საქმიანობის უზრუნველყოფა;
9.1.2. მოპასუხეებს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება - ერთი ლარის ოდენობით.
9.2. მოსარჩელეებმა მიუთითეს წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში აღწერილ გარემოებებზე და განმარტეს, რომ მოპასუხეები პანსიონის წინააღმდეგ მიმართული აქციების ორგანიზატორები არიან. მათ მიერ ორგანიზებული ჯგუფი ახორციელებდა დაწესებულების თანამშრომლების დევნას რელიგიური ნიშნით, ხელს უშლიდა პანსიონში რემონტის ჩატარებისა და ინვენტარის შემოტანის პროცესს, არ მისცეს შესაბამის სამსახურს ობიექტის წყალკანალზე მიერთების საშუალება, არ უშვებდნენ შენობაში თანაშრომლებს და ა.შ.
9.3. მოსარჩელეთა განმარტებით, პანსიონის გახსნა 2014 წლის 15 სექტემბრისთვის იგეგმებოდა, მაგრამ იმავე წლის 10 სექტემბერს, პანსიონის შესასვლელთან, მოპასუხეებმა პირუტყვი დაკლეს და ცხოველის თავი შენობის კარზე მიაჭედეს, პანსიონის წინ კი რკინის ჯვარი აღმართეს. ამ დროიდან მოყოლებული, ადგილობრივი მოსახლეობის ორგანიზებული ჯგუფი მუდმივად მორიგეობს პანსიონის შენობასთან და ახორციელებს შენობის ტერიტორიაზე კონტროლს და ზღუდავს თავისუფალი გადაადგილების უფლებას, ხოლო ეზოში შესასვლელი გზა ხის კონსტრუქციებითა და მანქანის საბურავებით ჩახერგეს. 15 სექტემბერს მუსლიმი მოსწავლეები გამოცხადნენ სწავლის დასაწყებად, ადმინისტრაცია კი დაწესებულების საზეიმოდ გახსნისთვის ემზადებოდა, თუმცა, ადგილობრივმა მოსახლეობამ მათ შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს და აქციის მონაწილეები ისლამოფობიურ დამოკიდებულებას გამოხატავდნენ მუსლიმების მიმართ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, თუმცა, არ აღუკვეთავს აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედება. ამ მოვლენების შემდეგ პოლიციის ჯგუფი პერმანენტულად მორიგეობს პანსიონის შენობასთან და ახორციელებს სიტუაციის მონიტორინგს, მაგრამ სიტყვიერ გაფრთხილებასაც კი არ აძლევს სამართალდამრღვევებს, პირად ურთიერთობებში კი ლოიალობას ავლენს მოპასუხეთა მიმართ.
10. მოპასუხის შესაგებელი:
10.1. მოპასუხეებმა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და მათი მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
11.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
11.1.1. მოპასუხე ფიზიკურ პირებს დაევალათ, შეწყვიტონ ქ. ქობულეთში, ლ-ის ქ. # 13-ში მდებარე მოსარჩელე ორგანიზაციის მართლზომიერ სარგებლობაში არსებული ქონების თავისუფალი სარგებლობის, მათ შორის, აღნიშნულ შენობაში მუსლიმი მოსწავლეებისათვის განკუთვნიოი პანსიონის გახსნისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, განგრძობადი დისრიმინაციული ქმედების აღმოფხვრა, კერძოდ, მოპასუხეებს დაევალათ, შეწყვიტონ პანსიონის გახსნისა და ფუნქციონირებისათვის ხელშეშლა, რაც მათ შორის გამოიხატება პანსიონთან დაკავშირებული პირების მიმართ საკუთრების უფლებით სარგებლობის, პანსიონში შესვლისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების თავისუფლების ხელშეშლის შეწყვეტაში;
11.1.2. მოპასუხე ფიზიკურ პირებს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრათ მორალური ზიანის - 1 ლარის ანაზღაურება.
11.1.3. დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეებს უარი ეთქვათ.
11.2. სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გამოიკვლია და უდავოდ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებანი, დაადგინა 5-8 პუნქტებში აღწერილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები და დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ (შემდეგში: ევროპული კონვენცია) მე-4, მე-9, მე-13 და მე-14 მუხლები, ამავე კონვენციის პირველი და მე-12 ოქმები, საქართველოს კონსტიტუციის მე-9, მე-14, მე-19, 21-ე და 42-ე მუხლები, ”პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებათა პაქტის” მე-18 მუხლი, ”დისკრიმინაციის ყველა ფორმის ამოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-10 მუხლები, სსკ-ის მე-6, მე-18, 394-ე, 412-ე, 413-ე მუხლები, აგრეთვე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591 -ე, 3635-ე, 364-ე, 369-ე მუხლები და დაადგინა:
11.21. ქ. ქობულეთში, ლ-ის ქ.№13-ში მდებარე შენობის წინ მიმდინარე აქციების მონაწილეები, რომელთა შორის იყვნენ მოპასუხეები, გამოხატავდნენ ისლამოფობიურ დამოკიდებულებას მუსლიმების მიმართ და ეწინააღმდეგებოდნენ სადავო შენობაში მუსლიმი მოსწავლეებისათვის პანსიონის გახსნას;
11.2. 2. ადგილობრივი და ცეტრალური ხელისუფლებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლების მცდელობის მიუხედავად, მხარებს შორის შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, რის გამოც, 2014 წლის 15 სექტემბრის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აღნიშნულ ტერიტორიაზე დანაშაულის პრევენციის მიზნით დააწესა პოლიციის თანამშომლების მუდმივი მორიგეობა.
11.3. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, “კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად“. დასახელებული კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ”კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად. დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების მხრიდან ვინმეს დისკრიმინაცია პირველ პუნქტში აღნიშნული რომელიმე საფუძვლით”.
11.4. ევროპის სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ საკითხი მოექცეს კონვენციის მე-14 მუხლის რეგულირების ქვეშ, აუცილებელია, რომ განსხვავებული მოპყრობა არსებობდეს ანალოგიურ, ან მსგავს სიტუაციაში მყოფი პირების მიმართ. განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციულია, თუ მას არა აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება, ე.ი. არ ისახავს კანონიერ მიზანს და არ არსებობს პროპორციულობის გონივრული კავშირი გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის (იხ. ევეიდა და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ). ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს რელიგიისა და რწმენის შეცვლის თავისუფლებას და აგრეთვე თავისუფლებას, როგორც ინდივიდუალურად, ასევე სხვებთან ერთად, საქვეყნოდ ან განკერძოებით, გააცხადოს თავისი რელიგია აღმსარებლობით, სწავლებით, წესების დაცვით და რიტუალების აღსრულებით.
11.5. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-9 მუხლი იცავს რელიგიის გამოხატვის უფლებას, რომელიც სხვადასხვა ფორმით ვლინდება, მაგალითად: აღმსარებლობით, სწავლებით, წესების დაცვითა და რიტუალების აღსრულებით (იხ. ბესარაბიის მეტროპოლიტენის ეკლესია და სხვები მოლდოვას წინააღმდეგ). ერთ-ერთ საქმეზე, ევროპულმა სასამართლომ, კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევად მიიჩნია საბერძნეთში იეღოვას მოწმეებისათვის რელიგიური რიტუალებისათვის განკუთვნილი შენობის გახსნის აკრძალვა (იხ. მანუსაკისი და სხვები საბერძნეთის წინააღმდეგ). ამავეს იმეორებს და განამტკიცებს ამ განჩინების 11.2 ქვეპუნქტში მითითებული საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლის პირველი პუნქტიც.
11.6. საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლებიც საქართველოს რატიფიცირებული აქვს, სახელმწიფოს გააჩნია, როგორც ნეგატიური, ასევე - პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს ბავშვების რელიგიური და ზნეობრივი აღზრდა მშობელთა მრწამსის შესაბამისად. სამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-9 მუხლით დაცულია რელიგიურ ორგანიზაციათა უფლება, დაარსონ საგანმანათლებლო დაწესებულებები და ასწავლონ თავიანთი რელიგია. ”დისკრიმინაციის ყველა ფორმის ამოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, „ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად“. ამავე კანონის მეორე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „ამ მუხლით განსაზღვრულ პირობებში დისკრიმინაცია არსებობს მიუხედავად იმისა, პირს რეალურად ახასიათებს თუ არა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ნიშანი, რომლის გამოც მის მის მიმართ დისკრიმინაცია განხორციელდა“. დისკრიმინაცია სახეზეა მაშინ, როდესაც პირს ხელი ეშლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალიწინებული უფლებებით სარგებლობაში ისე, რომ არც კანონით განსაზღვრულ მიზანსდა განსხვავებულ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება, ან იგი დასახული მიზნის არათანაზომიერია.
11.7.დადგენილი გარემოებების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეთა ქმედებით ხელი შეეშალათ მოსარჩელეთა უფლებას, გამოხატონ საკუთარი რელიგია სწავლებით. სასამართლოს განცხადებით, აღნიშნული ასევე მჭიდრო კავშირშია განათლების მიღების უფლებისა და მშობელთა უფლებასთან, მიიღონ ბავშვებმა თავიანთი რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის შესაბამისი განათლება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).
11.8. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მიმართ დარღვეულია საკუთრებით სარგებლობის უფლებაც, რომელიც აღიარებული და დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ვინმეს ჩამოერთვას თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპით გათვალისწინებულ პირობებში. საქმეში ”საღინაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების შეუფერხებლად სარგებლობის უფლება მოიცავს არა მხოლოდ მესაკუთრეს, არამედ მფლობელსაც, მაშინაც კი, როდესაც შენობა-ნაგებობა საკუთრება არ არის და მხოლოდ სარგებლობაშია. ევროპული სასამართლოს განმარტებით, მფლობელობის კონცეფცია არ იზღუდება მხოლოდ არსებული მფლობელობით, არამედ იგი ასევე მოიცავს სხვა საშუალებებს, რომელიც დაკავშირებულია განმცხადებლის შესაძლებლობასთან იდავოს, რომ მას აქვს საკუთრების უფლებით ეფექტურად სარგებლობის გონივრული და ლეგიტიმური მოლოდინი.
11.9. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ორგანიზაციას ჰქონდა კანონიერი უფლება, შეუფერხებლად ესარგებლა მის მიერ იჯარით აღებული უძრავი ნივთით. შეუფერხებელი სარგებლობა გულისხმობს მოსარჩელეების მიერ ამ ობიექტის მფლობელის მიერ შერჩეული მიზნობრიობით შეუფერხებელ სარგებლობას, მათ შორის - პანსიონის გახსნის კუთხითაც. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეების მტკიცება იმის თაობაზე, რომ შეუფერხებელი სარგებლობის ნაწილს წარმოადგენს აღნიშნული ობიექტის წყალგაყვანილობის სისტემაზე დაერთება და ობიექტის აბონენტად აყვანაც, რისი უზრუნველყოფაც მოპასუხეთა მხრიდან ხელშეშლის გამო ვერ მოხერხდა.
11.10. მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკასთან მიმართებაში სასამართლომ განმარტა: ევროპის სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, როდესაც ძალადობრივი ქმედებები არის მოტივირებული უშუალოდ რელიგიური ნიშნით, სასამართლო არ სთხოვს მხარეს ჰიპოთეტურად ამტკიცოს, რომ იგივე სახის ქმედება სხვა ჯგუფის მიმართ არ ხორციელდებოდა, არამედ მხარემ უნდა აჩვენოს, რომ ქმედება რელიგიური ნიშნით იყო მოტივირებული, ხოლო მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ სადავოდ გამხდარი ქმედებები რელიგიური მოტივით არ იყო ჩადენილი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ იმის მტკიცების ტვირთი, რომ მათ მიერ განხორციელებული ქმედებები ჩადენილი არ იყო მოსარჩელეთა სარწმუნოების გამო. სასამართლომ, საქმეში წარდგენილი მტიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებების, მოპასუხეთა მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების, ასევე პროტესტის შინაარსისა და აქციის დროს ჩატარებული რელიგიური რიტუალების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებისთვის ხელშეშლა განპირობებული იყო სწორედ მოსარჩელეთა რელიგიური კუთვნილებით და მაშასადამე, მოპასუხე ფიზიკური პირების მხრიდან, ადგილი ქონდა მოსარჩელეების მიმართ დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ფაქტებს.
11.11.. სსკ-ის 394 მუხლის თანახმად, მხარემ მხოლოდ მაშინ შეიძლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ დარღვეული იქნა მოვალის მიერ რაიმე ვალდებულება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამავე კოდექსის 413-ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ იმ საფუძვლით, რომ მათ მიმართ განხორციელდა დისკრიმინაცია, რითაც მიადგათ ზიანი. ”დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმფხვრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად ”ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება“. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები მოპასუხეებისაგან მორალური ზიანის ანაზღაურებას სიმბოლურად, ერთი ლარის ოდენობით ითხოვდნენ, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
11.12. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელეების მოთხოვნა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ და განმარტა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებებითა და წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა აღნიშნული მოპასუხის მხრიდან კანონით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით გატარდა რიგი ღონისძიებები (დაიწყო გამოძიება, ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, დაიკითხა 100-ზე მეტი მოწმე და ა.შ.). მხოლოდ ის გარემოება, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, არ შეიძლება ჩაითვალოს მოპასუხის მხრიდან დისკრიმინაციის განხორციელების ფაქტად, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი მტიცებულებებით არ დასტურდებოდა, რომ გამოძიების გაჭიანურება მოხდა განზრახ და იგი გამწვეული იყო რელიგიური კუთვნილების გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა გამოხატვის თავისუფლებისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის ინტერესების დაცვით და არა - პირიქით.
12. მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი
12.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
12.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინებით სამოქალაქო საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ქმედების დავალდებულებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით და ამ ნაწილში საქმე, განსჯადობის წესების დაცვით, განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (იხ. განჩინება- ტ.4, ს.ფ.403-409).
12.3. მოპასუხეებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
12.3.1. ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასწორად ჩათვალა დადგენილ გარემოებად ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ორგანიზაციას რ-ის ქ. №33-ში გახსნილი აქვს და ფუნქციონირებს პანსიონი, რომელიც მიზნად ისახავდა მუსლიმი მოსწავლეებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობას. საქმეში არ არის წარდგენილი მტკიცებულება (სათანადო ლიცენზია), რაც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული ააიპ აღმზრდელობითი დაწესებულებაა. ამ კონტექსტში, სასამართლომ არასწორად განმარტა ”დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონი, რადგან აღნიშნული კანონის მე-2 მუხლიდან ჩანს, რომ დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებით სარგებლობისას არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. განსახილველ შემთხვევაში კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებით მოსარჩელეები არ სარგებლობდნენ, რადგან მათ, როგორც თვითონვე აღნიშნეს, არ ჰქონდათ უფლება, განეხორციელებინათ აღმზრდელობითი საქმიანობა, ამ კონტექსტში მოპასუხეები „ბავშვის უფლებათა“ კონვენციაზე უთითებენ;
12.3.2. სასამართლომ ასევე არასწორად მიიჩნია უდავო ფაქტობრივ გარემოებად, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს. რეალურად, მათგან ერთ -ერთი პანსიონში მასწავლებელია, მეორე - წლების მანძილზე სწავლობდა მითითებულ პანსიონში, ხოლო მესამე მუსლიმი თემის წარმომადგენელია. მოსარჩელე ფიზიკური პირები ვერ ჩაითვლებიან პანსიონის თანამშრომლებად და შესაბამისად, მათი შენობაში არშეშვებით არარსებული პანსიონის ფუნქციონირებას ხელი ვერ შეეშლებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნული, მოპასუხეთა განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება და დასკვნები:
13.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
13.2. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი, როგორც ფაქტობრივი გარემოებები, ასევე სამართლებრივი შეფასებები (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) და დამატებით განმარტა:
13.2.1. რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება სახელმწიფოს აკისრებს არა მარტო ნეგატიურ, არამედ - ასევე პოზიტიურ ვალდებულებასაც. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ ის, რომ სახელმწიფო ორგანოები და მისი წარმომადგენლები არ ჩაერევიან კონსტიტუციით განმტკიცებული თავისუფლებებით სარგებლობაში, არამედ ისიც, რომ განსხვავებული რწმენის მქონე პირებმა, ან მათმა ჯგუფებმა, არ შეზღუდონ სხვა რწმენის მიმდევარ პირთა რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება. ამის დასტურად შეიძლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მოშველიება, რომელიც ეხებოდა რელიგიის თავისუფლებას (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლი). საქმეზე ოტო პრემინგერის ინსტიტუტი ავსტრიის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა: ”პირებს, რომლებიც ავლენენ თავიანთ რელიგიას, მიუხედავად იმისა, ისინი რელიგიურ უმრავლესობას განეკუთვნებიან თუ უმცირესობას, არა აქვთ გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მათ არ გააკრიტიკებენ. ამ პირებმა უნდა მოითმინონ და შეეგუონ იმას, რომ სხვა რელიგიურმა ჯგუფებმა შეიძლება უარყოს მათი რელიგიური მრწამსი და გაავრცელოს კიდეც მათი მრწამსის საწინააღმდეგო სწავლება. თუმცა, კრიტიკის ხერხებმა ან რელიგიური სწავლებისა და მრწამსის უარყოფამ შეიძლება გამოიწვიოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, თუ იგი ვერ უზრუნველყოფს მე-9 მუხლით გარანტირებული უფლების მშვიდობიან სარგებლობას ყველასათვის, ვინც ამ სწავლებასა და მრწამსს ემხრობა. ექსტრემალურ შემთხვევებში კრიტიკის ან რელიგიური მრწამსის უარყოფის შედეგმა შეიძლება ხელი შეუშალოს ამ პირთა მიერ თავიანთი მრწამსის მიმდევრობას ან გამოხატვას”. რაც შეეხება ეროვნულ კანონმდებლობას, 2014 წლის 2 მაისს საქართველომ მიიღო ”დისკრიმინაციის ყველა ფორმის ამოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონი; აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით განსაზღვრულ პირობებში დისკრიმინაცია არსებობს მიუხედავად იმისა, პირს რეალურად აქვს თუ არა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ნიშანი, რომლის გამოც მის მის მიმართ დისკრიმინაცია განხორციელდა. ნორმის თანახმად, დისკრიმინაცია სახეზეა, როდესაც პირს ხელი ეშლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალიწინებული უფლებებით სარგებლობისას, თუკი არსებობს განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ პირობებში მყოფი პირების მიმართ.
13.2.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ მოსარჩელეებს იჯარით აღებული ჰქონდათ ფართი, სადაც გეგმავდნენ მუსლიმი მოსწავლებისათვის პანსიონის გახსნას. მისი გახსნა შეუძლებელი გახდა მოპასუხეთა მიერ გამართული საპროტესტო აქციებისა და სხვაგვარი ხელშეშლის გამო. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ კანონით გათვალისწინებული უფლება, რომლის სარგებლობაშიც მოსარჩელეებს ხელი შეეშალათ მოპასუხთა მოქმედებით, უკავშირდებოდა სწორედ მოსარჩელეთა უფლებას, თავისუფლებად გამოხატონ საკუთარი რელიგია სწავლებით.
13.2.3. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ”საღინაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”, რომელშიც განიმარტა, რომ მფლობელობის კონცეფცია არ იზღუდება მხოლოდ არსებული მფლობელობით, არამედ იგი ასევე მოიცავს სხვა საშუალებებს, რომელიც დაკავშირებულია განმცხადებლის შესაძლებლობასთან იდავოს, რომ მას აქვს საკუთრების უფლებით ეფექტურად სარგებლობის გონივრული და ლეგიტიმური მოლოდინი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში უტყუარად დასტურდებოდა, რომ საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლა განპირობებული იყო სწორედ მოსარჩელეთა რელიგიური კუთვნილებით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეების წარმომადგენლების მტკიცება, რომ მოპასუხეთა მხრიდან გამოვლინდა მოსარჩელეების მიმართ დისკრიმინაციული ქმედება.
13.2.4. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოპასუხეები არ შედავებიან მოსარჩელეთა საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტის დადგენას. მეტიც, მოპასუხეებს არც უარყვიათ, რომ მუსლიმ მოქალაქეებს გადაადგილება და წყლით სარგებლობის უფლება შეეზღუდათ, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის გამო. მოპასუხეები ძირითადად იმ გარემოებაზე უთითებდნენ, რომ პანსიონი სათანადო სამართლებრივი ნორმის დაცვით ჩამოყალიბებული ორგანიზაცია არ არის და რომ პირები, რომელთაც გადაადგილება შეეზღუდათ, არ არიან მასწავლებლები.
13.2.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ”დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმფხვრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება, ე.ი. დისკრიმინაციული მოპყრობის არსებობა ავტომატურად იძლევა მორალური ზიანის ანაზღაურების საშუალებას, ხოლო დამდგარი ზიანის სიმძიმის, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, მორალური ზიანის მიმართ განცდების ინტენსივობისა და შელახული უფლების მნიშვნელობის გათვალისწინებით, სასამართლო განსაზღვრავს მორალური ზიანის ოდენობას. აღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ (იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ტ.4,ს.ფ.413- 439).
14. მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი
14.1. მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვეს მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სააპელაციო პრეტენზიების იდენტურ გარემოებებზე დაყრდნობით (იხ. ამ განჩინების მე-12 პუნქტი);
14.2. კასატორები შუამდგომლობენ საკასაციო სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეზე საქმისწარმოების შეჩერებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მიმდინარე იმ დავის განხილვამდე, რომელშიც მოპასუხეს წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული ადმისნტრაციული ორგანო წარმოადგენს (იხ.12.2. ქვეპუნქტი).
15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
15.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის განჩინებით საკასაციო განაცხადი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხეთა საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
17. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81)
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
20. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის გადაანაწილა იმ სპეციფიკურობის გათვალისწინებით, რაც ახასიათებს დისკრიმინაციული ნიშნებიდან გამომდინარე დავებს და ამავდროულად, თანხვედრაშია რა მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად სტანდარტთანაც, იცავს კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს. აღნიშნული სტანდარტი უზრუნველყოფს სამართალწარმოებისას მხარეთა შორის შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე დავის ეფექტიან განხილვასა და სამართლიან გადაწყვეტას. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება შეძლო არა მხოლოდ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების ამომწურავი მითითებით, არამედ - მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენით; მოპასუხემ კი ვერ შეძლო მის წინააღმდეგ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის გაქარწყლება და შესაგებელში ძირითადად იმ გარემოებაზე დაყრდნობით მოითხოვა სარჩელის უარყოფა, რომ იგი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. დისკრიმინაცია არის განსაზღვრული ფაქტებისა და ხდომილებების შეფასება, რომელთა მტკიცებაც ეკისრება მის მიმთითებელ მხარეს, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს, მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნას სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს გამოაცლის (შდრ: ას-908-948-2011, 10.10.2011წ.).
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება ერთ-ერთ ფუნდამენტად მოაზრება, როგორც თითოეული პირის „რელიგიურ განზომილებაში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ქმნის მორწმუნეთა იდენტობას და მათ მიერ ცხოვრების აღქმას“ [კოკინაქსისი საბერძნეთის წინაარმდეგ, # 14307/88, სერია ა, # 260-A, 25.5.9.3, პარ.31]. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ რელიგიური პლურალიზმის შენარჩუნება აუცილებელია, აღნიშნული კი მოითხოვს რელიგიური საზოგადოებების ავტონომიურად არსებობის შესაძლებლობას. სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს რელიგიური ორგანიზაციების საქმეებში, თუმცა, იმავდროულად სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველჰყოს, რომ სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციები ან დენომინაციები (რომლებიც შესაძლოა ერთმანეთთან კონკურენციაშიც კი იმყოფებოდნენ) ერთმანეთისადმი ტოლერანტულები იყვნენ [იხ. სერიფი საბერძნეთის წინააღმდეგ, # 38178/97, 14.12.99, პარ.53].
22. მოპასუხეთა საკასაციო პრეტენზია უმთავრესად აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ მოსარჩელე ორგანიზაციას არ გააჩნია სააღმზრდელო საქმიანობის შესაბამისი ლიცენზია, ამდენად, მოპასუხეთა ქმედებები წარმოადგენდა პროტესტს უკანონო სააღმზრდელო საქმიანობის წინააღმდეგ და არ იყო მოტივირებული რელიგური ნიშნით. კერძოდ, კასატორები განმარტავენ, რომ თუკი პანსიონატს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი (ლიცენზია) არ გააჩნია, მაშასადამე, მას არც წარმოშობია საგანმანათლებლო საქმიანობის უფლება. უფლების არარსებობის პირობებში კი, დარღვეულად ვერ ჩაითვლება ”დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი უფლებით სარგებლობის ხელშეშლაზე საუბრობს. კასატორთა მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა კანონი, რომელიც მიხედვითაც მოსარჩელე ორგანიზაციას ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრებოდა, ან სისხლსსამართლებრივი კანონმდებლობით განისჯებოდა. კასატორები ვრცლად მიუთითებენ სახალხო დამცველის მიერ შედგენილ ანგარიშზე, სადაც მოხსენებულია რელიგიური დატვირთვის მქონე რამდენიმე დაწესებულება, რომლებიც საგანმანათლებლო საქმიანობას შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებენ (იხ. საკასაციო საჩივარი ტ. 4. ს.ფ. 451-567).
22.1.საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების მტკიცებას და განმარტავს, რომ საკასაციო შედავებას არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძვლები როგორც მატერიალური, ისე პროცესუალური თვალსაზრისით შემდეგი მიზეზების გამო: საპროცესო კანონმდებლობაში განმტკიცებული ზოგადი სტანდარტის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102.1-ე მუხლი). საპროცესო კანონის მიზანს წარმოადგენს არა მარტო მოსარჩელის დავალდებულება, წარუდგინოს სასამართლოს ის მტკიცებულებები, რომლებიც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის მის სასარგებლოდ გამოყენების წინაპირობებს ქმნიან, არამედ მოიაზრებს მოპასუხის დავალდებულებასაც, შესაგებლის ფარგლებში უზრუნველჰყოს მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა გაქარწყლება. ამ დებულების გათვალისწინებით, კასატორები ვალდებული იყვნენ, რომ გაექარწყლებინათ მოსარჩელეთა მიერ სადავოდ გამხდარი დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები. ამ მიზნით ისინი საკასაციო შედავებას წარმოადგენენ იმ გარემოებაზე მითითებით, რომელსაც სასარჩელო მოთხოვნის გამორიცხვისა და მოპასუხეთა ქმედებების არადისკრიმინაციულად შეფასების თვალსაზრისით, სამართლებრივი ღირებულება არ გააჩნია. იმ გარემოებას, რომ პანსიონი შესაბამისი ლიცენზიის გარეშე საქმიანობდა, მისი დადასტურების შემთხვევაშიც კი, კავშირი არ აქვს იმ ფაქტთან, რომ მოპასუხეები მოსარჩელეთა დევნას სწორედ რელიგიური ნიშნით ეწეოდნენ და მათ ქცევას სხვა მართლზომიერი საფუძვლები არ გააჩნდა. იყო თუ არა მოსარჩელე ორგანიზაციის საქმიანობა ლიცენზირებული სახელმწიფოს მხრიდან - ამ გარემოებაზე საკასაციო და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები საქმისწარმოების ვერც ერთ ეტაპზე ვერ იქონიებდნენ მსჯელობას, რადგან მოსარჩელე ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსის დადგენა, განსახილველი დავის ფარგლებში არ წარმოადგენდა მსჯელობისა და კვლევის საგანს. მაშასადამე, ზემოხსენებულ შედავებას საკასაციო ინტერესის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელობა არ გააჩნია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.
22.2. წინამდებარე განჩინების 22-ე პუნქტში განვითარებული მსჯელობის კონტექსტში საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „უფლება“, რომელზეც კასატორები მიუთითებენ, უფრო ვრცლად განიმარტება და დისკრიმინაციისგან იცავს ინდივიდის ყოველგვარ უფლებას, იქნება ის აბსოლუტური თუ ფარდობითი, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, აღნიშნული დაცვა, უნივერსალური შინაარსისაა და ადამიანის არა მარტო ფუნდამენტური და ბუნებითი უფლებების დაცვას უზრუნველჰყოფს, არამედ - იცავს კანონის საფუძველზე მინიჭებულსაც. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია იმ საერთაშორისო აქტებით, რომლებსაც საქართველო მიერთებულია (იხ. 11.2 ქვეპუნქტი) და შესაბამისად, მათ სავალდებულო ძალა გააჩნიათ ქვეყნის თითოეული მოქალაქისა და პირის მიმართ. დაცვის სამართლებრივი მექანიზმი განმტკიცებულია ეროვნულ კანონმდებლობაშიც: „საქართველოს მოქალაქენი თანასწორი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად მათ უფლება აქვთ თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ“ (საქართველოს კონსტიტიუციის 38-ე მუხლი); დისკრიმინაციულ ფორმათა აღმოფხვრის, პრევენციისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ შესაბამისი დებულებები უფრო დეტალურადაა რეგლამენტირებული „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში.
22.3. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ არის დადგენილი, რომ დარღვეულია მოსარჩელეთა საკუთრების უფლება, რომელიც, მსგავსად რელიგიის თავისუფლებისა, აბსოლუტურ უფლებას განეკუთვნება და აკრძალულია მისი ხელყოფა/დისკრიმინაციაა რაიმე ნიშნით. მესაკუთრის აბსოლუტურ უფლებას უთანაბრდება მართლზომიერი საფუძვლებიდან წარმოშობილი მფლობელის უფლებაც, ისარგებლოს და განკარგოს მის მფლობელობაში არსებული ნივთი მისი სურვილისამებრ, რისი შესაძლებლობაც, მოსარჩელეებს მოპასუხეთა ქმედებების გამო არ გააჩნდათ. უფრო მეტიც, მოსარჩელეთა რელიგიური მრწამსის შეურაცხყოფის ფორმად გამოყენებული იქნა მოსარჩელე ააიპ-ის მართლზომიერ მფლობელობაში (იჯარით აღებულ) ნივთზე დაკლული პირუტყვის (ღორის თავის) გაკვრა, რაც ეწინააღმდეგება თითოეული პირის უფლებას, თავისუფლად, ხელშეშლის, შევიწროებისა და შეურაცხყოფის გარეშე განახორციელოს სასწავლო-სააღმზრდელო თუ კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს პირის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან. სახელმწიფოს ვალდებულებაა არ დაუშვას ნებისმიერი ნიშნით შესაძლო დისკრიმინაცია, ხოლო მისი გამოვლენის შემთხვევაშიმიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები, რომელსაც არა მხოლოდ კონკრეტულ ფაქტს აღმოფხვრის, არამედ - პრევენციული მნიშვნელობაც ექნება მომავალში ანალოგიური ქმედების არიდებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მაღალი სტანდარტით დაცვის თვალსაზრისით.
23. საკასაცო სასამართლო განმარტავს, რომ მაშინ, როდესაც დადგენილია დისკრიმინაციული მოპყრობის ჭრილში პირის თუნდაც ერთი რომელიმე უფლების ხელყოფის ფაქტი, არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია იმ გარემოებათა გამოკვლევას, რომელიც მოპასუხეთა მტკიცებით სასამართლოს უნდა გამოეკვლია (იხ. წინამდებარე განჩინების 22.1 ქვეპუნქტი). იმ დაშვებითაც, რომ მოსარჩელე ააიპ-ს არ წარმოშობია სახელმწიფოს მიერ კანონით რეგლამენტირებული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება, ამ ორგანიზაციის მიმართ მაინც დარღვეულია მფლობელობისა და რელიგიის თავისუფლების უფლება მოპასუხეთა ქმედებებით, რაც დადგენილი აქვს სააპელაციო სასამართლოს და ამ მიმართებით მოპასუხეებს დასაბუთებული შედავება არ წარუდგენიათ.
24. კასატორის პრეტენზია, რომ სასამართლომ მოსარჩელე ორგანიზაციის წარმომადგენელი ფიზიკური პირები არასწორად მიიჩნია მუსლიმანური ორგანიზაციის (თემის) წევრებად, სინამდვილეში კი ისინი არ განეკუთვნებიან ამ თემს, რადგან სასამართლოში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით არ დგინდება აღნიშნული გარემოება, დაუსაბუთებელია, რადგან საქმეში წარმოდგენილია მინდობილობები, რომლებიც მოსარჩელე ორგანიზაციამ წარმომადგენლის (სამი პიროვნების) სახელზე შეადგინა და მათ საფუძველზე კონკრეტულ პირებს მინიჭებული აქვთ საპროცესო უფლებამოსილება, წარმოადგინონ მარწმუნებელი ორგანიზაცია სამივე ინსტანციის სასამართლოში (იხ. მინდობილობები: ტ.1. ს.ფ.85-87). ბუნებრივია, ასეთ პირობებში, როდესაც საპროცესო ქმედებათა განხორციელებისთვის მოსარჩელე ორგანიზაციის მიერ გაცემულია შესაბამისი უფლების მიმნიჭებელი დოკუმენტი, სასამართლოსთვის საჭიროებას არ წარმოადგენს იმ გარემოებათა კვლევა, საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების თანახმად, წარმოადგენენ თუ არა კონკრეტული პირები უფლებამოსილ პირებს, ან გააჩნიათ თუ არა იდეური, რელიგიური ან რაიმე სხვა სახის თემატური კავშირი წარმოდგენილ ორგანიზაციასთან.
25. კასატორები შუამდგომლობენ სასამართლოს წინაშე, რომ განსახილველ საქმეს დაერთოს საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და მუსლიმურ კონფენსიას დაქცვემდებარებულ პანსიონებში. კასატორები ასევე შუამდგომლობენ, რომ საკასაციო სასამართლომ შეაჩეროს საქმისწარმოება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მიმდინარე იმ დავის განხილვამდე, რომელშიც მოპასუხეა წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტში მოხსენიებულ ადმინისტრაციული ორგანო.
25.1. კასატორის პირველ შუამდგომლობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ანგარიში კასატორებმა სასამართლოს წარუდგინეს ჯერ კიდევ სააპელაციო საჩივართან ერთად (იხ. სააპელაციო საჩივარი, ტ. 4, ს.ფ. 178-243) და მისი დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობისა და საქმიდან ამორიცხვის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ მიუღია. აღნიშნული გარემოება პროცესუალური თვალსაზრისით ნიშნავს, რომ მტკიცებულება (დასკვნა) საქმეში არსებობს და საკასაციო სასამართლოსთვის იგი არ წარმოადგენს ახალ მტკიცებულებას, რომლის საქმეზე დართვაც სასამართლოს მხრიდან შესაბამისი განჩნების მიღებას საჭიროებს. ამდენად, მის დასაშვებობაზე (კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე) საკასაციო სასამართლო არ იმსჯელებს. სასამართლო შეეხება მხოლოდ იმას, თუ რამდენად მოიცავს ანგარიში იმ გარემოებებს, რომელთაც სასარჩელო მოთხოვნის გაქარწყლება შეუძლიათ. საკასაციო სასამართლო გაეცნო აღნიშნულ დოკუმენტს და განმარტავს: ანგარიშის შესავალ ნაწილში ნათქვამია, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს სახალხო დაცველის აპარატის მცდელობას, შეისწავლოს პანსიონებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა და შეიმუშავოს რეკომენდაციები ამ გამოწვევათა დაძლევის მიზნით. ანგარიში მოიცავს ინფორმაციას 2015 წლისათვის პანსიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ და რეკომენდაციებს გასცემს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სასწავლებელთა შიდა რეგულაციები, აღსაზრდელთა ჯანდაცვა და კვება, განათლების უფლება, ემოციური განვითარება და ძალადობისგან დაცვა. დასკვნის სახით, ანგარიშში ნათქვამია, რომ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სასურველი იქნება, თუ საგანმანათლებლო პროცესში ჩაერთვებიან სახელმწიფოს სოციალური სამსახურები, ბავშვებს მიეწოდებათ ფსიქოლოგის მომსახურება და გატარდება ღონისძიებები ბენფიციართა ოჯახურ გარემოსთან დაახლოების მიზნით (იხ.ტ.4.ს.ფ.194-243). აღნიშნული დოკუმენტის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებულ ანგარიშს საკასაციო შედავებისთვის სამართლებრივად ვარგისი ძალა არ გააჩნია და ვერ უზრუნველყოფს სასარჩელო მოთხოვნის გამომრიცხველ გარემეობათა იმგვარ დადასტურებას, რაც, თავის მხრივ, კასატორთა საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების წინაპირობა გახდებოდა.
25.2.კასატორის მეორე შუამდგომლობასთან დაკავშირებით, განსახილველი საქმისწარმოების შეჩერების თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულ საქმეებს შორის არ არსებობს სამართლებრივად მნიშვნელოვანი იმგვარი ურთიერთკავშირი, რომელიც საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, შუამდგომლობის დაკმაყოფილებას განაპირობებს: სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს, რომ „სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება შემდეგ შემთხვევებში: საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით“. სსსკ-ის 279-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით ერთ - ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა: „აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. ამრიგად, საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას. აქედან გამომდინარე, საქმის წარმოების შეჩერებამდე სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება“ (იხ. სუსგ # ას-266-253-2016, 14.06.2016წ.). მაშასადამე, მოხმობილი ნორმის შინაარსი და განმარტება ცხადყოფს, რომ აღნიშნული პროცესუალური შედეგი განპირობებულია კანონის ძალით, ამავდროულად, სასამართლომ, მოთხოვნის ფარგლების, დავის მონაწილე სუბიექტების, დავის არსის, დავათა შორის სამართლებრივი ურთიერთკავშირისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, უნდა განსაზღვროს, მიზანშეწონილია თუ არა საქმისწარმოების შეჩერება.
25.3. განსახილველ შემთხვევაში კასატორები ვერ ასაბუთებენ, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საქმისწარმოების შეჩერებისთვის აუცილებელი და დამაჯერებელი წინაპირობების არსებობას, ვერ მიუთითებენ, საქმის გადაწყვეტამდე, რატომ არის შეუძლებელი, ან მიზანშეუწონელი დავის განხილვა, ან თუ განიხილება, მისი შედეგით რა შეუქცევადი ზიანი მიადგება მათ.
26. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის პროცესუალურსამართლებრივ წინაპირობებთან დაკავშირებით კასატორებს შედავება არ წარმოუდგენიათ (სსსკ-ის 391-ე მუხლი).
27. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ გამოიკვლია და შეაფასა საქმისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და დადგენილ ფაქტებს მართებული იურიდიული კვალიფიკაცია მიანიჭა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჟ. რ-ის, ა. ყ-ისა და ზ. რ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ჟ. რ-ეს (პ/ნ 6.), ა. ყ-ესა (პ/ნ 6.) და ზ. რ-ეს (პ/ნ 6.) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ა. ყ-ის (პ/ნ 6.) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (გადახდის თარიღი 2017 წლის 3 აპრილი), 70% – 210 (ორას ათი) ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე